სხვა გზა აღარ დარჩა და ბოლო წლებში ჩაფლავებული პრივატიზაციის პროცესის გასააქტიურებლად მთავრობამ დასახმარებლად კერძო სექტორს უხმო. მართალია, ამ გარიგებით ორივე მხარე ხეირობს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია თავად საპრივატიზაციო გეგმის შესრულება. საქართველოს უძრავი ქონებისადმი ინტერესი მინიმუმამდე დავიდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გლაურის აზრით, პრივატიზაციის პროცესი ისეთი ტემპით არ მიმიდნარეობს, როგორსაც მთავრობა ელოდა. „სამწუხაროდ ჯერჯერობით პრივატიზაციის პროცესი ისეთი ტემპებით არ მიმდინარეობს, როგორსაც ველოდით. ამიტომ მთავრობამ შეიმუშავა ხელშეკრულება, რომელიც ეხება ე.წ. უძრავი ქონების ბროკერებისთვის ხელის შეწყობას. გადავწყვიტეთ ამ პრობლემის მოგვარებაში კერძო სექტორი დავიხმაროთ.
ამ მიზნით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო კერძო სექტორის წარმომადეგნელ რამდენიმე კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლებსაც ექნებათ უფლება სახელმწიფო წარმოადგინონ ინვესტორებთან ურთიერთობის დროს“, - განაცხადა გილაურმა მთავორბის სხდომაზე.
კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს პრივატიზაციის განხორციელებაში დაეხმარებიან, მოიზიდავენ ახალ ინვესტორებს აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად. ლაპარაკია უძრავი ქონების ბროკერებზე.
„გადავწყვიტეთ, კერძო სექტორი მოგვეშველიებინა პრივატიზაციის განხორციელებაში. ეკონომიკის სამინისტრო ხელშეკრულებას დაუდებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კომპანიებს, რომლებიც მოგვეხმარებიან პრივატიზაციის ჩატარებაში, ანუ ახალი კლიენტების, ახალი მყიდველების, ინვესტორების მოძებნაში, რათა ამ კომპანიებმა შემდეგ აუქციონებში მიიღონ მონაწილეობა, წარმატებით წარმართონ პრივატიზაცია მთელი წლის განმავალობაში“, - განაცხადა გილაურმა.
ეკონომიკის სამინისტრო კი უკვე სთავაზობს უძრავი ქონების სააგენტოებს ურთიერთანამშრომლობას. სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების საკითხების დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ბაქრაძის განცხადებით, უძრავი ქონების სააგენტოებს შესაძლებლობა ექნებათ შეასრულონ შუამავლის როლი სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებულპირთა შორის.
ბაქრაძის განცხადებით, ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აუქციონებზე გამოტანილი სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით გაყიდვას, მეორე მხრივ კი, მომგებიანი იქნება თავად უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომლებიც თითოეული ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში, ღირებულების 6%-ს მიიღებენ.
ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას დღეს უკვე უძრავი ქონების 7 სააგენტოს წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. დღეიდან კი ეკონომიკის სამინისტროსთან ამ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა ყველა სააგენტოს შეეძლება.
საპრივატიზაციო ტემპის მხრივ მთავრობას მართლაც რომ ურთულესად აქვს საქმე. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 2010 წლის ბიუãეტში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, საპრივატიზაციო გეგმა 210-დან 170 მილიონ ლარამდე მცირდება. ესე იგი მთავრობას პრივატიზაციის პროცესის გააქტიურების იმედი აღარ აქვს.
პირველ კვარტალში პრივატიზაციიდან 21 მილიონი შემოვიდა. მაშინ ექსპერტები მიუთითებენ, რომ როცა პირველ კვარტალში საპრივატიზაციო გეგმის 10%-ია შესრულებული, გეგმის სრულად დაფარვაზე საუბარი რთულია.
ისინი თვლიან, რომ 170 მილიონის შესრულება უფრო რეალურია, რადგან ზაფხულში და შემოდგომაზე ინვესტორებიც და ადგილობრივი ბიზნესმენებიც უფრო აქტიურები არიან.
აღსანიშნავია, რომ პრივატიზაციის გეგმა 2009 წელსაც ჩავარდა. მაშინ დაგეგმილი 75 მილიონიდან ეკონომიკის სამინისტრომ მხოლოდ 30 მილიონის მობილიზაცია მოახერხა.