2014 წლის 21 ნოემბერი - დღე, რომლის შემდეგაც ლარის კურსის თემა ყველა ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თემად იქცა და დღემდე ასეა. არ მახსენდება სხვა საკითხი, რომლის აქტუალობა იყო ასე ხანგრძლივი და პროგრესირებადი. იმ ნეგატივთან ერთად, რაც ამ პროცესს თან ახლდა, იყო კომედიის "ელემენტებიც", მაგალითად, 1.75-დან 2.85-მდე ლარის კურსი ისე დავარდა, რომ ოფიციალური განცხადებებით "ლარის შემდგომი გაუფასურება მოსალოდნელი აღარ იყო".
ლარი პრიორიტეტი აღარ არის?
აღსანიშნავია, რომ გაუფასურების საწყის ეტაპზე ლარის კურსი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იყო, 2015 წლის დასაწყისში მთავრობამ სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა სავალუტო სტაბილიზაციისთვის, რომელიც მოიცავდა ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა: პრივატიზების პროცესის დაჩქარება, სავიზრო რეჟიმის შემსუბუქება, საგადასახადო ტვირთის შესუსტება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარება, საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობა, ექსპორტის წახალისება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მაქსიმალური შემცირება და ა. შ. ანუ მთავრობისთვის ლარის სტაბილიზაცია იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სპეციალური გეგმა შეიმუშავა, გვესმოდა პროგნოზები ლარის გამყარების შესახებ, გვესმოდა ისიც, რომ ლარის დასტაბილურება იყო უმთავრესი პრიორიტეტი.
მაგრამ, რა ხდება დღეს? რატომღაც (ნამდვილად არ ვიცი რატომ), ლარის სტაბილურობის პრიორიტეტულობის ნაცვლად, მივიღეთ მიდგომა - "ლარის კურსის დევნას არ დავიწყებთ~ და ვალუტის დასტაბილურების ნაცვლად, აქცენტი მისი ნეგატიური შედეგების გავლენის შემცირებაზე გადავიდა. ხელისუფლებამ ლარიზაციის გააქტიურება დააანონსა და ქმედითი, ეფექტური პროგრამაც წარმოადგინა. ლარიზაციის გეგმა ცალსახად კარგია, მაგრამ რამდენად მოხდება რეალური ლარიზაცია ვალუტის სტაბილურობის უგულებელყოფის ფონზე? დღეში 5-8%-იანი მერყეობები, ხან გამყარების, ხან გაუფასურების მიმართულებით, ბოლო პერიოდში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გაურკვევლობაა ბიზნესშიც და მოსახლეობაშიც, ეს ლარის მიმართ ნდობას ანგრევს. ნდობის გაძლიერების გარეშე კი ლარიზაციის პროცესი წარუმატებელ წამოწყებად იქცევა.
ლარის სტაბილურობა რომ პრიორიტეტული აღარ არის, ეს მისი გაუფასურების მიზეზებიდანაც კარგად ჩანს.
ლარის გაუფასურების მიზეზები დევალვაციის დაწყებიდან დღემდე
ლარის გაუფასურება 2014 წლის ბოლოდან დაიწყო და 2015 წელს აქტიურ ფაზაში შევიდა. მთავარი ბიძგი გაუფასურებას საგარეო ფაქტორებმა მისცა, ნავთობის ფასის ვარდნის გამო ორმა მნიშვნელოვანმა სავაჭრო პარტნიორმა ქვეყანამ - აზერბაიჯანმა და რუსეთმა დიდი სავალუტო დანაკარგები განიცადეს, რის გამოც ამ ქვეყნებში შემცირდა ექსპორტი და დაგვაკლდა ფულადი გზავნილები, ამას დაემატა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი
უკრაინაში, ეკონომიკური ზრდის შენელება თურქეთში, თავისი როლი ითამაშა მსოფლიოში დოლარის უპრეცედენტო გამყარებამ.
დოლარის შემოდინების შემცირება დაემთხვა საქართველოს ისტორიაში გატარებულ ყველაზე რბილ მონეტარულ პოლიტიკას, როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იყო 4%, ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვნად ჰქონდა გაზრდილი ბანკების დაკრედიტება და ა. შ. შედეგად, მივიღეთ ლარის უპრეცედენტო ვარდნა.
ლარის ვარდნის ფონზე გაძლიერებული ინფლაციის და ინფლაციური მოლოდინის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, ეტაპობრივად რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 8%-მდე იქნა აწეული, რეფინანსირების სესხები მცირდებოდა. ამას დაემთხვა საგარეო ფაქტორების ნეგატიური გავლენების თანდათანობითი შემცირება. შედეგად, 2016 წლის თებერვლის ბოლოსთვის 2.49-მდე დაცემულმა ლარმა, გამყარების საკმაოდ ხანგრძლივი ტრენდი აჩვენა და ივნისის შუა რიცხვებამდე 2.12-მდე გამყარდა. მაგრამ, როგორც მკითხველის მოსაზიდად სათაურში წერენ ხოლმე, "ის რაც შემდეგ მოხდა, ყველას გაგაოცებთ~. ივნისის შემდეგ ლარი აგერ უკვე მერამდენე თვეა "სტაბილურად" უფასრუდება და 2.80-იანი ნიშნულიც გადალახა.
რატომ გაუფასურდა ლარი დოლარის შემოდინების ზრდის მიუხედავად
დოლარის შემოდინებით დავიწყოთ. 2016 წლის 3 კვარტალში შემოვიდა 1 მილიარდ 300 მილიონი ინვესტიცია, რაც 60 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. 2016 წლის 11 თვეში ფულადი გზავნილების წმინდა შემოდინებამ შეადგინა 856 მილიონი დოლარი, რაც 32 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის იგივე პერიოდს. თუ არ ჩავთვლით ც ჰეპატიტის წამლების იმპორტს, რომელიც უსასყიდლოდ გადმოგვეცემა, მაგრამ სტატისტიკურად იმპორტში აისახება, წელს 11 თვეში 262 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა ნეგატიური სავაჭრო სალდო, ანუ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში იმპორტის შეძენაზე გადახდილ თანხასა და ექსპორტით მიღებულ შემოსავლებს შორის სხვაობა იყო 4 მილიარდ 855 მილიონი დოლარი, ხოლო წელს 11 თვეში ეს სხვაობა 4 მილიარდ 593 მილიონი დოლარია. 2016 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის წმინდა საგარეო ვალი შემცირებულია 70 მილიონი დოლარით, რაც დადებითი მოვლენაა, მაგრამ ლარის გამყარებას ხელს არ უწყობს, განსხვავებით წინა წლებისგან, როდესაც ქვეყანა დიდი მოცულობით ვალებს იღებდა და ლარიც სტაბილური იყო. მაგალითად, 2012 წელს წინა წელთან შედარებით ქვეყნის წმინდა ვალი 1.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით გაზრდილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით. ქვეყნიდან ვალუტის გადინებას გამოიწვევდა "სოსიეტე ჟენერალეს" მიერ "რესპუბლიკიდან" გასვლა, ამ გარიგების მოცულობამ 140 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, ჯამში 2016 წლის 11 თვეში ქვეყანაში უფრო მეტი დოლარი შემოვიდა, ვიდრე 2015 წელს. თუმცა, ლარი მაინც გაუფასურდა.
გაუფასურების მიზეზი ლოგიკურად შიდა ფაქტორია და ეს ფაქტორი სხვა არაფერია თუ არა ეროვნული ბანკის პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკის შერბილებით, ბანკების ჭარბი დაკრედიტებით, დოლარში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაზრდით, სებმა დოლარსა და ლარს შორის თანაფარდობა დაარღვია და ლარის გაუფასურება მოხდა.
მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ლარზე საგარეო შოკი მოიხსნა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ლარმა გამყარება დაიწყო, ხოლო როდესაც მონეტარული პოლიტიკა შერბილდა ლარმა კვლავ დაცემა დაიწყო.
შეიძლება დაისვას მარტივი კითხვა: თუ მონეტარულ პოლიტიკას გავამკაცრებთ ლარი კი გამყარდება, მაგრამ ეკონომიკური ზრდა შენელდება?
ლოგიკურია, მაგრამ ასე არ არის.
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ლარის გამყარება შესაძლებელია
ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ხელისუფლება თუ ცალკეული ექსპერტები უშვებენ, ცალკეული თეორიების პირდაპირი კოპირება და საქართველოს რეალობაზე მორგებაა. ანდაზასავითაა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ზღუდავს ეკონომიკის დაკრედიტებას და ანელებს ზრდას. არ უნდა დაგვავიწყდეს კონტექსტის გათვალისწინება, მაგალითად სირიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სულ რომ ნეგატიური საპროცენტო განაკვეთები დააწესო, ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება? რა თქმა უნდა, არა. ეს მძიმე მაგალითია, მაგრამ საკითხისადმი მიდგომის წარმოსაჩენად, კარგი.
როდესაც მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ვაფასებთ, უნდა შევხედოთ დოლარიზაციის მაჩვენებელს. რაც უფრო მაღალია დოლარიზაცია, მით უფრო ნაკლებია მონეტარული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე.
საქართველოში სესხების დოლარიზაცია დაახლოებით 65%-ია (კურსის მკვეთრი ცვალებადობის გამო ყოველდღე სხვადასხვაა), ეროვნულ ბანკს შეუძლია მხოლოდ ლარის საპროცენტო განაკვეთზე ზემოქმედება და შესაბამისად, განაკვეთების აწევით, ის მხოლოდ ლარის სესხებს აძვირებს. ბოლო პერიოდის მაგალითიც საკმარისია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაორმაგდა, 4%-დან 8%-ზე ავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბაზარზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, სწორედ იმიტომ, რომ ეკონომიკაში ლარის სესხების მოცულობა მცირეა და ლარზე განაკვეთების ზრდამ ვერ გადაწონა დოლარზე განაკვეთების კლება.
ამდენად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად არსებითად არ ფერხდება ეკონომიკური ზრდა და ამავდროულად, ეს ნაბიჯი დადებითად აისახება ლარის კურსზე. ლარის სტაბილურობა კი თავის მხრივ დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, რადგან არ მცირდება მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლები, ბიზნესს აქვს სტაბილურობის განცდა და კურსის მერყეობის გამო არ არის მუდმივ სტრესში და ა. შ.
ლარის გაუფასურების ნეგატიური გავლენის უფრო ზუსტად შესაფასებლად განვიხილოთ კონკრეტული მიმართულებები, რასაც კურსი ურტყამს.
რატომ არის ცუდი ლარის გაუფასურება?
ლარის გაუფასურება ცუდია იმიტომ, რომ:
* მაღალი დოლარიზაციის გამო იზრდება ვალის წნეხი მოსახლეობაზე და ბიზნესზე. კურსის ეფექტის გამო რეალური ვალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შემოსავლები. 2012 წელს შინამეურნეობების ვალი მათი განკარგვადი შემოსავლების 99% იყო, 2016 წელს 181% გახდა, ვალის მომსახურება თუ განკარგვადი შემოსავლების 16% იყო, 25%-მდე ავიდა. შედეგად, საშუალო ქართველი შემოსავალთან მიმართებაში სესხის მომსახურებაზე იხდის 15-ჯერ მეტს, ვიდრე საშუალო გერმანელი და თითქმის 3-ჯერ მეტს, ვიდრე საშუალო ამერიკელი.
* ლარის გაუფასურების გამო ქვეყანას მნიშვნელოვნად უძვირდება საგარეო ვალები. გადავხედოთ საგარეო ვალის გადახდის გრაფიკს, რომლის მიხედვითაც ლარის გაუფასურების გამო მომდევნო ერთ წელიწადში საგარეო ვალის დასაფარად დოლარის შესაძენად საჭიროა 1 მილიარდ 400 მილიონით მეტი ლარი (2017 წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე გადასახდელია 3 მილიარდი დოლარი, რაც 2.30 კურსით 7 მილიარდი ლარია, ხოლო 2,74 კურსით კი - 8.4 მილიარდი ლარი). 2030 წლამდე დასაფარი ლარში გამოსახული საგარეო ვალები 11 მილიარდი ლარით იზრდება, ანუ 2.75 კურსის პირობებში ვალის მომსახურებაზე უნდა გადავიხადოთ 67 მილიარდი ლარის შესაბამისი დოლარი, მაშინ როცა 2.30 კურსის პირობებში ეს თანხა 56 მილიარდი ლარი იქნებოდა.
* ლარის გაუფასურება აწვება ენერგომატარებლების ტარიფებს. კურსის ვარდნის გამო ერთხელ უკვე მოხდა ტარიფების ზრდა. თუ კურსი არ დასტაბილურდა, ზრდის მეორე ფაზა გარდაუვალია.
* ლარის გაუფასურება და მკვეთრი მერყეობა სრულ გაურკვევლობაში აგდებს ბიზნესს, რომელიც საგარეო შესყიდვებზეა ორიენტირებული. მათი უმრავლესობა აკეთებს შეკვეთას უცხოელ პარტნიორებთან, ხოლო ანგარიშსწორებას ხშირად რამდენიმე თვის შემდეგ ახდენს, ამ პერიოდში კი კურსი მნიშვნელოვნად იცვლება და ნეგატიურ გავლენას ახდენს კომპანიის შემოსავლებზე. კომპანია იძულებულია ან მღალ მარჟებზე იმუშაოს, რომ ზარალი გადაფაროს, ან წინასწარ გააკეთოს დოლარის მარაგი. თუმცა, მაღალ მარჟაზეც ვერ მუშაობს, რადგან სესხის გაძვირებით მოსახლეობის განკარგვადი შემოსავლების შემცირების გამო, გაძვირებულ პროდუქციას ვერ ყიდის. რეალურად დღეს ეს უფრო აკავებს ფასებს, ვიდრე ეროვნული ბანკის პოლიტიკა.
* თუ მთლიანი სესხების დოლარიზაცია 65%-ის ფარგლებშია, ბიზნეს-სესხებში ეს მაჩვენებელი 75%-ია. შედეგად, ლარის გაუფასურებით მათი სავალო წნეხი იზრდება. ხშირად გვესმის, რომ ლარის გაუფასურებით ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობა გაიზარდა. არადა სტატისტიკა საპირისპიროს მეტყველებს. მაგალითად, ლარს ლირის მიმართ ბოლო 20 წელია რეალურად გაუფასურების ტენდენცია აქვს, მაშინ როდესაც თურქული პროდუქციის წილი ქართულ ბაზარზე გამუდმებით და სწრაფი ტემპით იზრდება და თურქეთიდან იმპორტის ზრდის ტემპი აჭარბებს თურქეთში ექსპორტის ზრდის ტემპს. ამდენად, ქვეყნის წარმოების განვითარებაზე და კონკურენტუნარიანობაზე ვალუტის კურსის გავლენის შეფასება აშკარად გადაჭარბებულია და როგორც აღვნიშნე, ცალკეული თეორიების პირდაპირი კოპირება, ხშირ შემთხვევაში, გაუმართლებელია.
* კურსის გაუფასურების გამო ადგილობრივი წარმოება იმ კუთხითაც ზარალდება, რომ იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტირებულ ნედლეულზე, დანადგარებზე და ა. შ. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ადგილობრივ წარმოებას ამ ნაწილშიც უზრდის ხარჯებს.
* ლარის გაუფასურება აუარესებს დოლარში გამოსახულ სხვადასხვა მაჩვენებელს, მაგალითად საგარეო ვალის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობას, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე. კურსის შედმგომი გაუფასურება გააუარესებს რეიტინგს, რაც ქვეყანას გაუძვირებს და გაურთულებს საგარეო დაფინანსების მოზიდვას.
* ლარის გაუფასურება, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მონეტარული პოლიტიკების გამკაცრების ფონზე, რაც ძირითადად მათი ვალუტების გასამყარებლად გაკეთდა, გამოიწვევს ფასების ზრდას. ფასების დონე ისედაც გაიზარდა, თუმცა 2011 წელს `ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მაღალი ინფლაციის შესანიღბად ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა. დღეს იგივე მეთოდოლოგია მუშაობს და დიდი ალბათობით, ოფიციალური ინფლაცია რეალობას ადეკვატურად ვერ ასახავს.
* ლარის სრული უგულებელყოფა აჩენს სასათბურე პირობებს სპეკულაციებისთვის, რაც ბოლო პერიოდში სულ უფრო აშკარა გახდა. მკვეთრი მერყეობები აღვივებს არასტაბილურობის განცდას და ახალისებს პანიკას.
* ლარის მერყეობა ამცირებს მის მიმართ ნდობას და კურსის უგულებელყოფა კლავს ლარიზაციის იდეას.
ერთი სიტყვით, ლარის გაუფასურებით გამოწვეული ნეგატივი შთანთქავს იმ პოზიტივს, რომელზეც თეორიულადაც კი რთულია საუბარი.
ახლა კი, ვსვამ კითხვას, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს და დიდი სიამოვნებით და ნებისმიერი ფორმით მოვისმენ პასუხს მკითხველისგან:
რა არის ლარის ამ მასშტაბით და ამ ტემპით გაუფასურებაში კარგი?