საქართველოში ერი და ბერი სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. განსაკუთრებით რთულია ქვეყნის გარეთ მყოფი ქართველი პოლიტდევნილებისა თუ პოლიტძებნილების ხვედრი. ისინი ფიქრობენ, რომ კოაბიტაციის დასრულებით უდანაშაულობის დამტკიცებას შეძლებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ 9-წლიანი მახინჯი პოლიტიკის მსხვერპლი არიან.
ჩვენი რუბრიკის სტუმარი 11 წელი დევნილობაში მყოფი, ყველასათვის ნაცნობი ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძეა. მასზე ბევრი თქმულა, ბევრიც დაწერილა და ძველის გახსენებით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ მამალაძემ საქართველო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დატოვა, თუმცა სასამართლომ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ქრთამის აღებასა და შემოსავლების დამალვაში დასდეს. მისი ქონება (4-ოთახიანი ბინა ატენის ქუჩაზე) სახელმწიფო სარგებლობაში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, მამალაძის ოჯახი არნახული რეპრესიის მსხვერპლი გახდა - ბიძამისმა პროკურატურის ზეწოლისა და შანტაჟის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სცადეს დედის დაპატიმრებაც, მამამ ნერვიულობას ვერ გაუძლო და ინსულტით გარდაიცვალა, მეუღლე სამი მცირეწლოვანი შვილით უსახლკაროდ დარჩა, დააპატიმრეს სიძე (დის ქმარი), ნათესავები დაითხოვეს სამსახურებიდან.
ლევან მამალაძე: - ყველაზე სისხლიანი, დამნაშავე და აღვირახსნილი ხელისუფლების ასე უმტკივნეულოდ გადაბარება ცოტა წარმოუდგენელიც კი იყო.
შეგვძლებია ქართველებს მშვიდობიანი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა?
- ეს მხოლოდ ქართველების დამსახურება როდია, რომ არა ამერიკელებისა და ევროპელების ნება, მძიმე შედეგს მივიღებდით. საქართველოს ბედს ყოველთვის გარეშე ძალები წყვეტდნენ. მადლობა მათ, რომ სისხლი არ დაღვარეს და სააკაშვილი უმტკივნეულოდ მოაშორეს. მათ რომ არ ეღიარებინათ ივანიშვილის გამარჯვება, კარგად იცით, რაც მოხდებოდა.
გამოდის, ივანიშვილი დასავლური პროექტია, არადა, მას რუსულ პროექტად მოიხსენიებენ.
- რუსეთმა საქართველო ხელიდან გაუშვა. ბუნებრივია, ისევ შეეცდება გავლენის მოპოვებას, მაგრამ საქართველოში დასავლური და ამერიკული გავლენა თუ კონტროლი იმდენად დიდია, რუსეთის შანსი მცირდება... სააკაშვილის ხელშეწყობით რუსეთმა საქართველოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ჩამოაჭრა და ამის იურიდიულად გაფორმებას ცდილობს.
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ივანიშვილის პერსონასაც, რადგან მას ჰქონდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსი, რომლითაც სააკაშვილს გაუწევდა კონკურენციას და გაუწია კიდეც. განმსაზღვრელი ფაქტორი კი ევროპისა და ამერიკისთვის ქართველი ხალხის მოთმინებით სავსე ფიალა აღმოჩნდა. მათ კარგად გააცნობიერეს, რომ ხალხი კულმინაციამდე იყო მისული, შეიძლებოდა პროცესები უმართავი გამხდარიყო, გამოსავალი კი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლა გახლდათ.
ახალაია დაიჭირეს, ჭორი გავრცელდა, უშვებენო, მაგრამ ჯერ მაინც ციხეშია, მერაბიშვილიც დაიჭირეს... ეს ნიშნავს, რომ სამართლიანობა აღდგება?!
- სანახაობა ჩემზე არ მოქმედებს, სააკაშვილი ამას 9 წელი აკეთებდა! თუ იჭერ, დანაშაულიც უნდა დაუმტკიცო, მყარი ფაქტებითა და არგუმენტებით. ახალაიებზე ლეგენდები დადიოდა - ეს მოკლა, ის დაახრჩო, იმას წამებით სული ამოხადაო, სად წავიდა ეს ხალხი?! ვერ წარმოვიდგენდი, თუ ახალაიაზე მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენდნენ! არ მინდა სანახაობა, რადგან ამის მსხვერპლი მეც ვარ. სწორედ მოსყიდული პრესითა და ტელევიზიით შექმნა სააკაშვილმა ჩემგან მონსტრი. რომ გავენადგურებინე, რა არ დამაბრალა... მე და ჩემს ოჯახს 11 წელია გვდევნიან, სააკაშვილის ხუშტურებს შეეწირა ბიძაჩემის სიცოცხლე, ჩემი ახლობლების დაწიოკება. თქვენ ჩემს საქმეში თუ ჩაგიხედავთ?
არა, მაგრამ ბრალი რაზეც წაგიყენეს, ვიცი...
- არანაირი მტკიცებულება, არც ერთი ფაქტი, რომ რაიმე დანაშაული მიმიძღვის ქვეყნის, ერის ან ვინმეს წინაშე, არ არსებობს! ყბადაღებული ოქრო, რანჩოები და ნიანგები საქმეში არ არსებობს. ეს ყველაფერი სააკაშვილის დადგმული შოუ იყო, თითქოს ლევან მამალაძე შავი რაშით დადიოდა ნიანგებზე სანადიროდო. სად წავიდა შავი რაში? ან ნანადირევი ნიანგები? მიშა ცდილობდა, ხალხის თვალში უკანასკნელ კაცად წარმოვეჩინე და მერე ქართველებს ტაში დაეკრათ, ეს რა მონსტრი მოგვაშორაო.
ბიძაჩემი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, აშანტაჟებდნენ! ჩემი ძმა გააქციეს, სიძე დაიჭირეს, მამას ინსულტი დამართეს და გარდაიცვალა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დამიწიოკეს, საქართველოდან ძლივს დააღწიეს თავი, რომ სააკაშვილს მძევლად არ აეყვანა.
რომელი ერთი ჩამოვთვალო? მიშას მიერ რეპრესირებულებს რეაბილიტაცია სჭირდებათ და ეს უპირველესად სამართლიანობის აღდგენით უნდა დაიწყოს.
როგორც ვიცით, თქვენი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი იყო. მას არ მიმართეთ?
- კბილაშვილი ამბობს, მე მხოლოდ სამოქალაქო ნაწილში ვიყავიო, თუმცა საქმეში ყველაფერი გაერთიანებულია. მან ყველაზე კარგად იცის, რა "ბრალიც" მიმიძღვის. მივმართე, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებისგან არ იყო ასეთი საქმეების განხილვის ნება და პროკურატურამ მიგვითითა, დავლოდებოდით კანონს, რომელსაც პარლამენტი უახლოეს მომავალში მიიღებს. კანონი მზადდება, რომელიც ამგვარი საქმეების გადახედვა-გადასინჯვას ითვალისწინებს, ეს კანონი ვენეციის კომისიამაც მოიწონა, მაგრამ პარლამენტს ჯერ არ განუხილავს და შესაძლოა, არც მიიღოს, რადგან არსებობს სხვა სახის საქმეები. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში თეთრზე შავით წერია: თუკი სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოტანილია განაჩენი, არსებობს ახალაღმოჩენილი გარემოებები, პროკურატურას უფლება აქვს, საქმე თავიდან განიხილოს, დადოს დასკვნა და გადაგზავნოს სასამართლოში. მოქალაქესაც აქვს უფლება, პროკურატურას საქმის გადახედვის მოთხოვნით მიმართოს. მე ამის უფლებაც არ მომცეს. ჩემი საქმე თავიდან ბოლომდე ახალი გარემოებაა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს.
თქვენმა ყოფილმა ადვოკატმა, რომელიც საქმეს კარგად იცნობდა, გადახედვაზე უარი გითხრათ?
- სამწუხაროდ, ამას კბილაშვილი ვერ წყვეტდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ჯერ არ იყო ამის ნება. უცნაურია, მაგრამ ზოგი დღესაც სააკაშვილის პიარის გავლენის ქვეშაა. წაიკითხონ ჩემი საქმე და ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნდებიან. მე ხომ წარმოუდგენელს არაფერს ვითხოვ, მხოლოდ საქმის გადახედვა მინდა. ჩემი შვილები გაიზარდნენ და საქართველოს მხოლოდ ვირტუალურად იცნობენ. სამშობლოში დაბრუნება გვინდა, ეს არის ჩვენი ოცნება!
როგორც ვიცით, პარლამენტმა პოლიტდევნილთა სიიდან ამოგიღოთ, რატომ?
- კი, ამომიღეს, იმ კანონს დაელოდეთ, პარლამენტი რომ მიიღებსო. ჯერ პატიმრები გვყავს გამოსაშვები და თქვენი გვარები ხმაურს გამოიწვევს, მეორე სიაში ჩაგსვამთო. ემზარ კვიციანიც ასე ამოიღეს სიიდან.
მეორე სიაში ხმაურს არ გამოიწვევთ?
- რეალური მიზეზი პოლიტიკური კონიუნქტურაა და სხვა არაფერი. არც პარლამენტის კანონი მინდა და არც პოლიტსტატუსი, საქმის გადასინჯვას ვითხოვ!
როგორც ვიცი, პოლიტიკური თავშესაფარი არც ერთ ქვეყანაში არ გაქვთ. ამ მოთხოვნით არ მიგიმართავთ?
- საფრანგეთს ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრეს. მოგეხსენებათ, პოლიტდევნილობაში პირველი მერცხალი გახლდით და მძიმე ხვედრი მერგო - როცა საფრანგეთის კონსულის მოადგილე პატრის მატონს თავშესაფრის მოთხოვნით მივმართე, ძლივს ავუხსენი, როგორი დევნილი ვიყავი. ვერ წარმოედგინა XXI საუკუნეში მსგავსი რამ. ვერა და ვერ ავუხსენი, რომ 2003 წელს გავხდი დეპუტატი და გამიუქმეს მანდატი, ეს ვერ გავაგებინე, რას ნიშნავდა და... თან მიშა ხომ მათთვის დემოკრატიის შუქურა იყო.
უარი რატომ გითხრეს?
- თავშესაფრის საქმე უკვე დადებითად იყო გადაწყვეტილი, რომ მოულოდნელად უარი მითხრეს.
გაირკვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოვიდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ხელს მაშინდელი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი აწერდა. დარწმუნებული ვარ, ეს პირადად სააკაშვილის დავალებით მოხდა. წერილში ეწერა, რომ ყველა იმ პირს, რომლებიც შევარდნაძის ხელისუფლებას წარმოვადგენდით, საზღვარგარეთის პასპორტები გაუქმებული გვქონდა და ჩვენთვის არ შეიძლებოდა სტატუსის მონიჭება. სანამ საფრანგეთმა გაარკვია, რაშიც იყო საქმე, უარი მივიღე. საფრანგეთს იმიტომ მივმართე, რომ დსთ-ის ქვეყნებში პოლიტდევნილის სტატუსის მიღების პროცედურა არ არსებობს.
დღეს ახალი პრეზიდენტი და ახალი პრემიერ-მინისტრი გვყავს, რას ელით?
- ვფიქრობ, ივანიშვილმა აქაც სწორი გათვლა გააკეთა, რადგან ღარიბაშვილსაც და მარგველაშვილსაც სუფთა წარსული აქვთ და გადაწყვეტილების მიღებაში მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ. ვფიქრობ, ახალი ხელმძღვანელობა აბობოქრებულ პოლიტიკურ ფონს დააცხრობს და დააბალანსებს. აქამდე ბევრი ამტკიცებდა, ქვეყნის მეთაური ქარიზმატული უნდა იყოსო... მამა და მარჩენალი მიშას ქარიზმა გამოიხატებოდა მუშტის რახუნში, სხვა ქვეყნის პრეზიდენტების შეურაცხყოფაში, ჰალსტუხის ყლაპვასა და სიგიჟეებში. ეს ექსპერიმენტი დასრულდა, ახლა საქართველოში მშვიდი ეპოქა იწყება.
"ნაცების" სახით, ახალ ხელისუფლებას კარგი მაგალითი აქვს, როგორ არ უნდა მართო სახელმწიფო, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ მოქალაქეს, როგორ არ უნდა გათელო ფეხქვეშ საკუთარი ქვეყნის ინტერესები! მინდა მჯეროდეს, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილთან ერთად წარსულს ჩაჰბარდება და ახალი ხელისუფლება დემოკრატიისკენ სვლას სამართლიანობის აღდგენით გააგრძელებს.