კახი კახიშვილი პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას სთავაზობს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, დღეს სასამართლოს მიერ მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახე გამოიყენება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია გაწერილი.
„პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ - გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
გარდა ამისა, კახიშვილი პარლამენტს ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირებასაც შესთავაზებს. კონკრეტულად, მაღალი რისკის შემთხვევაში, პატიმრობა 90 დღიდან 60 დღემდე უნდა შემცირდეს, საშუალო რისკის შემთხვევაში კი, 60-დან 30 დღემდე. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში შემცირდება.
„203 მსჯავრდებული არის საშიშროების მაღალი რისკის მქონე, 3 265 მსჯავრდებული - საშიშროების საშუალო რისკის, 158 მსჯავრდებული - საშიშროების დაბალი რისკის, ხოლო 13 მსჯავრდებული - საშიშროების მომეტებული რისკის მქონეა. ამავდროულად გვაქვს გრანდიოზული გეგმები მომავალთან დაკავშირებით. იწყება უპრეცედენტო პროექტი, 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენება.
ჩვენი აზრით, 18 წლის ასაკის მიღწევისთანავე, არ იქნებოდა სწორი ასეთი პატიმრები, სრულწლოვანი მსჯავრდებულების დაწესებულებაში გადავიყვანოთ. ამიტომაც, ევროკავშირის რეკომენდაციით და დახმარებით შეიქმნება 14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის დაწესებულება, სადაც ცალკეული პროგრამები იქნება უზრუნველყოფილი ამ ასაკისთვის, რათა მომავალში საზოგადოებაში სრულად ინტეგრირებულად, მივიღოთ ასეთი ტიპის ადამიანები, სასჯელის მოხდის შემდეგ“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.
14-დან 21 წლამდე მსჯავრდებულებისთვის ცალკე დაწესებულების აშენებას მნიშვნელოვანს უწოდებს ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, პროექტი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საზოგადოებაში დასაბრუნებლად, რაც ხელს შეუწყობს კრიმინალის გავლენის შემცირებას. როგორც ფსიქოლოგი ამბობს, საბჭოთა პერიოდში შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანებში იყო ასეთი გამოთქმა - ვინც ციხეში იჯდა, მან გაიარა ციხის უნივერსიტეტი. მაშინ ციხეში ჯდომა კრიმინალურ სამყაროსთან ზიარების ფორმად მიაჩნდათ.
„ასეც იყო წლიდან წლამდე. იმიტომ, რომ ერთად იხდიდნენ სასჯელს თავისი მსოფმხედველობით და ცხოვრების წესით ჩამოყალიბებული გამოცდილი კრიმინალი და ახალბედა, რომელსაც ერთი შეცდომა მოუვიდა, მაგრამ საპატიმროში არსებული გარემოცვა მის შემდგომ კრიმინალიზებას განაპირობებდა. იმიტომ, რომ კრიმინალური სამყაროსთვის მომგებიანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ამ ცხოვრების წესს ნაზიარები. ასე რომ, ციხეში მოხვედრილი ახალგაზრდიდან გამოსწორაბაზე არ იყო ალაპარაკი, ეს იყო კრიმინალებისთვის ახალი კადრების შემატება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისი თქმით, გაყოფა, რაზეც საუბრობს კახი კახიშვილი, იძლევა საშუალებას, რომ არ იყოს ასეთი „აღმზრდელობითი“ კონტაქტი გამოცდილ და ახალბედა კრიმინალებს შორის. რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მნიშვნელოვან პროცესს - მასთან მუშაობით საზოგადოებამ დაიბრუნოს ახალბედა დანაშაულის ჩამდენი და გახადოს იგი საზოგადოების წევრი, უფრო მეტი პროცენტით, ვიდრე დღეს.
„ფიქოლოგია გეუბნება ძველ ქართულ სიბრძნეს - „ხარი, ხართან დააბი, ან ფერს იცვლის, ან ზნესაო“ - შესაბამისად, კრიმინალის გვერდზე მოხვედრილი ახალგაზრდების კრიმინალიზება მოხდება. იმიტომ, რომ გამოცდილი კრიმინალი მისთვის ავტორიტეტი იქნება, იმოქმედებს ამ ფსიქოლოგიური ძალაუფლების გამოყენებით.
ინიციატივა რაც მინისტრი კახიშვილის მხრიდან მოვისმინეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების საზოგადოებაში დასაბრუნებლად. რაც ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებასთან ინტეგრირებას და კრიმინალის გავლენის შეამცირებს. ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია, საშური და ამავე დროს საზრუნავი საქმეც არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვრელიძემ.
იურისტი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ სულ სხვა მოთხოვნები აქვს 14-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს, საპატიმრო დაწესებულებებში კი, წლების განმავლობაში მათ მიმართ არ იყო შესაბამისი და ადეკვატური დამოკიდებულება. არასრულწლოვნები, რომლებიც ქართულ ციხეში შედიოდნენ, პრაქტიკულად, იქიდან დამნაშავეები გამოდიოდნენ.
„არ ხდებოდა მათი არათუ რესოციალიზაცია, არამედ გააზრებასაც ვერ ასწრებდნენ ისე ყალიბდებოდნენ, როგორც კრიმინალები და პრაქტიკულად, ეს ადამიანები უფრო ხშირად ბრუნდებოდნენ საპატიმრო დაწესებულებაში. გარდა ამისა, როდესაც ტერიტორიულადაც მოშორებული იქნებიან იმ დაწესებულებას, სადაც სასჯელს მძიმე კატეგორიის დამნაშავეები იხდიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არასრულწოვნებისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათთან მომსახურე პერსონალსაც ექმება შესაბამისი სწავლება გავლილი, როგორ უნდა მიუდგნენ არასრულწლოვნებს და სწავლის მიმართულებითაც იქნება გაცილებით ფართო არჩევანი, თუ რა უნდა გააკაეთონ ამ ბავშვებმა. უმნიშვნელოვანესი პროექტია და ახლა მთავარია, რომ რაც შეიძლება ჩქარა დაიწყოს ამ პროექტმა ამოქმედება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.