მინდა, დავარწმუნო ბურჯანაძეც, ბიწაძეცა და სხვებიც _  ჩვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს»!

მინდა, დავარწმუნო ბურჯანაძეც, ბიწაძეცა და სხვებიც _ ჩვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს»!

26 მაისს რუსთაველზე განხორციელებული სპეცოპერაციის გამოძიება გრძელდება. საზოგადოება ობიექტურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებებს ითხოვს. «თავისუფალი დემოკრატების» ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და მას უერთდებიან «რვიანის» წევრი პარტიები. განიხილება თუ არა მსგავსი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი და რა რეაგირებას აპირებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე, ამ საკითხებზე «ვერსია» საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გია როინიშვილს ესაუბრა.

_ მთავარია, 26 მაისს რუსეთის მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციის შეჩერება მოვახერხეთ. სამწუხაროა, რომ რუსეთს ქართულ პოლიტიკაში დღემდე ჰყავს ძალიან ბევრი მიმდევარი, რომელიც საკუთარ სამშობლოში სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად მზად არის.

ფიქრობთ, სახალხო კრების აქციაზე ადამიანები მხოლოდ რუსეთის დავალების შესასრულებლად გამოვიდნენ და არა ქვეყანაში არსებული  მდგომარეობის გასაპროტესტებლად?

- აქციაზე მისულმა ბევრმა ადამიანმა არც კი იცოდა, სად და ვისთან იდგა. გეკითხებით, 21 მაისს დაწყებულ აქციებს რაიმე საერთო ჰქონდა თავისუფალ სიტყვასთან, დემოკრატიასთან ან ოპოზიციური აზრის გამოხატვასთან? ისინი პირდაპირ გამოდიოდნენ მოწოდებით, რომ 26 მაისის აღლუმი უნდა ჩაეშალათ. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიო მასალებიც, ვფიქრობ, საკმარისია, საზოგადოება მიხვდეს, ბურჯანაძის სახით, როგორ ძალასთან აქვს საქმე. აქციების დაწყებისთანავე, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ მათი იდეა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა. ბედნიერი ვარ, რომ ავადმყოფურ იდეას რევოლუციის შესახებ, საქართველოში დასაყრდენი არ აქვს.

მით უმეტეს, თუ ხელისუფლება მიხვდა, რომ აქცია საფრთხეს არ წარმოადგენდა, რა საჭირო იყო საკუთარი მოქალაქეების უმოწყალოდ ცემა, დაპატიმრება ან გატაცება?

_ ვინც აქციაზე მივიდა და დაეთანხმა ლიდერების პოზიციას სახელმწიფო გადატრიალების შესახებ, კანონის ფარგლებში, საკადრისი პასუხი უნდა გასცემოდა. თუ მიტინგზე დგახარ და ეთანხმები აქციის ლიდერს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც მისი დანაშაულებრივი გეგმის თანამონაწილე ხარ. ამიხსენით, ადამიანი, რომელიც 26 მაისის აღლუმის, ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული დღესასწაულის ჩაშლას ითხოვს, სიბრალულის ღირსია?!

არც ის ადამიანები გებრალებათ, რომლებიც იმ ღამით დაიღუპა?

_ ძალიან ვწუხვარ, რომ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ერთი პოლიციელი. მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან.  

არასდროს არც ადამიანის სიკვდილის ან ცემის მომხრე არ ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები, მაგრამ როცა საფრთხე არსებობს, სახელმწიფო ვალდებულია, აღმოფხვრას. მართალია, 26 მაისს ჩატარებული სპეცოპერაცია  ვიზუალურად კარგი საყურებელი არ იყო, მაგრამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია აუცილებელად უნდა დაგვეშალა. ჩვენ, უბრალოდ, სხვა გზა არ დაგვიტოვეს. გახსოვთ, ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული მიტინგი მიუღებელი იყო, რამდენჯერმე მერიის წარმომადგენელმა მათ აქციის გასაგრძელებლად სხვა ადგილას  გადასვლა შესთავაზა. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დემოკრატიული ქვეყნის აშენება გვინდა და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. რუსთაველზე მიმდინარე მცირერიცხოვანი, ანტისახელმწიფოებრივი იდეებით გამსჭვალული აქციის დაშლა, უმრავლესობაში მყოფი სხვა, ჩვენი მოქალაქეების, უფლებების დაცვა იყო.

ირაკლი ალასანიამ მოითხოვა 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამოსაძიებლად საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა. იგეგმება პარლამენტში მსგავსი კომისიის შექმნა?

_ ამ დღეებში ძალიან ბევრი იდეა თუ ინიციატივა მოვისმინეთ. მთავარია, სამართალდამცველებმა შეძლონ საქმის ბოლომდე გამოძიება. რაც შეეხება პარლამენტში კომისიის შექმნას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რამდენად დგას ეს საკითხი დღის წესრიგში.

ჩვენი სახელმწიფო ახლა ბევრად მაღლა დგას, ვიდრე რამდენიმე წლის წინ და, შესაბამისად, გვყავს პოლიცია, რომელიც საზოგადოების ნდობას ნამდვილად იმსახურებს. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ბურჯანაძეს თუ რომელიმე სხვა ლიდერს, ამას შესაბამისი სტრუქტურები გადაწყვეტენ. ვერსიებისა და ფიქრის დონეზე საუბარი კი, ამ ეტაპზე, არც ღირს.

ეკა ბესელია სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესების დაწყებას ითხოვს ვანო მერაბიშვილისა და იმ პირების მიმართ, ვინც აქციის დარბევის ბრძანება გასცა...

_ ამ ინიციატივაზე სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ. ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ სხვა საქმეა, ჩვენ მათ ინიციატივებს დავეთანხმებით, თუ არა.

26 მაისს განვითარებულ მოვლენებს, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არანაირი რეაგირება არ მოჰყვება?

_ რას ითხოვთ პარლამენტისგან? ეს არც საგამოძიებო ორგანოა და არც სასამართლო. შეიძლება, გამონაკლისის სახით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომისიის შექმნა მოხდეს, მაგრამ რუსეთის მიერ პროვოცირებულ ყოველ პატარა მიტინგზე, ჩემი აზრით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.

პარლამენტის წინ დაშლილი აქცია თქვენთვის მხოლოდ «პატარა მიტინგი» იყო?

_ ერთხელ და სამუდამოდ, სახელმწიფოში უნდა დამთავრდეს სისხლიან რევოლუციაზე, ერთმანეთის დაპირისპირებაზე, ხელისუფლების დამხობასა და სამოქალაქო ომზე საუბარი. ხალხი დაიღალა და საკმარისია, საქართველოში ბეცი პოლიტიკოსების ნავარდი. ყოველ მეორე გამვლელს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან, რომ ე.წ. რევოლუციონერმა ოპოზიციონერებმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, ხელისუფლებამ კი მათ ადეკვატური პასუხი გასცა. როცა პოლიტიკაში ხარ, არსებობს პრინციპი და უფრო მაღალი იდეალები, რასაც პირნათლად უნდა ემსახურო. ამ მომენტში არ უნდა იფიქრო პოლიტიკურად გაწყობს თუ არა ეს ნაბიჯი და შელახავს თუ არა ის შენს იმიჯს. როცა საფრთხეა, ის უნდა გაანეიტრალო.

თუ ასეა, რატომ შუამდგომლობს მთავარი პროკურატურა სასამართლოსთან ბადრი ბიწაძის გირაოთი გათავისუფლებაზე, იგი ხომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ჩვეულებრივ მონაწილეებს კი სასტიკად გაუსწორდნენ და რამდენიმეთვიანი პატიმრობა შეუფარდეს ისე, რომ მათთვის გირაო არავის შეუთავაზებია?

_ ამ კითხვაზე, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად პასუხი არ მაქვს, რადგან ეს ყველაფრი გამოძიების საქმეა. თუ სასამართლო ბიწაძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს, ალბათ, საქმისთვის ასეა საჭირო. ვაცალოთ კომპეტენტურ ორგანოებს და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

რისთვის არის საჭირო, ბურჯანაძე ეჭვობს, რომ დაკავების დროს ბადრი ბიწაძის ლიკვიდაცია იგეგმება...  

_ ნინო ბურჯანაძის ფანტაზიას რომ საზღვარი არ აქვს, ამაში უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი. მჯერა, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ერთი კი ფაქტია, ხელისუფლება და ხალხი არასდროს მისცემს უფლებას არც ერთ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ ძალას, ძალისმიერი მეთოდებით მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არ არის მუქარა, ეს არის ჩვენი ქვეყნის პოზიცია. საქართველოს პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც განაცხადა, რომ ქუჩაში მსგავსი საკითხების გადაწყვეტა არ უნდა ხდებოდეს. განა, ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი, მაგრამ მთავრობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ოპოზიცია იმისთვისაა, რომ ხელისუფლებას მიუთითოს შეცდომებზე. პროცესი კი უნდა მიმდინარეობდეს მშვიდობიანად, მოლაპარაკების მაგიდაზე.

თუკი მოლაპარაკების მაგიდასთანაც არ ხერხდება თქვენთან შეთანხმება?

_ ბევრჯერ წამიკითხავს, თითქოს ვინც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს, ჩვენთან შეკრულია. ეს არის დასტური იმისა, რომ პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განვიცდით. შეთანხმებას კი იმიტომ ვერ მივაღწიეთ, რომ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა ჩათვალა, თითქოს ჩვენ ყველაფერი უნდა დაგვეთმო. ზოგიერთი მათგანისთვის რომ დაგვეჯერებინა, საერთოდ უნდა წავსულიყავით ხელისუფლებიდან, აი, მაშინ უკვე კმაყოფილები იქნებოდნენ.

არადა, მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, ამ ქალაქში დავდივარ, ვცხოვრობ და კარგად ვხედავ, რომ ხალხის მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენ არ ვჩერდებით, წინ მივდივართ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებსაც ვახორციელებთ, ამიტომაც მინდა, დავარწმუნო ბურჯანაძეც, ბიწაძეცა და სხვებიც _  ჩვენს შეჩერებას ვერავინ შეძლებს.