„მარიხუანა ისეთი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობას იწვევს!“
,,საქართველოში მარიხუანას მოხმარება 13 წლამდე ბავშვებში 11%-ს აღემატება'', - ასეთია კვლევის შედეგი, რომელიც არცთუ შორეულ წარსულში გამოქვეყნდა და წესით, ცალკეული ჯგუფებისა თუ პირებისთვის ეს სიგნალი უნდა გახდეს. რამდენად სწორია მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე საუბარი და თავგამოდებული ბრძოლა ,,სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად'', ამაზე დავას ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ სანამ ვიღაცები მსგავს თემებზე ალაპარაკდებიან, იქნებ, სტატისტიკასა და კვლევებს გადახედონ და გულწრფელად უპასუხონ კითხვას - რამდენადაა საზოგადოება მზად, განსაკუთრებით კი მოზარდები, გაუძლონ ცდუნებას და არ მიეკარონ თუნდაც მსუბუქ, მაგრამ მაინც ნარკოტიკს?
,,მარიხუანას ლეგალიზაციასთან ერთად მოიმატებს მომხმარებლის რაოდენობაც'', – აცხადებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა კილაძე და დასძენს, რომ ,,მარიხუანა ისეთი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელიც ფსიქიკურ აშლილობასა და დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ კანონის მიღების დროს უნდა შეფასდეს რისკები. მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები ციხეში არ უნდა ხვდებოდნენ, მაგრამ არც პედესტალზე უნდა აგვყავდეს და ტაშს ვუკრავდეთ''.
გასაგებია, რომ იმასთან დაკავშირებით, ნარკოდამოკიდებული ავადმყოფია თუ კრიმინალი, ერთი აზრი დღემდე არ არსებობს და რაც უნდა მაღალფარდოვანი სამედიცინო არგუმენტები მოვიშველიოთ, საბოლოოდ მაინც ყველა თავის აზრზე რჩება; ისიც გასაგებია, რომ მსუბუქი ,,უწყინარი'' ნარკოტიკული თრობის გამო ციხეში არ უნდა სვამდნენ, მაგრამ ამ მედალს ორი კი არა, თამამად შეიძლება ითქვას, რამდენიმე მხარე აქვს და არც ეს საკითხია მარტივად გადასაწყვეტი.
კი ბატონო, გამოვა ვიღაც, დათესავს პირდაპირ ეთერში ,,პლანს'' და რა, მერე - გაგვაფრთხილებს, ბავშვები ტელევიზორს მოარიდეთო? ჩაითვლება თუ არა ეს პროპაგანდად და რა რეაქცია ექნებათ 10-13 წლის მოზარდებს?
,,საკანონმდებლო ლიბერალიზაციის დროს, მოსახლეობა არ უნდა დარჩეს შეუიარაღებელი და აგრესიული პროპაგანდის პირისპირ, - აღნიშნავს ლაშა კილაძე და დროული პრევენციული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზეც საუბრობს, - ქვეყანამ დროულად უნდა მოახდინოს პრევენცია, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. გვქონდა ევროსაბჭოსთან არსებულ პრევენციის ჯგუფებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სადაც განხილული იყო რამდენიმე მოდელი, მათ შორის ექსპერტები მუშაობენ ლიბერალიზაციის საფუძვლებზე. ჯერჯერობით კაცობრიობამ იდეალური სისტემა ვერ მოიფიქრა და ვერ შექმნა. სისტემა უნდა იყოს დინამიური და განვითარებადი. დღევანდელი ნარკოპოლიტიკა მნიშვნელოვან გადახედვას საჭიროებს''.
დიდი კანონმდებლების საქმეში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციას გარკვეული რისკებიც რომ ახლავს, წესით, ეს მსჯელობისა თუ განხილვის საგანი არც უნდა ხდებოდეს.
,,იმ ფონზე, თუ მოხმარება დაკავშირებული არაა საზოგადოებრივ რისკებთან, ან სოციალურად საშიშ მდგომარეობასთან, კრიმინალური წესით არ უნდა ისჯებოდეს, მაგრამ ყველა ამგვარ პროცესს თანმდევი რისკები ახლავს. ამ რისკების ცოდნა, მათზე აქცენტირება და პრევენცირება აუცილებელია, - ასეთია ლაშა კილაძის კომენტარი, რომელიც ყურადღებას ერთ ფაქტორზეც ამახვილებს, - გაიზრდება ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება ადამიანს აყენებს და ეს პრობლემა ლიბერალიზაციის ფონზე აუცილებლად დადგება. მაგალითად, ვსაუბრობთ მარიხუანას მოხმარების ლიბერალიზაციაზე. ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ მოხმარება გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება ის ზიანი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნარკოტიკი ტეტრაჰიდროკანაბოილი აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი შრომატევადი და რთულია. პირველ რიგში, სჭირდება განათლება. სერიოზული საგანმანათლებლო და პრევენციული კამპანია, დაწყებული, ალბათ, საბავშვო ბაღის დონეზე; ამას სჭირდება სერიოზულად განვითარებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის ქსელი; კარგად მომზადებული სპეციალისტები, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დაუძლეველი პრობლემაა''.
გასაგებია, რომ გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან არსებობს, მაგრამ სანამ აქცია აქციაზე იმართება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, ვიღაცები ასეთ საკითხებს პოლიტიკური სპეკულირების საგნად იყენებენ, სხვანი კი მშვენივრად სარგებლობენ ამ დიდი ნარკოტიკული ბაკქანალიით, იქნებ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რას ვითხოვთ იმ ფონზე, როცა 13 წლამდე ბავშვებში მარიხუანას მოხმარების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება?! ნამდვილად გვინდა ,,დაბოლილი'' თაობების აღზრდა თუ ვიღაცები, უბრალოდ, საკუთარი დამოკიდებულების ,,გაპრავებას'' ცდილობენ?! გულწრფელად ვაღიაროთ - ვისაც მარიხუანას მოწევა უნდა, ისედაც ეწევა, არც მისი ,,შოვნის'' პრობლემა აქვს და გაუგებარია, ვის და რაში სჭირდება ამ ,,საჭირბოროტო თემის'' პროპაგანდა? ისიც ფაქტია, რომ ,,დაბოლილი'' საზოგადოება ადვილად სამართავია. ჰოდა ამ ფონზე დასკვნის გამოტანა - რას მოგვიტანს კანონის ლიბერალიზაცია - რთული, წესით, არავისთვის უნდა იყოს.