როგორ აღმოჩნდა 26 მაისის მიტინგზე, რატომ დაიჭირეს 90-იანებში ზუგდიდში და რა უნდოდა დაჭერამდე რამდენიმე საათით ადრე ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი გედენიძეს სააკაშვილის კაბინეტში
...გუშინდელი დღესავით მახსოვს: ტელეფონის ზარმა გამაღვიძა; ნაცნობი ჟურნალისტი მირეკავდა, გიორგი აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურა ქურციკიძე დაიჭირეს და ხომ არ იცი, რა ხდებაო... დავიზაფრე. მაშინვე ინტერნეტში ,,შევვარდი'' და პირველივე ნიუსმა დამშოკა – ფოტორეპორტიორებს ბრალად ჯაშუშობა ედებოდათ... აზრზე რომ მოვედი, გამეცინა, რადგან ზურა ქურციკიძის გარდა, ყველა ,,ჯაშუშს'' ვიცნობ: ირაკლისა და ნათიასთან ერთად მიმუშავია. გიორგი აბდალაძესთან კი, როგორც იტყვიან, ავბედით 90-იანებში ვმეგობრობდი. მართალია, მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა, მაგრამ ქვეყანა რომ დაიქცეს, ,,აბდალას'' (მაშინ მეგობრები გიორგის ასე ვეძახდით) აგენტობას ვერ დავიჯერებ... ვის და რატომ დასჭირდა ,,ფოტორეპორტიორების საქმის'' შეკერვა? – ამ თემაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ყველაზე აქტიურად კი თავიდანვე 26 მაისის ვერსია განიხილებოდა ანუ ნაცებმა ცოლ-ქმარ გედენიძეებს, ქურციკიძესა და აბდალაძეს ის არ აპატიეს, რომ 2011 წლის სისხლიანი 26 მაისის მოვლენები ფოტოფირზე აღბეჭდეს და მსოფლიოს თვალში ,,დემოკრატიის ქართული შუქურა'' გააშიშვლეს. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით წარიმართა. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ, როცა ,,ფოტოგრაფების საქმეზე'' კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავეს, საგამოძიებო უწყებაში მიანიშნეს, რომ ,,ფოტორეპორტიორების საქმის'' საბაბი სწორედ 26 მაისი გახდა, თუმცა ირაკლი გედენიძე, რომელიც დაკავებისას პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ფოტოგრაფი იყო, არც იმას გამორიცხავს, რომ მათი დაპატიმრებით საპატრიარქოს ამბების გადაფარვა უნდოდათ. ,,ნარკოტიკებზე ან ქრთამზე რომ ,,ავეყვანეთ'', სხვა ჟურნალისტებს ვერ შეაშინებდნენ, თან ჩვენი ,,აგნეტობით'' რამდენიმე კურდღლის დაჭერას აპირებდნენ: ჯერ ერთი, ჟურნალისტები დაშოკეს და მეორეც, ამით საპატრიარქოს თემის გადაფარვას შეეცადნენ, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხეს'', – ამბობს ,,ვერსიის'' არა-ჩვეულებრივ ინტერვიუში ექსპრეზიდენტის ექსფოტოგრაფი.
– ირაკლი, ერთმანეთს ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიცნობთ, ვიდრე ,,აგენტი'' გახდებოდი. მას შემდეგ, რაც ,,გაჯაშუშდი'', შენი შინაგანი სამყარო შეიცვალა?
– არა, რადგან ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი და ვარ!
– ძალიან კარგი, მაგრამ ამ თემაზე, როგორც ვიცი, ხშირად და ბევრი არ გილაპარაკია. ჰოდა, მოდი, ყველაფერი წვრილად მომიყევი, თუმცა თავდაპირველად ის მითხარი, როცა ძალოვანები ,,დაგადგნენ'', რა იფიქრე?
– რა და, მეგონა, ფარული კამერაა-მეთქი.
– ე.წ. მომხდურებს, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდი, იცნობდი?
– არა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი ვმუშაობდი, მაგრამ ამ სტრუქტურებთან შეხება არ მქონდა.
– ესე იგი, ,,დამკავებლები'' ნანახი არასოდეს გყავდა?
– არა, ყველა უცნობი იყო.
– მოკლედ, დააკაკუნეს, კარი გააღე და... მერე რა მოხდა?
– დაძინებას ვაპირებდით, კარზე ბრახუნი რომ გაისმა. ვიკითხე, ვინ ხართ-მეთქი. მიპასუხეს, პოლიციიდან ვართ, მეზობლის ბინა გატეხეს და დახმარება გვჭირდებაო. ჩავიცმევ და კარს ახლავე გაგიღებთ-მეთქი, მაგრამ ურდული გავხსენი თუ არა, შემოცვივდნენ და ის ტექსტი, რასაც დაკავებისას კითხულობენ ხოლმე, სხაპასხუპით წაიკითხეს ანუ გამაცნეს, რისი უფლებები მქონდა. ყველაფერ ამას ვიდეოკამერით იღებდნენ. 7 თუ 8 კაცი იყო, ერთი კი – ქალბატონი.
– ქალბატონი იმიტომ ახლდათ, რომ შენი მეუღლის, ნათიას აყვანასაც აპირებდნენ, არა?
– დიახ... მერე, ტელეფონები გამოგვართვევინეს და სახლის ჩხრეკა დაიწყეს...
– ირაკლი, არ აუხსენი, პრეზიდენტის ფოტოგრაფი ვარ და რა აგენტობა, რის აგენტობაო?
– ყველაფერი იცოდნენ...
– ისე, როცა დარწმუნდი, რომ ფარული კამერა არ იყო და რეალურად დაგაპატიმრეს, თან აგენტობის ბრალდებით, არ გაოცდი?
– გამიკვირდა და ვიფიქრე, რომ ვიღაცას ძალიან არ მოვწონდი და რაღაცის დაბრალებას ცდილობდა ანუ უბრალოდ, გაუგებრობა იყო.
– ეს ,,ვიღაცა'' ვინ იყო – სააკაშვილი თუ სხვა ვინმე?
– კონკრეტულად არავისზე მიფიქრია...
– ნათიას დაპატიმრებით ორმაგი შოკი მიიღე?
– კი...
– ბავშვებიც სახლში იყვნენ?
– არა, დედაჩემთან. შინ მხოლოდ მე და ნათია ვიყავით.
– ირაკლი, დაკავებამდე საეჭვო არაფერი გიგრძნია, ვთქ¬ვათ, თვალთვალი?
– როცა ამ მიმართულებით არ ფიქრობ, ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ აქცევ, თუმცა ერთი-ორჯერ, გზაზე, სამსახურიდან შინ რომ მივდიოდი, მანქანით ადგილი რაღაც პროვოკაციული ქმედებას ჰქონდა.
– 26 მაისის მერე თუ მანამდე?
– ზუსტად დაკავების დღეს – შინ მივდიოდი, ჩემთან ერთად თანამშრომელი გოგონაც იყო, რომელიც ასევე, საბურთალოზე ცხოვრობდა... უცხო მანქანამ გადამასწრო ანუ გზა ჩამიჭრა, რაზეც ძალიან გავბრაზდი.
– დაკავებისას ისევ პრეზიდენტის ფოტოგრაფი იყავი?
– დიახ. იმ დღეს პრეზიდენტის კაბინეტში გადაღებაც მქონდა...
– ამ გადაღების დროს, როგორ ფიქრობ, სააკაშვილმა იცოდა, რომ რამდენიმე საათის შემდეგ, აგენტობის ბრალდებით დაგაკავებდნენ?
– არ ვიცი, ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ვიცი, რომ რაღაც დოკუმენტები დაულაგეს და როგორც თვითონ თქვა, ძალიან გაუკვირდა.
– ვინ დაულაგა?
– ვინ და, ალბათ, ძალოვანების ხელმძღვანელებმა.
– მოკლედ, ირაკლი, შენი და სხვა ფოტოგრაფების დაჭერას 26 მაისის სისხლიანი კადრების გავრცელებას უკავშირებ?
– კი, ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
– კი ბატონო, მაგრამ დავიჯერო, თქვენი მოცილება სხვა მეთოდით არ შეიძლებოდა? ბოლოს და ბოლოს, ,,წამალს'' ან იარაღს ჩაგიდებდნენ, რაც მთელი 9 წელი აპრობირებული იყო და შეიძლება, ვინმეს დაეჯერებინა კიდეც...
– ეს აბსურდული ბრალდება არავინ დაიჯერა, მაგრამ ყველამ თავის თავზე მიიღო.
– ანუ?
– ანუ ის, რომ გაფრთხილება იყო, თუკი ასე მოიქცევით, იგივე ან უარესი დაგემართებათო.
– მაშასადამე, ნაციონალებმა ჟურნალისტებს ,,დაუმესიჯეს'', ჭკუით იყავით, თორემ ყველას აგენტად გამოგაცხადებთო?
– აგენტობას თუ არ დააბრალებდნენ, გამორიცხული არც ფიზიკური ლიკვიდაცია იყო და არც – სხვა რამის ,,გაჩალიჩება''.
– შენი ინფორმაციით, დღის წესრიგში ფოტოგრაფების ფიზიკური ლიკვიდაციაც ხომ არ იდგა თუ თავიდანვე ,,ჯაშუშობისთვის გაგიმეტეს''?
– ფიზიკური ლიკვიდაციის წინაპირობა არსებობდა. მაგალითად, გიორგი აბდალაძეს უთხრეს, რომ ციხიდან საერთოდ ვერ გამოვიდოდა. ჩვენთანაც იყო მინიშნებები, რომ თუკი მათთვის სასურველ აღიარებას არ ,,გავაკეთებდით'', სამუდამოდ იქ ვიქნებოდით. აღიარების შემთხვევაში კი, სასჯელი მინიმალური იქნებოდა. სხვათა შორის, სიმონ კილაძის შემთხვევა გამახსენეს, ხომ ხედავ, რა მალე გამოვიდა და მასზე აღარავინ ლაპარაკობსო...
– ამას ვინ გეუბნებოდა, დევნოზაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს?
– დიახ...
– კი მაგრამ, ეს დევნოზაშვილი ხომ შემსრულებელი იყო?
– რა თქმა უნდა... ჩვენთან ლაპარაკის შემდეგ, ეს კაცი გადიოდა და მოლაპარაკებას აწარმოებდა.
– ვისთან?
– ალბათ, თავის ხელმძღვანელთან, ის კი – თავის ხელმძღვანელთან და ა.შ. ანუ ყველაფერი ზემო ეშელონებამდე მიდიოდა...
– ირაკლი, გამოძიების თანახმად, თქვენი დაკავება 26 მაისის მიტინგის დარბევას უკავშირდება. კარგი, შენ ის სისასტიკე ფირზე აღბეჭდე და მსოფლიოს ანახე, მაგრამ ნათიას რაღას ერჩოდნენ? ისე, მიტინგის დარბევას, თუ არ ვცდები, ,,მაესტრო'' პირდაპირ ეთერში აჩვენებდა და ტელეოპერატორებიც რატომ არ დააკავეს?
– რომ მეღიარებინა, ჩემზე ზეწოლა იყო საჭირო... სხვათა შორის, ეს ჩემი პირველი დაკავება არ ყოფილა...
– უი, სხვა დროსაც დაგიჭირეს?
– ვანო, შეიძლება, არ იცი და გეტყვი: ზვიად გამსახურდია სამეგრელოში რომ ჩამოვიდა, მაშინ ,,საქინფორმში'' ვმუშაობდი და გადაღებაზე წავედი.
– ,,ზვიადისტებმა'' დაგიჭირეს?
– არა, კომენდატურამ, მაგრამ წამებას გავუძელი და ამის შესახებ იცოდნენ.
– ვერ ვხვდები, 90-იანებში მომხდარს ე.წ. ჯაშუშობასთან რა კავშირი აქვს?
– იმის თქმა მინდა, რომ იცოდნენ, წამებით და ფიზიკური ზეწოლით ვერ გამტეხდნენ. ამიტომ, გვერდით საკანში ის ადამიანი მომისვეს, რომლის მიმართაც დიდი სიყვარული მაქვს. საერთოდ, ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია – შვილები და მეუღლე და ზეწოლაც ამით მიდიოდა.
– გეუბნებოდნენ, თუ აღიარებას არ მოგვცემ, ნათიას რამეს ვუზამთო?
– დიახ, მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, ნათიაც საპყრობილეში იქნება და ბავშვები ქუჩაში მარტო დარჩებიანო.
– გამოდის, მიზანმა საშუალება გაამართლა – აღიარებითი ჩვენება მიეცი!
– აღიარების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მივიღე...…
– ირაკლი, მოდი, კითხვას ასე დაგვისვამ: პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს ანტისახელისუფლებო მიტინგის დარბევა უნდა გადაგეღო?
– მართალია, პრეზიდენტის ფოტოგრაფად ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი შეგნებით, მაინც თავისუფალი ფოტორეპორტიორი ვიყავი და არ შემეძლო, იმ მოვლენებისთვის, რაც ქვეყანაში ხდებოდა, გვერდი ამევლო... სამსახურიდან, დაახლოებით, ღამის 11 საათზე წამოვედი, რუსთაველზე გავიარე, სადაც ჩემი კოლეგები ვნახე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩენილიყავი.
– დავიჯერო, ადმინისტრაციაში ყურმოკვრით მაინც არ გქონდა გაგონილი, დღეს მიტინგი უნდა დაარბიონო?
– არა, არა...
– ესე იგი, მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით მოხვდი, არა?
– კი...
– მერე, სააკაშვილს უთხარი, ფოტოები, რომელიც 26 მაისის დარბევას ასახავს, ჩემი გადაღებულიაო?
– არა, სააკაშვილთან ასეთი ურთიერთობა არ მქონდა...
– საერთოდ, 26 მაისს ბევრი ჟურნალისტი აშუქებდა და როგორ დაადგინეს, რომ მსოფლიომ ამ საშინელების შესახებ მაინცდამაინც თქვენი გადაღებული ფოტოებით შეიტყო?
– ამის დადგენა უმარტივესი იყო. ბოლოს და ბოლოს, ფოტოებს სახელები და გვარები აწერია...
– კი ბატონო, მაგრამ ფოტოები სხვა რეპორტიორებმაც ხომ გაავრცელეს?
– უცხოურ პრესაში მხოლოდ ჩვენი, შაჰ აივაზოვისა და ,,როიტერის'' ფოტოკორესპონდენტის, დათო მძინარიშვილის გადაღებული ფოტოები გამოქვეყნდა, მაგრამ ჯერ ერთი, დათო ,,როიტერის'' შტატიანი კორესპონდენტი იყო, თან ამ ორგანიზაციის შესახებ იცოდნენ. ყურში იმდენად არც ,,ასოშიეიტედ პრესი'' ხვდებოდათ, სადაც შაჰი მუშაობდა. ,,ევროპის ფოტოსააგენტოზე'' კი საერთოდ არაფერი იცოდნენ და მერე არკვევდნენ, რა ორგანიზაცია იყო. შაჰზე აშშ-ს საელჩოდან ადმინისტრაციაში დაირეკა და უთხრეს, მოწმის სახითაა დაკითხულიო და გამოუშვეს. ჩემზე პროტესტს არავინ გამოხატავდა, რადგან პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ვიყავი. ზურა ქურციკიძეზე მერე გაარკვიეს, რომ ხელწამოსაკრავი არც ,,ევროპის ფოტოსააგნეტოა'', მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო.
– ირაკლი, პრეზიდენტის ფოტოგრაფად ისე არავინ აგიყვანდა, სპეცშემოწმება რომ არ გაგევლო...
– ამას არავინ მეტყოდა...
– შეიძლება, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობის დაწყება ადვილი არაა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ დავუშვათ, ჯაშუში იყავი. ჰოდა, მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სამსახურში მიგიღო, არ უნდა დაეყენებინათ?
– წესით, უნდა დამდგარიყო.
– სამსახურში ვინ მიგიღო?
– ადმინისტრაციის მაშინდელმა უფროსმა, თუმცა არ მახსოვს, ვინ იყო...
– პრეზიდენტის ფოტოგრაფად მუშაობა რომელ წელს დაიწყე?
– 2007-ში.
– თვითონ შემოგთავაზეს, ქვეყნის პირველი პირის პირად ფოტოგრაფად გემუშავა?
– დიახ, შემოთავაზება მათგან წამოვიდა...
– სხვათა შორის, ის ვერსიაც არსებობს, თითქოს ბათუმში, სააკაშვილის ინტიმური კადრები გადაიღე და ეს არ გაპატიეს...
– არა, არა... ჯერ ერთი, ასეთ ,,ფართზე'' არასოდეს ვყოფილვარ. მეორეც, არც უთქვამთ, მოდი და გადაიღეო. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როცა პრეზიდენტი საღამოს ფილარმონიაში, ღონისძიებაზე უნდა წასულიყო და მიკითხავს, დავჭირდები თუ არა-მეთქი. უთქვამთ, არაო ანუ არაოფიციალური ღონისძიებების გადაღება არ მევალებოდა და გადაღებას არც არავინ მთხოვდა.
– 2007 წელს ანუ მაშინ, როცა მუშაობა პრეზიდენტის ფოტოგრაფად დაიწყე, ქვეყანაში უკვე ბევრი ცუდი რაღაც იყო მომხდარი. წეღან მითხარი, შინაგანად ყოველთვის თავისუფალი ფოტორეპორტიორი ვარო. ჰოდა, უკანონო დაჭერებსა თუ სხვა უსამართლობაზე, ნუთუ, პროტესტი არ გქონდა ან დისკომფორტს არ განიცდიდი, რომ იმ პრეზიდენტთან მუშაობდი, რომელსაც ათას ბრალდებას უყენებდნენ?
– ვანო, იცი, საქმე რაშია? – შიგნიდან ყველაფერი შეიძლება, სხვანაირად ჩანდა. მაგალითად, მე-8 საპყრობილე რომ გაიხსნა, ვიყავი, ფოტოები გადავიღე და პირობები კარგი იყო, მაგრამ როცა იქ ისე მოვხვდი, როგორც პატიმარი, მივხვდი, რომ ეს ის არ იყო, რაც თავის დროზე პრესას აჩვენეს და მეც გადავიღე.
სხვათა შორის, ამ მოვლენების ერთ-ერთი გარდაცვლილი ჩემი მეგობრის ძმაა.
– 26 მაისს გულისხმობ?
– არა... გამცემლიძე, რომელიც პატრულმა მოკლა, ჩემი მეგობრის ძმა იყო...
– რა ამის პასუხია და, მიშა თანამშრომლებთან ურთიერთობაში როგორი იყო?
– ხშირი კონტაქტი არ გვქონია... თუ ფოტოებთან დაკავშირებით რამე აინტერესებდა და მკითხავდა, ვპასუხობდი ხოლმე...
– ირაკლი, გლდანის ციხეში რამდენ ხანს იყავი?
– ორი კვირა...
– ციხემ რა მოგცა?
– ციხემ სხვა ცხოვრება დამანახა.
– საპყრობილემ უფრო ფრთხილი ხომ არ გაგხადა?
– ფრთხილი რა მხრივ?
– ვთქვათ, ყველაფერი უკან რომ დაბრუნდეს და ეს გამოცდილება გქონდეს ანუ ისევ პრეზიდენტის ფოტოგრაფი რომ იყო, მიტინგის დარბევას გადაიღებ?
– ვანო, იცი, რა არის? – მაშინ არ გადაიღებ, როცა პიროვნება, ვთქვათ, სააკაშვილი გიყვარს და მისი ფანატი ხარ, მაგრამ პროფესიონალმა ფოტორეპორტიორმა ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა გადაიღოს, თორემ სააკაშვილები წავლენ, შენ კი შენი პროფესია გაცხოვრებს! მთავარია, ქვეყანას და ხალხს არ უღალატო, თორემ მთავრობები იცვლებიან!
– სიტყვამ მოიტანა და, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაზე კარგად და ყველაზე ცუდად რომელი მთავრობა გახსოვს?
– (იცინის) ნაციონალების მთავრობაზე ცუდად რომელი დამამახსოვრდებოდა, მაგრამ ქვეყნის ყოფიდან გამომდინარე, ზვიადის შემდგომი წლები ძალიან ცუდი იყო, თუმცა ციხეში გატარებულმა ორმა კვირამ ყველაფერი გადაწონა...
– ბოლოს, აღიარება მაინც მიეცი და არ გერჩია, თავიდანვე ,,გეღიარებინა'' ანუ ,,გადასახარშად'' ორი კვირა რატომ დაგჭირდა?
– ,,გადასახარშად'' ორი კვირა არ დამჭირვებია – აღიარება ,,მოდულში'' მივეცი.
– აბა, მაშინვე რატომ არ გამოგიშვეს?
– არ ვიცი...
– მოდი, ისიც მომიყევი, ,,ოცნების'' ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სააკაშვილს რომ შეხვდი...
– სამეგრელოში, ტობავარჩხილზე მეუბნები?
– კი... მიშას შენი და ნათიას დანახვა არ გაუკვირდა?
– არა... არ ვიცოდი, რომ სააკაშვილი მოდიოდა, თორემ თვითონ მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ ვიქნებოდი.
– საიდან იცოდნენ?
– საერთოდ, ისეთ ადგილას, სადაც არ იციან, ვინ დახვდება, პრეზიდენტს არავინ უშვებს, თან ეს ჩვეულებრივი ფასიანი ტურისტული ტური იყო ანუ ტობავარჩხილის ნახვა გვინდოდა და მე, ნათია და ჩვენი მეგობარი ჩვეულებრივ ტურისტულ ჯგუფთან ერთად წავედით... ტელეფონი აღარ იჭერდა და გვითხრეს, პრეზიდენტი შემოგვიერთდებაო.
– ეს რომ გაიგე, რა განცდა დაგეუფლა?
– ჯერ გამიკვირდა, მერე ვიხუმრე, თუ ჩემი ნახვა უნდოდა, აქ რას მოდიოდა, თბილისში არ ვიყავი-მეთქი?!
– ირაკლი, ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ, რეაბილიტაცია გაგიჭირდა?
– რა თქმა უნდა, გამიჭირდა... შოკში ვიყავი, მაგრამ ხალხის დამოკიდებულებამ და ჩემი კოლეგების რეაქციამ – ჩვენი აგენტობა არავის სჯეროდა, მდგომარეობიდან გამომიყვანა. სხვათა შორის, ჩემი პროფესიაც დამეხმარა, რომ მწყობრში მალევე ჩავმდგარიყავი, თუმცა 8 თვე უმუშევარი ვიყავი.
– დამოუკიდებელი მედია გერიდებოდა?
– არა...
– ყველაფერმა იმან, რაც 2011 წლის ზაფხულში მოხდა, შენ შვილებზე კვალი დატოვა?
– რა თქმა უნდა.
– რამეს გეკითხებიან ხოლმე?
– არა...
– საერთოდ, მედალს ორი მხარე აქვს და ამ ,,გაჯაშუშებამ'' უფრო პოპულარული გაგხადა, არა?
– იცი, რა არის? – მე, როგორც ფოტორეპორტიორს, სახეზე, შეიძლება ითქვას, არავინ მცნობდა. ამ ამბის მერე კი ყველა მცნობს ანუ ყველაფერმა ამან, რა თქმა უნდა, უფრო ცნობადი გამხადა...
– და შენი ნამუშევრები, თუნდაც საერთაშორისო ბაზარზე, ხომ არ გაძვირდა?
– (იღიმება) არა, არა... ყველა სააგენტოს ფოტოზე თავისი ,,ნიხრი'' აქვს.
– ანუ, შენზე, როგორც ფოტორეპორტიორზე, მოთხოვნა არ გაიზარდა?
– არა. უბრალოდ, მეტი თავისუფალი დრო გამიჩნდა, თუმცა შეკვეთების რაოდენობაც ,,გავზარდე'', მაგრამ იმის გამო, რომ ,,ცნობადი'' ვარ, ფოტოების ფასი არ ამიწევია...
– ირაკლი, ,,აგენტობაზე'' არ ხუმრობ ხოლმე?
– ახლა უკვე ვხუმრობ...
– ხუმრობა იქით იყოს და, დევნოზაშვილი, რომელიც ახლახან დააპატიმრეს, ცხადია, შემსრულებელი იყო. ეს სცენარი ვინ დაწერა ანუ რეალური დამკვეთი ვინ იყო და არ უნდა დაისაჯოს?
– დიახ, უნდა დაისაჯოს, თუმცა ყველაფერს ძიება დაადგენს.
– ვიდრე ძიება დაადგენს, მითხარი, შენი აზრით, ვისი სცენარით ,,გაგაჯაშუშეს''?
– ვანო, ვერსიებს ვერიდები და გამწარებული კაცის პოზიციიდან არასოდეს ვილაპარაკებ. შეიძლება, მერაბიშვილი, ადეიშვილი და სააკაშვილი ჩამოვთვალო, მაგრამ ჩემს სიტყვაზე კი არ უნდა იყოს, როგორც მაშინ ხდებოდა, არამედ, ძიებით უნდა დადგინდეს, ვინ რა დააშავა და ყველა ამის მიხედვით დაისაჯოს.
– მესმის, მაგრამ თქვენი საქმის გახსნას ოთხი წელი დასჭირდა. კი ბატონო, ბრალდებას და, შესაბამისად, ნასამართლეობას ოთხივეს მოგიხსნიან, მაგრამ დამკვეთის დასჯას კიდევ ოთხი წელი უნდა ელოდო?
– კარგია, რომ საქმის გახსნას ოთხი წელი დასჭირდა.
– კარგი რატომაა?
– რატომ და, გამოძიების მეთოდები შეიცვალა, რაც კარგი ქვეყნისთვისაა. იგივე მეთოდები რომ ყოფილიყო და პრემიერს ან პრეზიდენტს მაგიდაზე მუშტი დაებრახუნებინა და ეთქვა, ეს და ეს დასაჯეთო, 2012 წლის არჩევნებიდან ორ თვეში გაგვამართლებდნენ და ვიღაცას დასჯიდნენ, მაგრამ ეს სამართლებრივი არ იქნებოდა...
მოკლედ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველას დანაშაული დოკუმენტებით ,,გამაგრდეს''...
სხვათა შორის, კიდევ ერთ რამეს გეტყვი: მე-8 საპყრობილეში გავბედე და დევნოზაშვილს ვუთხარი, ამ საქმეს ცუდად კერავთ და ნებისმიერი მაგარი ადვოკატი დაანგრევს-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, მოიცა, რა, ადვოკატიც მე ვარ, გამომძიებელიც, პროკურორიც და მოსამართლეც – ყველაფერი ისე იქნება, რასაც დავწერო. რაც თქვა, ყველაფერი ახდა – გამოძიებამ დაწერა, პროკურორი დაეთანხმა და ხელი მოაწერა, ადვოკატიც დაეთანხმა, მოსამართლეც და საპროცესო გაგვიფორმეს...
– საპროცესოს თანხა გადაიხადე?
– არა...
– ...მე-8-შიც გცემდნენ?
– არა, იქ ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა დევნოზაშვილი ორ დღეში ერთხელ მოდიოდა და ,,დაგვგრუზავდა'' ხოლმე.
– ,,მოდულში'' დევნოზაშვილმა გცემა?
– სხვებმა... სახეზე ყველა მახსოვს.
– ამ წლების განმავლობაში, მწამებლები არ შეგხვედრიან?
– არა...
– წესით, ისინიც უნდა დააპატიმრონ, არა?
– არ ვიცი... მთავარია, რომ დევნოზაშვილი დაპატიმრებულია, თორემ იქ ძალიან ბევრი ხალხი ტრიალებდა...
– ირაკლი, მომხდარმა ხომ არ გაგაბოროტა ანუ საშუალება რომ მოგეცეს, ვთქვათ, სააკაშვილზე შურს იძიებ?
– არა, შურისძიებაზე რომ ვიფიქრო, მათნაირი და მათზე უარესი გავხდები. მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო და ლუკმა-პური ასე მოვიპოვო.
– 2012-ში ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, ამ ქვეყანაში ცხოვრება არ გაგიჭირდებოდა?
– გამიჭირდებოდა, თუმცა ქვეყნიდან წასვლის შანსი, სამუშაოს გარანტით, რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი.
– რატომ?
– როცა მივლინებაში მივდიოდი, სამი-ოთხი დღის შემდეგ, დეპრესია მეწყებოდა და ვერ ვჩერდებოდი...
– ჰო, მართლა: შენს არქივში ბევრი გამოუქვეყნებელი კადრი ინახება?
– გადაღებაზე ყოველთვის რედაქციის დაკვეთით მივდიოდი და მასალაც რედაქციაში მიმქონდა ანუ რედაქტორი წყვეტდა, რა გამოქვეყნებულიყო და რა – არა. ისე, არ ყოფილა, რომ რამე მასალა, ჩემთან შეთანხმებით ან შეუთანხმებლად დაბლოკილიყო ანუ მომავლისთვის გადადებული კადრები არ მაქვს.
– ირაკლი, დამოუკიდებელი საქართველოს ფოტომემატიანე ხარ?
– (იცინის) არა, ამხელა ამბიცია არ მაქვს.
– მიშას ფოტოებს ,,ფოტოშპოში'' ამუშავებდი ხოლმე?
– არა.
– რატომ?
– რეპორტიორებს ყოველგვარი დამუშავება აკრძალული გვაქვს.
– წეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა: მას მერე, რაც ნასამართლეობა მოგეხსენება, მორალურ კომპენსაციას ხომ არ მოითხოვ?
– ამაზე არ გვიფიქრია და თუკი საქმე ანაზღაურებაზე მიდგება, ეს ფული ჩემს ოჯახში არ შევა და სხვა დანიშნულებას მოვუძებნი! ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილს ფინანსები ვერ აანაზღაურებს!
– ნაციონალები, თუნდაც ბრიფინგის გადასაღებად რომ მიდიხარ, რას გეუბნებიან ხოლმე?
– რა უნდა მითხრან? ერთი-ორმა მითხრა, თქვენი ამბავი საერთოდ არ ვიციო. გამიკვირდა, დეპუტატი იყავი და არ გევალებოდა, გცოდნოდა, ქვეყანაში რა ხდებოდა-მეთქი? ვანო, ჩვენი საკითხი ერთდაერთია, რომელზეც მაგათ ხმა არ ამოეღებათ!
სხვათა შორის, ამას წინათ, ბოკერიამ ჩვენზე, დაახლოებით, ასეთი განცხადება გააკეთა, სადავო საკითხი მტკიცებულებები იყო და საპროცესო შეთანხმებით სწორედ ამიტომ გათავისუფლდნენო ანუ პრაქტიკულად, აღიარა, რომ რაღაც ისე არ იყო. მეტი რაღა უნდა თქვას? – თვითონვე ვერ გარკვეულან, საქმეში ვინ რა და რატომ ჩადო.
– ჩვენში დარჩეს და, აგენტებს საპროცესო შეთანხმებით არ უშვებენ...
– კი ბატონო და მეტსაც გეტყვი, ჭკვიანი ხელისუფლება და კონტრდაზვერვის სამსახური, თუ აგენტს დააკავებს, კი არ აფიშირებს, ,,ურა, ურაო'', არამედ, გადმოიბირებს და ორმაგ აგენტად გახდის. ყოველ შემთხვევაში, ფილმებში ასეა.
– ისე, რომელი ქვეყნის ჯაშუშობას გაბრალებდნენ?
– არ ვიცი... შეიძლება, საქმეში წერია, მაგრამ მე, უბრალოდ, ის ვიცი, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში ვარ და ვხუმრობ ხოლმე, რომ გამიჭირდეს, ხომ უნდა ვიცოდე, რომელ ქვეყანას მივმართო, შენი გულისთვის დამიჭირეს და მიშველე-მეთქი...
– კოლეგების მაშინდელი რეაქციით კმაყოფილი ხარ?
– რა თქმა უნდა. ყველაფერი ეს უცხოურ მედიაში გავრცელდა და ჩვენი გათავისუფლება საერთაშორისო გამოხმაურებას მოჰყვა...
– ბოლო კითხვა შენ დამისვი, ირაკლი და, მოვრჩეთ...
– (იცინის) ეს ერთი საათი როგორ გამიძელი?
– კი იცი, ისეთებისთვის გამიძლია, რომ შენ ,,გასაძლები'' რა გჭირს?!
– მოდი, ერთსაც გკითხავ: ჩემი გჯერა?
– ცხადია, მჯერა. ისე, შენამდე გიორგი აბდალაძეს ვიცნობდი და ,,აბდალას'' ,,აგენტობა'' თავიდანვე სიცილადაც არ მყოფნიდა!..