მეტროს მსგავსად შესაძლოა, ავტობუსების გაჩერებების გამოცხადებაც დაიწყოს. საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე For.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აჯობებდა, გაჩერებების დასახელება უფრო ადრეც გამოცხადებულიყო, თუმცა ძველი ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა ამ შესაძლებლობას არ იძლეოდა. ლურჯ ავტობუსებს კი აუდიოსისტემის სერვისი აქვთ და ამ სიახლის დანერგვა, ევროპული ქალაქების მსგავსად, თბილისშიც შესაძლებელია.
თუმცა სამუშაოს სრულად განხორციელებას ამ ეტაპზე ხელს უშლის თავად კონკრეტული გაჩერებების სახელდებების დადგენა. ეს შრომატევადი სამუშაოა და ეტაპობრივად ხდება ყველა დასახელების შეჯერება.
„ორი ათასზე მეტი გაჩერებაა თბილისის სხვადასხვა მარშრუტზე, ზოგან კი გვხვდება გაჩერებების გადაკვეთა. ამიტომ რომელ მარშრუტზეც ლურჯი ავტობუსი გაივლის, ეტაპობრივად მივყვებით და გაჩერებების აუდიოგამოცხადებას უზრუნველვყოფთ ისე, როგორც ეს მეტროპოლიტენშია ორივე ენაზე, ანუ ქართულად და ინგლისურად. ეს მისაღები იქნება ქართველებისთვისაც და ტურისტებისთვისაც. ამით გაუადვილდებათ სასურველი ტერიტორიის მიგნება. ეს იქნება დამატებითი სერვისი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. თუმცა სახელდებების დარქმევას როდის დავასრულებთ, ვერ გეტყვით. ამას მუშაობა სჭირდება. ჯერ ტექნიკური მხარეა გასავლელი, რომ ყველა გაჩერების სახელდება მოხდეს“, - აღნიშნა ლია ჯახველაძემ და გაიხსენა ლურჯი ავტობუსების შესყიდვის პერიოდი, როდესაც საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წარმომადგენლები ითხოვდნენ, რომ ერთ-ერთ პუნქტად ავტობუსებში აუდიოსაშუალების არსებობა გაეთვალისწინებინათ.
მისივე თქმით, ეს სისტემა ბევრ ევროპულ ქალაქშია აპრობირებული. მისი დადებითი მახასიათებელი ისიცაა, რომ შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირებისთვისაც მოსახერხებელია, როცა ესმით გაჩერებების დასახელება. ამდენად, ამ სისტემის უპირატესობას მალე გამოცდიან დედაქალაქში ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც და უცხოელებიც. მით უმეტეს, საქართველოში ტურისტების ბუმია.
საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ ეს სიახლე ავტობუსების მომსახურების სერვისს ოდნავ მაინც გააუმჯობესებს, მისასალმებელი იქნება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ყველაფერი ძვირდება, მათ შორის, ტრანსპორტიც.
სევდია უგრეხელიძის თქმით, თუკი სხვა უკეთესი საშუალება არ არის, შესაძლოა, მოხდეს კიდეც გაჩერებების აუდიოსაშუალებით გამოცხადება. თუმცა ეს მაინც მოძველებული მეთოდია, რადგან უცხოეთში ელექტრონულ ტაბლოზე გარბის სტრიქონი და სწორედ ტაბლოზე იწერება სადგურები. თანაც, ტაბლო ხმაურს არ იწვევს, გაჩერებების სახელდებების ხმამაღლა გამოცხადებას კი თავისი „პრონაუნსი“ აქვს და გამოთქმა შეიძლება კარგად ვერც გაიგოს უცხოელმა. როგორც წესი, დაწერილის გაგება უფრო მარტივია, ვიდრე ხმამაღლა ნათქვამის.
„ამ საკითხის კრიტიკას არ ვაპირებ. ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ჩვენ გავაკეთეთ. ფაქტობრივად, ეს იყო ნახტომი ტრანსპორტის სფეროში, რადგან გვახსოვს, თბილისში მხოლოდ კერძო სამარშრუტო ტაქსები მოძრაობდენენ და მაფიოზურად ნაწილდებოდა ან იყიდებოდა ხაზები. ეს ყველაფერი მოვაწესრიგეთ, მუნიციპალური ავტობუსები შემოვიყვანეთ, რომლებმაც კარგად იმუშავეს და კარგადაც გაძლეს. თუმცა 2014 წელს მე არ შემაძენინეს ავტობუსები. პირველ ჯერზე ასი ავტობუსი შემომყავდა, ორი ვარიანტი გვქონდა-პოლონური და ბალტიისპირული, რაც სამჯერ უფრო იაფი გვიჯდებოდა, ვიდრე ლურჯი ავტობუსები დაჯდა. თანაც, ლურჯი ავტობუსები, 2014 წლის ნაცვლად, 2017 წელს ძლივს შემოიყვანეს.
„გოლდენ დრაგონი“ ირაკლი შიახიშვილის ახირება იყო, ვიღაცის კორუფციულ გარიგებებს ესადაგებოდა. შიხიაშვილს ვითომც ქარხანა უნდა აეშენებინა, სინამდვილეში, ჩინური ნაწილები უნდა შემოეტანათ და საქართველოში ჩინური ავტობუსები გამოეშვათ. რადიოქარხნის მთელი ტერიტორია ლამის მუქთად გადასცეს იმ ინვესტორს, მაგრამ კიდევ კარგი, ეს მაფიოზური გეგმა ჩაიშალა. აგერ უკვე 2017 წელია და ჯერ კიდევ სად არის ავტობუსების პარკი? მთელი პარკი გამოსაცვლელია“, - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ.
მანვე განმარტა, რომ ავტობუსებში გაჩერებების გამოცხადება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი იქნება უცხოელებისთვის, თორემ ქართველები ისედაც ახერხებენ, მუნიციპალურ ტრანსპორტში ერთმანეთს ჰკითხონ სასურველი გაჩერების შესახებ.