რუსთავის აზოტში მასობრივი დათხოვნები გრძელდება. სამსახური უკვე დაკარგა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. იმართება საპროტესტო აქციები, მსვლელობები რუსთავსა და თბილისში, თუმცა ამ აქციებს სამსახურდაკარგულთათვის სასიკეთო არაფერი მოაქვს. არც დაზარალებულებმა და არც მათმა გულშემატკივრებმა რეალურად არ იციან რა პროცესებს გადაჰყვა მათი სამუშაო ადგილები და არც ის, თუ რა ხერხს და ღონეს მიმართონ საკუთარი უფლებების დასაცავად.
ბოლო ინფორმაციით, ქარხნის ადმინისტრაციამ უკვე დაითხოვა 350 ადამინაზე მეტი და როგორც მუშა -მოსამსახურეები ამბობენ, უახლოეს მომავალში ახალი მფლობელი გათავისუფლებების ახალ ტალღას დაიწყებს და დათხოვილთა რაოდენობა 700 ადამიანს გადააჭარბებს. ეს პროცესი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსალოდნელი დიდი რეზონანსის გამო, ქარხანას პირდაპირ არ ხურავენ და ასეთი მეთოდით, - თანამშრომელთა ეტაპობრივი დათხოვით, საბოლოოდ სწორედ ამ შედეგამდე მივლენ და მსგავსი ამაიერკავკასიის მასშტაბით უდიდესი ქიმიური ქარხანა უბრალოდ დაიხურება.
უკვე გათავისუფლებულთა უმეტესობა გამოცდილი და ქარხანაში ათწლეულობით ნამსახურები სპეციალისტია. ცალკე პრობლემაა ისიც, რომ ბოლო პერიოდში სახელფასო დავალიანებების გამო ბევრ მათგანს საბანკო კრედიტი აქვს აღებული და სამსახურის დაკარგვის შემდეგ რა საშუალებით უნდა მოემსახურონ თავიანთ საბანკო ვალდებულებებს, გაურკვეველია.
ერთ-ერთი უკვე გათავისუფლებული თანამშრომელი ლია კურტანიძე, რომელიც ქარხანაში 35 წლის მანძილზე მუშაობდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ქარხანაში ძალიან ბევრჯერ შეიცვალა ადმინისტრაცია და დირექტორი, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, მსგავსი მასშტაბის და უცერემონიო გათავისუფლებები არასოდეს ყოფილა.
გათავისუფლებულ თანამშრომლებს და ჯერ კიდევ გათავისუფლების მომლოდინეებსაც, როგორც თავად აცხადებენ, ერთადერთი ის დარჩენიათ, რომ უწყვეტი მასობრივი პროტესტის გზით დაიცვან საკუთარი შრომის უფლება. აზოტის გათავისუფლებულ მუშა-მოსამსახურეებს საპროტესტო აქციებზე ღიად დაუჭირა მხარი პროფკავშირულმა გაერთიანებამ და არასამთავრობო სექტორის დიდმა ნაწილმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ დაიცავს გათავისუფლებული მუშა-მოსამსახურეების შრომის უფლებას.
ჯერ-ჯერობით რეალურ შედეგს და სამსახურში აღდგენას გათავისუფლებული 350-ზე მეტი ადამიანი ვერ აღწევს. თუმცა, ამ პროცესში ცხადი ხდება ის მიზეზები, რომელთა გამოც ასობით ადამიანი ქუჩაში გაყრილი რჩება.
საქმე ის არის, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ქიმიური ქარხნის მეპატრონე გახდა „საქართველოს ბანკი“. როგორც კრედიტორმა, ბანკმა ქარხნის ძირითადი საწარმოო საშუალებები და აქტივები აუქციონის წესით გაყიდა და მიჰყიდა თავისივე შვილობილ კომპანიას. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ საკუთრივ ამ აუქციონის ჩატარების კანონიერებაზეც გარკვეული ეჭვები არსებობს. ასეა თუ ისე, სადღეისოდ, „აზოტში“ვითარებას, როგორც საკუთარ ფილიალში, ისე მართავენ სწორედ „საქართველოს ბანკის“ ყოფილი მაღალი თანამდებობების პირები.
მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ვრცელდება კიდევ ერთი საგულისხმო ინფორმაცია. კერძოდ, საუბარია, რომ ახალმა მენეჯმენტმა ბანკისგან გამოსყიდული საწარმოო აქტივები კვლავ ქიმიურ ქარხანას გადასცა, ოღონდაც არენდის გზით და შესაბამისად, იმ შესაძლებლობის ნაცვლად, რომ ეს სახსრები ქარხანას მოხმარებოდა საწარმოო თუ სოციალური მიმართულებით, ახალი მფლობელი კიდევ დამატებით შემოსავალს იღებს კომბინატისგან.
დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერი, თამაზ დოლაბერიძე მედიასთან საუბრებში აცხადებს, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები უპირობოდ არ დაკმაყოფილდება და ყველა გათავისუფლებული ადამიანი არ დაუბრუნდება საკუთარ სამუშაო ადგილს. მისი თქმით, ის რაც აქამდე ჩატარდა, 1 პროცენტიც კი არ იქნება იმისა, რასაც პროფკავშირები ქარხნის მუშა-მოსამსახურეებთან ერთად გეგმავს. სამართლებრივ სივრცეში დავის წარმოება კი ბრძოლის კიდევ სხვა მიმართულება იქნება.
ფაქტია, რუსთავის აზოტი აზოტოვანი სასუქების ერთადერთი მწარმოებელი ქარხანაა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის მასშტაბით. მისი ნაწილობრივი გაჩერებაც კი ძალიან მძიმედ აისახება როგორც მთლიანობაში, ეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით, ისე კონკრეტულად, რეგიონის და ქალაქ რუსთავის მაცხოვრებელთა სოციალურ-ეკონომიკურ სტაბილურობაზე. ეს ერთგვარად, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხიცაა, რადგან აზოტის ქარხნის გაჩერების შემთხვევაში ამ პროდუქციის იმპორტირება გახდება საჭირო. ერთადერთი მხარე, ვისაც, შესაძლოა არ ადარდებდეს ადგილობრივი წარმოების და იქ დასაქმებული ათასობით ადამიანის ბედი, მხოლოდ ის შეიძლება იყოს, ვისთვისაც მოგება ყველაფერს ამართლებს.