"პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულმა გეგმამ, რომ "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების 25% უნდა გაიყიდოს, სომხეთში დიდი შფოთი გამოიწვია და ორი კვირაა, ვნებათაღელვა არ ცხრება. მიზეზი კი ისაა, რომ ეს კორპორაცია ფლობს იმ მაგისტრალურ გაზსადენს, რომლითაც რუსული გაზი საქართველოს გავლით სომხეთში გადის, მისი რეალური მყიდველი კი მხოლოდ ორი კომპანიაა - რუსული "გაზპრომი" და აზერბაიჯანული "სოკარი" და სწორედ "სოკარის" ინტერესების გამოა ერევანში დიდი პანიკა ამტყდარი. მეორე მხრივ, ქართველ ექსპერტთა ნაწილი კი მიუღებლად მიიჩნევს ამ 25%-ის "გაზპრომის" მიერ შეძენას", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ვინ იყიდის მაგისტრალური გაზსადენის 25%-ს / თბილისში "გაზპრომს" უფრთხიან, ერევანში - "სოკარს".
" საგულისხმოა, რომ იანვარში დიდი პროტესტი გამოიწვია ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის "გაზპრომის" ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან მოლაპარაკებამ სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურსა და საქართველოს მიერ რუსული გაზის დამატებითი მოცულობის შესყიდვაზე, რის გამოც თბილისში ხელისუფლება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს და აქციებიც მოეწყო. საბოლოოდ საქართველომ დამატებით ბუნებრივ აირზე შეთანხმება აზერბაიჯანთან გააფორმა. "ქართული ოცნების" წევრ რევაზ არველაძის განცხადებით, მაშინაც არ ყოფილა დიდი პროტესტი, მხოლოდ "წმინდა წყლის სპეკულაცია" იყო და თუკი "გაზპრომი" იყიდის აქციების 25%-ს, არც ამ შემთხვევაში ელოდება რაიმე სერიოზულ გამოსვლებს. ხელისუფლება კი იმას მიჰყიდის წილს, ვისი წინადადებაც ეკონომიკურად მომგებიანი იქნება. მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვაზე საუბარი ახალი არ არის. ჯერ კიდევ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილი გეგმავდა, აქციების 100% "გაზპრომისთვის" მიეყიდა, რასაც დიდი პროტესტი მოჰყვა ქვეყნის შიგნითაც და ბოლოს აშშ-ს ჩარევით ეს გარიგება ჩაიშალა. ახლა კი ეს თემა ისევ გააქტიურდა", - აღნიშნავს გამოცემა.
"გიორგი კვირიკაშვილმა 26 ნოემბერს პარლამენტში განაცხადა, რომ მთავრობა "საქართველოს რკინიგზისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" 25%-ის გასხვისებას გეგმავს. კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ბანკებთან მოლაპარაკება უკვე გამართა და კომპანიათა აქციების საფონდო ბირჟაზე განსათავსებლად ხელსაყრელ პერიოდს ელის. პრესაში პოტენციური მყიდველებიც უკვე დასახელდნენ - "სოკარი" და "გაზპრომი". ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მყიდველად განიხილება აზერბაიჯანული "სოკარი", რაც ერევანში დიდ შეშფოთებას იწვევს და ისმის კითხვა - რა ელის სომხეთს. "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" მართავს საქართველოში გამავალ ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი სომხეთს მიეწოდება. კვირიკაშვილის ეს განცხადება სომხეთისთვის მეხის გავარდნას ჰგავდა და ადგილობრივ მედიაში არ ცხრება განხილვა, თუ რამდენად სახიფათოა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტის იმ სახელმწიფოს ხელში აღმოჩენა, რომელსაც სომხეთთან ღია კონფლიქტი აქვს და მუდმივად მტრულ პროპაგანდას ეწევა", განაგრძოსბ გამოცემა.
"სომხური მედიის მტკიცებით, აზერბაიჯანის მიერ მაგისტრალური გაზსადენის შეძენა გამოიყურება, როგორც მინიმუმ, ბაქოს მხრიდან მიზანმიმართული გაზის ექსპანსიის სცენარის ნაწილი. იწერება, რომ რეგიონი არასტაბილურია, ამიტომაც სომხეთი ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყოს და მოლოდინია, რომ აზერბაიჯანი ძალაუფლებას ბოროტად გამოიყენებს. სომეხი ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ ერთი მხრივ, აქციების ყიდვა "სოკარს" შესაძლებლობას მისცემს ტრანზიტის ფასი განსაზღვროს; გარდა ამისა "სოკარმა" შესაძლოა წლის განმავლობაში გაზსადენის ფუნქციონირება შეაჩეროს იმ მოტივით, რომ აუცილებელია რემონტი, სომხეთს კი ლოდინი და გაყინვა ემუქრება. გია ხუხაშვილის თქმით, შეშფოთების საფუძველი აქვს საქართველოს, თუ აქციებს "გაზპრომი" იყიდის, სომხეთისთვის კი "სოკარი" საერთოდ არანაირ რისკს არ წარმოადგენს" - დასძენს გამოცემა.
"25%-ის გაყიდვა კომპანიას რაიმეს კონტროლის ფუნქციებს არ აძლევს. ამიტომაც აზერბაიჯანული მხარის სურვილიც რომ იყოს, ის ვერ შეძლებს იმოქმედოს ისე, რომ სომხური მხარის ინტერესები შეილახოს. "სოკარი" აზერბაიჯანული კი არის, მაგრამ ის საერთაშორისო ორგანიზაციაა, უფრთხილდება რეპუტაციას. ის მუშაობს საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში და ეს ვალდებულებები თავისთავად გულისხმობს, რომ შეუფერხებელი მიწოდება უნდა იყოს ასეთი სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის გავლით მხარეებს შორის ომიანობის შემთხვევაშიც კი. გასაგებია მედიაში ისტერიული მომენტები, მაგრამ ჩვენი სომეხი მეგობრები მინდა დავარწმუნო, რომ აქციების გაყიდვით სომხეთში გაზის მიწოდებას არანაირი საფრთხე არ შეექმნება. მათ კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ, რომ ჩვენ ვალდებულებებს ყოველთვის შევასრულებთ", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორ თორნიკე შარაშენიძის თქმით, "გაზპრომი" სახიფათო პარტნიორია, ის მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, ამიტომაც მისი შემოყვანა დაუშვებელია და თუკი ხელისუფლება ამაზე წავა, ეს სერიოზულ პროტესტს გამოიწვევს. - "სომხურ მედიაში რაც ხდება, ეს არის ისტერიკა და მეტი არაფერი. ამიტომაც არ მგონია, ამ გარიგებამ ერევანთან ურთიერთობა გააფუჭოს. "გაზპრომი" მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, "სოკარი" კი არავისთვის არ არის პრობლემა. გასაგებია, სომხეთს აზერბაიჯანთან აქვს პრობლემა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ? "გაზპრომის" თემა ჩვენთვის მძიმეა. ის ცუდი და სახიფათო პარტნიორია, ეს მთელმა მსოფლიომ აღიარა და ექსპერიმენტები ჩვენს თავზე რატომ უნდა გავაკეთოთ?! აქციების 25%-ის მიყიდვა საკმაოდ სერიოზულია. თან ჩვენ არ ვიცით, მმართველობის სტრუქტურა როგორი იქნება. შესაძლებელია ხმის მიცემის დროს "გაზპრომს" სერიოზული გავლენა ჰქონდეს და ბუნებრივია, ეს სასურველი არ არის", - მიიჩნევს შარაშენიძე, რომლის აზრით, "ხელისუფლებამ ძალიანაც რომ მოინდომოს, "გაზპრომს" აქციებს ვერ მიჰყიდის, იმიტომ, რომ ამაზე სერიოზული ამბავი ატყდება", - წერს სტატიის ავტორი.
"გაზპრომისთვის" აქციების მიყიდვა რომ თბილისში პროტესტს გამოიწვევს, ამაზე ექსპერტი გია ხუხაშვილიც საუბრობს. მისი თქმით, "გაზპრომთან" ურთიერთობები რომ არ გვქონდეს, ამის კომფორტი არ გვაქვს, მაგრამ ახალი და გრძელვადიანი ურთიერთობებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ამბობს, რომ შემაშფოთებელი და უგუნურება იქნება, თუკი "გაზპრომისთვის" გაზსადენზე კონტროლის გადაცემა მოხდება, რადგან "გაზპრომი" რიგითი კომპანია არ არის, ის მოსკოვისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ექსპანსიის გარკვეული ინსტრუმენტია და ეს რუსეთის პოლიტიკურ კონცეფციაში ღიად არის დაფიქსირებული. თანაც, ამავე კონცეფციაში მათ პირდაპირი ჩანაწერი აქვთ, რომ მზად არიან დაიცვან თავისი ინფრასტრუქტურა ნებისმიერი ხერხით და არა მხოლოდ რუსეთში. ამიტომაც "გაზპრომთან" ახალი გრძელვადიანი ურთიერთობების გაფორმების შემთხვევაში რუსეთიდან ნებისმიერი პროვოკაციაც კი არ არის გამორიცხული", - განაგრძობს სტატიის ავტორი.
"ქართული ოცნების" წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ არც ერთ შემთხვევაში რისკები არ არის - არც სომხეთისთვის და არც საქართველოსთვის, რადგან საკონტროლო პაკეტი 51%-ია და 75% საქართველოსი იქნება. ამდენად, ვერც ერთი მყიდველი ვერ შეძლებს იმას, რომ პროცესებზე რაღაც გავლენა მოახდინოს. - "სომხეთს, რა თქმა უნდა, ურჩევნია "გაზპრომმა" შეიძინოს, რადგან რუსეთთან ძალიან არიან კავშირში. საქართველოსთვის კი რუსეთი მტერია და რატომ უნდა უხაროდეს, მაგალითად, საქართველოს ის, რაც გაუხარდება სომხეთს? საქართველომ ის ვარიანტი უნდა აარჩიოს, რომელიც მისთვის ეკონომიკურად მისაღები იქნება", - აცხადებს რევაზ არველაძე, რომელიც მაინც არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" აქციები "გაზპრომს" მიჰყიდოს"- დასძენს სტატიის ავტორი.
"ნებისმიერ შემთხვევაში საქართველომ კარგად უნდა აწონ-დაწონოს, რომელი წინადადება იქნება უკეთესი. თუ ამ ამბავში გაითვალისწინებს პოლიტიკურ მოტივებს, მაშინ თავიდანვე უნდა გამოეცხადებინა საქართველოს - მე კი ვაცხადებ საერთაშორისო ტენდერს, მაგრამ რუსეთს არ მივაღებინებ მონაწილეობას, როგორც საქართველოს მტერსო. ვინაიდან ძირითადი განმსაზღვრელი ეკონომიკური ფაქტორებია, ღია ტენდერია გამოცხადებული და თუ "გაზპრომის" წინადადება უკეთესი იქნება, ვიდრე აზერბაიჯანის, მაშინ "გაზპრომი" გაიმარჯვებს... პოლიტიკურად რომ მივუდგეთ, "სოკარს" უკვე იმდენი რამ აქვს პრივატიზებული, რომ შესაძლებელია აქაც დაეჭვდე - კარგია თუ არა, დამატებით კიდევ რაღაც შეიძინოს "სოკარმა" საქართველოში. ასე რომ, ასე იოლი გადასაწყვეტი არ არის. ასევე შესაძლებელია სხვა მოთამაშეც გამოჩნდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რევაზ არველაძე.