რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს

რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს

რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე, "ნებო-M"-ს ტიპის რადიოლოკაციური კომპლექსები განათავსა - ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ეს ულტრათანამედროვე რადიოლოკაციური კომპლექსი რუს სამხედროებს თურქეთის, ერაყის, ირანის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საჰაერო სივრცის დიდი ნაწილის გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთი საქართველოს საჰაერო სივრცეს სრულად გააკონტროლებს / რუსეთმა სომხეთში დისლოცირებულ გიუმრის სამხედრო ბაზაზე "ნებო-M"-ის ტიპის რადიოლოკაციური კომპლექსები განათავსა.

"რუსი სამხედრო ექსპერტის, ევგენი დამანცევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა იმ საფრთხეების გათვალისწინებით მიიღო, რომელიც მას ამიერკავკასიის რეგიონში ემუქრება. "ამ მიმართულებით შეინიშნება თურქეთში დისლოცირებული ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ტაქტიკური და სტრატეგიული სადაზვერვო ავიაციის მაღალი აქტივობა. ასევე გახშირდა თურქული არმიის წვრთნები ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისიტიკური "ილდირიმის" კლასის რაკეტების გამოყენებით. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდანაც სულ უფრო მზარდია საშიშროება, რაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ნატოს გაერთიანებული დანაყოფის მსხვილი კონტინგენტის განთავსების გეგმებს უკავშირდება. მათ შეიარაღებაში Patriot Pac 3 ან Samp -T ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიც იქნება", - აღნიშნავს ევგენი დამანცევი. ქართველი ექსპერტების აზრით, რუსეთის ფედერაციისათვის საქართველოდან მომავალ საფრთხეზე საუბარი არარეალურია", - აღნიშნავს გამოცემა.

"მოსკოვში უკვე წლებია, რაც საქართველოში ნატოსა და ამერიკის მიერ სარაკეტო კომპლექსებისა და სამხედრო ბაზების განთავსებაზე საუბრობენ, თუმცა, როგორც ხედავთ, ცდებიან. დასავლეთში ამ ეტაპზე სხვა საკითხებია პრიორიტეტული, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ ეტაპზე ისინი ერთგვარ გაურკვევლობაში არიან და უახლოეს მომავალში საქართველოში რამე სახის დასავლურ სამხედრო ბაზაზის განთავსებაზე საუბარიც კი არ არის. რაც შეეხება რუსეთს, მას საფრთხეს არავინ უქმნის, ის თავად არის საფრთხის მთავარი წყარო, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისათვის", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო მიმომხილველი გიორგი ინაური.

"მისივე თქმით, "ნებო-M" ტიპის კომპლექსის სომხეთის ტერიტორიაზე განთავსება უფრო ერევნის ინტერესებს პასუხობს. აზერბაიჯანმა კი შეიარაღებაში ებრაული წარმოების თანამედროვე და საკმაოდ ეფექტური "Iron Dome" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო. ეს მას აძლევს საშუალებას მოსკოვის მიერ სომხეთისათვის მიწოდებული ოპერატიულ-ტაქტიკური კომპექსის, "ისკანდერის" რაკეტებს, საფრთხის შემთხვევაში გზა გადაუჭრას. ამასთან, 2016 წლის 30 ივნისს რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელის საჰაერო სივრცე რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიან სისტემაში შედის. შესაბამისად, ოფიციალური ერევანი და მოსკოვი "ნებო-M"-ის გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზაზე განთავსებაში უცნაურს და უკანონოს ვერაფერს ხედავენ.

"საქართველოს საჰაერო სივრცე რუსი სამხედროების მიერ უკვე დიდი ხანია რაც კონტროლდება. ცხინვალის, გუდაუთისა და გიუმრის სამხედრო ბაზებზე განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და რადარები თითქმის მთელ ჩვენს ტერიტორიას ფარავენ. სხვა საკითხია ის, რომ ქართულ მხარეს ამ ეტაპზე არც ანგარიშგასაწევი სამხედრო-საჰაერო ძალები გააჩნია და მით უმეტეს არც ბალისტიკური რაკეტები, შესაბამისად სომხეთში "ნებო-M"-ის განთავსება რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, თუმცა თბილისზე მეტად, პრობლემებს აზერბაიჯანს უქადის, რომელიც სომხეთთან პრაქტიკულად ომის მდგომარეობაში იმყოფება", - განმარტავს გიორგი ინაური.

"თავის მხრივ, ოფიციალური ბაქო სომხეთში ახალი რუსული რადიოლოკაციური კომპლექსების განთავსებით უკმაყოფილოა. "ნებო-M" საშუალო და შორ მანძილზე ბალისტიკური ობიექტების აღმოჩენის რადიოლოკაციური სისტემაა. მას სამიზნის აღმოჩენა-დაკვირვება 600 კმ-ს რადიუსში შეუძლია. 2017 წლის მდგომარეობით, რუსეთის რადიოტექნიკური ჯარები 10-ზე მეტ "ნებო-M"-ს ფლობენ. კომპლექსები განთავსებულია დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში. ის შეიარაღებაში 2012 წელს მიიღეს", - დასძენს გამოცემა. 

interpressnews.ge