ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი 4-5 სამინისტროზე დავიდა

ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი 4-5 სამინისტროზე დავიდა

ახალი სამთავრობო ქალაქის კონტურები ნელ-ნელა იკვეთება, ხოლო მასშტაბები აშკარად იკლებს. თავდაპირველად გახმოვანებული პროექტი სულაც არ აღმოჩნდა ისეთი გრანდიოზული, როგორც პრემიერის ნათქვამიდან ჩანდა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მიიჩნევს, რომ ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქში მხოლოდ 4-5 სამინისტროს განთავსებაა შესაძლებელი. როგორც „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, აღნიშნული ტერიტორია 4 ჰექტარზე მეტია და საუბარია არა ყველა, არამედ სამინისტროების ნაწილის გადატანაზე.

„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარია 4-5 სამინისტროზე, რომლის განთავსება იქ შესაძლებელია, თუმცა ვინც განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამუშავებს, მათთვის გვექნება გარკვეული შეზღუდვა და მოთხოვნები, რაც საპროექტო დავალებაში აისახება. პირველი არის განაშენიანების ინტენსივობის დაცვა. მეორე ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოდის დუქნისხევის შენაკადი, რომელიც როგორც ხეობა, ლანდშაფტური სივრცით უნდა განვითარდეს და თვითონ ამ განაშენიანებისთვისაც ძალიან დიდი პლუსი იქნება, თუ იქ ამ ხეობასთან ერთად სარეკრეაციო არეალი დაიგეგმება. ჩვენს მოთხოვნებს შესაბამის დავალებაში ავსახავთ და იმ საპროექტო ჯგუფს გადავცემთ, რომელიც ამაზე იმუშავებს“, - განუცხადა „ბიპიენს“ ბოლქვაძემ.

როგორც ჩანს, ორთაჭალის სამთავრობო ქალაქის იდეა ერთეულ სამინისტროებამდე დავიდა. საქართველოში 16 სამინისტროა და გამოდის, რომ სამთავრობო ქალაქში მხოლოდ მეოთხედი თუ განთავსდება. აქედან გამომდინარე, პროექტი სულაც არ გამოდის ისეთი გრანდიოზული როგორც თავდაპირველად ჩანდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები ასეთ გადაწყვეტილებას არ იწონებენ.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სამთავრობო ხარჯი სხვა აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად მიემართათ, რადგან მსგავსი სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ათეულობით მილიონ დოლარს მოითხოვს.

„სამთავრობო ქალაქის მშენებლობის დრო ახლა ნამდვილად არ არის, ამის თავიც არ აქვს სახელმწიფოს. ჯერ ასაშენებელია უამრავი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუნდაც სოციალური საცხოვრისი. ამ თემამ ნელ-ნელა წამოიწია წინა პლანზე. აუცილებელია პრიორიტეტების იერარქიულად გაწერა. არ მგონია დღეს ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობა მოსაწონი იდეა იყოს. დამოუკიდებლად, სპეციალისტების გვერდის ავლით, ასეთ გადაწყვეტილებას არ იღებენ, წინასწარი კონსულტაციები მაინც უნდა გვქონოდა“, - აცხადებს ლადო ვარდოსანიძე.

„კარგი, მაგრამ ამ ეტაპზე არაპოპულარული იდეა“ – ასე აფასებს პროექტს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე და დასძენს, რომ სამთავრობო ქალაქის იდეა მმართველი პარტიისთვის პოლიტიკურად წამგებიანი პროექტია მაშინ, როცა მოსახლეობას აქვს განცდა, რომ მთავრობის დაპირებები შეუსრულებელია.

„ხელისუფლება ახალი სამთავრობო ქალაქის მშენებლობას იწყებს და მოსახლეობის რეაქცია პოზიტიური არ იქნება, მეტიც, თავისუფალ შენობებში სასტუმროებისა და რესტორნების განთავსების თემა გამაღიზიანებელიც კი იქნება, რადგან ამას მოსახლეობა სარგებლის მომტანად არ აღიქვამს. სჯობდა, გამოყოფილი სახსრებით მთავრობას ჯერ ქარხნები აეშენებინა, მუდმივი სამუშაო ადგილები შეექმნა და ეს პროექტი შემდეგ დაეგეგმა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.