რამდენიმე დღის წინ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე თვეა, საპატრიარქოში მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო და მოკვლევის შედეგად არაერთი კორუფციული გარიგებისა და ეკლესიის ქონების დატაცების ფაქტი გამოვლინდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსს, მეუფე თეოდორეს მილიონნახევარ დოლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი ჩამოერთვა და საპატრიარქოს გადაეცა. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, აქტუალური გახდა კითხვა - ვისი დახმარებით და რა სქემით დაეუფლა ვერაზე ჯანაშიას #2-ში მილიონნახევარ დოლარად შეფასებულ პენტჰაუსს მეუფე თეოდორე (ჭუაძე) და მოგვიანებით, რატომ გადაეცა ქონება საპატრიარქოს?
ამ კითხვაზე პასუხის ძიებაში, რამდენიმე ვერსია მედიასაშუალებებში უკვე დაიბეჭდა. თუმცა ,,ვერსიას'' წყარომ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, სრულიად განსხვავებული ვერსია მიაწოდა. ჩვენი კონფიდენტის მტკიცებით, ე.წ. პენტჰაუსის სკანდალის უკან, პაატა ბურჭულაძე და რუსთავის ყოფილი მერი მერაბ ტყეშელაშვილი დგანან. რა კავშირი აქვს მსოფლიო ბანს არქიტექტორ ტყეშელაშვილთან და ამ ორივეს ერთად, ჯანაშიას #2-ში მდებარე ქონებასთან? რატომ გადაიფორმა პენტჰაუსადმონათლული სახლი ჯერ მეუფე თეოდორემ და შემდეგ რატომ ჩამოართვა მას ქონება საპატრიარქომ? ,,ვერსია'' შეეცადა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაც გადაემოწმებინა და ამ კითხვებზე პასუხიც მოეპოვებინა.
სანამ იმას გიამბობთ, რა გამოვარკვიეთ, კონფიდენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უფრო დეტალურად მოგაწვდით. მაშ ასე, ,,ვერსიის'' წყაროს განმარტებით: ,,ჩემი ინფორმაციით, ,,პენტჰაუსის სკანდალი'' პაატა ბურჭულაძისა და მერაბ ტყეშელაშვილის ერთობლივი მორიგი თაღლითობაა. ტყეშელაშვილი იყო ბურჭულაძის ფინანსების განმკარგავი და პოლიტიკური მომლაპარაკებელი, ამავე დროს, მათ აქვთ ერთობლივი სამშენებლო კომპანია. ფირმა, რომლის მეწილეც იყო მეუფე თეოდორეს პირდაპირ საპატრიარქოსთანაა კავშირში, უფრო სწორად, პაატა ბურჭულაძე საპატრიარქოს ,,კრიშით'' ჩალიჩობდა ასეთ რამეებს და 1000 დოლარად მიიღო უზარმაზარი ტერიტორია და ფართი. წარმოუდგენელია, 1000 დოლარად ამხელა ტერიტორიის ჩუქება. როგორც ჩანს, მეუფე იყო ფასადი და რეალურად, მთელი შემოსავალი პაატა ბურჭულაძისა და მერაბ ტყეშელაშვილის ჯიბეში მიდიოდა. ასევე ვიცი, რომ ტყეშელაშვილი იმ შენობაში რესტორანსაც ხსნის. ნამდვილად ვიცი, რომ მათ აქვთ ერთობლივი სამშენებლო ფირმა და სავარაუდოდ, ეს ფირმა სწორედ ამ ტერიტორიაზეა. ნებისმიერ შემთხვევაში, რადგან საპატრიარქოს უკავშირდება ეს საკითხი, საპატრიარქოსთან ახლოს სწორედ ბურჭულაძე იყო, მერაბ ტყეშელაშვილს და პაატა ბურჭულაძეს კი საკმაოდ ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბურჭულაძე საპატრიარქოსთან კავშირს ამ თაღლითობებისთვის იყენებდა''.
ვითარებაში უკეთ გასარკვევად, ,,ვერსია'' თარხნიშვილის #2-ში მივიდა, სადაც მოსახლეობამ დაგვიდასტურა, რომ ყოფილი სამშობიაროს ტერიტორიაზე კაფე-რესტორანი მართლაც იხსნება; რაც შეეხება, ქონების გადაცემის საკითხს, გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს სამშობიარო სახლი თავდაპირველად სახელმწიფოსგან გადაეცა. შემდეგ, ტენდერის გარეშე, ტერიტორია და შენობის 65% კომპანია ,,ემჯიაის'' (იმ პერიოდში, ამ კომპანიის მფლობელი მანანა შარაშიძე გახლდათ), ხოლო 35% - მეუფე თეოდორე ჭუაძის მფლობელობაში, სულ რაღაც 1000 დოლარად გადავიდა. ,,ემჯიაის'' 100%-იან წილს ფლობს შპს ,,ნიუ აჭარა'', რომელშიც მერაბ ტყეშელაშვილს 33%-იანი წილი აქვს. ,,ვერსიამ'' საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე ისიც გაარკვია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შენობის ნაწილი, (253 კვ. მ), კომპანია ,,ემჯიაისგან'' მერაბ ტყეშელაშვილმა გადაიფორმა. სავარაუდოდ, სწორედ 35%-იანი წილის სანაცვლოდ მიიღო მეუფე თეოდორემ იმავე ადგილას აშენებულ მრავალსართულიან კორპუსში მილიონნახევრად შეფასებული პენტჰაუსი, რომელიც საპატრიარქომ ახლახან ჩამოართვა.
,,ვერსიამ'' ისიც გაარკვია, რომ მას შემდეგ, რაც ,,ეიმჯიაისგან'' ქონება ტყეშელაშვილმა გადაიფორმა, სამშენებლო კომპანიამ ,,გუმბათი ჯგუფი'' შენობის საცხოვრებელი და საოფისე ფართების გაყიდვა დაიწყო და ამ მიზნით, შესაბამისი რეკლამაც ინტერნეტში განათავსა. სხვათაშორის, ,,ვერსიის'' დადასტურებული ინფორმაციით, კომპანია ,,გუმბათის'' მეწილეც პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული ,,საქართველოს განვითარების ფონდის'' სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მერაბ ტყეშელაშვილი გახლავთ. ტყეშელაშვილი ,,გუმბათში'' 16,7%-იან წილს ფლობს.
საინტერესოა, როგორ მოხვდა საპატრიარქოსთან დაახლოებული პირის, ბურჭულაძის პარტნიორის ხელში საპატრიარქოს ყოფილი სამშობიარო სახლი? სხვათაშორის, ამ სამშობიაროს სანაცვლოდ, საპატრიარქომ სახელმწიფოსგან ორთაჭალაში მდებარე ჰოსპიტალი მიიღო, რომელსაც დღეს, ,,ემჯიაის'' წილიდან ტყეშელაშვილის მიერ გაყვანილი მანანა შარაშიძე ხელმძღვანელობს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ჰოსპიტლის გარემონტება ,,ემჯიაის'' დაევალა და მან დაკისრებული ვალდებულება სრულად არ შეასრულა, თუმცა ეს საუბრის სხვა თემაა.
სამაგიეროდ, ჩვენი დღევანდელი სტატიის თემასთან, შეიძლება, კავშირში იყოს ინფორმაცია, რომელიც ,,ვერსიამ'' არც ისე დიდი ხნის წინ გამოაქვეყნა - ბურჭულაძემ მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის თანხა გაფლანგა და პატრიარქმა ტაძრის მშენებლობაში რაიმე სახის მონაწილეობა, კატეგორიულად აუკრძალაო. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო ბანის პარტიას არაერთი ადამიანისა და ორგანიზაციის ვალი დაუგროვდა, ადვილად შესაძლებელია, მივხვდეთ, ბურჭულაძის გვარი მსგავს ფინანსურ მაქინაციაში რატომ დაფიქსირდა. ლოგიკურ ჯაჭვს რომ გავყვეთ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ვერსია, რომლითაც არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ მას არსებობის უფლება ნამდვილად აქვს და იმაზე გვიქმნის შთაბეჭდილებას, როგორ იხეირა მსგავს სიტუაციაში ,,ახლადგამომცხვარმა'' პოლიტიკოსმა, საპატრიარქოსთან კავშირიც გამოიყენა, არაა გამორიცხული, ამაში მანანა შარაშიძეც დაიხმარა და თავის პარტნიორ არქიტექტორს ხელში საკმაოდ ძვირადღირებული ქონება ჩააგდებინა. ამ ,,სძელკიდან'' შარაშიძეც მოგებული გამოვიდოდა, თვითონ ბურჭულაძეც, ტყეშელაშვილიცა და საპატრიარქოც.
აი, ამ უკანასკნელმა, აღნიშნულ საკითხს, ვრცელი ოფიციალური განცხადებაც მიუძღვნა, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ: ,,აღნიშნული ბინა რეალურად მეუფის არასოდეს ყოფილა და ამიტომ ვერც ჩამოერთმეოდა. ეს იყო საპატრიარქოსთვის განკუთვნილი შპს MGI-ს 35%-ის შესაბამისი ფართი, რომელიც დროებით გაფორმდა მეუფე თეოდორეზე, როგორც საპატრიარქოს წარმომადგენელზე, ხოლო მშენებარე ობიექტის იპოთეკისა და სხვა ვალდებულებებისაგან გათავისუფლების შემდეგ გადაეცა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოს. ეს ბინა პენტჰაუსი არ არის, იგი ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაშია. მისი მთლიანი ფართი 269 კვ/მ-ია და, რა თქმა უნდა, ღირებულებაც მილიონნახევარზე ბევრად ნაკლებია. ამ ბინაში კათალიკოს-პატრიარქი ორი წლის წინ ბრძანდებოდა, მეუფე თეოდორე კი არასდროს ყოფილა. ასე რომ, არანაირ „კორუფციულ გარიგებას'' და „ამ გზით ფართის დაუფლების ფაქტს'' ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, საპატრიარქოში, „მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი სასულიერო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესწავლის“ დავალების მქონე არც პიროვნება და არც ჯგუფი არ არსებობს. როგორც განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, არსებობენ ადამიანები, რომელნიც მიზანმიმართულად თხზავენ და ავრცელებენ ცილისმწამებლურ სტატიებს ეკლესიის წიაღში მყოფი ამა თუ იმ პიროვნების „დანაშაულებრივ გარიგებებზე“ ეკლესიის ქონებასთან მიმართებაში. გავიხსენოთ „სნოს'' წყლის ამბავი და 15-მილიონად მისი „გაყიდვა“, ან ხაშმის ღვინის ქარხნის „სარფიანი გასხვისება“... ჟურნალისტები სარგებლობენ იმით, რომ სასულიერო პირებს არ სჩვევიათ თავის მართლება და მოთმინებით იტანენ პირად შეურაცხყოფას, მაგრამ აღნიშნულიც და სხვა მრავალი ფაქტიც უკვე დიდი ხანია პირადულ ფარგლებს გასცდა და შავი პიარის სახე მიიღო. გარკვეულ პიროვნებებს აქვთ მცდელობა, ერთი მხრივ, ეკლესიის დისკრედიტაციისა და მისი ავტორიტეტის შერყევისა და, მეორე მხრივ, ეკლესიაში შიდადაპირისპირების შექმნისა. ამ ადამიანებს ტყუილად ჰგონიათ, რომ ასეთი ქმედება მათთვის სასურველი შედეგის მომტანი იქნება. საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც კარგად ხვდება, რაშიცაა საქმე. რა თქმა უნდა, დროებითია ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მიმწოდებელთა ინკოგნიტო მდგომარეობაც. სახარება ბრძანებს და ცხოვრებაც ადასტურებს, რომ „არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს'', ხოლო ვინც რას აკეთებს, თავის თავს უკეთებს''.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქომ განცხადება იმ მიზნით გაავრცელა, ბურუსითმოცული საკითხი ყველასთვის გასაგები გამხდარიყო, ,,პენტჰაუსის სკანდალთან'' დაკავშირებით, მაინც არაერთი უპასუხო კითხვა რჩება. მაგალითად, რა კავშირშია ამ ყველაფერთან მეუფე თეოდორე? რატომ გადაეცა მას თავის დროზე აღნიშნული ქონება? საინტერესოა ისიც, რატომ გადაეცა კომპანია ,,ემჯიაის'' მფლობელობაში ძვირადღირებული ქონება სულ რაღაც 1000 დოლარად? რატომ დაინტერესდა ამ ფართით მერაბ ტყეშელაშვილი?
,,ვერსია'' ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად და ასევე იმის გასარკვევადაც, აქვს თუ არა ,,პენტჰაუსის საქმესთან'' შეხება პაატა ბურჭულაძეს, მერაბ ტყეშელაშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც თავდაპირველად, ამ საქმესთან ყველანაირი კავშირი უარყო:
- ბატონო მერაბ, საპატრიარქოს ყოფილი სამშობიარო სახლის მფლობელი დღეს თქვენ ხართ, ხომ? გადამოწმებული ინფორმაციით, შენობა თარხნიშვილის 2-ში თქვენს მფლობელობაშია.
- არასწორია ეს ინფორმაცია. ეგრე არ იქნება, რაღაც გეშლებათ.
- აბა, ვის სახელზეა ახლა ეს შენობა?
- ,,ემჯიაის'' სახელზეა. სამშობიარო სახლი დაანგრია და ააშენა სამშობიარო სახლი, 6-სართულიანი სახლია და მე არქიტექტორი ვარ და მაგიტომ ვიცი.
- ისიც გეცოდინებათ, მილიონნახევრიანი პენტჰაუსი თეოდორე ჭუაძეს ეკუთვნოდა თუ არა?
- ეგეც ტყუილია, არავითარი მეუფე არ არსებობს, მე ვიცი, რომ ამ კაცს ტყუილად მოსცხეს ჩირქი.
- აბა, ვის სახელზე იყო ეს ქონება?
- ჯერ ერთი ეს პენტჰაუსიც არაა, არის ჩვეულებრივი სამოთახიანი ბინა. დაპროექტებული არაა ეგრე. აქედან გამომდინარე, არანაირი პენტჰაუსი არ არსებობს და არავითარ მეუფეს არ აქვს ის.
- ანუ, მეუფე თეოდორე არაფერ შუაში იყო და საპატრიარქოს ეკუთვნოდა ეს წილი?
- კი ბატონო, არაფერ შუაში არ იყო.
- კომპანია ,,ემჯიაიმ'' მართლა 1000 დოლარად იყიდა ეს ქონება?
- არ ვიცი, მიმართეთ კომპანიის ხელმძღვანელობას. ,,ემჯიაის'' საქმიანობის შესახებ არაფერი ვიცი.
- ანუ, უარყოფთ, რომ ეს შენობა ახლა თქვენს სახელზეა?
- დიახ, უარვყოფ. რაღაც გეშლებათ.
- დოკუმენტის თანახმად, თქვენ გადაიფორმეთ კომპანია ,,ემჯიაისგან'' ფართი თარხნიშვილის #2-ში...
- არ არსებობს ეგეთი რამე. შეიძლება, ერთი ბინა იყოს, ან რაღაცა, არ არსებობს ეგეთი რაღაცა.
- ანუ, შენობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი გადაიფორმეთ?
- არაფერი არ მაქვს მე მაგ შენობაში, აბსოლუტურად არაფერი. არასწორ ინფორმაციას ფლობთ. შეიძლება, ჩემი მოგვარე იყოს ვინმე. გულწრფელად გეუბნებით.
- კომპანია ,,გუმბათი ჯგუფი'' ყიდდა ამ შენობიდან საოფისე ფართებს. ამ კომპანიაში, ჩვენი ინფორმაციით, თქვენც გაქვთ წილი.
- კომპანია ,,გუმბათი ჯგუფი'' აშენებდა და მე არავითარი წილი არ გამაჩნია ამ კომპანიაში.
- თქვენ გაქვთ სამშენებლო კომპანია?
- რაში გაინტერესებთ?
- კონფიდენციალურმა წყარომ გვითხრა, რომ შესაძლებელია ამ ყველაფრის უკან პაატა ბურჭულაძე იდგეს. ამაზე რას იტყვით?
- თქვენ ალბათ ღადაობის ხასიათზე ხართ და ეღადავეთ იმას, ვინც ეგ კონფიდენციალური ინფორმაცია მოგცათ.
ამის შემდეგ, მერაბ ტყეშელაშვილს საჯარო რეესტრის დოკუმენტები გადავუგზავნეთ, სადაც აღნიშნულ კომპანიებში მისი წილებიც ფიქსირდება და ისიც, რომ შესაბამისი ქონება, თარხნიშვილის #2-ში, ,,ემჯიაისგან'' იყიდა. პარალელურად, ვთხოვეთ, ეპასუხა შემდეგ კითხვებზე: თარხნიშვილის #2-ში მდებარე 253 კვ.მ ფართი გადაიფორმა თუ არა შპს „ემჯიაისგან“, რაც საჯარო რეესტრის დოკუმენტშია მითითებული? რა კავშირშია ეს ფირმა საქართველოს საპატრიარქოსთან, რომლის 35%-იან წილს ფლობდა მეუფე თეოდორე ჭუაძე, რაც დასტურდება ასევე საჯარო რეესტრის დოკუმენტებით? პენტჰაუსი, რომელიც თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარეობს და რომლის მფლობელიც იყო მეუფე, რატომ დაუბრუნდა საქართველოს საპატრიარქოს და არის თუ არა „ემჯიაისთან“ და მერაბ ტყეშელაშვილის ბიზნესთან კავშირში პაატა ბურჭულაძე?
ყველა ამ კითხვაზე, მერაბ ტყეშელაშვილმა, ერთი, მოკლე პასუხი მოგვწერა: ,,მე მგონი თქვენ ერთობით. მაპატიეთ და უაზრო შეკითხვებს რა პასუხი უნდა გავცე. რაც შეეხება 250 კვ.მ-ს, კი, ნაყიდი მაქვს ფართი. გმადლობთ