უმრავლესობა სააკაშვილს პარლამენტართა რაოდენობის 200-მდე გაზრდას სთავაზობს

უმრავლესობა სააკაშვილს პარლამენტართა რაოდენობის 200-მდე გაზრდას სთავაზობს

«ოპოზიციური რვიანი» არც დაშლას და არც მიზნის შეცვლას არაპირებს. უფრო მეტიც, როგორც თავად აცხადებენ, მათი სამოქმედო არეალი უფრო მეტად გაფართოვდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ხვალისთვის იგეგმება. ხელისუფლების მხრიდან კი ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ კეთდება.

26 მაისის შემდეგ საარჩევნო პროცესმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ერთის მხრივ კიდევ უფრო მეტად უნდა გაკეთებულიყო აქცენტი თავისუფალი არჩევნების უალტერნატივო ბაზე. წესით, ეს ხელისუფლებასაც აწყობდა და თავად ოპოზიციასაც. მაგრამ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის სრული იგნორირება მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, რომ ამ თემაზე ხელისუფლების ოფიციალური ან არაოფიციალური პასუხი მოგვესმინა, მაგრამ ამაოდ.

თუკი აქციის დარბევასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებებს გავიხსენებთ, თუ როგორ დაამარცხეს მტერი, შესაძლოა, ხელისუფლების ეს პოზიცია გასაგებიც იყოს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ასეთი პროცესების განვითარებას გარკვეულ წილად ხელი სწორედ იმ ფაქტორმაც შეუწყო, რომ მოლაპარაკებების პროცესი ბოლო დროს ჩიხში შევიდა.

მართალია, ხელისუფლება ამას ისევ ოპოზიციას აბრალებს, მაგრამ ფაქტები და განცხადებები ყველას კარგად ახსოვს და ხელისუფლების ეს ბრალდება საკმაოდ უსუსურად გამოიყურება.

ისიც ფაქტია, რომ ერთადერთ გამოსავლად სწორედ მოლაპარაკებების განახლება და რეალური ცვლილებების გატარება რჩება. ამიტომაც «რვიანი» ამ მოლაპარაკებების განახლებას ითხოვს და მიიჩნევს, რომ ეს უფრო ფართო მასშტაბიანი უნდა გახდეს.

«უპასუხისმგებლო პოლიტიკის დრო უნდა დამთავრდეს და ამ ტრაგედიამ მაინც უნდა დაგვანახოს, რომ ერთი და იგივე გზით აღარ უნდა ვიაროთ, რაც ოცი წლის განმავლობაში დავდიოდით. პოლიტიკური ცვლილებების გზა არის საარჩევნო და მგონი, ამას თვითოეული ჩვენგანი კარგად ხვდება. ახლა საჭიროა სამართლიანი არჩევნები»,- აცხადებს «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია.

სხვათა შორის, ამის აუცილებლობის შესახებ განცხადება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მკაფიოდ გაკეთდა. იგივე აშშ-ის ელჩის განცხადება, სადაც ცალსახად საუბრობს თავისუფალი არჩევნების აუცილებლობაზე. მისი თქმით, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ სააკაშვილთან შეხვედრისას სწორედ ამაზე ისაუბრა.

ფაქტია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ხელისუფლებისგან რეალური მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს. ამ ფონზე კი ხელისუფლების დუმილი გარკვეულ კითხვებს ბადეს. ამას კი ისიც ემატება, რომ ბოლო დროს სახელისუფლებო კულუარებში აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ «რვიანი» იშლება და ვიდრე ეს საკითხი არ გარკვეულა, მანამდე პოზიციის დაფიქსირებას აზრი არა აქვს.

«რვიანის» დაშლას კი თავად «რვიანის» წევრები კატეგორიულად უარყოფენ.

«არ ვიცი, ახლა ამას რა დავარქვა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის რაღაც ნაწილის ოცნებები თუ ფანტაზიის გამოხატულება. ეს მითქმა-მოთქმა თუ არსებობს, შესაძლოა, გამოიწვია იმან, რომ ჩვენ «რვიანში» კარგა ხანია, ვმსჯელობთ ჩვენი მოქმედებების მომავალი გაგრძელებების ფორმებზე, მეთოდებზე, თუ როდის, რა აქტივობით, რა ფორმით სჯობს, რა გავაკეთოთ ქართველ ამომრჩევლებთან, რა გავაკეთოთ უცხოელებთან და ა.შ.

«ბუნებრივია, ასეთი მსჯელობა ამ თვეების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გვქონია იმიტომ, რომ რვა პოლიტიკურმა პარტიამ შექმნას ერთი დოკუმენტი საარჩევნოდ, ეს მარტივად არ ხდება. პარტიები იშლებიან პანტა-პუნტით და რვა პარტიაში უმტკივნეულო პროცესები არ ვითარდება ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რასაც საარჩევნო დოკუმენტის შექმნა ჰქვია.

«შესაძლოა, ერთის მხრივ ეს მითქმა-მოთქმა სწორედ ამ ფაქტორმა გააჩნია და მეორეს მხრივ, ალბათ, ხელისუფლების და არამარტო ხელისუფლების მხრიდან ჭორის მანქანაც ამოქმედდა, რადგან «რვიანის» არ დაშლა და ბრძოლის გაგრძელება ბევრის ინტერესში არ შედის. ამიტომ საარჩევნო საკითხებთან და საარჩევნო კოდექსის შეცვლასთან დაკავშირებით «რვიანს» არანაირი პრობლემა არა აქვს და მის დაშლას არაფერი არ ემუქრება», - აცხადებს »ახლების» წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.

რაც შეეხება «რვიანის» მომავალ პოლიტიკურ ურთიერთობას, როგორც თავად აცხადებენ, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ძალიან ნაადრევია.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო მოლაპარაკებებს, «რვიანი» ხვალისთვის საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

«ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და პარტიული ვერტიკალის მშენებლობა. ბუნებრივია, ამ ორ მთავარ თემასთან ერთად არსებობს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები, ძირითადად სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში მთავარი გამოწვევაა. ასე რომ, თუ ვინმე გადახედავს ჩვენს პოზიციებს და პრიორიტეტებს, აბსოლუტურად იდენტურია და ეს მემარჯვენეების და თუ გნებავთ მთლიანად «რვიანის» თანმიმდევრულობას მიანიშნებს», - განმარტავს კაციტაძე.

ხვალინდელი განცხადების ტექსტი ჯერჯერობით უცნობია და როგორც «რვიანის» წევრები აცხადებენ, საბოლოო ვარიანტი შიდა მსჯელობის შედეგად შემუშავდა და არც იმას გამორიცხავენ, რომ »რვიანის» შიგნით არსეუბლი დაპირისპირების შესახებმითქმა-მოთქმა, შესაძლოა, ვარიანტების სიმრავლემაც გააჩინა.

თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, მიღებული გადაწყვეტილება შეთანხმებულია რვავე პარტიასთან და დეტალები უკვე ხვალ გახდება ცნობილი.

«მთელი კვირის» ინფორმაციით კი «რვიანი» მოლაპარაკების თემატიკის გაზრდას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად საარჩევნო მოლაპარაკების თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოლაპარაკების პროცესი ჩაიშალა, პროცესის განახლებისთვის »რვიანი» სასტარტო პირობად ამომრჩეველთა სიების და საარჩევნო სისტემის საკითხს აყენებდა.

ეს საკითხები კვლავ ძალაში რჩება, მაგრამ «რვიანი» ამის პარალელურად რამდენიმე საკითხს დააყენებს, დაწყებული მედიის თავისუფლებით და დამთავრებული სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაციით და ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო პროცესიდან გამიჯვნით.

ძნელი სათქმელია, ამ ინიციატივას ხელისუფლება როგორ შეხვდება. მით უმეტეს, რომ «მთელი კვირის» ინფორმაციით, ხელისუფლება ორ სასტარტო საკითხზე უარს ამბობს. სხვათა შორის, სამთავრობო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პირადად სააკაშვილის მითითება ყოფილა, რომ არ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ახლა მის დარწმუნებას ცდილობენ, რომ პარლამენტართა რაოდენობა გაზარდოს ორასამდე, სადაც ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არჩეული იქნება. ამით ხელისუფლება გარკვეულწილად ბალანსის შენარჩუნებასაც შეძლებს და ის პრობლემებიც მოგვარდება, რასაც დღეს ხელისუფლებას დღეს არსებული სისტემის გამო საყვედურობენ.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციია და ყველაფერი ოფიციალური განცხადებების გაკეთების შემდეგ გამოჩნდება.