თინა ხიდაშელი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს

თინა ხიდაშელი ჯანდაცვის მინისტრს ბრალს სდებს

ხელისუფლებამ ქართველ ხალს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი სისხლით მიულოცა _ დაგეშილმა სპეცრაზმმა მცირერიცხოვანი მომიტინგეები ალყაში მოაქცია და სასტიკად დაარბია. უამრავი დაშავებულის ვინაობას ჯანდაცვის სამინისტრო საგულდაგულოდ მალავს. შსს-მ დაკავებულთა სია, როგორც იქნა, გამოაქვეყნა, რომელიც ომბუდსმენის მონაცემებს არ ემთხვევა... «რესპუბლიკელი» თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირთა სიების დაუყოვნებლივ გამოქვეყნების შესახებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ მისიებს განცხადება გაუგზავნა...

ქალბატონო თინა, როგორ აფასებთ 26 მაისის მოვლენას და ვინ არის მასზე პასუხისმგებელი? გასცდა თუ არა ხელისუფლების ქმედება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს?

-  ეს ქმედება, რა თქმა უნდა, სცილდება საერთაშორისო სამართლისა და ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებს, მაგრამ გაცილებით სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ის სისასტიკე, რომელიც იმ ღამეს ვნახეთ, ადამიანობის მოთხოვნებს გასცდა. სისატიკე კიდევ უფრო დიდი დოზით აქციის დარბევის შემდეგ, თბილისის პოლიციის განყოფილებებში ვნახეთ, სადაც სასტიკად სცემდნენ დაკავებულებს. თუკი მიტინგის ძალადობით დარბევის თეორიული არგუმენტი მაინც არსებობს, საერთოდ არ არსებობს ფრაზა, რომელსაც იტყვის ხელისუფლების წარმომადგენელი იმის გასამართლებლად, რაც პოლიციის განყოფილებებში ხდებოდა. ამის საუკეთესო დადასტურებაა მურმან დუმბაძე, რომლის დაკავების კადრები «ევრონიუსზე» გავიდა. ამ ვიდეომასალში ჩანს, რომ იგი საღსალამათია, თავისი ფეხით გამოდის ორ პოლიციელთან ერთად. ამ დროის მონაცემებით, დუმბაძე იმყოფება თელავის იზოლატორში. გაუგებარია, იქ რა უნდა? დუმბაძეს გადაადგილება არ შეუძლია, ორი დღეა, საკვები და წყალი არ მიუტანიათ, ექიმზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. რამდენია ამ მდგომარეობაში, ვისი სახელი და გვარიც არ ვიცით?

უამრავი ადამიანია გაუჩინარებული. თუ ისინი ცოცხლები და დაკავებულები იყვნენ, აქამდე რატომ არ აჩენდენ და, საერთოდ, დაკავებული რა უფლებებით სარგებლობს?

- წესით და კანონით, განცხადება მათი დაკავების შესახებ, 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს. 28 მაისის ღამის შემდეგ ვერც ერთი ადამიანი, რომლებიც დაკავებული ჰყავთ და სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი, კანონიერ პატიმრებად აღარ ჩაითვლება. ასეთია კონსტიტუციის მოთხოვნა. ლაშა თორდიამ საოცარი რამ თქვა, ხელისუფლება გეგმავს, დაკარგულების სია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნოს, მაგრამ ზუსტ დღეს ვერ ვაკონკრეტებო. არადა, ამას ლაშა ვერ დააკონკრეტებს, რადგან ვადა ქვეყნის კონსტიტუციას აქვს დაკონკრეტებული... როგორც ჩანს, ჩემმა ბრიფინგმა ხელისუფლება გამოაფხიზლა, მიხვდა, რომ ფუნდამენტური შეცდომა მოსდიოდა და ერთ საათში გამოაქვეყნა დაკავებულთა სია. ეს კარგია, ვინაიდან ის მაინც ვიცით, ოფიციალურად და ფორმალურად ვინ ჰყავთ დაკავებული. აქამდე შსს ამბობდა, 90 კაცია დაკავებულიო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ დაკავებული 105 კაცია, ანუ ეს «აცდენა» იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი პატიმარი ჰყავთ და მალავენ. ასე მალავენ ყოველთვის, როცა ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ მისი გამოჩენა შეუძლებელია.

ესე იგი, გაუჩინარებული ადამიანები უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილებად, ანუ გატაცებულებად უნდა ჩაითვალონ?

-  რა თქმა უნდა, თუმცა ვფიქრობ, რომ მათ ფორმალურად პატიმრობაში არ გადაიყვანენ და როცა გონს მოვლენ, ანუ შესაძლებელი გახდება მათი, ასე ვთქვათ, გამოჩენა, ბიძინა გეგიძე როგორც დააგდეს სასაფლაოზე და მიატოვეს, ასე სადმე მიატოვებენ...

რა უფლებით სარგებლობს პირი დაკავების მომენტიდან?

-  უპირველეს ყოვლისა, მის ოჯახს უფლება აქვს, იცოდეს, თუ სად იმყოფება. ასევე, აქვს ადვოკატის მომსახურების უფლება, რასაც ართმევდა შსს ხალხს მთელი ამ ხნის განმავლობაში. ყველა ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომ არ აძლევდნენ საშუალებას, დაკავებულებთან შესულიყვნენ და დაეცვათ მათი უფლებები.

ოფიციალურად ოთხი გარდაცვლილი გამოცხადდა, თუმცა ამბობენ, რომ მათი რიცხვი გაცილებით დიდია...

- როგორც ჩანს, მართლაც, ასეა, თუმცა რადგან ეს ადამიანების სიცოცხლეს ეხება, ვარაუდების დონეზე ვერ ვილაპარაკებ.

გაპოლიციელებულ ჯანდაცვის სისტემაზე რას იტყვით? ჯანდაცვის მინისტრმა, ფაქტობრივად, შსს- გადასცა საავადმყოფოებზე კონტროლი და დარბევის შედეგად დაშავებულთა სიები დამალა...

- ჯანდაცვამ დიდი დანაშაული ჩაიდინა და თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი, პირველ რიგში, ჯანდაცვის მინისტრმა. ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება ექსმინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს საბჭოთა კავშირი იყო და საბჭოთა ჯარმა დაგვარბია, საათში ერთხელ გამოდიოდა ტელევიზიით და მოსახლეობას აწვდიდა ინფორმაციას დაშავებულების შესახებ. მინისტრი ურუშაძე ერთხელაც არ გამოსულა, როცა ამისთანა ამბავი მოხდა თბილისში. მას არ ჰქონდა უფლება, დაემალა ინფორმაცია დაშავებულებზე.

ამ ვანდალურ დარბევაზე საუბრისას, მეორე მხარის პასუხისმგებლობასაც განიხილავენ, მით უმეტეს, რომ საქმეში რუსულ კვალი თუ შეთქმულება ფიგურირებს... რატომ არ გაუმჟღავნა ნინო ბურჯანაძემ აქციის მონაწილეებს მოსალოდნელი დარბევის შესახებ და არ დაშალა მიტინგი?

- ერთი ვიცი: თუ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულება, ან სახელმწიფო გადატრიალება მზადდება და ეს სახელმწიფომ იცის, ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე დანაშაულია, ამისთვის დარბევას არ აწყობენ და, მაპატიეთ, „პოსლეზე“ პროპაგანდისტულ მაკულატურას არ ავრცელებენ. ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და არა პროპაგანდით დაკავდეს. როგორც ვიცი, ამბოხების დროს ორგანიზატორები პასუხს აგებენ ხოლმე, თუმცა ასე არ ხდება. დარჩიაშვილს უთქვამს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უფრო მძიმეა, ვიდრე ისეო. რაზე უნდა ილაპარაკო, როცა ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე? ამათ სახელმწიფო გადატრიალება მაღაზიაში „კალბასის“ მოპარვა ჰგონიათ!

დავით დარჩიაშვილმა ისიც თქვა, კანონი ვითარების მიხედვით იცვლებაო. ეს რაღას უნდა ნიშნავდეს?

- ამას ვერ განვმარტავ იმიტომ, რომ არის რაღაცები, რაც რაციონალურ განმარტებებს არ ექვემდებარება. ეს რას ნიშნავს, ალბათ, მარტო დარჩიაშვილმა იცის.

პროპაგანდისტული მაკულატურა“ 2007 წლის 7 ნოემბერის მერეც გავრცელდა...

- სხვათა შორის, იმ დროს ადამიანები არ გამქრალან და საავადმყოფოებში ნათესავებს უშვებდნენ, ასეთი პანიკა არ იყო, როგორიც ახლაა. ხალხი დაგეკარგოს ქვეყნის დედაქალაქში, რას ნიშნავს? მართალია, პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, მაგრამ როცა სახელმწიფო ხარ, გაცილებით მეტი ვალდებულებები გაქვს, ვიდრე _ ვინმე პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ლიდერს. ნინო ბურჯანაძეს თავისი მოეთხოვება, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არაა, რომ თავის მოსახლეობას ანგარიში გაუსწოროს. დღეს უფრო ამაყი ვარ 20 იანვრით, ანუ მაშინ ჩვენ როცა ვიცოდით, რომ ის მოხდებოდა, რაც 26 მაისს მოხდა და იპოდრომზე ხალხი დავშალეთ. ამის გამო ბევრი გვაკრიტიკეს, მაგრამ დღეს კიდევ უფრო მეტად დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ - ადამიანების ბედით მანიპულირების უფლება არავის აქვს!