ოკუპირებული ტროტუარები

ოკუპირებული ტროტუარები

„საქართველოს დაკარგულ ტერიტორიათა ჩამონათვალში შედის: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და ტროტუარები“, _ ამ სიტყვებს Facebook-ზე წავაწყდი და მისი ავტორი, ჩემი ერთ-ერთი ვირტუალური, უმანქანო მეგობარია. 
ქუჩის გადაკვეთისას რომ სიფრთხილეს იჩენდე და ორივე მხარეს ამოწმებდე (თუნდაც ცალმხრივი მოძრაობის შემთხვევაში), არც ისე გასაკვირია, მაგრამ როცა ტროტუარზე მოძრაობისას ფიქრებში ჩაფლულს უკუსვლით მომავალი „ჯიპის“ გაბრაზებული მძღოლი დაჟინებით გისიგნალებს (ალბათ გულში გაგინებს კიდეც), გაიძულებს, გვერდზე გაიწიო და შენ ცხვირწინ აჩერებს მანქანას, ცოტა არ იყოს უცნაურია. ასევე ოდნავ უცნაურია, როცა მეტროში ჩასასვლელს რამდენიმე მანქანა ხერგავს და იმისთვის, რომ ქვემოთ ჩააღწიო, აკრობატული ილეთების შესრულება და იმ ელასტიკურობის გამოვლენა გიწევს, რომელიც შენს სხეულს შეიძლება არც ჰქონდეს მომადლებული. ხშირად გიგანტური მანქანა გხვდება შენი სადარბაზოს წინაც, ზუსტად შესასვლელისთვის გამოყოფილ სივრცეში „კოხტად“ მოთავსებული და აქაც გიწევს „შემოვლითი გზებით“ სიარული დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად.
ისეთი ტროტუარებიც ხომ ბლომად გინახავს, რომლებზეც გაქვავებული მანქანების რაოდენობა ფეხით მოსიარულეთა რიცხვს ბევრად აღემატება? 
ამ ყველაფერს იმდენად შევეჩვიეთ, რომ უკვე რთულია პროტესტის გრძნობა აღგვეძრას, გაცილებით მარტივია წლების განმავლობაში გამომუშავებულ რეფლექსს დავემორჩილოთ და „ოკუპანტ“ მანქანებს უხმოდ ავუაროთ გვერდი. თუმცა ეს „სტრატეგია“ დიდად ვერ ამართლებს, რადგან ოკუპანტების რიცხვი თვიდან თვემდე იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ „პარტიზანი ქვეითები“, რომლებიც სოციალურ ქსელში ხმამაღლა გამოთქვამენ პროტესტს ამ მანქანების წინააღმდეგ და მოითხოვენ ტროტუარების დეოკუპაციას. ამასთან, ქვეყანაში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ტროტუარებზე მანქანების გაჩერებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ტროტუარზე დგას სპეციალური საგზაო ნიშანი, თუმცა ტროტუარების ოკუპაცია იმდენად შეუქცევად პროცესად იქცა, რომ მასზე კანონმაც კი ჩაიქნია ხელი და უბრალოდ სხვა მხარეს გაიხედა. 
ჰოდა, თუ „პატრულმა“, მერიამ, „სიტი პარკმა“ გაგვწირა, ქვეითებს რაღა დაგვრჩენია, როგორ დავიცვათ ჩვენთვის გამოყოფილი სივრცე, რომელსაც ყოველდღიურად გვივიწროებენ? ალბათ ჩვენც უნდა ჩავიქნიოთ ხელი და შევეგუოთ არსებულ რეალობას, გულებში ღრმად ჩავიმარხოთ პარტიზანული სულისკვეთება, დავიოკოთ პროტესტის გრძნობა, რაც იმას ნიშნავს, რომ: 
არ უნდა დავკაწროთ ძვირადღირებული ოკუპანტები. 
არც საბურავები უნდა დავუხვრიტოთ. 
არც ნაგავი უნდა დავაყაროთ სახურავებზე. 
არც მძღოლების დედები უნდა მოვიკითხოთ მტვრითა და ჭუჭყით დაფარული მინებიდან. 
ეს ყველაფერი არ უნდა გავაკეთოთ, რადგან კანონი გვიკრძალავს. სწორედ ის კანონი, რომელსაც ოკუპანტები არ ემორჩილებიან და ამისთვის არც ისჯებიან, მაგრამ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ, თორემ დავისჯებით. სხვა სიტყვებით _ „ჯიპიან კაცთან ქვეითსა, როდის გასვლია მართალი“. 
სამაგიეროდ ქართველები ხომ ბუნებით ოპტიმისტები ვართ, ამიტომ ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე მეტად გვეხერხება: „იმედი ვიქონიოთ“. 
იმედი ვიქონიოთ, რომ ოდესმე მძღოლები ფეხით მოსიარულეებს ანგარიშს გაუწევენ და ტროტუარების დეოკუპაციას მოახდენენ.