"ნაციონალური მოძრაობა" გაყოფის პირასაა. პოლიტოლოგების აზრით, ახლა მხარეები იმასღა ცდილობენ, რომ ეს პროცესი მათთვის რაც შეიძლება ხელსაყრელად დასრულდეს და საკუთარ პირობებს აყენებენ.
პარტიის წევრები უკვე აღარ უარყოფენ, რომ არსებული ურთიერთდაპირისპირების ფონზე მათი ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი და არაფრისმომცემია. თანაგუნდელები ერთმანეთს ყოველდღიურად შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებენ და პარტიის დაშლაში, ღალატში, ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთისაგან საპარლამენტო მანდატების დათმობასაც მოითხოვენ.
შესაბამისად, "ენმ"-ს გაყოფა, რასაც ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ, მოულოდნელი აღარავისთვის იქნება. ყველაფერი 20 იანვრის ყრილობაზე უნდა გადაწყვეტილიყო, თუმცა ჯერჯერობით მისი ჩატარებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან პარტიის წევრთა ერთი ნაწილი მას ბოიკოტს უცხადებს.
პოლიტოლოგები კი იმ ჯგუფის სამომავლო პერსპექტივაზე მსჯელობენ, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას", სავარაუდოდ, გამოეყოფა. მათი აზრით, გეგმაზომიერი ნაბიჯების შემთხვევაში "აჯანყებულებს" პოლიტიკური საქმიანობის მეტ-ნაკლებად ეფექტურად გაგრძელების შანსი აქვთ.
არც იმას გამორიცხავენ, რომ სააკაშვილის ლიდერობის გარეშე მათთან სხვა პარტიებმაც მოინდომონ თანამშრომლობა.
გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლამ კი, მათი აზრით, სააკაშვილთან დაპირისპირებულ გუნდს მეტი წონა შესძინა. შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ მათი პერსპექტივა და მიმზიდველობაც გაიზარდა.
სპეციალისტები იმ სცენარზე საუბრობენ, რაც "ნაცმოძრაობის" გაყოფის შემდეგ შეილება განვითარდეს. ამბობენ, რომ წესით, "ენმ"-დან გამოყოფილი ჯგუფი ჯერ სხვებთან გაერთიანებით დაინტერესებული არ უნდა იყოს, რადგან საკუთარ რიგებშიც ბევრი რამ აქვთ ჩამოსაყალიბებელი. თუმცა, არც იმას გამორიცხავენ, რომ მათ შეთავაზებები მიიღონ კიდეც.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ახალ გუნდს, რომელიც "ნაცმოძრაობას", სავარაუდოდ, მალე გამოეყოფა, აქვს იმის პოტენციალი, რომ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელოს. მითუმეტეს, რომ მათი უმრავლესობა პარლამენტის წევრია.
მართალია, მათი პერსპექტივა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დაფინანსებაზეც, მაგრამ, ჩიტაძის აზრით, ფაქტია, რომ შეძლებენ, პოლიტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაერთონ და "ქართულ ოცნებას" ოპონირება გაუწიონ.
"ვფიქრობ, სახელისუფლებო პარტია მათ გადაბირებას შეეცდება, თუმცა გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანები "ქართულ ოცნებას" შეეკრან. ალბათ შეეცდებიან, დამოუკიდებლად გააგრძელონ მოღვაწეობა და დაამტკიცონ, რომ მიხეილ სააკაშვილის გარეშეც შეუძლიათ არსებობა.
"ეს ძალა სხვა პარტიებისთვისაც შეიძლება მიმზიდველი გახდეს. არაა გამორიცხული, რომ მათ ალიანსის ჩამოყალიბების მცდელობა ჰქონდეთ. მითუმეტეს, სხვა პარტიებს არ გააჩნიათ იმის რესურსი, რომ "ოცნებას" ოპონირება რეალურად გაუწიონ.
"ეს შეიძლება იყვნენ "რესპუბლიკელები", რადგან მათი საგარეო პოლიტიკური ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. ასევე არაა გამორიცხული, საუბარი იყოს "გირჩზე" და პარტიაზე "ახალი საქართველო". ჯერ-ჯერობით მათი რეიტინგი მაღალი არ არის, ამიტომ მსგავსი სურვილი გასაკვირი არაა.
თუმცა, კიდევ ვიმეორებ, რომ მაინც მგონია, ეს ადამიანები შეეცდებიან, პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებლად გააგრძელონ," - აცხადებს ჩიტაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი ამბობს, რომ უგულავას ციხიდან გამოსვლა ვითარებას საგრძნობლად ცვლის, რადგან იგი სწორედ ერთ-ერთი ის ფიგურა იყო, ვისზეც "ნაციონალური მოძრაობა" იდგა. ამბობს, რომ უგულავა, სავარაოდოდ, "აჯანყებული" ნაწილის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. იმ ნაწილისა, რომელიც ყრილობის ჩატარებას აპროტესტებს.
"სავარაუდოდ, ცალკე გამოყოფილი ჯგუფი თავის ლიდერს შეიძენს. შედეგად უფრო შეკრული გახდება, რადგან ლიდერი ჯგუფს ყოველთვის კრავს. ვფიქრობ, მათი მოქმედება არანაკლებ მიზანსწრაფული იქნება, ვიდრე მეორე მხარეს დარჩენილებისა.
"მგონია, რომ ორ პოლიტიკურ ჯგუფთან გვქნება საქმე, ამან უგულავას ინტონაციაშიც გაიჟღერა. ახლა კი ეცდებიან, გაყოფას დანაკარგი არ მოჰყვეს. ეცდებიან, პოლიტიკური პოზიციები ისე შეჯერდეს, რომ რიგ საკითხებში ერთიანი პლატფორმა ჩამოიყალიბონ", - აცხადებს საყვარელიძე.
რაც შეეხება სხვა პარტიების სურვილს ახალ ძალასთან თანამშრომლობის თაობაზე, საყვარელიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიებისათვის ერთმანეთი იმ შემთხვევაშია მიმზიდველი, თუკი ისინი ხალხისთვის არიან მიმზიდველები. ამბობს, რომ სოციოლოგიურ გამოკვლევებსაც სწორედ ამ კუთხით ატარებენ - დაკარგავს თუ მოიმატებს ესა თუ ის ძალა ხმებს, თუკი რომელიმე კონკრეტულ პარტიას შეუერთდება.
"გაერთიანება ამა თუ იმ პარტიას ხმებს ავტომატურად არ მატებს. გაერთიანება არ ნიშნავს, რომ მათი შედეგი არჩევნებში უფრო წარმატებული იქნება. ამიტომ, პირველ რიგში იმას უყურებენ, თუ როგორ აღიქმება გაერთიანება მოსახლეობის მიერ.
"ამ თვალით თუ შევხედავთ, არ მგონია, რომ რომელიმე პარტიას "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილ ახალ გუნდთან დაწყვილება ხმებს მიუმატებს.
არც ის მგონია, რომ თავად ეს გუნდი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაწყვილებით უნდა იყოს დაინტერესებული. ჯერ ბევრი რამ თავის თავში გასარკვევი აქვთ," - დასძენს საყვარელიძე.
შეგახსენებთ, რომ "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირებამ საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე იჩინა თავი, როდესაც წევრების ნაწილი მეორე ტურის ბოიკოტირებასა და პარლამენტში არშესვლას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი ამას კატეგორიულდ არ ეთანხმებოდა.
ამავდროულად, სადავო გახდა პარტიის თავმჯდომარის პოსტიც - პარტიის წევრთა ერთი ნაწილის აზრით, ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეინარჩუნოს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ "ნაცმოძრაობა" ახალ ლიდერს საჭიროებს, სააკაშვილს კი, რომელიც საქართველოში იძებნება, გუნდის გაძღოლა უკრაინიდან არ შეუძლია.