ბოკერიას საიდუმლო რანდევუ უკრაინაში _ ნაცები და ექსნაცები ერთმანეთს კომპრომატებით აშანტაჟებენ?
მართალია, ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაცმოძრაობის დაშლა კარგა ხანს იქნება განსჯა-გაანალიზების საგანი. რეალურად, რა მოხდა ყოფილ მმართველ პარტიაში და რატომ აქციეს ძირძველმა მეგობრებმა ზურგი პრეზიდენტყოფილ მიხეილ სააკაშვილს? _ ამ კითხვაზე ყველას, ვისაც არ ეზარება, საკუთარი პასუხი აქვს, მაგრამ რეალობა მხოლოდ ე.წ. ახირებულებმა და ცხადია, სააკაშვილმა იციან. ასეა თუ ისე, ფაქტია: ერთ დროს ძლევამოსილი პოლიტიკური გაერთიანების დაშლა მომგებიანი ყველაზე მეტად „ოცნებისთვის“ არ უნდა იყოს, რამეთუ 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ანუ იმ დღიდან მოყოლებული, როცა ივანიშვილის გუნდმა ხელისუფლება გადაიბარა, მისი დარტყმის მთავარი ობიექტი სწორედ ნაცმოძრაობა გახლდათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველაფერ ცუდს ექსმმართველ გუნდს აბრალებდა და ხშირად მისგან მოწყობილი საბოტაჟითაც აპელირებდა. ახლა კი აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობაა და აი, რატომ: მიშას აუგად მხოლოდ „ოცნება“ კი არა, თავად მეგობარყოფილებიც მოიხსენიებენ. ყოველ შემთხვევაში, საპატიმროდან გათავისუფლებულმა თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ სააკაშვილს, პრაქტიკულად, პოლიტიკური ჯართი უწოდა.
როგორ იქცა სააკაშვილი „პოლიტიკურ ჯართად“? _ იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც „ვერსიამ“ სხვადასხვა კონფიდენციალური წყაროსგან შეაგროვა, ერთ დროს ქართული პოლიტიკის ვარსკვლავად სახელდებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი „გაჯართებისკენ“ ეტაპობრივად მიდიოდა.
„ის, რაც დაემართა, მე თუ მკითხავთ, მიშამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. კი ბატონო, პარტიული ორგანიზაცია შეინარჩუნა, მაგრამ რაც უნდა იძახონ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარაო, ყველამ კარგად იცის, რომ გიგას თუნდაც იგივე გიგის გამიჯვნა ნაცმოძრაობისთვის დიდი დანაკლისია. საერთოდ, მიშა ცოტა უფრო ჭკვიანურად რომ მოქცეულიყო, დღეს ყოფილი მმართველი პარტია ისევ ერთიანი იქნებოდა და არც ვანო მერაბიშვილი გაემიჯნებოდა, _ ეუბნება „ვერსიას“ ადამიანი, რომელიც ნაციონალების შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს და რომელიც აქვე, იმ წერილსაც იხსენებს, რომელიც სააკაშვილმა 2006 წლის ზაფხულში სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, _ დეტალებს არ ჩავუღრმავდები, ამ წერილში ვანო მერაბიშვილი პიროვნულად ნახსენები არ იყო, მაგრამ სააკაშვილი მასზე ბევრ უსიამოვნო მინიშნებას აკეთებდა. ჰოდა, ვითარებაში გასარკვევად, როგორც ვიცი, გიგა ბოკერია კიევში გადაფრინდა და მიშასთან არასასიამოვნო საუბარიც ჰქონდა. მოკლედ, სწორედ აქედან დაიწყო ნაცმოძრაობის დაშლა“, _ აღნიშნავს „ვერსიის“ კონფიდენტი, რომელიც ასევე, ხაზგასმით ამბობს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის დაშლაში ლომის წვლილი ე.წ. ახალაიების კლანს მიუძღვის.
„ზოგადად, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, პერიოდულად ვრცელდებოდა ხმა, რომ ნაციონალები რამდენიმე ბანაკად იყვნენ დაყოფილნი. მიშას კარზე სხვადასხვა დროს სხვადასხვა კლანი წინაურდებოდა, მაგრამ ახალაიების ფრთამ გავლენა სააკაშვილის პრეზიდენტობის შემდეგაც შეინარჩუნა ანუ სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, ის, რაც ნაცებში მოხდა, პრაქტიკულად, ინტელექტუალებისა და „პლებეების“ დაპირისპირებაა და მეტი არაფერი. ისე, თუ დააკვირდებით, ნაცებს უმეტესად ინტელექტუალები გამოეყვნენ, თუმცა პარტიაში თითო-ოროლა ინტელექტუალიც დარჩა. ავიღოთ, მაგალითად, გია ბარამიძე ან პეტრე ცისკარიშვილი. ბარამიძეზე ვერ გეტყვით, მაგრამ თავდაპირველად ცისკარიშვილიც წამოსვლას აპირებდა, თუმცა ახალაიების კლანმა, რომელსაც ამჯერად მამა ახალაია ანუ როლანდი უდგას სათავეში, როგორც მითხრეს, კომპრომატების გამოქვეყნებით დააშანტაჟა. სავარაუდოდ, კომპრომატების გამოქვეყნების მუქარით დარჩა ნაცმოძრაობაში ნიკანორ მელიაც.
რაც შეეხება გია ბარამიძეს, ის ჟვანიას გუნდის ერთადერთი ყოფილი წარმომადგენელია, რომელიც ბოკერია-უგულავასთან არ წავიდა და აქაც, ალბათ, ისევ მამხილებელ მასალებთან მივდივართ, _ გამოთქვამს ვარაუდს „ვერსიასთან“ ოპერატიულ კავშირზე მყოფი სუბიექტი, რომელიც კომპრომატების კონტექსტში 2005 წლის 3 თებერვლის ღამესაც იხსენებს, _ ბარამიძე ის ადამიანია, რომელსაც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თაობაზე პირველს აცნობეს. ჰოდა, არავინ იცის, საბურთალოს ქუჩაზე მისულ ბარამიძეს რა ანახეს. გარდა ამისა, ბარამიძე ე.წ. აფრასიძეების საქმის მთავარი ფიგურანტიც არის.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ პიროვნების გასაფუჭებლად იგივე ახალაიების კლანს, ალბათ, საკმარისზე მეტი მასალა აქვს. ბარამიძე გამოცდილი პოლიტიკოსია _ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბევრი აქვს ნანახი და, წესით, ისიც ეცოდინება, ურჩობას რა შეიძლება მოჰყვეს. ამიტომ, ჩემი ვარაუდით, შეიძლება, ძალიანაც არ უნდოდა, რომ სააკაშვილთან დარჩენილიყო, მაგრამ მეტი გზა არ ჰქონდა“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც თამაშიდან გავიდა, მიხეილ მაჭავარიანი გახლდათ _ მან ჯერ კიდევ 8 ოქტომბრის არჩევნების დამთავრებისთანავე განაცხადა, რომ პოლიტიკურ ტაიმ-აუტს იღებდა, მაგრამ საბოლოოდ, მაჭავარიანი ბოკერია-უგულავასთან ვიხილეთ, რასაც „ვერსიის“ კონფიდენციალური წყარო „ლოგიკურს“ უწოდებს.
„იმაზე, რასაც ახლა ვიტყვი, საავტორო უფლება მე არ მეკუთვნის _ მიშა მაჭავარიანს „ქართველ გებელსს“ ჯერ კიდევ მოქკავშირის დროს ეძახდნენ ანუ ეს არის ადამიანი, რომელსაც ნებისმიერი ინტრიგის დაგეგმვა კარგად შეუძლია, თან იმის უნარიც აქვს, ამ ინტრიგიდან სუფთა გამოვიდეს. სწორედ ამ ნიუანსის გათვალისწინებით, რატომღაც მგონია, რომ დიდ ნაციონალურ ბუნტში თვისი სიტყვა მაჭავარიანსაც ექნება ნათქვამი,“ _ აღნიშნავს წყარო.
ნაცმოძრაობის მეშვიდე ყრილობაზე ნათელი გახდა, რომ დაშლილ პარტიას საგარეო საქმეთა ექსმინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ასევე, ნიკა რურუაც შეუერთდა. მას შემდეგ, რაც ნაცმოძრაობამ ხელისუფლება დაკარგა, ვაშაძემ, რურუამ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა საზოგადოება ,,ივერია'' დააფუძნეს, რომელიც პოლიტიკაში არ ერეოდა, მაგრამ აშკარად ყოფილი მმართველი გუნდის პოზიციებს ამაგრებდა. არცთუ დიდი ხნის წინ, ,,ივერია'' დაიშალა და ნიკა რურუა ნაცმოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად მოგვევლინა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ რურუა, რომელსაც თავის დროზე კულტურის მინისტრის პოსტი ეკავა და რომლის სახელსაც 90-იანი წლების არაერთი შავ-ბნელი საქმე უკავშირდება, სააკაშვილის გვერდით დარჩა, მაგრამ საზოგადოების ნაწილი ნაცების მე-7 ყრილობაზე გრიგოლ ვაშაძის გამოჩენამ გააკვირვა, თუმცა „ვერსიის“ წყარო ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია.
„შეიძლება, ეს ღიად არ ჩანდა, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის ახალაიების კლანთან ასოცირდებოდა და სააკაშვილთან მისი დარჩენაც, უფრო სწორად, აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმაც იმის ნათელი დასტურია, რომ მიშა ახალაიებმა დაღუპეს“, _ გამოთქვამს თავის ვარაუდს „ვერსიის“ კონფიდენტი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ახალაიები სააკაშვილის პოლიტიკური მესაფლავეები არიან. ახლა, ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ,,ვერსიის'' წყაროების ვერსიებს, რომ სააკაშვილი ახალაიების ტყვეობაშია, კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს: ნაცმოძრაობას ყველაზე ბოლოს პატიმრობაში მყოფი შს მინისტრი გაემიჯნა, უფრო კონკრეტულად, ვანო მერაბიშვილმა, რომელსაც მე-7 ყრილობაზე პარტიული თანამდებობა შეუნარჩუნეს, მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაცმოძრაობის გენმდივნად დარჩენაზე თანხმობა არ განუცხადებია. ადამიანები, ვინც ნაცმოძრაობის კულუარებში კარგად ერკვევიან, ამბობენ, რომ მერაბიშვილსა და ახალაიებს ,,მეგობრული და თბილი ურთიერთობა'' არც მაშინ ჰქონიათ, როცა ქვეყანას ნაცმოძრაობა ერთპიროვნულად მართავდა. ამ დაპირისპირებაზე ხმა იმ ყბადაღებულ და ავადსახსენებელ 9 წელშიც არაერთხელ გავრცელებულა. ბოლოს კი, ისიც ითქვა, რომ იგივე ,,ციხის კადრები'' სწორედ ამ ,,ორთაბრძოლის'' შედეგი იყო ანუ თითქოს მერაბიშვილმა ახალაიებს ,,გაუჩალიჩა'', თუმცა ამ საკითხზე მტკიცებით ფორმაში ლაპარაკი, ცხადია, შეუძლებელია.
ისე, ერთი კია: იმ დროს, როცა ქვეყანაში კედლებსაც ყურები ჰქონდა და, როგორც ამბობენ, მერაბიშვილი ყველას საძინებელს აკონტროლებდა, ,,ციხის კადრები'' გლდანის ციხის ჯურღმულებიდან დღის სინათლეზე როგორ მოხვდა?
ასეა თუ ისე, ვანო მერაბიშვილი, რომელიც საპყრობილეს, სავარაუდოდ, მალე დატოვებს (ამის თაობაზე ,,ვერსია'' წინა ნომერში წერდა), სააკაშვილისთვის, როგორც იტყვიან, მოსიარულე ბომბი იქნება, რადგან მერაბიშვილი ის ადამიანია, რომელმაც ექსპრეზიდენტსა და, ზოგადად, ყოფილ მმართველ გუნდზე, იგივე ახალაიებზე ძალიან ბევრი რამ იცის. ყველაფერ აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ნაცებისა და ექსნაცების ომი მალე კულმინაციას მიაღწევს და შესაძლოა, დიდი ბატალიების მოწმენიც გავხდეთ.