ატყუებდა თუ არა ამომრჩეველს  მიშა სააკაშვილი

ატყუებდა თუ არა ამომრჩეველს მიშა სააკაშვილი

ალბათ, ბევრს ახსოვს მიხეილ სააკაშვილის ის სარეკლამო რგოლი, უფრო სწორედ ანიმაცია, რომელიც შარშან, ადგილობრივი არჩევნების დროს ნაციონალებმა დაატრიალეს. იმიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ამ კლიპმა საუკეთესო ათეულში პირველი საპატიო ადგილი დაიკავა.

ჰოდა, ამ კლიპის რა მოგახსენოთ და, ამჯერად უფრო შორეულ წარსულში გადავინაცვლებ და იმ პერიოდის საარჩევნო კლიპებს გაგახსენებთ, 1999 წელს რომ დაამზადა სააკაშვილმა. როგორც „ალიას“ ერთგულმა მკითხველმა მიამბო, მაშინ ბატონმა მიხეილმა ცოტა იცუღლუტა და ამომრჩეველი მოატყუა.

როცა ლოგიკური კითხვა დავუსვი - როგორ? აი, ასეთი ისტორია მიამბო: ბატონი მიხეილი იმ დროს სტრასბურგში იმყოფებოდა, ჰოდა, ერთ სისხამ დილასაც  კამერა დაიქირავა, ევროსაბჭოს შენობაში, ცარიელ სხდომათა დარბაზში შევიდა, ოპერატორს უთხრა, ახალა გადამიღეო, დადგა და დაიწყო ლაპარაკი, ხელების შლა ისე, თითქოს დარბაზი გადაჭედილი იყო და ხალხი ყურადღებით უსმენდა. შემდეგ ეს კადრები ჩამოიტანა თბილისში, მიიტანა ერთ ერთ არხზე და ისე დაამონტაჟეს, თითქოს სხდომათა დარბაზი გადაჭედილი იყო და სააკაშვილს ტაშსაც უკრავდნენ. აი, ასე მოატყუა ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილმა  ოთხი წლის წინ.

ტრადიციისამებრ, ჩემი კომენტარი ჩემთვის შევინახე და გადავწყვიტე, ამაზე კომენტარი თავად მიხეილ სააკაშვილსისთვის მეთხოვა, მაგრამ რადგან იგი წინასაარჩევნო ბატალიებითაა დაკავებული, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ვერ დაუკავშირდი მეთქი და ბატონი მიშას ნაცვლად მის პრესსამსახურს გავესაუბრე. მარიკა ვერულაშვილს სიტყვასიტყვით ვუამბე, რაც ზემოთ თქვენ მოგიყევით და მან მცირე პაუზის შემდეგ მითხრა:

- მტკნარი სიცრუეა!

ამას როგორ დაამტკიცებთ?

-ძალიან ადვილად, - იმ ვოიაჟის დროს მიშა სააკაშვილს ჟურნალისტებიც ახლდნენ თან და ეს კადრები ყველა არხმა გადაიღო - პირველმა არხმაც,  „რუსთავმაც“ და პარლამენტის პრესცენტრმაც. კლიპისთვის კადრები სწორედ მათ სთხოვეს  და ეს სარეკლამო რგოლი იმის მიხვედრით გაკეთდა. სხვათა შორის, აი, ახლა მეც მჭირდებოდა იმ კადრებიდან რაღაც და ცოტა ხნის წინ ვათვალიერებდი. ასე  რომ, ყველაფერი ტყუილია და რაღაცას უგონებენ.

კარგიმაგრამ ის ადამიანებივისაც ამაში ეჭვი ეპარებასიმართლეს როგორ გაიგებენსიტყვაზე უნდა გენდონ?

- არა, რატომ, ეს კადრები ტელეკომპანიების არქივში ინახება.

და რიგითი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია?

რა თქმა უნდა, მაგალითად, „რუსთავზე“ მივლენ, სიჟეტის გადაწერა გარკვეული თანხა ღირს, გადაიხდიან და ნახავენ.

რადგანაც ეს „ალია-ბალია“ და არა, ვთქვათ, ჟურნალისტური გამოძიება, მე არ წავსულვარ არც ერთ ტელეკომპანიაში და არც არქივის გახსნა მომითხოვია, მაგრამ იმისთვის მაინც ვიზრუნე, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს.“რუსთავი-2“-ის ოფისში დავრეკე და დეტალები გადავამოწმე. როგორც გავარკვიე, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, 1999 წლის სტრასბურგულ კადრებს ნამდვილად გადაგაწერინებენ. ასე რომ, ვინც  ბატონ მიშას ამომრჩეველი ბრძანდებით, თავად დარწმუნდებით, გატყუებდათ თუ არა ოთხი წლის წინ თქვენი რჩეული.