„რომპეტროლმა“ საქართველოში ნავთობბაზას 2 მილიონი დოლარი მოახმარა, უახლოეს მომავალში კი 4 მილიონის ინვესტირებას აპირებს

„რომპეტროლმა“ საქართველოში ნავთობბაზას 2 მილიონი დოლარი მოახმარა, უახლოეს მომავალში კი 4 მილიონის ინვესტირებას აპირებს

„რომპეტროლ საქართველოს“ მოდერნიზებულმა ნავთობბაზამ 13 აგვისტოდან სრული დატვირთვით მუშაობა განაახლა. მოდერნიზებული ნავთობბაზის გახსნის საზეიმო ცერემონია აეროპორტის მომდებარედ, ლოჭინის ხეობაში გაიმართა.

თბილისში საგანგებოდ ნავთობბაზის გახსნაზე დასასწრებად ჩამოსულმა „რომპეტროლი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა სადუოხას მერალიევმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგურთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან არჩილ კეკელიასთან ერთად გაჭრა ლენტი და განხორციელებული მასშტაბური სამუშაოებისა და საინვესტიციო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნავთობბაზა, რომელსაც კომპანიამ 2 მილიონი დოლარი ინვესტიცია მოახმარა, განკუთვნილია საწვავის მიღების, შენახვისა და ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტით მიწოდებისათვის, როგორც საკუთარი ავტოგასამართი ქსელის, ასევე კორპორატიული და საბითუმო კლიენტების მოსამარაგებლად.

ბაზის სრული რეკონსტრუქცია 6 თვის განმავლობაში ადგილობრივი სერტიფიცირებული წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ეკოლოგიური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბაზის ტექნიკური აღჭურვილობა იძლევა მისი მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების შესაძლებლობას და აღჭურვილია უკრაინიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან ჩამოტანილი დანადგარებით. ობიექტის რეზერვუარების პარკი სრულყოფაში კომპანია SAYBOLT–ის სპეციალისტებმა მოიყვანეს.

„მოდერნიზაციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საწვავის შენახვის რეზერვუარების ტევადობა 6000 კბმ–დან 9500 კბმ–მდე გაიზარდა, ხოლო საწვავის ჩამოტვირთვის დრო 10 საათიდან 2 საათამდე შემცირდა. ერთდროულად გახდა შესაძლებელი რვის ნაცვლად ათი ცისტერნის ჩამოცლა. განსაკუთრებელი ყურადღება უსაფრთხოებისა და ეკოლოგიის ნორმების დაცვას დავუთმეთ და გავაძლიერეთ. ახლა უკვე შესაძლებელია ბაზის ფუნქციონირების პროცესის შეჩერების გარეშე პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების ჩატარება,“ – განაცხადა „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე ალბინმა.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, როგორც სადუოხას მერალიევმა აღნიშნა, 2012 წლამდე კომაპნია თბილისის მახლობლად კიდევ ერთ ნავთობბაზას ააშენებს, რასაც 4 მილიონ დოლარს მოახმარს.

საქართველოში ქსელის განვითარებისათვის კომპანია მრავალმილიონიანი ინვესტიციების განხორციელებას კვლავაც აპირებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ნოვაციური პროექტების დანერგვას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ქსელის გაფართოებას, სოციალური პროექტებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერას დაუთმობს. „რომპეტროლ საქართველოს წარმატებული მოღვაწეობა ქართულ ბაზარზე უცხოური ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდებისათვის ერთ–ერთ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება იქცეს,“ – განაცხადა ალექსანდრე ალბინმა.

“რომპეტროლ საქართველო“ ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე. კომპანია 5 წელია მუშაობს საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში 20 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დასაქმდა 700–მდე ადამიანი. კომპანიის ქსელი 67 ბენზინგასამართ სადგურს ითვლის, მათ შორის – 7 პარტნიორი და 14 IB შიდა ბაზა და ერთი Express სადგურია.

“რომპეტროლ ჯგუფი” ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 16 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. მისი ბრუნვა 9 მილიარდ დოლარს აღწევს. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. “რომპეტროლს” ჯგუფის მფლობელია კომპანია „ყაზმუნაიგაზი“.