როგორ აპირებს სააკაშვილი მეორედ მოსვლას

როგორ აპირებს სააკაშვილი მეორედ მოსვლას

სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ რაღაც ფორმით ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას მოახერხებს. საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტთან საუბრობს. ეს ინტერვიუ კი, ავთანდილ დემეტრაშივლის განმარტებით, "კომერსანტმა" გამოაქვეყნა.

ამის შესახებ ავთანდილ დემეტრაშვილმა გუშინ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას ისაუბრა. მთავარი კი ის არის, რომ პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია. ამ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ ვადის გასვლის შემდეგ იგი აქტიურ პოლიტიკას არ ჩამოშორდება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებს.

საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ პირადად იგი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე არ არის და, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპული მოდელის კონსტიტუციის მიღება აქვს დეკლარირებული, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ ახალი კონსტიტუცია შერეული მოდელის მიხედვით შეიქმნება.

მაგრამ, აქ უკვე მნიშვნელოვანია, ვისი ფუნქციები იქნება დომინანტური და როგორ მოხდება პრეზიდენტის და მთავრობის ფუნქციების გამიჯვნა.

ჯერჯერობთი კი ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო კომისია დღემდე ვერ ახერხებს სახელმწიფო მმართველობის მოდელზე შეჯერებას. სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და მის ალტერნატივად, ახალი პროექტის შემუშავებას გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, აქამდეც იყო ცნობილი, რომ საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა კომისიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტზე კატეგორიული წინააღმდეგობა გამოხატა და კომისიის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ხელისუფლების მოსაზრების მიხედვით პროექტის ვარიანტს ვასილ გონაშვილი შეიმუშავებს.

ამის შესახებ ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. მაგრამ გუშინ "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას ითქვა, რომ გონაშვილი ნამდვილად მუშაობს ხელისუფლების მოსაზრებების კანონპროექტის სახით ჩამოყალიბებაზე.

საინტერესო კი ის არის, რომ კომისიის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტი სახელისუფლებო გუნდმა, რომლის პოზიციასაც კომისიაში დეპუტატი პავლე კუბლაშვილი ახმოვანებს, კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელად ჩათვალა.

თავად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილს კი მიაჩნია, რომ კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი არა საპარლამენტო, არამედ შერეული ტიპისაა.

როგორც ჩანს, ამ შერეულ მოდელში დომინანტური უფლებები პარლამენტს გააჩნია და ცხადია, სააკაშვილისთვის, რომელის მიზანსაც ვადის გასვლის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ყოფნა წარმოადგენს, ასეთი მოდელი არახელსაყრელია.

სწორედ ამიტომ ვასილ გონაშვილი შეიმუშავებს შერეული მოდელის სახელისუფლებო ვარიანტს.

სახელისუფლო გუნდმა კომისიას მისეული ვარიანტი დაახლოებით ორ კვირაში უნდა წარუდგინოს და კომისიის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კონსესუსის გზით იქნება მიღებული. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კომისიაში მისი პროექტი აქვს წარდგენილი "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელს ლევან რამიშვილს, რომელიც მთლიანად ქვეყნის მმართველობის ძლიერ საპრეზიდენტო მოდელს გულისხმობს, რაც კომისიის თავმჯდომარესა და წევრების უმტესობისთვის მიუღებელია.

დემეტრაშვილი კი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ იგი, როგორც მეცნიერი, მხარს უჭერს შერეული ტიპის მოდელს. თუმცა, "აქ მთავარი არის ის, თუ როგორ მოხდება ფუნქციების გამიჯვნა."

საბოლოოდ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ არსებული წინაპირობები მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ნაწილში კომისიის პროექტიდან საბოლოოდ მოხდა თვითმმართველობების უფლებამოსილების მუხლების ამოღება და კენჭისყრაზე მხოლოდ ამის შემდეგ დადგა. ვენეციის კომისიამ კი დასკვნაში იმ საკითხების გათვალისწინების რეკომენდაცია დადო, რაც ხელისუფლების მოთხოვნით ამოღებულ იქნა.

პრობლემა კი ის არის, რომ 56 წევრიანი კომისიიდან გადაწყვეტილება 2/3-ით მიიღება. ეს ორი მესამედი კი ყოველთვის, რატომღაც, ხელისუფლების პოზიციების დამცველია.

რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტიც ცხადყოფს, თუ ხელისუფლებას რა პოზიცია გააჩნია.

საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციის კომისიის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტიდან გავრცელდა ერთი საკითხი, რომ მოსამართლეთა მინიმალური ასაკი ორი წლით გაიზრდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი ნაცმოძრაობის პრესსამსახურმა ყველა ჟურნალისტს დაურეკა და უთხრა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხელისუფლება ასაკის აწევას არ აპირებს და ამის უარყოფის შესახებ განცხადებას თავად კომისიის ხელმძღვანელობა გააკეთებსო.

მოგვიანებით ეს განცხადება კი გაკეთდა, მაგრამ მაშინ ითქვა, რომ ეს საკითხი კომისიის სამუშაო ვარიანტში იყო გათვალისწინებული ისევე როგორც ბევრი ისეთი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო კომიის ფუნქციის გაძლიერება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი და მოსამართლეთა დანიშვნის და მოხსნის უფლების მინიჭება პარლამენტისთვის, საკონსტიტუციო კომისიისთვის საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხი და ასევე მოსამართლეების კარიერული პრინციპით დანიშვნა. კერძოდ, კომისიაში მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით, მაღალი ინსტანციის მოსამართლეები გარკვეული გამოცდილების და პრაქტიკის გარეშე ვერ დაინიშნებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია უცნობია.

როგორც კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, "კომისიას ამ მიმართულებით სიღრმისეული რეფორმის გატარება სურს და არა ფასადურის."

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში იმედოვნებენ, რომ სახელისუფლო გუნდის მიდგომები უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება.

სასამართლო რეფორმაზე საკონსტიტუციო კომისიამ 7 აპრილის სხდომაზე უნდა იმსჯელოს. დებულების თანახმად, საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის გზით, 2/3-ით უნდა მიიღოს და, შესაბამისად, სახელისუფლო გუნდის მხარდაჭერის გარეშე, კომისიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტს, რომელიც აღნიშნულ საკითხებს ითვალისწინებს, პერსპექტივა არ აქვს.

სწორედ იმიტომ, რომ გადაწყვეტილებები კენჭისყრით უნდა იქნას მიღებული, ავთანდილ დემეტრაშვილი გეგმავს, რომ მოხდეს თითოეული იდეის კენჭისყრაზე გატანა და გამორიცხვის მეთოდით მაინც გაირკვეს, რა მოდელის მიხედვით უნდა შემუშავდეს პროექტი.

თავად დემეტრაშვილი კომისიის უახლოეს სხდომაზე ორპალატიანი პარლამენტის იდეას წარადგენს. მისი თქმით, იგი წარადგენს მის არგუმენტებს ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა, დემეტრაშვილს მისი იდეის გასვლის იმედი ნაკლებად აქვს.

ამასთან, დემეტრაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა შემდეგში ყურადღება ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე გადაიტანონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დატოვონ ან საერთოდ უარი თქვან მათზე.

ზოგადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმის გატარება არ სურს და კონსტიტუციის მხოლოდ 2-3 მუხლის შეცვლის ნება ჰქონდეს. ასეთი მიდგომით კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობის და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აზრითაც, იმედგაცრუებული დარჩება როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელთაც საკონსტიტუციო რეფორმის საკმაოდ დიდი მოლოდინები აქვთ.

როგორც ჩანს, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლის შესრულება პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას მოუწევს. საინტერესოა, რომ კომისიის შექმნისას დემეტრაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის პლებისციტზე გატანის იდეაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პლებისციტი არც პარლამენტისთვის და არც პრეზიდენტისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და მხოლოდ საზოაგდოების განწყობის გამომხატველია, ხელისუფლების მხრიდან უკვე კატეგორიული წინააღმდეგობა ფიქსირდება და ეს პოზიცია პოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებიც არის.

სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა პარლამენტში, ფრაქცია "ქრისტიან/დემოკრატების" წევრებთან გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმა პოლიტიკურ პარტიებთან განსაზღვრული კონსენსუსის საფუძველზე, მოსახლეობის ფართო ფენების აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ამიტომ დღეიდან შეხვდებიან ყველას, ვისაც კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. კომისიის თავმჯდომარეს არ ესმის, რატომ ხდება ამ პროცესის იგნორირება არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ და რატომ არ არიან დაინტერესებულები. რაც შეეხება კომისიაში წარმოდგენილ სხვა პარტიებს, კომისიის მდივან თენგიზ შარმანაშვილს მათი პოზიციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, მათთან შეხვედრები ამ მიზნითაც სურს.