საქართველოს მთავრობის 11 საათიანი საპარლამენტო მოსმენა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დასრულებულია, მინისტრთა კაბინეტი 110 მომხრე ხმით 19-ის წინააღმდეგ დამტკიცებულია.
22 წუთის დაგვიანებით დაწყებული რიგგარეშე სხდომა, დეპუტატების ფეხზე წამოდგომით, აპლოდისმენტებით და მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით დასრულდა, რომელსაც წინ ხანგძლივი პოლიტიკური დებატები, ცინიკური რეპლიკები, შეურაცხმყოფელი ეპითეტები და პოლიტიკური თავდასხმები უძღოდა.
მრავალსაათიანი მსჯელობის დროს, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური დარტყმის მთავარი ობიექტი ისევ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ ფრაქციების მოსმენისგან განსხვავებით, ოპოზიციის ტონი მთავრობის ხელმძღვანელმა თავად გააპროტესტა, მაგრამ კონსტრუქციულობის ფარგლებში.
თუკი ნაციონალებმა კვირიკაშვილს „ნომინალური ფიგურა“ და „ერთი ადამიანის სამსახურში მყოფი“ უწოდეს, მათ არც ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ჩამორჩა და მისი აზროვნება გიგა ბოკერიას აზროვნებასთან გააიგივა.
იმის გამო, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ სხდომათა დარბაზი ინაშვილის გამოსვლისთანავე დატოვა, მათ პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა ვერ მოისმინეს, რომელიც საკმაოდ შთამბეჭდავი და მშვიდობაზე ორიენტირებული იყო.
მთავრობის ხელმძღვანელმა პოლიტიკურ მხარეებს შრომატევადი და ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ თავზე საუბარი გადაწყვიტა, მიზეზად კი, მის მიმართ დღის განმავლობაში, რამდენჯერმე ნახსენები დითირამბები დაასახელა.
„ჩემს თავზე ორიოდე სიტყვას ვიტყვი, რომ შემდეგ, ვინმეს რაიმე დითირამბების თქმაში არ ჩაუთვალონ. პერსონალური სადღეგრძოელები არ მიყვარს, სუფრიდან გავდივარ ხოლმე, როცა ასეთი რამ ხდება. თათბირის დროს თავში არასოდეს არ ვზივარ და შუაში ვზივარ. არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, ორგანიზაცია შიდა დაპირისპირების მეშვეობით არასოდეს არ მიმართავს. ეს მნიშვნელოვანია, რომ ახალი სტილით იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს. პოლიტიკური უტიფრობა და სხვა სიტყვები ახსენეთ, რაც ქედმაღლობაა, რის გამოც ქართველმა ხალხმა თქვენ არ აგირჩიათ, რაც მიზეზია იმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაშია“, - მიმართა უმცირესობას კვირიკაშვილმა, რომელსაც დღის მანძილზე, ნაციონალი ნიკა მელია რამდენჯერმე დაუპირისპირდა და მას „ნომინალური პრემიერის“ შემდეგ, „ერთი კაცის მსახური“ უწოდა, პრემიერის შენიშვნის საპასუხოდ კი, დაინტერესდა, მისთვის დითირამბები ემღერა და კითხვა მერე დაესვა თუ არა.
მელიას ყველა გადაცდომაზე პრემიერმა დაბალალანსებული პასუხი გასცა, რაც დასკვნით სიტყვაში, ოპონენტებისთვის მაგალითის მიცემით ახსნა.
„საკუთარ შეცდომებზე ისაუბრეთ და დღეს რამდენიმე მაგალითი მოგეცით. ოპონენტების წარმატებაზე ვისაუბრე და ამის მაგალითიც მოგეცით, საპასუხო მაგალითი ვერ მოვისმინე. ახალი რეალობის ძრავი ჩართულია და ამას ვერაფერი ვერ გააჩერებს, ეს მოგწონთ თუ არა. ნეგატიურად არ დავხატოთ ის რეალობა, იმისათვის, რომ პოლიტიკურად მეტი ქულა დავიწეროთ. ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ, დიდი ბრძოლისთვის განვეწყოთ, ბრძოლაში შრომას ვგულისხმობ, ვინაიდან, ვინც ეს ყველაფერი ვიტვირთეთ, სრულად უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის და სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია, რადგან ჩვენს უკან სამშობლოა და ყველა გზა ჩახერგილია“, - მიმართა დეპუტატებს პრემიერმა, რომელსაც ნაციონალებმა პასუხი ვეღარ გასცეს, მაგრამ მათ მთავრობას მხარი არ დაუჭირეს.
ოპონენტებმა კვირიკაშვილის რჩევები რომ ვერ გაითვალისწინეს, ეს მათი განცხადებებიდან ჩანდა, ისევე როგორც უმრავლესობის ზოგიერთი წევრის გამოსვლიდან. ნაციონალები და უმრავლესობის წევრები ერთმანეთს მორალს უკითხავდნენ და წარსულ-აწმყოს ახსენებდნენ, ორივე მხარე ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე აპელირებდა, თუმცა, ქვეყნისთვის სიყვარულის ახნის ფონზე, ერთმანეთის ქილიკს და შეურაცხყოფას არ ერიდებოდნენ.
ამ მხრივ განსაკუთრებით ნიკა მელია აქტიურობდა, რომელმაც ამ მოწვევის პარლამენტში, სავარაუდოდ, აკაკი ბობოხიძეს ფუნქცია ჩამოართვა და ბუნტისთავი გახდა, რადგან 11-საათიანი განხილვის დროს, ყველა დაძაბულობის და კამათის ეპიცენტრში იყო.
მელია ერთი მხრივ, თავს კვირიკაშვილს დაესხა, თუმცა მეორე მხრივ, არც ახალბედა დეპუტატები დავიწყნია.
„ახალ დეპუატებს მოვუწოდებ, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს. იქნებ, სიტყვით გამოხვიდეთ, კოლეგებს დაამახსოვროთ თავი და შემდეგ ასეთი მიუღებელი ფორმებით ისაუბროთ. რაც შეეხება პრემიერს, მას ნომინალური პრემიერის წოდება შეურაცხყოფად მიაჩნია, მაგრამ მას მთავრობის მართვის უნარი არ გააჩნია. ბატონო გიორგი, გეუბნებით და უსამართლოდ გწყნით, რომ საკმარისი კომპეტენცია არ გაქვთ. გჯერათ, რომ არჩევნები მართლა მოიგეთ? - საკონსტიტუციო უმრავლესობა ძალადობით მიიღეთ. თქვენ რეალობას მოწყვეტილი ხართ. თქვენ არ ხართ, ხალხის მთავრობა და სრულყოფილი. თქვენ იმ მთავრობის წევრები ხართ, რომლებიც ერთი ადამიანის ნებასურვილის შემსრულებელია“, - მიმართა პრემიერს მელიამ, რომელსაც კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ შეურაცხყოფის ზღვარზე დადის, რაც საპარლამენტო ფორმატი არ არის, რის გამოც, რიტორიკაში არ გაყვება.
მთავრობის ხელმძღვანელმა მელიას ამ მიდგომის დაფასება ურჩია, მაგრამ ამის ნაცვლად, მელიამ თავდასხმები გააგრძელა და მისი კრიტიკის ობიექტი ევროინტეგრაციის მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახდა.
„თქვენი ძმა ჩემი კლასელია და თქვენთან საუბარს ვერიდებოდი, მაგრამ ყველაზე მეტად გასაკრიტიეებლი ხართ, რადგან ყოველგვარ პრინციპებს და ფასეულობებს უღალატეთ. თქვენ ის ადამიანი ხართ, რომლის ხუთი მეგობარი დაიჭირეს და ახლა ეს ადამიანები ციხის კადრებიდან გვისმენენ. ის ხუთი ახალგაზრდა თქვენი პილიტპატიმრებიც არიან და არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის“, - მიმართა დოლიძეს მელიამ, რომელიც მინისტრმა უპასუხოდა დატოვა.
მინისტრისგან განსხვავებით, მელიასა და ოთარ კახიძეს პასუხი უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გასცა, რომელმაც ოპონენტები „დაძაბული საუბრისთვის“ ოსკარზე წარადგინა.
„მთავრობა ერთ საათში დამტკიცებული იქნება და ბატონო ნიკა, ნუ ნერვიულობთ. ჭიქას კიდევ გამოგიგზავნით, თუკი ქარიშხილის მოწყობა გინდათ. ბატონი ნიკა და ოთარი ოსკარზე არიან წარდგენილნი. აზრის გამოხატვაზე რომ გისმენდით, მწარედ მეცინებოდა. თქვენ რომ ხალხი გყავთ დარბეული, მაგდენი არც ერთ ქვეყანაში არ ჰყავთ დარბეული. ადამიანს თვალი დაუზიანეთ და მას 80 ათასი გადავუხადეთ, რომელიც ხალხის ფულია. დანარჩენი ხარჯები მოიკითხეთ, დარბეული ხალხის რეაბილიტაცია რამდენი დაჯდა. დღეს მელიამ იმიჯი შეიქმნა, როცა აღსრულების უფროსი იყო, ზამთარში ხალხი ქუჩაში გამოყარა. მედიაზე შენიშვნებს არ მივიღებთ, რადგან ანტენებზე ნადირობა დაიწყეთ, ხალხზე ნადირობას რომ მორჩით“, - მიმართა ნაციონალებს თალაკვაძემ.
იმის გამო, რომ უმცირესობამ მთავრობის მიმართ კითხვების დასმა არ ისურვა, კითხვების დასმით თავი უმრავლესობის ახალმა სახეებმა გამოიჩინეს, რომელთაც თალაკვაძის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე ისაუბრეს, ქვეყნის საგარეო კურსს შეენხენ და გიორგი კანდელაკს ლექსიც მიუძღვნეს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ქართული ოცნების“ მთავარ მიზანად ადამიანი დაასახელა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში ახალი ერის დაწყება დაანონსა, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ხულორდავამ თავი ევროინტეგრაციაში მიღწეული შედეგებით მოიწონა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ოპონენტებისგან უშინაარსო ბრალდებებს არ მიიღებს.
„ათი წელი ევროკავშირის სტრუქტურაში ვმუშაობდი და დამატებითი მოწოდებებს არ მივიღებ, რა მნიშვნელობისაა საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაცია. ევროპულ ოჯახში საქართველოს ინტეგრაცია ჩემი დღის წესრიგია და ჩემი მოღვაწეობის მიზანიც ეს იქნება“, - განაცხადა ხულორდავამ, რომლისგან განსხვავებით, უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა საგარეო პოლიტიკაზე არ ისაუბრა, თუმცა გიორგი კანდელაკით გაღიზიანებულმა ოპონენტს გალაქტიონ ტაბიძის ლექსით მიმართა - „გაღატაკებულ პროზას, თუ გამოვაკლებთ ოზას და მივუმატებთ უწუნს მივიღებთ... გიორგი კანდელაკის გუშინდელ სამარცხვინო მოქმედებას“.
გიორგი კანდელაკისთვის ბექა ოდიშარიას ლექსი არ მიუძღვნია, მაგრამ მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ საერთაშირისო პარტნიორები ამბობენ, თითქოს, გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად, საკადრო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
ოდიშარიას ცნობით, კანდელაკის განცხადების გამო დიპლომატები შეშფოთებულები არიან და მისი განცხადება შეფასდა, როგორც ქვეყნის შეურაცხყოფა.
„როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნის საპატიო კონსულმა, სხვადასხვა სატელეფონო ზარები მივიღე, სადაც გულწრფელად იყო ხაზგასმული შეშფოთება. ეს ქმედება იყო შეფასებული არა ერთი ადამიანის შეურაცხყოფად, არამედ ქვეყნის შეურაცხყოფად. თუმც, ეს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებებში მოხდა. ეს სამწუხარო ფაქტია და ყველაფრის მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ ამ ადამიანის გუნდშიც არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად კრიტიკულად მიუდგებიან ასეთი ტიპის გამონათქვამებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ოდიშარიასთვის კანდელაკს არ უპასუხია, თუმცა გუნდის მსგავსად, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ კვირიკაშვილი რეალურ მმართველად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა ობიექტური პრობლემაა, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს.
„საქართველოს მოსახლეობას სპექტაკლს ნუ მოუწყობთ, რომ კვირიკაშვილი რეალური მმართველია, რადგან მათ მხარი ბიძინა ივანიშვილს დაუჭირეს. კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ეს რეალობაა და ამაზე კიდევ ბევრჯერ იქნება საუბარი“, - აღნიშნა კაპანაძემ, რომლის გუნდის წევრებმა „ქართული ოცნების“ „ნათლიმამა - ივანიშვილი“ ბევრჯერ ახსენეს, პასუხად კი, მათ საკუთარი „ბელადის“ წარსული საქმიანობა შეახსენეს.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დაპირისპირებაში „პატრიოტთა ალიანსი“ არ ჩართულა, თუმცა, მათსა და უმრავლესობას შორის კამათის მიზეზი ირმა ინაშვილის გამოსვლა გახდა.
როგორც გაირკვა, ინაშვილის რისხვა ვიცე-სპიკერი გიორგი კვირიკაშვილის მიერ უმცირესობის სხდომაზე გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც გიგა ბოკერიამ ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა, საპასუხოდ კი, პრემიერმა განმარტა, რომ მათთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თუნდაც, საგარეო კურსის გამოც.
„უმრავლესობის ბევრი წარმომადგენელი გამოვიდა და შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომკავშირის ყრილობაზე ვარ. მომავალში ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ეს დრო დოზირებული იყოს. თვითკრიტიკულობა გაკლიათ და კარგი იქნებოდა, რომ ოპოზიციაც ვიყოთ თვითკრიტიკულები. დარბაზში პოლიტიკური ნარციზიმის ნიშნებია შემოპარული და პარლამენტში ბევრი პარტია იმიტომ არის კარგი, რომ ერთი ხმა არ ისმოდეს. მთელი დღის განმავლობაში, ერთმანეთს დითირამბებს უმღერით და ეფერებით, ერთმანეთის გეგმებს იწონებთ და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პრიორტეტებები მაინც მომავალზეა გათვლილი - ოთხი წლის შემდეგ როგორ ვიცხოვრებთ“, - აღნიშნა ინაშვილმა.
ინაშვილი ამ სიტყვის შემდეგ, პრემიერის გაკიცხვაზე გადავიდა, რის გამოც მათ შორის ცხარე კამათი წარიმართა.
„გუშინ, თქვენ ბოკერიას გამოეხმაურეთ, თითქოს, ჩვენ ჩრდილოელი მეზობლის საწარმო ვართ. ბოკერიას მოგვიანებით პასუხს გავცემ, საწარმო ვინ არის. რუსეთს ნაციონალებზე ერთგული აგენტები და თანამშრომლები არ ჰყოლიათ. ქართული მიწები ამათმა გააჩუქეს. აგენტები თქვენსკენ მოიკითხეთ. ბოკერიას მეუღლემ „გაზპრომის“ ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას „ტაბულას“ ერთ-ერთი პროექტი მიყიდა და ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ თქვენ ამ გზით, რუსეთის უშიშროების ფულს იღებთ? იარლიყების მიწეპება უნდა დასრულდეს და ამ პროცესს პრემიერი ხელს უწყობს.
ბატონო გიორგი, თქვით, რომ „პატრიოტთა ალიანსთან“ სტრატეგიულ თანამშრომლობაში ვერ შეხვალთ. გამოდის, რომ თქვენ ვიცე-სპიკერს ბრალს სდებთ იმაში, რომ ქვეყნისთვის საწინააღმდეგო კურსს მხარს ვუჭერ? მკაფიო განმარტებას ვითხოვ და იქნებ წარმოადგინოთ ჩვენი ერთი ციტატა მაინც სადაც ვაბობთ, რომ მხარს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას არ ვუჭერთ. ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციისთვისთვის თქვენზე მეტი მაქვს გაკეთებული და ასეთი ტიპის ცილისმწამებლურ განცხადებას არ უნდა აკეთებდეთ.
რატომ ფიქრობთ, რომ ირმა ინაშვილს არ უნდა თვისი შვილებისთვის სიტყვის თავისუფლება და ხელშეუხებელი კერძო სექტორი? თურმე, ქვეყანაში იდეალური პოლიტიკური გარემო გინდათ. თქვენც ისე აზროვნებთ, როგორც გიგა ბოკერია, რომლის გუნდმა მთელი ქართველი ერი ჯაშუშად გამოაცხადა. არ გირჩევთ იგივე გზაზე წახვიდეთ, რა გზაზეც „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა. თქვენ იცით, რომ თქვენი სტატუსიდან გამომდინარე, საზოგადოება შეცდომაში შეგყავთ? თქვენ აცხადებთ, რომ თურმე, ქვეყნისთვის საწინააღდეგო კურსის მომხრეები ვართ, ბატონო გიორგი, ცდებით. მე ჩემი სამშოლო არ მიმიტოვებია მაშინ, როცა თქვენ არ ვიცი, სად იყავით. სხვათა შორის, გიგა ბოკერია ჭუბერის გზაზე მოდიდოდა და თქვენ იმ ჭუბერის გზაზე არ მინახიხართ“, - მიმართა კვირკაშვილს ინაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ინაშვილის გამოსვლის პათოსმა იმდენად გააღიზიანა, რომ მან საკუთარი ადგილიდან ოპონენტს ხმაურიანი საუბარი დაუწყო - „ყველაფერს საზღვარი აქვს“.
კვირიკაშვილსა და ინაშვილს შორის ცხარე კამათი რამდენიმე წუთი გაგრძელდა, რომლის საპასუხოდ, ინაშვილმა პრემიერი გააფრთხილა, რომ მას ნუ ჰგონიათ, რომ 115 კაცი უნდა ეფერებოდეს.
„გთხოვეთ, სტრატეგიული პარტნიორი იყავით-თქო? ბოკერიასთან გააგრძელეთ სტრაგეგიული თანამშრომლობა, რაც გადასარევად გამოგდით. ირმა ინაშვილი ყოფილა ქვეყნის დამაზიანებელი და აღმშენებლები აგერ გყავთ“, - მიმართა კვირიკაშვილს ინაშვილმა, რის შემდეგაც „პატრიოტთა ალიანსმა“ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ჩანს, ინაშვილმა ის ხაზი გააგრძელა, რომელიც საკუთარი ფრაქციის სხდომაზე დაიწყო, როცა რამდენიმე მინისტრს სისხლის სამართლის პასუხისგებით დაემუქრა, სანაცვლოდ კი, პრემიერისგან ადეკვატური პასუხის ნაცვლად, შეფასება მიიღო, რომ „მსგავსი საუბარი ფორმატს არ შეეფერებოდა“.
მაშინ, როცა დეპუტატების ნაწილი ერთმანეთს მორალს უკითხავდა და საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში განცხადებაშივე მოდიოდნენ, ამ ფონზე, ყველაზე შთამბეჭდავი გამოსვლა სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ ყაველაშვილს ჰქონდა.
გამოსვლისას ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი დეპუტატობა არ ყოფილა, მაგრამ მას ახალ თანაგუნდელებთან ღირსება და თავისუფლება აერთიანებს, რომლის გარშემო „ქართული ოცნება“ შეიკრიბა.
„ერთი წლის წინ, ვინმეს ჩემთვის რომ ეთქვა, პარლამენტში მოხვდებიო, გამიკვირდებოდა. ჩემი მიზანი დეპუტატობა არასოდეს არ ყოფილა, პროფესიონალი ჩემს დარგში ვიყავი, მაგრამ ახალ თანაგუნდელებთან ღირსება და თავისუფლება მაერთიანებს, რომლის გარშემო „ქართული ოცნება“ გაერთიანდა და ღრმად მწამს, რომ პროგრამა, რომელიც მან წარმოადგინა, შესრულდება. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქუჩა-ქუჩა დავდიოდით და მოსახლეობა მოგვწიოდებდა, თქვენი მთავარი გზავნილი გულწრფელობა უნდა იყოს და არ გინდათ, არ მოგვატყუოთო. ამ სიმართლით პარლამენტში მოვედი. ძვირფასო მინისტრობის კანდიდატებო, ჩვენს ფუნქციას შევასრულებთ და მაკონტროლებლები ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ სპორტში ბევრი რამე გაკეთდა, სპორტის მნიშვნელობა არასათანადოდ არის მიჩნეული და მინდა, რომ ქვეყნისთვის სპორტი პრიორიტეტული იყოს, რადგან სპორტს ბევრის მოტანა შეუძლია“, - აღნიშნა ყაველაშვილმა.
დეპუტატმა უმცირესობასაც მიმართა და აღნიშნა, რომ შეიძლება, მხარეებს შორის გაერთიანების მიზეზი სპორტიც იყოს.
„საქართველოში მცირე რაოდენობაა ადამიანების, რომელსაც სპორტის მიმართ შეხება ან სიყვარული არ ჰქონდეს. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ვისაც შინაგანი კულტურა გაგვაჩნია, ეთიკა და ღირსება უნდა დავიცვათ. ღირსების და თავისუფლების გარშემოა ჩემი საქმიანობა. როცა ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, მხოლოდ გულწრფელობა მალაპარაკებდა. ადამიანები იხსენებდნენ, „ოღონდ ის არ დაბრუნდეს“ და ეს იყო ღირსებაშელახული ადამიანების სურვილი და თქვენდა სამწუხაროდ, თქვენ საქართველო გააერთიანეთ. იქნებ, დღეს მაინც დაფიქრდეთ, თქვენ ჩვენი თანამოქალაქეები ხართ და ნუთუ, ერთხელ არ დაგებადათ აზრი, რომ რასაც შენობაში საუბრობთ, ჩვენთან ხართ ურთიერთობაში, აქ სხვა ადამიანებად რატომ იქცევით? - მინდა სიყვარული გამოვხატო და სპორტთან ერთად სიყვარულმა გაგვაერთიანოს“, - მიმართა დეპუტატებს ყაველაშვილმა.
ყოფილი ფეხბურთელის მსგავსად, პარლამენტს პოლიტიკური დებატებისას, პირველი სიტყვით ახალმა სპიკერმაც მიმართა. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის არასრულ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით რეპლიკები შემაშფოთებელად მიიჩნია და იმედი გამოთქვა, რომ ემოციები მალე დაცხრება.
„კარგია, რომ საპარლამენტო მუშაობა აქტიური დებატების რეჟიმში წარიმართება. ეს დემოკრატიული მმართველობის აუცილებელი პირობაა და პირველ რიგში, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი ავამაღლეთ. აშკარაა, რომ პოსტსაარჩევნო ემოციები ჯერ დამცხრალი არ არის. ეს დღევანდელ სხდომაზეც ჩანდა. იმედი მაქვს, რომ საარჩევნო ემოციები მალე დაცხრება და შეურაცხმყოფელი განცხადებები და რადიკალიზმი იკლებს“, - დასძინა კობახიძემ.