„პუტინს საგარეო კრიზისი სჭირდება, ამით ახდენს მხარდამჭერთა მობილიზებას და ეს სახიფათო მიდგომაა“

„პუტინს საგარეო კრიზისი სჭირდება, ამით ახდენს მხარდამჭერთა მობილიზებას და ეს სახიფათო მიდგომაა“

ამერიკაში უკვე მერამდენედ გამოხატავენ შეშფოთებას რუსეთში პუტინის უცვლელი რეიტინგის გამო და მერამდენედ ასკვნიან, რომ ეს დასავლეთისთვის თავსატეხად იქცა.

სულ ახლახანს ვაშინგტონში უიდროუ უილსონის ცენტრში რუსეთში საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და რუს ხალხში პუტინის აღქმის თაობაზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პუტინის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა ისევ მაღალია. ლევადის ცენტრის დირექტორი ლევ გუდკინი ამბობს, რომ აგვისტოს ომისა და ყირიმის ანექსიის შემდეგ პუტინის რეიტინგი 80%-ს გასცდა.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ დაიწყო ისეთი განწყობის შექმნა, თითქოს რუსეთი არის მსხვერპლი და მას ჰყავს მტრები. ამან გამოიწვია მხარდამჭერთა კონსოლიდირება. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთში მიმდინარეობს აქტიური პროპაგანდა, თითქოს რუსეთმა დაიწყო აღმავლობა, ისევ „ველიკაია დერჟავაა“ და საერთაშორისო არენაზე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. ეს კი ზრდის რუსების ეროვნულ სიამაყეს.

რუსეთის მკვლევარი და უილსონის ცენტრის დირექტორის მოადგილე უილიამ პომერანცი საკუთარი ლიდერისადმი რუსი ხალხის ერთგულებას იმით ხსნის, რომ პუტინი „კრიზისის ექსპორტს“ მიმართავს და საშინაო პრობლემებიდან საგარეო პოლიტიკაზე გადააქვს მოსახლეობის ყურადღება. თუმცა არავინ იცის, რას მოიმოქმედებს პუტინი, თუკი იგრძნობს, რომ რუსეთში მისი პოპულარობა კლებულობს.

„პუტინს საგარეო კრიზისი სჭირდება. საგარეო კონფლიქტით ახდენს მხარდამჭერთა მობილიზებას. ეს სახიფათო მიდგომაა“, -ასკვნის პომერანცი.

რამდენად მუშაობს რუსეთში განწყობა, თითქოს რუსეთი არის მსხვერპლი და მას ჰყავს მტრები და რამდენად მიმართავს პუტინი „კრიზისის ექსპორტს“?!

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს პუტინის ნოუ-ჰაუ არ არის და რიუკრიკებიდან მოყოლებული, რუსი ხალხი ყველაფერს დათმობს, ოღონდ საგარეო პოლიტიკის მხრივ ძლიერად წარმოიდგინოს თავი. პოლიტოლოგის თქმით, რუსეთს არანაირი ბუნებრივი გეოგრაფიული დამცავი არ აქვს, ის სწორ დაბლობზე მდებარეობს და არც მთები, არც ზღვა და არც ოკეანე არ აკრავს. განსხვავებით ამერიკისგან, რომელსაც ორი ოკეანე იცავს. ამიტომ რუსეთში მუდმივად არსებობდა სამხრეთიდან ყირიმელი თათრების პრობლემა, დასავლეთიდან პოლონელებისგან წამოსული საფრთხე, მონღოლები კი თავისთავად პრობლემა იყო რუსეთისთვის. საბჭოთა კავშირის დროსაც აცნობიერებდნენ ამ საფრთხეს და რუსი მოსახლეობის მთავარი დაკვეთა იყო, ოღონდ ომი არ იყოს და ყველაფერს ავიტანთო.

„ასეთი მიდგომა დღემდე გრძელდება, ამ გზით მიდის პუტინიც. თუმცა რუსეთის ლიდერი პრობლემებს ვერ გაექცევა. რუსეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა უკვე გაბედა და ხმამაღლა განაცხადა ფორუმზე, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის გზით მიდის. საბჭოთა კავშირი გაკოტრდა გამალებული შეიარაღების გამო და რუსეთის 2017 წლის ბიუჯეტშიც მცირდება თანხები განათლებაზე, ჯანდაცვაზე, მაგრამ იზრდება შეიარაღებაზე. ამიტომ ამერიკელების ანალიზში რაციონალური მარცვალი არის. უცნაურია, რომ საქართველოში არავინ სწავლობს რუსეთს, თუმცა მთავარ საფრთხედ სწორედ რუსეთია აღიარებული. ამერიკაში კი, რომელსაც რუსეთი ნაკლებად ემუქრება, რუსეთის შემსწავლელი ასობით ცენტრია. პუტინის აღზევება თვითონ დასავლეთის ბრალიცაა. განსაკუთრებით, ობამას პერიოდში წამოვიდა ე.წ. აგრესიული პოლიტიკა - გეების საკითხი, ერთნაირ სქესიანების ქორწინებები, ულტრალიბერალური იდეები.

რუსი მოსახლეობისთვის მიუღებელია დასავლური ულტრალიბერალური პრინციპები, სქესობრივი თანასწორობა, გეიაღლუმები. სწორედ ასეთ დროს გამოდის პუტინი მართლმადიდებლობის დამცველის სახედ. ამიტომაცაა რუსული ეკლესია პუტინის მთავარი მოკავშირე. ამ დროს კი ზოგიერთები საეჭვოდ მიიჩნევენ, რას ნიშნავს პუტინის სიტყვები, რუსეთის საზღვრები არსად მთავრდებაო. სინამდვილეში, ეს პუტინის მოსწრებული ხუმრობა იყო. მან ბავშვს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრებიო და გეოგრაფიაში ვუნდერკინდმა ბავშვმა რომ დაიწყო ჩამოთვლა, პუტინმა არ დააცალა და იხუმრა, არსად მთავრდება. მართლაც, საზღვრები შეკრული წრეა და სად მთავრდება ეს წრე? ცხადია, არსად“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

შეკითხვის საპასუხოდ, რას იზამს პუტინი, თუკი იგრძნობს, რომ რუსეთში მისი პოპულარობა კლებლობს, სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ეს ჰიპოთეტური სიტუაციაა. თუმცა რუსეთში პუტინის პოპულარობის დაცემა ასე უცებ არ ხდება. ელემენტარულად, რუსებს მოენატრათ ახალგაზრდა ძლიერი ლიდერი, რომელიც არ სვამს, არ ეწევა და ქალებით არ არის გატაცებული.

ამდენად, პუტინის რეიტინგმა როგორც კი დაიწყო კლება, მას მაშინვე მიეშველა უკრაინის მოვლენები, კიდევ დაიწყო კლება და მიეშველა სირია, ახლო აღმოსავლეთი. უკრაინასა და სირიაში მომხდარმა მოვლენებმა აამაღლა მისი რეიტინგი. თუმცა ანგარიშგასაწევია ეკონომიკური მდგომარეობაც.

სოსო ცინცაძის თქმით, 30 ნოემბერს ვენაში იმართება მნიშვნელოვანი კონფერენცია, სადაც ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხი განიხილება. ამ კონფერენციას პირდაპირ მოჰყვება ნავთობზე ფასების ზრდა ან კლება, რაც რუსეთის სასიცოცხლო ინტერესია. ასე რომ, ასეთი არაპირდაპირი ფაქტორები მაინც მოქმედებს პუტინის რეიტინგზე. ამას ემატება სხვა კომპლექსური საკითხებიც. არავინ იცის, ტრამპი და პუტინი შეთანხმდებიან თუ არა სანქციების გაუქმებაზე. ტრამპს შეუძლია მხოლოდ ამერიკის მიერ მიღებული სანქციების შემცირება. ტრამპისგან განსხვავებით კი, ევროპა ირწმუნება, რომ სანქციებს არ შეამცირებს. ასე რომ, პუტინის რეიტინგი კომპლექსურად უნდა განვიხილოთ და გავითვალისწინოთ, რა მოხდება გაზაფხულზე საფრანგეთში დანიშნულ არჩევნებზე ან გერმანიაში ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.

ექსპერტი სოსო ზაალიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთში პუტინის რეიტინგი დაცემული არ არის და სანამ საღ გონებაზე იქნება, პუტინი მანამდე შეინარჩუნებს რუსეთის პრეზიდენტობას.

„ამერიკელი ანალიტიკოსების აზრი, თითქოს პუტინის სასარგებლოდ მუშაობს ხელოვნურად შექმნილი განწყობა, რომ რუსეთი მსხვერპლია და მას მტრები ჰყავს, დაწერილია მადლენ ოლბრაიტის, ჰილარი კლინტონის პიარჯგუფების მიერ. სინამდვილეში, რუსები მსხვერპლად არ გრძნობენ თავს, ისინი კარგად მუშაობენ, წინ მიდიან და ყოველდღიურად ძლიერდება ეს ქვეყანა. აბსოლუტურად არ არის ისეთი ვითარება, როგორც ევროპელებსა და ქართველებს ჰგონიათ. არავითარი კრიზისი რუსეთში არ არის, რუსეთში უსაფრთხოების მაღალი ნორმებია, ხალხი დაცულად გრძნობს თავს. სანქციებმა უკუშედეგი გამოიღო და რუსეთის ეკონომიკა ვითარდება.

რუსეთში მომხდარმა ინფლაციამ რუსეთის ეკონომიკა გამოაცოცხლა ისევე, როგორც ლარის ინფლაცია დედოლარიზაციასა და საქართველოს ეკონომიკის ავტომატურ გამოცოცხლებას გამოიწვევს. დამერწმუნეთ, იმპორტი შეიზღუდება და შიდა ეკონომიკა გამოცოცხლდება ერთ წელიწადში. ამიტომ მითებია, თითქოს პუტინის რეიტინგი ეცემა. ამერიკელი, ქართველი და ევროპელი ექსპერტების ანალიტიკური უნარი გამოჩნდა ამერიკის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, როდესაც მათი უმრავლესობა ირწმუნებოდა, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა. მე მგონი, საქართველოში ერთადერთი მე ვიძახდი, რომ გაიმარჯვებდა ტრამპი და ეს გადაწყვეტილი ამბავი იყო“, - აღნიშნა სოსო ზაალიშვილმა.