"როგორ ფიქრობთ, ნინუები თუ ჩაცხრილეს, ჩემამდე ვეღარ მოვლენ?"

ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის წნეხზე უფრო თავისუფლად საქართველოდან გადახვეწილი ბიზნესმენები საუბრობენ. "კვირის პალიტრა" ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენელს, ვალერი გელბახიანს და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ესაუბრა.

ვალერი გელბახიანი (ყოფილი პარლამენტარი): - გახსოვთ, ალბათ, თავის დროზე ბიზნესმენთა ფედერაციის  ერთ-ერთ სხდომაზე პატარკაციშვილმა გამოაქვეყნა იმ საწარმოების სია, რომლებიც  ყოველთვიურად შსს-ს, პროკურატურისა და თავდაცვის ფონდებში ფულს რიცხავდნენ. მას თან  ჰქონდა თანხების გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტები.  ბადრიმ ამას დაარქვა რეკეტი. შემდეგ ამ თემას აღარავინ შეხებია. ვინც შეეხო, ცუდად დაამთავრა... ხელისუფლების მხრიდან  ბადრი პატარკაციშვილის მაშინდელ განცხადებას მოჰყვა გაუმართლებელი თავდასხმები და ეს უკანასკნელიც მოერიდა სიტუაციის გამწვავებას. მე ვურჩევდი პატარკაციშვილს, რომ ეს დოკუმენტები სხვა კომპრომატებთან ერთად გამოექვეყნებინა, მაგრამ ბადრიმ დუმილი არჩია. ახლა ვისთან არის მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები, რომელიც ბადრის ერთად ჰქონდა თავმოყრილი, ვერ გეტყვით.…კეთილი ტაქსისტი მე რომ მქონოდა, აუცილებლად გამოვაქვეყნებდი. ბადრის ჩაწერილი ჰყავდა თანამდებობის პირები, რომლებიც მასთან მიდიოდნენ და ფულს სთხოვდნენ. ჰქონდა აუდიო და ვიდეომასალები. ამ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტს მას უშიშროების, პროკურატურის, შსს-ს საგამოძიებო ორგანოებიდან ხან მუქთად აწვდიდნენ, ხანაც ყიდულობდა.…

მაგალითად, არსებობს მასალა, რომელიც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის ავტოავარიას შეეხება. ნაჩვენებია ეს პირი და ასევე ამ ავტოავარიის შედეგად  გარდაცვლილი ქალი. შემდეგ მოხდა დამნაშავის შეცვლა თანამდებობის პირის მძღოლით და საქმის ჩაფარცხვა. მას ასევე დოკუმენტის სახით ხელთ ჰქონდა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების აღმოჩენის ფაქტზე... ყველაფერზე ვერ ვილაპარაკებ, რადგანაც მეშინია. როგორ ფიქრობთ,  ნინუები თუ ჩაცხრილეს, ჩემამდე ვეღარ მოვლენ?!

თქვენი ვერსია ამ მკვლელობასთან დაკავშირებითაც გექნებათ...

-  გაიხსენეთ, შევარდნაძის პრეზიდენტობისა და კვირაიას მინისტრობის დროს ვის დასდევდა ნინუა, ვინ დაიჭირა, ვინ გამოაშვებინეს და ა.შ. ჩემი აზრით, ეს მკვლელობა  მხედრიონთან არის დაკავშირებული.

მაგრამ მარტო ნინუას არ ჰქონდა ინფორმაციები. მხოლოდ ის არ იყო ჩართული ამ საქმეში. ამიტომ შესაძლებელია, მკვლელობები კვალის გაქრობის მიზნით ისევ  მოხდეს. ხელისუფლებაში ამ საეჭვო ხალხს დიდი თანამდებობები უკავია, რა თქმა უნდა, იმ კომისიას ობიექტურად მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

ისევ ბიზნესმენთა თემას დავუბრუნდეთდაუზუსტებელ ფონდებში თანხების გადარიცხვასა და შევიწროებაზე დღეს არავინ ილაპარაკებს?

- არ მჯერა, რომ ამაზე ვინმე ხმამაღლა რამეს იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი ინფორმაციით, ამ გაურკვეველ ფონდებში ჩარიცხულმა თანხებმა უკვე მილიარდებს გადააჭარბა. დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი თუ არა ხარ, პროგრესის არავითარი შანსი არა გაქვს. სადაც მიდიხარ, წინ ყველგან დაკეტილი კარი გხვდება. შენი თანამდევია…ანგარიშსწორება "ყველაფრის გამო", როცა არა მხოლოდ ქონებით, სიცოცხლითაც კი შეიძლება აგო პასუხი. ახლა მაგალითად, სულ ცინცხალი ინფორმაცია მაქვს. გოგი თოფაძე იძულებულია "ყაზბეგი" დახუროს. მას ამ ხელისუფლების გამოისობით უზარმაზარი პრობლემა შეექმნა.

"კვირის პალიტრა" გოგი თოფაძეს დაუკავშირდა.

"მართლაც სერიოზული პრობლემა შემექმნა, თუმცა ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ", - განაცხადა ბიზნესმენმა.

ვისი მძლავრი ხელი აკონტროლებს საქართველოში ბიზნესს, ამასთან დაკავშირებით როგორც უკვე მოგახსენეთ, "კვირის პალიტრას" გერმანიაში გადახვეწილი ქიბარ ხალვაშიც ესაუბრა.

- შორიდანაც კარგად ჩანს, რომ საქართველოში ადეიშვილს აქვს  მიბარებული ბიზნესის ტერორი. მას ექვემდებარება ფინანსური პოლიცია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებს დავალებებს აძლევს. შემდეგ იმას, თუ როგორ იქცევა ამა თუ იმ ბიზნესორგანიზაციის ხელმძღვანელი, ადეიშვილი აკონტროლებს და ურჩობის შემთხვევაში  ბოლო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ხელიდან არ უშვებს კონტროლის სადავეს. ბიზნესების ლობირების საკითხი კი თავის თავზე ვანო მერაბიშვილს აქვს აღებული. აქედან მიღებულ შემოსავლებს ის აკონტროლებს.

ბიზნესმენთა ასოციაციებს ვინ ლობირებს?

- ამ ფუნქციის შემსრულებლად თითქოს კეზერაშვილი ჩანს, თუმცა ის არაფერსაც არ "კრიშავს". კეზერაშვილი არის ფულის  შემგროვებელი, რომელიც მიშას დანიშნულია და მასაც ადეიშვილი აკონტროლებს. შესაძლოა, კეზერაშვილი სადღაც შუა გზაში ცოტ-ცოტას ეშმაკობდეს, მაგრამ დიდ საქმეებში არა მგონია გასული იყოს.

თქვენი ქონება ვის ხელში გადავიდა?

- მე ამ პროცესს ვუწოდე კოლექტივიზაცია, როცა კერძო ქონება გადავიდა ხელისუფლების კონტროლის ქვეშ... ჩემი ქონება  დაიტაცეს და დაინაწილეს, თანაც ისე, რომ ამის დოკუმენტური საფუძველი არ არსებობდა.

საგადასახადო ინსპექციამ მსგავსი საბუთი ვერ წარმოგვიდგინა. სამშენებლო  ტექნიკა ბაჩო ახალაიამ წაიღო. მან მიტაცებული ქონების ნაწილი თავის ძმაკაცებს გადასცა, რომლებიც ახლა იმ ქონებით ფულს შოულობენ. დანარჩენი ტექნიკა გადაეცა რაიონულ ადმინისტრაციებს იმისთვის, რომ გუბერნატორები და გამგებლები უფრო მიზანდასახულები გახდნენ და ნაციონალებს წარმატებით ჩაუტარონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

ფინანსთა მინისტრმა თქვენს ქონებაზე თქვარომ ის უკვე სახელმწიფო საკუთრებაა...

-  ფინანსთა მინისტრს ის აღარ უთქვამს, რის საფუძველზე გახდა ეს ქონება სახელმწიფოსი. ამიტომ ასეთ სულელურ კომენტარებს თუ არ გააკეთებს, მისთვის  უკეთესი იქნება. ჩემი ქონება აუქციონზე არ გაიყიდა, არც ერთმა ბიზნესმენმა არ ისურვა მისი შესყიდვა, ამიტომ სახელმწიფომ ის უკანონოდ მიითვისა.

თუმცაბატონო ქიბარხშირ  შემთხვევაში ბიზნესმენები საკმაოდ მორჩილები არიან და სავარაუდოდხელისუფლების სურვილის შემთხვევაში წინააღმდეგობას ვერ გასწევდნენ...

- ბიზნესმენები თუ მორჩილებას გააგრძელებენ, კოლექტივიზაციის მსხვერპლი თავადაც  გახდებიან. დრო მოვა და მათგან განსხვავებით პრივილეგირებული ვიქნები იმიტომ, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი ამ ყველაფერს.

მაგრამთქვენც ხომ დაგათმობინეს შპს "აი-ბი-სი"?

-  ეს ჩემი ძმის  დაკავების გამო მოხდა, რომელსაც  წინ უძღოდა ჩემი მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათ პირდაპირ მომთხოვეს  17 მლნ ლარი, აქედან  10 მლნ ჩემი მეგობრის, ირაკლი ოქრუაშვილის გირაოს საფასურად უნდა გადამეხადა, 7 მლნ კი იმისათვის, რომ თურმე ვარდების ხელისუფლების პირობებში ეს თანხა მქონდა მოგებული და უკან უნდა დამებრუნებინა. ესენი საქართველოს ისე უყურებენ, როგორც თავიანთ შპს-ს. მე მაშინ ხელისუფლების ამ წარმომადგენლებს ვუთხარი, - არც ერთ კაპიკს არ მოგცემთ-მეთქი. ისინი კი დამემუქრნენ, - ყველაფერს წაგართმევთო. ჩემი ძმა მათ ხელში მხოლოდ მძევალი იყო. სწორედ მაშინ დავთმე შპს "აი-ბი-სი".

მე ყველა ბიზნესმენს შემიძლია ვუთხრა, რომ ქონების დაბრუნების ერთადერთი გზა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა! ქონება რომ წამართვეს, რაღაცნაირად გულზეც კი მომეშვა და ახლა სამართლიანობის აღდგენისთვის თამამად ვიბრძვი.