"თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია "ნაციონალურ მოძრაობაში" - მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს თავად ახალაიამ მისწერა. უცნობია პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოზიცია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი 27 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებას მხარს უჭერდა. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, იგი ბოკერია-უგულავას ფრთას შეუერთდება. ცნობისთვის, 27 დეკემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ყრილობის დეტალებზე უნდა ემსჯელათ, კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. მაშინ სხდომაზე ე.წ. სააკაშვილის გუნდის წევრები არ მივიდნენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ადეიშვილი და ახალაიები სააკაშვილთან რჩებიან, მერაბიშვილი და კეზერაშვილი - სავარაუდოდ, ბოკერიასთან.
"შეგახსენებთ, რომ 3-თვიანი ღია შიდა დაპირისპირების შემდეგ "ნაცმოძრაობას" ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთა გამოეყო. რასაც გუშინწინ უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, 12 იანვარი მისთვის "ნაციონალური მოძრაობის" გათავისუფლების" და ხალხისთვის დაბრუნების დღეა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კი ყოფილ პრეზიდენტს თანადგომას ანდაზებით უცხადებს. "ბატონო პრეზიდენტო, ზოგი ჭირი მარგებელია, იქ გაწყდეს, სადაც ვიწროა. ჩვენ თქვენი ერთგული ვართ! ვემსახურები საქართველოს", - წერს სოციალურ ქსელში პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია. ასევე ცნობილი ხდება, რომ საქართველოდან გადახვეწილი დავით კეზერაშვილი, სავარაუდოდ, ბოკერია-უგულავას ფრთას შეუერთდა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" გუნდში რჩება. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, სადაც სააკაშვილი პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ესაუბრება და კეზერაშვილის არჩევანის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს", - აღნიშნავს გამოცემა.
"რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთ მაღალჩინოსანს, ვანო მერაბიშვილს, მისი პოზიცია ჯერ საბოლოოდ ცნობილი არ არის და როგორც "ნაცმოძრაობაში", ისე მისგან გამოყოფილ "ევროპულ საქართველოში" მის განცხადებას დიდი ინტერესით ელიან. ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენელ დავით დარჩიაშვილის თქმით, არჩევნების მერე თავად ესაუბრა ვანო მერაბიშვილს, თუმცა, რაზე ისაუბრეს, ამას საიდუმლოდ ტოვებს. "როდესაც ჩვენ გვინდოდა 27 დეკემბერს პოლიტსაბჭოს მოწვევა, სადაც უნდა განგვეხილა ყრილობის ჩატარების წესები, რაზეც არ დაგვთანხმდა მეორე მხარე და პრაქტიკულად ბოიკოტი გამოუცხადა პოლიტსაბჭოს, რის გამოც ის ვერ შედგა, მაშინ ჩვენ გვქონდა ვანო მერაბიშვილისგან, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრად ითვლება, შეტყობინება ციხიდან მისი ადვოკატის მეშვეობით, რომ ის მხარს უჭერდა პოლიტსაბჭოს ჩატარებას", - გვითხრა დარჩიაშვილმა. კითხვაზე, პარტიის ყრილობის ჩატარებას რამდენი დელეგატით ითხოვდა მერაბიშვილი, დარჩიაშვილმა თქვა, რომ ყველაფერთან დაკავშირებით თავად ვანო მერაბიშვილი ისაუბრებს", - განაგრძობს გამოცემა.
"სააკაშვილის გუნდის წევრ ზაზა ბიბილაშვილის თქმით, რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს მერაბიშვილმა, ეს მის მომავალს განსაზღვრავს და არა პარტიისას. "პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ მე არავის მხარეს ვარ. ვრჩები "ნაციონალურ მოძრაობაში", იქ, სადაც შევედი 2013 წელს. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, მის პოზიციას, ბუნებრივია, ყველანი ველით, რომ დააფიქსირებს და იმედია, ეს ყრილობამდე იქნება. თუმცა, ეს ვერაფერს ვერ შეცვლის ან აქეთ ან იქეთ. მისი განცხადება მის საკუთარ პოლიტიკურ მომავალს განსაზღვრავს და არა პარტიის მომავალს. პარტიის მომავალი უკვე განსაზღვრულია ამომრჩევლის და აქტივისტების აბსოლუტური უმრავლესობით", - გვითხრა ბიბილაშვილმა. "რეზონანსმა" ვანო მერაბიშვილის ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილთანაც სცადა დაკავშირება, თუმცა უშედეგოდ მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხ", - დასძენს გამოცემა.
interpressnews.ge