ქურდები სააკაშვილის მოცილებას გივი თარგამაძის ხელით აპირებენ?

ქურდები სააკაშვილის მოცილებას გივი თარგამაძის ხელით აპირებენ?

ნაციონალთა ბინძური პოლიტიკური თამაშები

ის ,,რუხი კარდინალი'' არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველთვის ყველაზე შავ და ბინძურ საქმეს აკეთებდა. ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ფაქტია: ვიღაცას ნერვებს ძალიან უშლის და ამიტომაც, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მოშორება სცადა თუ სცადეს. ყოველ შემთხვევაში, ავტომანქანა აუფეთქეს. საერთოდ, გივი თარგამაძე ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. სხვა თუ არაფერი, .. აჭარის რევოლუციის დროსაც, აი, მაშინ, როცა ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალებმა ასლან აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკას ჩამოაშორეს და საკაშვილმაც აღტყინებით წამოიძახა, ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალიაო, თარგამაძეს თავ-პირი ჩოლოქზე დაუსისხლიანეს.
ერთი სიტყვით, გივი თარგამაძეს სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მმართველის შექმნა-ჩამოყალიბებაში, ლომის წილი მიუძღვის და ყველაფერ აქედან გამომდინარე, ზოგი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ გივი ოდესმე მიშას წინააღმდეგ გაილაშქრებდა, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტტექნოლოგიებში ზომაზე მეტად ერკვევიან, ამბობენ, რომ პოლიტიკაში ერთგულება ,,ზედმეტი ბარგია''. როგორც ჩანს, ამ ,,ბარგისგან'' გათავისუფლება გივიმაც გადაწყვიტა. 
მაინც, ვინ არის გივი თარგამაძე? - მისი პოლიტიკური ცხოვრება შორეულ 90-იანებში, სამოქალაქო აქტივისტობით იწყება: თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე იყო და ,,ვარდების რევოლუციაშიც'' აქტიურად მონაწილეობდა. მეტიც, შევარდნაძის მთავრობის მინისტრებსა თუ სხვა მაღალჩინოსნებზე მედიას ,,ცხელ-ცხელ'' კომპრომატებს სწორედ თარგამაძე აწვდიდა. 
პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობა, რომ თარგამაძეს გარკვეული კავშირები ე.წ. შავ სამყაროსთანაც ჰქონდა. ზოგადად, შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაში ,,შავების'' მონაწილეობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ყოველ შემთხვევაში, დღემდე მუსირებს აზრი, რომ რევოლუციონერებს ზურგს ტარიელ ონიანი უმაგრებდა. შესაძლოა, არც უამისობა იყო და თუ ყველაფერი ეს რეალობაა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა საერთო ჰქონდათ, ან აქვთ ნაციონალებს კრიმინალებთან, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ყოფილი მმართველი გუნდი ე.წ. ავტორიტეტებს პირგამეხებული ებრძოდა და სპეციალური კანონიც კი მიიღო, რომლის ძალითაც, ყველა, ვისაც ცოცხალი ქურდი ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი, სისხლის სამართლის დამნაშავედ ცხადდებოდა? სხვათა შორის, ეს კანონი დღესაც მოქმედებს. ეს კითხვა, ალბათ, კიდევ კარგა ხანი პასუხგაუცემელი იქნება. ასევე, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა, ის საიდუმლოც ვერ გავიგოთ, საიდან ჰქონდა და აქვს ,,ქურდულ სხადნიაკებზე'' თარგამაძეს ოპერატიული ცნობები. ასეა თუ ისე, ფაქტი ჯიუტია: ადამიანი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ამასთან, ნდობის ჯგუფის გავლენიანი ფიგურაც იყო, ,,შავების'' ერთგვარ ექსპერტად ჩამოყალიბდა. 
ამ თემაზე საუბრისას ,,ვერსიის'' კონფიდენტი აღნიშნავს, რომ ნაცმოძრაობაში დაწყებული არეულობის ,,ბოლო'' ანუ გადამწყვეტ აკორდად შესაძლოა, სწორედ ქურდების სიტყვა იქცეს, რომელსაც გივი თარგამაძე გაახმოვანებს. 
თუ დავაკვირდებით, ეს პიროვნება ნაცების შიდა ომში ახლახან ჩაერთო და სააკაშვილი ლამის კომუნისტურ ,,ტროიკასთან'' გააიგივა. 
,,ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ - გუშინ, პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა, პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით, აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. მითითება, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე, წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ჰოდა, მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა. არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან თუ ლიდერს ,,ტროიკაც'' ეხამუშა და ,,შესწიორკა'' უფრო ეამა, მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე, უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7-ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა. ლიდერს ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე, ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს. ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა. ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი'', - დაწერა რამდენიმე დღის წინ გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში. 
,,ვერსიის'' კონფიდენტი მიიჩნევს, რომ თარგამაძის ზემოხსენებული განცხადება მიშასთვის ლახვრის ფუნქციას შეასრულებს. ,,არ მინდა სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ გივი ნაციონალებიდან ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცული პიროვნებაა. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის აგვისტო, როცა გავრცელდა ხმა, თითქოს ის რუს გენერლებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, გორი დაებომბათ. ამას გარდა, პირადი წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მხოლოდ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერშიფისთვის კი არა, უკვე .. კანონიერი ქურდებისთვისაც მიუღებელია. ზოგადად, ,,კანონიერი ქურდი'' მოძველებული ტერმინია, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ,,შავი სამყაროს'' თითქმის ყველა ავტორიტეტი მაფიოზი გახდა. არ ვიცი, ამ ხალხთან გივი თარგმაძემ ურთიერთობა როდის და როგორ დაამყარა, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს ყველაზე მეტად სწორედ მისი გააქტიურების ეშინია. ისე, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს, გაჩნდა ვერსია, რომ ყველაფერ ამის კვალი შესაძლოა, უკრაინამდე მისულიყო. უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევ და ბრალს ვერავის დავდებ, მაგრამ თავისთავად საგულისხმოა, რომ თარგამაძე ის ქარიზმატული ლიდერი არ არის, რომლის აფეთქებაც ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს გამოიწვევდა. იმის თქმა მინდა, რომ ამ აფეთქების დროს ნაცებში შიდა ბუნტი უკვე დაწყებული იყო და მან, ვინც იცოდა, მომავალში რა უნდა მომხდარიყო, ალბათ, თავის დაზღვევა სცადა და ყველაზე ,,მძიმეწონიანი'' ტიპის განეიტრალება თუ არა, მინიმუმ, შეშინება განიზრახა... ჩვენში დარჩეს და, იმისთვისაც მომიკრავს ყური, რომ თარგამაძეს გარკვეული კავშირები მოქმედი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთანაც აქვს და იგივე მისი გააქტიურება რაღაცნაირად ბიზნესინტერესებს უკავშირდება'', - აღნიშნავს ,,ვერსიის'' კონფიდენტი, რომელსაც, რასაკვირველია, თემის გაშლა ვთხოვეთ. 
,,ამ თემის გაშლის დრო ჯერ არ მოსულა. ზოგადად, ეს ძალიან ბინძური საკითხია და სიღრმეებში ჩასვლას არც თქვენ გირჩევთ, რადგან სპეცსამსახურს, რომელსაც საბჭოთა გამოცდილება აქვს, არაფერი გამოეპარება და შეიძლება, გარკვეული პრობლემები შეგექმნათ'', - ეუბნება ,,ვერსიას'' წყარო. 
მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულიდან ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: გივი თარგამაძე ის მძიმე არტილერიაა, რომელიც ნაცმოძრაობის შიდა ომში, რომლის მთავარი მიზანიც, გარედაკვირვების თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განეიტრალებაა, გადამწყვეტ როლს შეასრულებს, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. 
P.s. 27 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის პოლიტ¬საბჭოს სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი კვორუმის უქონ¬ლობა გახდა. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილი სხდომაზე არ გამოცხადდა. 
ცნობისთვის: ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭო 60 წევრისგან შედგება. სხდომის გასამართად მასზე მინიმუმ 30 წევრის დასწრება იყო საჭირო.