დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმა აპრილში დასრულდება
თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,სითი ინსტიტუტი'' მუშაობს. კომისიაში ჩართულია გერმანული და ფრანგული ჯგუფებიც და აპრილში მუშაობა სრულიად დასრულდება, რის შემდეგაც საჯარო განხილვები და გეგმის გაანალიზება მოხდება. როგორი იქნება განახლებული თბილისი, რა მნიშვნელოვანი პროექტები იგეგმება, გადავა თუ არა ,,ელიავას ბაზრობა'' ქალაქგარეთ და რა პრობლემებია დღეს დედაქალაქის განვითარების მხრივ? ამ საკითხების გასარკვევად ,,ვერსია'' ,,სითი ინსტიტუტის'' თანახელმძღვანელს, მერაბ ბოლქვაძეს ესაუბრა.
,,ამ გეგმაზე მუშაობა შარშან დავიწყეთ და 3 თვეში დასრულდება. კონცეფციის ნაწილი წარვუდგინეთ მერიას. ყოველ 3 თვეში შეგვაქვს მერიაში შესრულებული სამუშაო, მერიის სამსახურები იწვევენ დამოუკიდებელ ექსპერტებს, ისინი ამ სამუშაოს აანალიზებენ, შენიშვნებს ვასწორებთ და ისევ ვუბრუნებთ მერიას, ასე შეთანხმდა რამდენიმე ეტაპი'', _ აცხადებს მერაბ ბოლქვაძე. მისივე თქმით, აქამდეც არაერთი შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, რათა გეგმაზე მათი სურვილი აისახოს. მერაბ ბოლქვაძე თბილისში გადაჭარბებულ მშენებლობებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ნამატი კოეფიციენტებით ხდებოდა მშენებლობებზე შეთანხმება და დაგეგმარება, ამიტომ მიმართეს მერიის სამსახურს თხოვნით, რომ კოეფიციენტების გადაჭარბება არ მოხდეს ცენტრალურ და შუალედურ ზონებში. ,,კვარტალური განაშენიანების ერთიან კონტექსტში არ ხდება განაშენიანება, რაც იწვევს ქაოსს, სართულიანობის დაუგეგმავად განვითარებას, სიმჭიდროვის მატებას და ამიტომ ერთიანი გააზრებული პროექტები უნდა დაიგეგმოს'', _ აცხადებს ,,სითი ინსტიტუტის'' თანახელმძღვანელი და განმარტავს, რომ პირველი ეტაპის შეზღუდვები უკვე განხორციელდა, ანუ ცენტრალურ და შუალედურ ზონებში გადაჭარბებით კოეფიციენტებს მშენებლობებზე მერია უკვე აღარ გასცემს, ხოლო რაც ახლა შენდება, ეს ძველი ნებართვებია.
მერაბ ბოლქვაძეს თბილისის ძველი უბნების ვიზუალისა და ხედის შენარჩუნებაზეც ვესაუბრეთ. განგვიცხადა, რომ ისტორიული ზონა ცალკე განხილვის საგანია, მას უფრო მკაცრი კანონი იცავს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ: ,,ძველ უბნებში საკმაოდ მკაცრი მოთხოვნებია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის საფუძველზე. იქ არის ბევრი შეზღუდვა, მერიაში არსებობს საბჭო, რომელიც ამ საკითხებს იხილავს და განსაზღვრავს კონკრეტული შენობის ბედს''.
ბოლქვაძის თქმითვე, მათ განცხადებით უკვე მიმართეს მერიას ,,ელიავას ბაზრობის'' ქალაქგარეთ გადატანასთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ მერია დადებითად შეხვდება ამ ინიციატივას, რადგან მუშავდება წინადადება, მომზადდეს ტერიტორიები, სადაც ეს ბაზრობა გადავა: ,,ეს ადგილი რეკრეაციულ ტერიტორიად გვინდა განვავითაროთ. მტკვართან ახლოსაა, შესანიშნავი ადგილია, დიდუბეს დიდი პრობლემები აქვს მწვანე სივრცეების თვალსაზრისით. იქ მუშტაიდის ბაღია ახლოს, ცოტა ზემოთ საგამოფენო ტერიტორიაა და მწვანე სისტემას ერთიანი გააზრება უნდა ჰქონდეს''. მერაბ ბოლქვაძე ხაზს იმასაც უსვამს, რომ ამ ბაზრობას კერძო მესაკუთრე ჰყავს, საკითხი რთულია, თუმცა თუკი ქალაქის მოსახლეობა და მთავრობა მოისურვებს, ამის განხორციელება შესაძლებელია.
მერაბ ბოლქვაძისვე განმარტებით, კონცეფციის ძირითადი საკითხი ქალაქის კომპაქტური განვითარებაა. რაც შეეხება საცობების პრობლემის მოგვარებას, მისი აზრით, ამისთვის საჯარო ტრანსპორტი უნდა განვითარდეს. აუცილებლად შეიზღუდება ინდივიდუალური ტრანსპორტის არეალები, დაწესდება ფასიანი შესვლა და პარკინგი ცენტრალურ ნაწილებში, პარალელურად შემოვა ტრამვაი და ჩქაროსნული ავტობუსი: ,,ტრამვაი ცოტა ძვირი ღირს, ამიტომ პირველ ეტაპზე შეიძლება ე.წ. ჩქარი ავტობუსი შემოვიდეს, მას თავისი ზოლი აქვს და ინდივიდუალური ტრანსპორტი იქ ვერ შევა. მოქალაქეები რომ დაინახავენ, საცობში მანქანით დგანან და ავტობუსი ჩაუქროლებს დაბრკოლების გარეშე, ამ ტრანსპორტით ისარგებლებენ''.
,,სითი ინსტიტუტის'' ხელმძღვანელმა ,,ვერსიას'' ისიც განუმარტა, რომ ზოოპარკისთვის ტერიტორია უკვე გამოძებნილია და თუ რამე კატასტროფა არ ხდება, ასეთ გადაწყვეტილებებს კომისია ითვალისწინებს. თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობის დასრულებას აუცილებლად მოყვება საჯარო განხილვები და ბუნებრივია, თუ თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი შენიშვნები იქნება, შესაძლოა, კორექტირებაც მოხდეს, ამიტომ შეიძლება ამ განხილვებმა რამდენიმე თვეც გასტანოს.
თბილისის განვითარების გენერალური გეგმის შესაფასებლად ,,ვერსია'' არქიტექტორსა და ურბანისტს, ვლადიმერ ვარდოსანიძესაც დაუკავშირდა, რომელიც ამ გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობს: ,,მე მაბარია ორი კომპონენტი. ერთი გახლავთ თბილისის აგლომერაციის საკითხი, რაც ქალაქების თანამეზობლობასა და მხარდაჭერას გულისხმობს. ამის საუკეთესო მაგალითია თბილისი-რუსთავი. მოგეხსენებათ, ბევრი ადამიანი ჩამოდის რუსთავიდან დედაქალაქში სხვადასხვა მიზნით. ასევე გვემატება მცხეთა და გარდაბანი. ანუ, პერსპექტივაში ვხედავთ დედაქალაქის ოლქს ამ ქალაქების ფარგლებში. ჩვენ ეს ქალაქები უნდა განვიხილოთ, როგორც ერთი გეგმარებითი რეგიონი. საუბარია ერთობლივ ინფრასტრუქტურაზე, კანალიზაციაზე, წყალსადენზე, თუმცა ხელისუფლებას ეს არ ესმის, რადგან ამის გაცნობიერება და პროფესიონალებისთვის დაჯერებაა საჭირო''. ლადო ვარდოსანიძე იმასაც დასძენს, რომ დროა, თბილისში ჩამოყალიბდეს საკვლევ-საპროექტო ინსტიტუცია. უნდა შემუშავდეს ინდიკატორები, რომლითაც განისაზღვრება დედაქალაქში არსებული მდგომარეობა. არქიტექტორის თქმით, ახლა კვლევები საერთოდ არ მიმდინარეობს და მხოლოდ პოლიტიკური მარჩიელობა ხდება იმ საკითხზე, რა მდგომარეობაა დედაქალაქში: ,,ეს დაპირება თბილისის მერმა ნარმანიამ მოგვცა წელს და გადამწყვეტია, რომ ეს ინსტიტუცია მანამ ჩამოყალიბდეს, სანამ გენგეგმაზე მუშაობა დასრულდება, რადგან ეს საბჭოთა გეგმა კი არა, ცოცხალი, ინტერაქტიული დოკუმენტია''.
ურბანისტი და არქიტექტორი ძველი უბნების ვიზუალის შენარჩუნებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი უკვე გაწერილია კანონში, მხოლოდ აღსრულება და ფინანსებია გადამწყვეტი: ,,ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, როდესაც პრივატიზებაში დაუშვეს ყველაფერი, მათ შორის ავარიული სახლები. ჩვენმა მოსახლეობამ ბოლომდე ვერ გაითავისა, რომ მესაკუთრეს, უფლებებთან ერთად, ვალდებულებებიც გააჩნია, ამიტომ მასობრივი პრივატიზება იყო მავნებლობა ქვეყნის წინაშე. შენობების 95% პრივატიზებულია, დანგრეულია, ხალხი ჩივის ანუ ისევ ჩაგვაგდეს საბჭოთა ადამიანის მდგომარეობაში. მარტო 2002 წლის მიწისძვრის შედეგად 20 000-ზე მეტი შენობა დაზიანდა თბილისში. ისიც უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს ერთბაშად ვერ გააკეთებს. ეს ეკონომიკასა და ფინანსებზეა დამოკიდებული''. ვლადიმერ ვარდოსანიძე იმასაც ამბობს, რომ თუ ხელისუფლება მოსახლეობას გულწრფელად და კვალიფიციურად ესაუბრება, ყველაფერი მოგვარდება.
რაც შეეხება ელიავას ბაზრობის ქალაქგარეთ გადატანას, ურბანისტის აზრით: ,,ეს საკითხი გახდება ის ასპარეზი, სადაც ერთმანეთს შეასკდება პროფესიული გონი და ფული. ჩვენ კი ვიცით, რომ ფული აღმართს ხნავს. ეჭვი მეპარება, ეს მოხერხდეს, მაგრამ პროექტის გენგეგმაში ჩადება მაინც მნიშვნელოვანია.
ამ გეგმაში მე და ურბანისტთა თაობებს მოგვწონს რკინიგზის გატანა ქალაქიდან. ეს გადამწყვეტი საკითხია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ზონაში 70 ჰექტრამდე ტერიტორიას გაათავისუფლებს, რაც ფანტასტიკური საჩუქარია. დღეს რკინიგზას არ მოსწონს ეს იდეა, რადგან მან უნდა დახარჯოს თანხა. წინა ხელისუფლების მიერ შემოვლითი გზის 70% თითქმის აშენებულია და ამის შეჩერება დანაშაული იყო, მაგრამ ამ ტრასას აქვს ხარვეზებიც; ასევე არ მგონია, საიდუმლო იყოს ეს ამბავი _ ერთი თვის წინ დავესწარი პრემიერ-მინისტრთან თათბირს, რკინიგზელებიც იყვნენ იქ, სადაც მოისინჯა ეს ვარიანტები და თითქოს გადაიხარა იქით აზრი, რომ რკინიგზელებმა შემოგვთავაზონ რკინიგზის გადატანის განახლებული ვერსია. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება, რადგან იმ ახალ ტერიტორიაზე გადაწყდება სატრანსპორტო, გამწვანების, ხეივნის საკითხები და რაც მთავარია, დიდუბის ზონაში, დაახლოებით სადგურთან ახლოს უნდა გადაინაცვლოს საქმიანმა ცენტრმა, ე.წ CBD-მ, რომლის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითი მანჰეტენია. ანუ მსოფლიოში ქალაქის ცენტრში აღარ არის მიღებული მაღლივი შენობების ცალკე ,,ლურსმნებად დარჭობა'' ისე, როგორც თბილისში გვაქვს, მაგალითად, იმელის უკან ფალოსური კულტის აღმნიშვნელი შენობა. ასეთი შენობები უნდა გადავიდეს დიდუბის ტერიტორიაზე, რაც განტვირთავს ქალაქს''.
ლადო ვარდოსანიძის აზრით, გეგმა კეთდება საკმაოდ კვალიფიციურად, მაგრამ მარტო გენგეგმა პანაცეა არაა. მანამდე პოლიტიკური ნება წყვეტს ყველაფერს და არქიტექტორის აზრით: ,,უნდა გამოჩნდეს ადამიანი, ვინც მუშტს დაკრავს მაგიდას და იტყვის _ მე მჭირდება ნორმალური, თანამედროვე დედაქალაქი. მკითხველმა თავად განსაჯოს, ვინ იქნება ასეთი ადამიანი!''