„სუფრული პატრიოტიზმი“ სიტყვათა შესანიშნავი კომბინაციაა და ქართველებისთვის ისეთი საკრალური მნიშვნელობისა და დატვირთვის მქონე ცნებებს აერთიანებს, როგორიც სუფრა და სამშობლოს სიყვარულია. კონტექსტი სარკასტულია და გულზე მჯიღის უადგილო ცემას გულისხმობს, როცა, მაგალითად, მავანი ისეთ რაღაცას იქადნის, ისურვებს ან მიზნად დაისახავს, რისი შესრულებისა თუ მიღწევის არც შესაძლებლობა აქვს და არც - უნარი. სუფრული პატრიოტიზმის ლოზუნგად შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი ორი სიტყვა: „ქართველობას გვართმევენ“, ქართველობას კი მაშინ გვართმევენ, როცა, მაგალითად, სუფრის პატრიოტს მოეჩვენება, რომ ვინმე მის მამა-პაპათაგან დამკვიდრებულ, ძირძველ ტრადიციებს (ან რელიგიას) შეურაცხყოფასა და უწმინდურ ჩრდილს აყენებს.
ცოტა ხნის წინ, ჩვენთვის ,,ქართველობის წართმევა'' სვანეთში გაშიშვლებულმა ბიჭმა სცადა, რომელმაც სასტუმროს აივანზე სამოსი გაიძრო, საზეიმო ფოტო „მოსცხო“ და შემდეგ, Facebook-ზე ატვირთა.
მისი საქციელი არაერთი პატრიოტის მიერ მკაცრად დაიგმო იმის გამო, რომ სვანეთი წმინდა მიწაა, სადაც მსგავსი გარყვნილი, ევროპიდან გადმოტანილი გამოხტომების ადგილი არ არის. მალევე დაგმობა ქმედებაში გადაიზარდა და Facebook-ში ვიდეოც გავრცელდა, რომლიდანაც ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი შემდეგ დასკვნას გამოიტანს: ექსგაშიშვლებული ჭაბუკი ორმა გაბრაზებულმა და დაკუნთულმა (სახიფათო კომბინაციაა) სვანმა მანქანაში ჩაისვა, საქმე ქუჩურად გაურჩია და მუქარით საჯაროდ ბოდიშის მოხდა აიძულა, რაზეც ბიჭი დათანხმდა (ზემოაღნიშნული გაბრაზებული სვანებისა და მათი კუნთების ხათრით).
ვიდეოს გავრცელებისთანავე ,,ქართველობის დაკარგვის'' შიშით შეპყრობილმა პატრიოტებმა შვებით ამოისუნთქეს და ბუნებრივია, სვანებს საქციელი მოუწონეს, ვაჟკაცობა და სხვა საამაყო თვისებები შეუქეს.
მეორე ნაწილი კი აშკარად დაშინებული (ცოტა ხნის წინ - ურცხვად თამამი) ბიჭის მხარეს დადგა და ,,საქმის გამრჩევი'' სვანები სიბნელეში, წინა საუკუნეებში ჩარჩენასა და რეგრესულობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ადათ-წესებს ყველანაირ კანონზე მაღლა ვაყენებთ“, - ამბობს ერთ-ერთი სვანი ვიდეოში და მოგვიანებით, როცა მანქანაში დატყვევებული ჭაბუკის საცოდაობამ სამართალდამცავების ყურამდეც მიაღწია, გავრცელდა ოფიციალური განცხადება, ბიჭი არავის უჩივის და შესაბამისად, საქმეს ვერავის წინააღმდეგ აღვძრავთო.
აჟიოტაჟი იმდენად გამძვინვარდა, სვანეთში საბედისწეროდ გაშიშვლებულმა ბიჭმაც გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ამაოდ სცადა ხალხი დაერწმუნებინა, არავის დაუშინებივარ, ჩემით მოვეგე გონს, მივხვდი, რომ მივქარე და ისეთი რაღაც გავაკეთე, რითიც ზოგიერთებს სიწმინდეები შევულახე, ქართველობა წავართვიო.
შეგვიძლია თუ არა განვიხილოთ ეს საინტერესო შემთხვევა ,,სუფრული პატრიოტიზმის'' კლასიკურ ნიმუშად? - მარტივი კითხვაა.
ჯემალ ქარჩხაძე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში („ქარავანი“) ასეთ სცენას აღწერს:
სუფრაზე, სადღეგრძელოებით გატაცებულ ერთ-ერთ პერსონაჟს მეორე ეკითხება, ქვეყნისთვის თავს თუ გაწირავო. ისიც დაუფიქრებლად პასუხობს, აბა, რას ვიზამო, მაგრამ მოსალოდნელი შექების ნაცვლად შემდეგი სიტყვები ესმის: ქვეყნისთვის თავის გაწირვა ადვილია, თუ სკამი სხვამ დაგიდგა, სახრჩობელა სხვამ ჩამოგიკიდა, თავი ყულფში სხვამ გაგაყოფინა და შენ ჰაერში აფართხალების მეტი არაფერი დაგრჩენია, მაგრამ იქნებ, სამშობლო გთხოვს, აი, ის ჭიქა არ დაცალო, ხელში რომ გიკავია, საერთოდაც, ნაკლები სვა, მეტი იკითხო, მეტი იფიქრო და იაზროვნო, შეძლებ ამის გაკეთებას?
- რა თქმა უნდა, - აუღელვებლად პასუხობს ,,სუფრის პატრიოტი'' და ღვინით სავსე ჭიქას გადაიპირქვავებს.
ვიდეოზე აღბეჭდილი სიტუაცია იმდენად ჰგავს სტერეოტიპულ სვანურ ანეკდოტს, რომ ბევრს ყველაფერი ეს დადგმულადაც მიაჩნია.
ფაქტი კი ისაა, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რა რთულია ოქროს შუალედის პოვნა: ადამიანების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად შეთანხმდა, რომ ადათ-წესების კანონზე მაღლა დაყენება, დაშინება, მუქარა და საქმის გარჩევა არცთუ პროგრესული საქციელია, მაგრამ გამოჩნდნენ ,,სუფრის პატრიოტები'' პარალელური განზომილებიდან, რომლებმაც სოლიდარობა გამოუცხადეს სვანეთში გაშიშვლებულ ბიჭს და საჯარო ადგილებში თავადაც გაშიშვლდნენ.
გაჟღერდა ასეთი იდეაც: დავიწყოთ კამპანია - „გადაიღე შიშველმა ფოტო სვანეთში“. ამის საპასუხო ანტიკამპანიას კი, სავარაუდოდ, სათავეში სხვა დაკუნთული სვანებიც ჩაუდგებიან.
არაადეკვატურმა რეაქციამ ბიჭის საქციელის (საჯარო ადგილას გაშიშვლება, ფოტოს გადაღება, სოციალურ ქსელში ატვირთვა) არაადეკვატურობა დაჩრდილა, მეტიც, სავსებით ნორმალურ, ზოგისთვის მისაბაძ და სამაგალითო საქციელად მოინათლა.
ამ თემასთან დაკავშირებული საუკეთესო ხუმრობა კი, რომელიც სიტუაციის პარადოქსულობას მშვენივრად გადმოსცემს, საკმაოდ ლაკონიურად ჟღერს:
„აკი, მხოლოდ მთებშია თავისუფლება?“