საქართველოს პარლამენტმა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები 89 ხმით დაამტკიცა. ახალი წესები ივლისიდან ამოქმედდება და მძღოლებს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ.
ცვლილებების თანახმად, დამტკიცდა მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას.
კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირებას ერთი წლით მართვის უფლების შეჩერება მოჰყვება. აღნიშნული ვადის გასვლამდე პირი მართვის უფლების აღდგენას შეძლებს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორეჯერ ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე ვეღარ შესძლებს გამოცდის ჩაბარებით მართვის უფლების აღდგენას.
“ეს კანონი ძალაში შევა 1 ივლისიდან. ჩვენ სწორედ ამ დროიდან გვექნება ქულათა სისტემა მართვის მოწმობაზე, ასევე ამოქმედდება უკონტაქტო პატრულირება. უკვე დავიწყეთ მუშაობა, რომ მოვემზადოთ ამ კანონის აღსრულებისთვის. ორი თვე ჩვენ დავიტოვეთ, რათა მოქალაქეებს სწორად განვუმარტოთ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ახალი წესები იქნება, როგორ აღსრულდება ეს წესები. ამ დროის განმავლობაში იქნება აქტიური საინფორმაციო კამპანია. ვეცდებით, ყველამ იცოდეს, როგორ უნდა შეამოწმონ, თუ რამდენი ქულა დარჩა და რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება”, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოაგილემ შალვა ხუციშვილმა.
საკომიტეტო მოსმენების დროს, გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე, ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჩამოსაკლები ქულის ოდენობა გაიზარდა, ხოლო ზოგ სამართალდარღვევებზე კი - შემცირდა. მაგალითად, ღვედის გამოუყენებლობაზე შემოთავაზებული იყო მართვის მოწმობისთვის 10 ქულის ჩამოკლება, რაც 5 ქულამდე შემცირდა, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის მართვის მოწმობისთვის 20 ქულის ჩამოკლება 30 ქულამდე გაიზარდა.
მკაცრდება სანქციები ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის. მოწმობის ვადამდე აღდგენის მიზნით სამართალდამრღვევს საქმის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება წარმოეშობა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან არა უადრეს 3 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მიმართვის შემთხვევაში, პირს მართვის უფლება აღუდგება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდის შემთხვევაში.
ცვლილებები ასევე ითვალისწინებს უკონტაქტო პატრულირების შემოღებას. კერძოდ, პოლიციას ენიჭება უფლება პრევენციული საქმიანობის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში გაფრთხილების გარეშე გამოიყენოს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული და არასტაციონარული (მოძრავი) სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რომელიც უზრუნველყოფს დამრღვევ მძღოლთა გამოვლენას წინასწარი იდენტიფიკაციის გარეშე.
პოლიციელს უშუალო კონტაქტი არ ექნება საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ პირთან და სამართალდამრღვევს სამართალდარღვევის ოქმი გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ავტოავარიების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია, რის გამოც საგზაო მოძრაობის შესახებ ახალი წესების სწრაფად ამოქმედდება. ამის შემდეგ მძღოლები საგზაო მოძრაობის ახალ წესებს მძღოლები მიეჩვევიან.
“გზებზე უსაფრთხოება გვჭირდება, რადგან ავტოავარიების რაოდენობის მაჩვენებელი მაღალია. ეს არის ევროპული სტანდარტი”, - განაცხადა დეპუტატმა. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესული ცვლილებებიდან ძირითადი მართვის მოწმობასა და უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებული ცვლილებებია, რამაც ამან ბევრ ქვეყანაში მოიტანა დადებითი შედეგი. “ამ და სხვა ცვლილებებს, რომელიც შემოთავაზებულია, საპარლამენტო უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანად უჭერს მხარს”, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს დაშავებულთა რიცხვმა 700 ადამიანით მოიმატა და ის 10 000- ს მიუახლოვდა. მატულობს დაღუპულთა რიცხვიც. 15%-ითაა გაზრდილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა, ისევე როგორც სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი.