მეწარმეები ავანსის დაბეგვრას აპროტესტებენ

მეწარმეები ავანსის დაბეგვრას აპროტესტებენ

რა პრობლემას უქმნის ბიზნესს დღგ- გადახდის სისტემის შეცვლა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული მორიგი ცვლილებით, დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) დასაბეგრი ოპერაციის დროს, საკომპენსაციო თანხის, .. ,,ავანსის'' გადახდის მომენტი განისაზღვრა, თუმცა ეს ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევებს ეხება, თუ თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე, მომსახურების გაწევამდე განხორციელდება.
ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ეს ცვლილება რამდენიმე გარემოებამ განაპირობა, მათ შორის, როგორც საერთაშორისო ვალდებულებამ, ასევე გადასახადისგან თავის არიდების გახშირებულმა შემთხვევებმა: 
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, რათა ევროპის საბჭოს №2006/112 დირექტივასთან მიმართებაში, დღგ- მარეგულირებელი ნორმების ჰარმონიზაცია განახორციელოს. აღნიშნული მუხლი აწესრიგებს საქონლის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საკითხებს. დირექტივის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება წინასწარი გადახდა ანუ ,,ავანსი'', დღგ კი ერიცხება მიღებული თანხის ოდენობას და გადაიხდება გადახდის მიღების მომენტში“. 
ფინანსთა სამინისტროს განცხადებითვე, არის შემთხვევები, როცა კომპენსაციის გადახდის ვალდებულება საქონლის მიწოდებას უსწრებს. დღეს არსებული პრაქტიკით, პრობლემური საკითხია საქონლის მიწოდების (მომსახურების) გაწევის შემდგომ დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, რა დროსაც საქონლის მიმწოდებელს ანუ მომსახურების გამწევს კუთვნილი გადასახადის თანხა, ოპერაციის დაბეგვრის მომენტში, უკვე გახარჯული აქვს: 
ანალიზი ცხადყოფს, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, კომპანიებს ერიცხებათ ასობით მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია იმ მიზეზით, რომ დაბეგვრის მომენტში, გადასახადის თანხა კომპანიებს აღარ გააჩნდათ, რის გამოც მისი ადმინისტრირება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც ასევე, იწვევს ბაზარზე არათანაბარი კონკურენციის პირობებს. აქედან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიზანსაც აქამდე არსებული ორმაგი მარეგულირებელი ნორმის გასწორება წარმოადგენს. ეს საკითხი განხილული იყო ბიზნესის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით, მათთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ აღნიშნული ცვლილება. საგადასახადო კოდექსის ცვლილებამ მოაწესრიგა საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც გადასახადის გადახდის თავიდან არიდების შესაძლებლობას იძლეოდა და ის ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდა“. 
მართალია, ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო კოდექსში შეტანილ ზემოხსენებულ ცვლილებას კონკრეტული არგუმენტებით ასაბუთებს, მაგრამ მეწარმეები მაინც უკმაყოფილონი არიან. მეტიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესი იმ ცვლილებისთვის, რომელიც 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მზად არ იყო. 
მაინც, რამ გამოიწვია ბიზნესის უკმაყოფილება? - ამისთვის განვიხილოთ დღგ-ს გადახდის ძველი მექანიზმი. მაგალითად, თუ ერთი კომპანია მეორეს მიაწოდებდა პროდუქციას, ნებისმიერი სახის დღგ-ს საქონლის მიწოდების პროცესში ანუ მაშინ იხდიდა, როცა ამა თუ იმ საქონელზე საკუთრების უფლება მეორე მხარეს გადაეცემოდა. ახალი რეგულაციით კი, მეწარმე დღგ-ს მაშინ იხდის, როცა მეწარმე საკომპენსაციო თანხას, ,,ავანსს'' იღებს. 
ამ ცვლილებას გულისწყრომით ის მეწარმეები შეხვდნენ, რომლებიც გრძელვადიან, ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებზე მუშაობენ. ასეთი პროექტების შემთხვევაში, დამკვეთი შემსრულებელს თანხას პერიოდულად, ნაწილ-ნაწილ, შესრულებული სამუშაოების მიხედვით უხდის. ცხადია, დღგ-ს გადახდა სხვადასხვა ეტაპზეა შესაძლებელი, მაგრამ აუცილებელია ერთი გარემოების გათვალისწინება: შესაძლოა, მეწარმემ დღგ იმ შემთხვევაში გადაიხადოს, თუ თანხა სამუშაოს რომელიმე ეტაპზე, ავანსის სახით მიიღო, თუმცა ინფრასტრუქტურული და ზოგადად, გრძელვადიანი პროექტების განხორციელების დროს, დამკვეთი ავანსსაც ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით იხდის. გამოდის, რომ ახალი რეგულაციით, მეწარმეს დღგ-ს გადახდა იმდენჯერ მოუწევს, რამდენჯერაც ავანსს მიიღებს. 
მართალია, ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის ეს კონკრეტული ცვლილება ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილეს, მაგრამ მეწარმეების განცხადებით, მთავრობამ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა.