Foreign Policy: ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს

Foreign Policy: ზელენსკი რეალობასთან კავშირს კარგავს

უკრაინის ხელისუფლების ქმედებები იმაზე მიუთითებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები რეალობასთან კავშირს კარგავენ. ამგვარი შეფასება მოყვანილია ამერიკულ ჟურნალ Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, უკრაინის მთავრობამ ორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე აშკარა სისუსტესთან - გამოფიტულ შეიარაღებულ ძალებთან. თუმცა, ორივე ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდა და ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ეჭვიც კი შეიტანა იმაში, რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი მრჩევლები კიევის კაბინეტებიდან რეალობას“, - წერს სტატიის ავტორი.

და 6 სექტემბერს, ასობით ადამიანი შეიკრიბა კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, სადაც უკრაინის დემოკრატიული რევოლუციები იწყებოდა. მათი აღშფოთება გამოიწვია კანონპროექტმა, რომელიც ჯარში დაუმორჩილებლობისთვის მკაცრ სასჯელებს ითვალისწინებს, კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის მიერ ნებართვის გარეშე ნაწილის თვითნებურად დატოვებისთვის ან დეზერტირობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება. ამავე დროს, აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირეს თავდაცვის სამინისტრომ და ზელენსკის პარტიამ ხალხის მსახურმა“.

კიევში მომიტინგეებს ეჭირათ პლაკატები რეპრესიების წინააღმდეგ: ჯარში მსახურება მონობა არაა“, დაიცავით ისინი, ვინც თქვენ გიცავთ!“ და ჯარისკაცი ციხეში, კორუმპირებული ჩინოვნიკები კი თავისუფლებაზე? არ დაუშვათ ეს შეცდომა“. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აღიარა, რომ შეიარაღებულ ძალებში დისციპლინა მოიკოჭლებს, თუმცა, მისი თქმით, ხანგრძლივი პატიმრობის ვადები დამოუკიდებელი იურიდიული ექსპერტიზის გარეშე, უკვე ზღვარს სცდება და არ შეესაბამება უკრაინის სამოქალაქო არმიის სულისკვეთებას. მისი თქმით, ასე რუსეთი ექცევა საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებს.

ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ მიღებული მეორე ზომა კიდევ უფრო მტკივნეული აღმოჩნდა და შეიძლება შორს მიმავალი შედეგები ჰქონდეს სამხედრო ქმედებებისთვის. აგვისტოს ბოლოს გავრცელებულმა განცხადებამ, რომ 22 წლამდე ასაკის მამაკაცებს საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება ეძლევათ, მთავრობის მოლოდინის საპირისპიროდ, შვება კი არა, შფოთვა გამოიწვია. აქამდე, საომარი მდგომარეობის გამო, უკრაინის საზღვრები 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ჩაკეტილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო სამსახურში გაწვევა მხოლოდ 25 წლიდან იწყება.

უკრაინის ბევრი მხარდამჭერი, მათ შორის ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი, მიიჩნევს, რომ უკრაინის კანონები სამხედრო ვალდებულების შესახებ ისედაც ზედმეტად რბილია და მობილიზაცია 18 წლიდან უნდა იწყებოდეს.

ბევრი უკრაინელი შიშობს, რომ 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდები ახლა მასობრივად დატოვებენ ქვეყანას, რის შედეგადაც 2027 წლისთვის ჯარი ახალწვეულების გარეშე დარჩება, უკრაინა კი, რომელსაც ისედაც სერიოზული დემოგრაფიული პრობლემები აქვს, კონფლიქტის დასრულების შემდეგ მოსახლეობისგან დაიცლება“, - ნათქვამია სტატიაში.

მთავრობამ ეს ნაბიჯი ახალგაზრდა უკრაინელების მხარდაჭერის მოპოვების სურვილით ახსნა. უფრო მეტიც, მიზანი ისიც იყო, რომ შეჩერებულიყო 17 წლის მოზარდების გადინება, რომლებსაც მშობლები წინასწარ გზავნიდნენ საზღვარგარეთ, რათა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ უკრაინაში არ დარჩენილიყვნენ. ქვეყნის უნივერსიტეტებში ამბობენ, რომ სტუდენტი მამაკაცების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

სამხედრო სფეროში წარუმატებელ რეფორმებს მთავრობის სხვა არასწორი გათვლებიც ემატება, რაც პრეზიდენტის უახლოეს მრჩევლებზე აჩენს ეჭვს. მსოფლიომ უკვე იხილა ერთი ასეთი შემაძრწუნებელი შეცდომა, როდესაც 28 თებერვალს ზელენსკი ისე შევიდა თეთრ სახლში, თითქოს არაფერი მომხდარა, და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უხეშად დატუქსავდა.

მალევე კიდევ ერთი სკანდალი მოხდა: 22 ივლისს, მმართველმა პარტიამ ნაჩქარევად გაიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის მიერ დანიშნულ გენერალურ პროკურორს ენიჭებოდა უფლებამოსილება, დამოუკიდებელი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურისთვის ზედამხედველობა გაეწია. გარდა იმისა, რომ უკრაინაში კორუფცია მწვავე პრობლემაა, ამ უხეშმა ჩარევამ შეარყია დემოკრატიის საფუძვლები და შეასუსტა ზელენსკის მიმართ ხალხის მხარდაჭერა.

თვალსაჩინო დასკვნა თავისთავად იბადება: ზელენსკის ახალი მრჩევლები სჭირდება. უკრაინულ ანალიტიკურ ცენტრებს, კონსულტანტებს, ფონდებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მდიდარი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, რომელიც, მათ შორის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში დაგროვდა. ზელენსკიმ ეს სიმდიდრე უნდა გამოიყენოს, განაახლოს მრჩეველთა შემადგენლობა და აღადგინოს დარღვეული კავშირი უკრაინულ საზოგადოებასთან“, - წერს სტატიის ავტორი.