"ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლის პირველი რაუნდი სააკაშვილის მომხრეების გამარჯვებით დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის ყრილობა ჩატარდება იანვრის ბოლოს (20 იანვარს) და მას დაესწრება ხმის მიცემის უფლების მქონე 7 ათასი დელეგატი. თუმცა ისევ ღიაა მთელი ამ დაპირისპირების მთავარი თემა - მოხდება თუ არა სააკაშვილის პარტიის მმართველობიდან ჩამოშორება და პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა. სააკაშვილის გამარჯვებული გუნდი აცხადებს, რომ ეს არ მოხდება, მაგრამ მათ სიხარულს დამარცხებული ე.წ. ბოკერიას გუნდის წევრები პასუხობენ იმით, რომ ყრილობაზე თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხს აუცილებლად დააყენებენ და კენჭისყრაც აუცილებლად მოხდება. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში დაგეგმილი პარტიის ყრილობის თემაზე პოლიტსაბჭოს სხდომა 4 საათი მიმდინარეობდა და მასში 60-კაციანი პოლიტსაბჭოდან 50 წევრი იღებდა მონაწილეობას", - წერა გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში, სათაურით "ნაცმოძრაობისთვის" ბრძოლა სააკაშვილმა მოიგო/"ომის" ბედი იანვარში ყრილობაზე გადაწყდება.
"ერთი ნაწილის წინადადება იყო ყრილობა გამართულიყო 27 დეკემბერს, მასში მონაწილეობა მიეღო 2 000-მდე დელეგატს, დღის წესრიგში შესულიყო არა მარტო ახალი პოლიტსაბჭოს, არამედ პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევაც. მეორე ჯგუფის წინადადება იყო ყრილობა გამართულიყო 20 იანვარს, მასში მონაწილეობა მიეღო 7000-მდე დელეგატს და ახალი თავმჯდომარის არჩევა და ამით მიხეილ სააკაშვილის პარტიისგან დისტანცირება არ შესულიყო დღის წესრიგში.დიდი პოლემიკის შემდეგ 25/24-ის წინააღმდეგ, მეორე წინადადებამ გაიმარჯვა და ამით სააკაშვილის გუნდის პირველი წარმატებაც დაფიქსირდა. თუმცა შიდა ბრძოლა ისევ გრძელდება. დამარცხებული ე.წ. ბოკერიას გუნდი აცხადებს, რომ მთავარ საკითხს - ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნას - ისინი ყრილობაზე მაინც დააყენებენ. "პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი ცალკეა... დღეს უბრალოდ გადაწყდა, როდის და რა ფორმით ჩატარდება ყრილობა. ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და დავით ბაქრაძე საუკეთესო კანდიდატურაა. ყრილობამდეც იქნება ამ საკითხზე მსჯელობა," - სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა გიგა ბოკერიამ. ბოკერიასგან განსხვავებით, სააკაშვილის გუნდის აქტიური წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, რითაც "ელექტორალური თვითმკვლელობის" საფრთხე თავიდან აიცილეს", - აღნიშნავს გამოცემა.
"მთავარი იყო, რამდენად რჩებოდა სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლოდ და დღეს პოლიტსაბჭომ დაადასტურა, რომ სააკაშვილი არის სწორედ ის პიროვნება, რომლის მიმართ პარტიაში სრულიად ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულებაა და ის ამ პარტიის თავმჯდომარედ დარჩება კიდეც. ახალი თავმჯდომარის საკითხი დღის წერიგში აღარ იდგება," - ამბობს წიკლაური. მისი თქმით, ყრილობაზე ახალი პოლიტსაბჭო აირჩევა და ისინი დაასახელებენ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ის ბრძოლა გააგრძელონ, რასაც პარტია აქამდე ეწეოდა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მომავალ პოლიტსაბჭოში არ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც თვლიდა, რომ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს და, შესაძლოა, გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის წევრების არჩევა არ მოხდეს, ამ შეკითხვაზე წიკლაური პასუხობს, რომ ასე საკითხი არ დადგება. "პარტიული ცხოვრებაა, არის აზრთა სხვადასხვაობა, ხანდახან დაპირისპირებაც და ერთი წამით არ გვავიწყდება, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ბოკერია იქნება თუ არა, ან მე ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოში, ამაზე წინასწარ თქმა არ შემიძლია. სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს... არავითარი ხელოვნური ქმედებები იმისათვის, რომ ჩემგან განსხვავებულ აზრზე იდგა, არ მოხვდეს პოლიტსაბჭოში, ეს დაუშვებელია," - აღნიშნავს წიკლაური. შეგახსენებთ, რომ თუ ფართომასშტაბიან ყრილობაზე თანხმობა არ მოხდებოდა, წიკლაური სააკაშვილის გუნდის მხრიდან ყრილობისთვის ბოიკოტის გამოცხადებას აანონსებდა. "იმის გამო, რომ თავიდან აგვერიდებინა თუნდაც რაღაც ტიპის დაპირისპირების შესაძლებლობა, მათ ვთხოვეთ პარტიის შენობა წყნარად დაეტოვებინათ. ასეც მოხდა და ჩვენ ყველა მშვიდობიანად დავიშალეთ," - ამბობს წიკლაური. ნინო კალანდაძის თქმით, გაიმარჯვა იმ წესმა, რომელიც ყრილობაზე თავმჯდომარის არჩევის დაყენებას არ ითვალისწინებს. ხოლო თუ ყრილობაზე რომელიმე დელეგატი დააყენებს ამ საკითხს, ამასაც ეს 7000 კაცი უყრის კენჭს", - წერს სტატიის ავტორი.
"განწყობა და სულისკვეთება აშკარაა. პოლიტსაბჭოს უმრავლესობა იყო იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არის პარტიის უმრავლესობაც, რომ თავმჯდომარის არჩევის საკითხის დღის წესრიგში დაყენება არის ბიძინა ივანიშვილის თამაშის წესებით მოქმედებაა რასაც პარტია არ იზიარებს და თვლის, რომ ეს პრინციპულად დაუშვებელია. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა." ნინო კალანდაძის თქმით, პოლიტსაბჭოზე ოპონენტების წინადადებით შემოთავაზებული იყო, რომ ყრილობაზე დამდგარიყო თავმჯდომარის არჩევის საკითხი. ახლა კი ყრილობაზე დელეგატებს შეუძლიათ დააყენონ საკითხი და იმსჯელონ, გააუქმონ თუ არა პოლიტსაბჭოს მიერ 2015 წელს მიღებული გადაწყვეტლება, რომელიც თავმჯდომარის ადგილის ვაკანტურად დატოვებას გულისხმობდა. ცნობისთვის, ამჟამად პარტიას ოფიციალურად თავმჯდომარე არ ჰყავს. 2015 წელს, მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო, კანონის მიხედვით, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ ვერ დარჩებოდა. თუმცა პარტიამ 2015 წლის დეკემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყვიტა, რომ ამ თანამდებობაზე არავის აირჩევდნენ და ფორმალურად ისევ სააკაშვილი იქნებოდა პარტიის ლიდერი. ნინო კალანდაძის თქმით, ყრილობამ ჯერ უნდა იმსჯელოს და 7000-მა დელეგატმა უნდა გააუქმოს 2015 წლის გადაწყვეტილება, შემდეგ კი იფიქროს, აირჩევს თუ არა ახალ თავმჯდომარეს, რაც თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად - ძალიან რთული", - განაგრძობს გამოცემა.
"დავით დარჩიაშვილი ამბობს, რომ დღეს ვინც სააკაშვილის პირად მხარდამჭერებად აცხადებენ თავს, მათ გაიმარჯვეს, მიუხედავად ამისა, ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის საკითხი მაინც დაისმება, რაც, მისი აზრით, აუცილებელია, მაგრამ ის 7000-დელეგატიან ყრილობაზე წასვლის აზრს ვერ ხედავს. "ყრილობის დღის წესრიგი ჯერ არ დამტკიცებულა. ეს თემა ჯერ ისევ ღიადაა დარჩენილი და თუ დღის წესრიგში არ შევიდა ახალი თავმჯდომარის არჩევა, უშუალოდ ყრილობაზე შეიძლება ეს საკითხი დააყენოს ათმა დეპუტატმა ან ასმა დელეგატმა," - აღნიშნავს დარჩიაშვილი. მისი თქმით, 7000 დელეგატის შეკრება ნიშნავს, რომ ეს იქნება დიდი მიტინგი და არა ყრილობა, ამიტომ საკუთარ ბილეთს სხვას დაუთმობს. "პირადად მე ასეთ ყრილობაში მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავ. შეუძლებელია 7000 კაცში იყოს ნორმალური დებატები და გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ქაოსის გარეშე," - ამბობს დარჩიაშვილი, თუმცა მის მსგავსად დამარცხებული გუნდის წევრებიც ფიქრობენ თუ არა, ეს არ იცის. დარჩიაშვილი ამბობს, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში პარტიის თავმჯდომარეები მუდმივად იცვლებიან და არასდროს არსად ეს პრობლემა არ ყოფილა, სააკაშვილმა და პარტიის ზოგიერთმა წევრმა კი ეს რატომღაც ღალატად მიიჩნიეს და სიტუაცია დაძაბეს, რის გამოც "ფეისბუქში" ბრალდებებიც დაიწყო. "ვიღაცას მიაჩნდა, რომ ამით ლამის ღალატის აქტი ხდებოდა. საჭირო იყო ნორმალური მესიჯი ყველასგან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისგან, რომ პარტია ფუნქციონირებას აგრძელებს. თუკი სააკაშვილს დღეს თავმჯდომარეობა არ შეუძლია, ეს არ ნიშნავს, თავმჯდომარე არ ავირჩიოთ და სამომავლო ნაბიჯების გადადგმა არ მოხდეს სრულფასოვანი ხელმძღვანელობის პირობებში. ამის თქმა შეიძლებოდა და ამას ყველა გაიგებდა, მაგრამ ისე დააყენეს საკითხი, თითქოს ეს გამიჯვნა და ღალატია...," - მიიჩნევს დარჩიაშვილი, რომლის თქმით, ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო სრულიად მიუღებელი ემოციების გადმოფრქვევას სოციალურ ქსელებში, როდესაც ადამიანები მოღალატეებად და არამოღალატეებად დაჰყვეს", - განაგრძობს ავტორი.
"აკაკი ბობოხიძის თქმით, ყრილობის დელეგატთა რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ისაა, მოხდება თუ არა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხის დაყენება ყრილობაზე, რაც აუცილებლად მოხდება და პირადად ის ამ საკითხს აუცილებლად დააყენებს. "პოლიტსაბჭოს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი ეს იქნება პოლიტიკური საბჭოს შეთავაზება ყრილობისადმი, თუმცა შემდეგ ყრილობაზე ცვლილებების შეტანა შესაძლებელია. თუ პარტიას ახალი თავმჯდომარე ეყოლება და მიხეილ სააკაშვილიც იქნება აქტიური ლიდერი და მხარდამჭერი ამ პარტიის, მაშინ არ მესმის, რა არის პრობლემა და რატომ დაკარგავს ელექტორატს პარტია," - ამბობს კობახიძე. მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ადამიანების ერთი ნაწილი მიშასგან გამიჯვნას აბრალებს იმ ჯგუფს, რომელიც ახალი თავმჯდომარის აუცილებლობაზე საუბრობს. "გამიჯვნას გვაბრალებს რაღაც ნაწილი, ჰიპერაქტიული მომხრეები, რომლებიც სინამდვილეში ქმნის გარკვეულ ფონს, მაგრამ პარტიის უმრავლესობას არ წარმოადგენს. პარტიის უმრავლესობა საითაა, ეს ყრილობაზე გამოჩნდება," - ამბობს ბობოხიძე და თვლის, რომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ყრილობა, ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. "ნებისმიერ შემთხვევაში ყრილობის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.პარტიის ახალი თავმჯდომარის საკითხი რომ დაისმება, ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ აგერ ვარ ერთ-ერთი კაცი, რომელიც ამ საკითხს დავსვამ", - აღნიშნავს ბობოხიძე და აბობს, რომ აირჩევს თუ არა ყრილობა ახალ თავმჯდომარეს, ამას ვნახავთ, - დასძენს გამოცემა.