ირმა ინაშვილის მიერ გაკიცხული მინისტრობის კანდიდატები და მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარები, ადა მარშანიას მიერ დაწუნებული ქეთევან ციხელაშვილის მენტალური ცოდნა, გიორგი კვირიკაშვილის თაობაზე გიორგი კანდელაკის ენით გაჟღერებული დიპლომატების „შეფასებები“, „ბრძენ კაცად“ წოდებული ბიძინა ივანიშვილი და მისი „საყვარელი დეიდაშვილი“ უჩა მამაცაშვილი, პოლიტიკური ჰორიზონტიდან გამქრალი ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძის „უდიპლომო ცოლის ძმა“, გიორგი მღებრიშვილის მიერ ოთარ კახიძეზე გახსენებული ანეკდოტი, კვირიკაშვილის მიერ აკაკი ბობოხიძის ტელეფონზე გაგზავნილი ბმული და თინა ხიდაშელით გულნატკენი კვირიკაშვილი - ამ ყველაფრის თაობაზე რეპლიკებსა და განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ საჯარო იმ სხდომებზე მოისმენდით, სადაც დეპუტატებმა მინისტრობის კანდიდატებს უმასპინძლეს, თუმცა, მათ ნდობა არ გამოუცხადეს.
საპარლამენტო კომიტეტებისგან განსხვავებით, საპარლამენტო ფრაქციების ფორმატში, მთავრობის კაბინეტის მოსმენა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა, სადაც სფეროებზე საგნობრივი საუბარი ნაკლები იყო, მეტი კი, ურთიერთბრალდებების და შეურაცხმყოფელი რეპლიკების გაჟღერება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე, მინისტრების მოსმენა 12:14 საათზე დაიწყო, სადაც ფრაქციის წევრებმა უფრო მეტი ისაუბრეს, ვიდრე მინისტრებმა. თუკი ირმა ინაშვილის გუნდის პოლიტიკური დარტყმის მთავარი ობიექტი რამდენიმე მინისტრი იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური თავდასხმის ადრესატი - მთავრობის ხელმძღვანელი იყო, რომელიც უმცირესობასთან უფრო დამაჯერებელი და მკაცრი იყო, ვიდრე „პატრიოთა ალიანსის“ სხდომაზე.
სანამ საპარლამენტო ტრიბუნიდან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საკუთარი გუნდის წევრების კრიტიკის მოსმენა მოუწევდა, მანამდე პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ყურადღება ოთხპუნქტიან სამთავრობი პროგრამაზე გაამახვილა.
კვირიკაშვილის მოსაზრებით, აღნიშნული გეგმა არსებულ გამოწვევევბსა და სწრაფი ეკონომიკის ზრდის მოთხოვნებს პასუხობს. მისი თქმით, მთავრობა ამ ოთხ წელში ეკონომიკური ზრდის დაბალანსებას სოციალური საჭიროებების მიმართულებით შეეცდება.
მთავრობის ხელმძღვანელმა პოლიცენტრული-ურბანული განვითრების პრინციპზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში სოფელი და ქალაქი ერთნაირად უნდა განვითრდეს, რათა ქვეყანა ერთი-ორი თავკომბალას გარშემო არ გაშენდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი სერვისზე ორიენტირებული მთავრობაა, რომელიც ბიზნეს სახლის კონცეფციის ჩამოყალიბებას გულისხმობს, როდესაც ერთი ფანჯრის პრინციპით არა მხოლოდ ფიზიკურ პირებს მოემსახურებიან, არამედ იურიდიულ პირებსაც. ნებისმიერი სერვისი, რომელიც კერძო სექტორს სახელმწიფოსგან მიეწოდება, ეს იქნება სახელწმიფო ქონების მართვის მიმართულება, ლიცენზიები, ელექტრო პროექტები, საგადასახადო შემოსავლების მიმართულება თუ სხვა, ყველაფერი ხელმისავწდომი ერთ ადგილას იქნება, რაც რევოლუციური რეფორმაა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა, რომელსაც ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა.
ინაშვილმა საკუთარი გამოსვლა პოზიტიურად დაიწყო და რამდენიმე მინისტრი შეაქო. მათ შორი იყვნენ: თეა წულუკიანი, ვიქტორ დოლიძე, სოზარ სუბარი, კახი კახიშვილი და დავით სერგეენკო.
ზემოთ აღნიშნული მინისტრებისგან განსხვავებით, გიგლა აგულაშვილს, მიხეილ გიორგაძეს, ალექსანდრე ჯეჯელავასა და ზურაბ ალავიძეს „არ გაუმართლათ“, რადგან მათ ინაშვილი სისხლის სამართლის პასუხისგებით დაემუქრა.
ინაშვილის პირველი პოლიტიკური მსხვერპლი კულტურის მინისტრობის კანდიდატი გახდა, რომელსაც დეპუტატმა საყდრისის საბადოს აფეთქება გაახსენა და აღნიშნა, რომ მის მიმართ მხოლოდ კითხვები კი არ არის, არამედ მან საყდრისის თემაზე პასუხი უნდა აგოს.
„ცუდია, როცა პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ და გარწმუნებთ, რომ საყდრისის გამო პასუხს აგებთ და როცა ციხეში მოხვდებით, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით თუ არა“,- მიმართა ინაშვილმა გიორგაძეს, რომლის შემდეგაც, გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატი გააკრიტიკა.
ინაშვილმა აგულაშვილი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მისნაირი მინისტრი არ უნდა ჰყავდეს.
„თქვენ იორმუღალოს სოფლებში, გაშლილი ლეპტოპით დადიოდით და ხალხს უსინდიდოდ ატყუებდით, რომ ინაშვილმა მეჩეთზე ღორის თავი დაკიდაო. რელიგიურ შუღლს მიზანმიმართულად აღვივებდით. საგარეჯოს არჩევნებში სახე დაკარგეთ, არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, ახლა მშვიდად მიყურებთ და ფიქრობთ, რომ გადარჩით, მაგრამ ასე სააკაშვილსაც ეგონა, რომელიც ჩემი გავრცელებული კადრებით დაემხო. გპირდებით, რომ პასუხს აგებთ“, - მიმართა აგულაშვილს ინაშვილმა.
კოლეგებისგან განსხვავებით, ინაშვილი განათლების მინისტრობის კანდიდატს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით არ დაემუქრა, მაგრამ ის ქართული ზღაპრების რევიზიის გამო გააკრიტიკა.
„თქვენი მხრიდან ქართული ზღაპრების ამ სტილში რევიზია ცოტა უხერხული იყო. იმის ნაცვლად, რომ ახალ თაობას ქართული ზღაპრების სიყვარულს ვუნერგავდეთ, გამოვდივართ და ამ ყველაფერს ვაკნინებთ. ახალი თაობა ვეღარ არკვევს, ვინ იყვნენ ვახტანგ გორგასალი და დავით აღმაშენებელი. სკოლის მოსწავლეებს არ სჯერათ, რომ ცოტნე დადიანი არსებობდა. მთავარი მიმართულება უნდა იყოს არა დაცინვა და გაქილიკება ეროვნული ფასეულობების, არამედ მათი წარმოჩენა“, - აღნიშნა ინაშვილმა, რომელმაც შემდეგ ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს ზურაბ ალავიძეს მიმართა.
ინაშვილმა ზურაბ ალავიძეს ურჩია, კარიერას სიცრუით ნუ დაიწყებს, გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი შემომწირველი იყავით, თქვენ ეს არ დაადასტურეთ და განაცხადეთ, რომ არც ერთი პარტია არასდროს დაგიფინანსებიათ, მაგრამ ფაქტებს ვერ გავექცევით, ზუსტი მტკიცებულება მედიაში გავრცელდა“, - მიმართა ინაშვილმა ალავიძეს.
ინაშვილის მსგავსად, მინისტრობის მიმართ თავდასხმები ადა მარშანიამაც გააგრძელა და მან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს რეგიონში კონფლიქტების საკითხების მიმართ მენტალური ცოდნა დაუწუნა.
„თქვენი თავი და უწყება მართლა შეგეცოდებათ, როცა თქვენს ფუნქციებს და ამოცანებს წაიკითხავთ, რაც წესდების მიხედვით გაკისრიათ. ძალიან ცუდია, რომ დევნილ მოსახლეობასთან და აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებთან სათანადო აქტიური თანამშრომლობა არ გინდათ. თქვენ ოთხი წლის განმავლობაში მინისტრის მოადგილის რანგში რომ ბრძანდებოდით, მხოლოდ ერთხელ იყავით ჩვენთან, ისიც ჟენევაზე ისაუბრეთ. ეს იყო და ეს“, - მიმართა მარშანიამ ციხელაშვილს.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, „პატრიოტთა ალიანსის“ კრიტიკის ობიექტებმა დეპუტატებისთვის პასუხის გაცემა არ ისურვეს. ეს შეგნებულად მოხდა და უნებლიედ, ამის თქმა რთულია, თუმცა, გუნდის გაკიცხული წევრების დაცვა დიდად არც მთავრობის ხელმძღვანელს არ უცდია. ყოველ შემთხვევაში, ის მხოლოდ იმის თქმით შემოიფარგლა, რომ „მინისტრებთან ასეთ კონტექტსში საუბარი, რაც ციხეში ჩაჯდომას უკავშირდება, ფორმატისთვის შეუფერებელია“.
კვირიკაშვილისგან განსხვავებით, ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ საეჭვო თანხებთნ დაკავშირებით, ინაშვილის კითხვა უპასუხოდ არ დატოვა, მას საკუთარი სპორტული კარიერა გაახსენა და მისი მაღალი ანაზღაურების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
„ჩემი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე, ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი, 6 მილიონი იყო წლიური შემოსავალი და საკმაო ინტელექტი გამაჩნდა იმისა, რომ ინვესტიციები სწორი იმართულებით მიმემარტა, რომ დღეს ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული“, - მიმართა კალაძემ ინაშვილს, რომელმაც მისგან განსხვავებით, პასუხი კვირიკაშვილს გასცა.
ინაშვილმა პრემიერობის კანდიდატს შეახსენა, რომ მინისტრები ხელფასს ხალხისგან იღებენ და ისინი ზეციდან ჩამოფრენილები არ არიან.
„გთხოვთ, იმ მინისტრებს ნუ დაიცავთ, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ ვგულისხმობ, რომ ისინი აქედან წავიყვანოთ გლდანის მერვე დაწესებულებაში, მაგრამ მათ სასამართლოს გზით უნდა აგონ პასუხი. დიმიტრი ქუმსიშვილმა შავი პიარი აგვიგორა, რაშიც მედია „პალიტირა“ გამოიყენა. კარგია, რომ იღიმებით, მაგრამ ღიმილი ეცვლებათ-ხოლმე“, - მიმართა ქუმსიშვილს ინაშვილმა.
რაც შეეხება უმცირესობის სხდომას, „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსად, მათი შეხვედრაც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა, აქ პოზიციები შეიცვალა - კვირიკაშვილი კონსტრუქციულობის რეჟიმში ისევ დარჩა, თუმცა უპასუხოდ ნაციონალების არც ერთი რეპლიკა და ბრალდება არ დატოვა.
კვირიკაშვილმა „პატრიოტთა ალიანსის“ მსგავსად, თანამშრომლობის ხელი ნაციონალებსაც გაუწოდა, თუმცა, მათ „ქართული ოცნება“ ინაშვილის გუნდთან ურთიერთობაში დაადანაშაულეს და ამაზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება პრემიერს მოსთხოვეს.
გიგა ბოკერიამ „პატრიოტთა ალიანსი“ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკურ საწარმოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ კვირიკაშვილი უცხოელებთან შეხვედრაზე წუხილს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში პრორურსული ძალები ძლიერდებიან, თუმცა, „ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სინამდვილეში თანამშრომლები არიან.
„რატომ გრცხვენიათ, რომ ეს თქვათ? გუშინ, წულუკიანმა მისთვის ჩვეული პოლიტიკური სიძულვილის ნიაღვარი გამოუშვა და თქვა, მიხარია, კვიციანი აქ არისო - კაცი, რომელიც თავისი ქვეყნის წინააღმდეგ ამბოხდა. თქვენ რაღაცას კეკულუცობთ და გვითხარით, რომელი იტყუებით-ხოლმე? ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ივანიშვილი რა ძალებს აძლიერებს“, - მიმართა კვირიკაშვილს ბოკერიამ, რომლის პათოსი „სიცრუის მანქანად“ წოდებულმა გიორგი კანდელაკმაც გაიზიარა და როგორც ჩანს, მას ბოკერიას გამოსვლა მოეწონა, რადგან ისიც კვირიკაშვილის „სირცხვილ-ნამუსის ინდექსით“ დაინტერესდა.
კანდელაკის ცნობით, საერთშორისო პარტნიორები კვირიკაშვილზე ამბობენ, რომ ის სასიამოვნო მოსაუბრეა და მას კარგი მანერები აქვს, მაგრამ ვერაფერს წყვეტს და მისი წონა ნულის ტონია, რადგან ისინი პოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად ბიძინა ივანიშვილთან მიდიან.
„საერთოდ არ მეამაყება, რომ პარტნიორების მხრიდან ასეთი პროცესი არსებობს, მაგრამ არ გრცხვენიათ?“, - მიმართა კანდელაკმა კვირიკაშვილს, რომლის საპასუხოდ, პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი განცხადება მისივე ფანტაზიებია, რის გამოც, შეფასებას „გაატარებს“.
კვირიკაშვილისგან განსხვავებით, კანდელაკის რეპლიკა ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ არ „გაატარა“, რომელმაც ოპოზიციონერს იმ ელჩების სახელებისა და გვარების დასახელება მოსთხოვა, რომელიც მსგავს შეფასებებს აკეთებს. კანდელაკმა დოლიძეს პასუხი არ გასცა და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, მაგრამ ბოკერიას კითხვას პრემიერმა უპასუხა და „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობა გამორიცხა და მათი პარლამენტში მოხვედრა ამომრჩევლის ნებას დაუკავშირა.
კანდელაკის მსგავსად, კვირიკაშვილის მიმართ არაკორექტული გამოსვლა ნიკა მელიასაც ჰქონდა, თუმცა, ის დიპლომატიურ სკანდალში არ გახვეულა და მან პრემიერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხის გაზომვა მოითხოვა, რის საპასუხოდაც, შეფასება „ნომინალურ პრემიერობაზე“ კვირიკაშვილმა არაკორექტულად მიიჩნია, თუმცა კითხვას კონსტრუქციული პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებელია ყველა საკადრო ცვლილებაზე.
მელიას საპასუხოდ, კვირიკაშვილმა წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იდეალური არ იყო, მაგრამ ბევრად უკეთესი იყო 2012 წელთან შედარებით.
„თქვენი შემართება ძალიან მიკვრის, როცა ამ კითხვას სვამთ. ჯიხაშკარის ინციდენტი ჩემთვის აღმაშფოთებელი იყო, მაგრამ მარნეულის ინციდენტს ვერ შევადარებთ, რადგან სამართალდამცავების მიმართ ძალადობა ნებისმიერ ქვეყანაში მწვავედ ფასდება. პოლიციელს ქვედა ყბაზე მოტეხილობა ჰქონდა, რომელსაც სახეში ლოდი ჩაარტყეს. ყველა ძალადობა აღმაშფოთებელია და კახი კალაძეს არაობიექტურად დებთ ბრალს, რომელსაც ამ ინციდენტთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ეს იმ კულტურის ინერცია იყო, რომელიც ქვეყანაში წინა პერიოდში იყო, როცა საარჩევნო კამპანია ცხვირ-პირის მტვრევით წარიმართებოდა“, - განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაზე დღეს ყველაზე ბევრი ისაუბრა და რომან გოცირიძის მოსაზრებები გაუკვირდა, არადა, მისი თქმით, მან ეკონომიკა 90-იან წლებში წიგნითაც ისწავლა.
იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავდასხმის მთავარი ობიექტი გიორგი კვირიკაშვილი იყო, ყველაზე მეტი კითხვის მოგიერება მას მოუხდა. მაშინ, როცა უმცირესობა საგარეო კურსისთვის პრობლემების შექმნაზე აქცენტირებდა და ამ თვალსაზრისით, „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითრებულ პროცესებს ასახელებდა, მათ მთავრობის ხელმძღვანელმა ქართული მედიის თავისუფლების ხარისხის „ნახტომით“ გაუმჯობესებული საერთაშორისო მონაცემები შეახსენა და ნაციონალები ანტიდასავლური საქმის კეთებაში დაადანაშაულა.
„პატრიოტთა ალიანსიდან“ განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია, რომლებიც, პირდაპირ ქვეყნის დასვალურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება და სტრატეგიულ ურთიერთობაში ვერ შევალთ. ჩემგან ეს კრიტიკა არაერთხელ ყოფილა, მაგრამ ამის პრეტენზიები თქვენგან მიკვირს. ანუ, იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც მხოლოდ დეკლარირებულად არის პროდასავლური. ამ ქვეყანაში, თქვენი ხელისგან შეიქმნა - მედიათავისუფლების აბსოლუტურად დრამატული სურათი, ადამიანის უფლებების კუთხით კატასტროფული სურათი და ქონების მართვის მაჩვენებლები. ყველაფერ ამით, ქვეყანა აბსოლუტურად ფსკერზე იყო - თქვენი მხრიდან პრეტენზიები, რომ, თურმე, დასავლეთთან მიმართებაში სუსტ ნაბიჯებს ვდგამთ, ძალიან გასაკვირია. თქვენ საქმით აბსოლუტურად ანტიდასავლურ საქმეს აკეთებდით“, - მიმართა ნაციონალებს კვირიკაშვილმა, რომელმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის მიმართ წყენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მისი მხრიდან ეთიკა ბევრჯერ დაირღვა და შეიძლება, მას გული ეტკინა, მაგრამ პოლიტიკაში გულისტეკენები არ არის მნიშვნელოვანი.
კვირიკაშვილისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს გიორგი მღებრიშვილს გული ოთარ კახიძის შეფასებებმა ვერ ატკინა, რომელმაც მინისტრისგან კრიმინალის სტატისტიკის თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა, თუმცა, საბოლოო ჯამში მათი საუბარი კამათით დასრულდა.
„დამალული დანაშაულის შესახებ ერთი ფაქტი მაინც მომიყვანეთ. ინფორმაცია გაქვთ, 2008-2009 წლებში, რამდენი ყაჩაღობა იყო საქართელოში? - 1008 ყაჩაღობა ფიქსირდებოდა და წელს 400-ია. ერთი ფაქტი მითხარით, რომელიც თქვენ იცით და დარეგისტრირებული არ არის. მკვლელობა 263 იყო და რა კრიმინალზე მელაპარაკებით? უაპელაციოდ საუბარი არ გამოდგება. ყაჩაღობას სტატისტიკაში მთლიანად აღვნუსხავთ. ერთი ფაქტი მომიყვანეთ, შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა. რა გინდათ დავიფიციო, თუ დავიგინო? ერთ ანეგდოტს მახსენებთ ნასოსზე“, - მიმართა კახიძეს მღებრიშვილმა, რომლის რეპლიკის მსგვასად, დეპუტატები კვირიკაშვილის მიერ აკაკი ბობოხიძისთვის გაგზავნილმა მოკლე ტექსტურმა შეტყობინებამ გაამხიარულა.
„ბ-ნ ოთარის ტელფონი არ მაქვს და ახლომჯდომებში, აკაკი ბობოხიძის ტელეფონი მქონდა და „საქტატის“ ვებ-გვერდი გამოგიგზავნეთ, იქნებ, ბმული აჩვენოთ“, - მიმართა ბობოხიძეს კვირიკაშვილმა, კახიძემ ვებ-გვერდი გახსნა, მაგრამ როგორც თქვა, სტატისტიკა სრულად მაინც ვერ იპოვა.
როგორც ჩანს, ურთიერთბრალდებებისა და კამათის პროცესი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზეც გაგრძელდება, სადაც მთავრობას ნდობის გამოცხადებისთვის 76 ხმა დასჭირდება.