დონალდ ტრამპი ობამას მიერ დადებული ხელშეკრულებების იგნორირებას აპირებს. პირველი, რასაც ინაუგურაციის შემდეგ გეგმავს, ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან ამერიკის გასვლის პროცედურის დაწყება იქნება. შვიდწლიანი მოლაპარაკების შემდეგ აღნიშნულ პაქტს ობამამ მიმდინარე წლის თებერვალში მოაწერა ხელი, რაც ობამას პოლიტიკის ქვაკუთხედად ითვლებოდა. პაქტს ხელს აწერდა კიდევ 11 ქვეყნის ხელმძღვანელობა, მათ შორის, ავსტრალია, ბრუნეი, ვიეტნამი, კანადა, მალაიზია, მექსიკა, ახალი ზელანდია და სხვა. სავაჭრო პაქტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საბაჟო გადასახადების გაუქმებას ითვალისწინებდა.
ობამასგან განსხვავებით, დონალდ ტრამპს ეს პაქტი არ ხიბლავს. ის აცხადებს, რომ ეს პარტნიორობა აშშ-სთვის პოტენციური კატასტროფაა და მისი გაუქმება ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. სავარაუდოდ, ამ პაქტის გაუქმებას კიდევ სხვა ხელშეკრულებების გადახედვა მოჰყვება. სადამდე წავა ტრამპი და მოელის თუ არა კორექტირება ობამას მიერ დადებულ ხელშეკრულებებს?
ექსპერტი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ტრამპის იდეა, გამოიყვანოს ამერიკა წყნარი ოკეანეთ-აზიის სავაჭრო ხელშეკრულებიდან, ანუ აპეკის ქვეყნებიდან, იმ ინტეგრაციული პროექტის საწინააღმდეგოდაა მიმართული, რასაც ობამა დიდი რუდუნებით ავითარებდა. ამის მიუხედავად, ტრამპის ასეთი პოლიტიკა გასაგებია. მან ხომ მთავარ სტრატეგიულ ხაზად დაისახა პროტექციონისტული პოლიტიკა, ამერიკიული ბიზნესის დაცვა, სამუშაო ადგილების დაბრუნება, რათა ამერიკა ისეთივე მიმზიდველი გახდეს ამერიკული და არაამერიკული ბიზნესისთვის, როგორც დღეს ჩინეთი და „აზიური ვეფხვებია“. ამ შემთხვევაში, ხუთ „ვეფხვზეა“ საუბარი-სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა, ტაივანი და ბრუნეი.
„დონალდ ტრამპი ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან ამერიკის გაყვანით არ შემოიფარგლება. ის აპირებს ტრანსატლანტიკური ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების პირობების შეჩერებას და, ასევე, ჩრდილოეთ ამერიკული სავაჭრო ხელშეკრულებიდან ამერიკის გაყვანას, რაც მექსიკის, ამერიკის, და კანადის მიერ შექმნილ ერთიან სავაჭრო თავისუფალ ზონას გულისხმობდა ყოველგვარი ბარიერების გარეშე. ის აპირებს პარიზის კლიმატის შეთანხმებიდანაც გამოსვლას და ჩინეთთან მწვავე ურთიერთობის განვითარებას.
ალბათ, ჩინეთს ინვესტიციებს შეუზღუდავს, რადგან ტრამპს გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ბიზნესსაზოგადოების დაცვა და ამას გადაიტანს საერთაშორისო დონის ფორმატში. ამით ამერიკა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობებსაც დაარღვევს, რადგან თავადვე დაუპირისპირდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რომლის მთავარი დამფუძნებელიც თვითონ იყო. ამან შეიძლება მთლიანად მოარღვიოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პირობები და ჩვენც მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაგდოს, რადგან ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმების გაფორმება შესაძლოა, დავიწყებასაც მიეცეს“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი აზრით, ტრამპის იდეები ახალი არ არის, ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ-უმცროსმა დაიწყო ასეთი პოლიტიკის გატარება, მაგრამ შემდეგ შეაჩერა, რადგან აქ წამოვიდა უსაფრთხოების პრობლემები, გლობალური ტერორის საკითხი. ტრამპი კი უკან არ დაიხევს, არად ჩათვლის უსაფრთხოების გამოწვევებს, რადგან იგი, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი და ბიზნესმენი, თუნდაც საკუთარი ბიზნესიდან გამომდინარე, თვითონაც არის ამ პოლიტიკის გატარებით დაინტერესებული.
ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ტრამპმა ასეთი არჩევანი შეგნებულად გააკეთა, რადგან მთავარი აქცენტი აიღო ამერიკის საშუალო კლასზე, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია. უმუშევრობის დონემ ამერიკაში სოლიდურ რაოდენობას მიაღწია. საგარეო ვალი 25 ტრილიონი დოლარია, ამას ემატება შიდა ვალი 15 ტრილიონი დოლარი, სულ 40 ტრილიონზეა საუბარი. ამერიკულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს საკუთარი ბიზნესისა და ინვესტიციის გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამან შეასუსტა ამერიკის ეკონომიკური მდგომარეობა და ამერიკის ეკონომიკური ზრდის ტემპი 14%-დან 5-6%-მდე დაეცა.
„ტრამპი ნაკლებად მიაქცევს ყურადღებას საერთაშორისო პოლიტიკურ პროცესებს. მან შემოიკრიბა რადიკალი ქორები- სახელმწიფო მდივანი რუდი ჯულიანი, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკლ ფლინი, ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენი. ამის მიუხედავად, აქ მთავარი იქნება თავად ტრამპის პოზიცია. მართალია, რეიგანი არაპროფესიონალი იყო, მაგრამ ის თავისი ძლიერი გუნდის აზრებს იზიარებდა. ფაქტობრივად, ეს ძლიერი პრეზიდენტი - რეიგანი თავის მრჩეველთა მძევალი იყო. ტრამპი კი ისეთი ქარიზმატულია, რომ თავის მრჩევლებს იქით მოახვევს თამაშის წესებს. ტრამპმა თავისი ქარიზმით ორჯერ გაიმარჯვა, ჯერ „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერში და მერე უკვე არჩევნებში. ტრამპი ისეთივე ძლიერი ქარიზმაა, როგორიც იყო ჯონ კენედი, ფრანკლინ დელანო რუზველტი. მე არ ვამბობ, რომ ის ამერიკას გადაარჩენს, მაგრამ აქ მისი ქარიზმაა მთავარი. ის არ იქნება საკუთარი გუნდის მძევალი“.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, თუკი საზომად ავიღებთ ობამას პრიორიტეტების წინააღმდეგ დონალდ ტრამპის ბრძოლას, მაშინ გასაკვირი არ არის, რომ ტრამპის მთელი პოზიციონირებაც სწორედ ამ კუთხითაა გაშლილი. კლინტონი და ობამა, საერთო ჯამში, ერთი მიმართულების გუნდს წარმოადგენდნენ, ტრამპი კი მთლიანად საწინააღმდეგო ფორმატში პოზიციონირებდა.
„ტრამპი საკუთარი განცხადებების ნაწილის კორექტირებას აპირებს. საუბარია იმ მძიმე და რთულ განცხადებებზე, რაც შემდგომში მისი საიტიდანაც აიღეს და ერთგვარად ტრამპს შეუმსუბუქეს ნათქვამი. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამომრჩეველში ცუდად არ შეტრიალდეს, ტრამპი ახლა ცდილობს, თავის პირველად ჩვენებას „მიაწვეს“. ტრამპი გარკვეულ შემთხვევებში კვლავაც მოახდენს ანტიობამურ-კლინტონური პათოსის გაგრძელებას, რათა ეს ამომრჩევლის თვალში დადებითად ჩაეთვალოს და იგი სიტყვის უკან წამღებად არ მიიჩნიონ. ის ახლა პოლიტიკური ლავირების ხერხს მიმართავს“,-აღნიშნა არჩილ გამზარდიამ და შეკითხვის საპასუხოდ, ობამას მიერ დადებული ხელშეკრულებების იგნორირება წაიყვანს თუ ამერიკას იზოლაციონიზმისკენ, განმარტა, „ერთი კონკრეტული შემთხვევის მიხედვით იზოლაციაზე ლაპარაკი ნაადრევია. იზოლაცია თავისი არსით ბევრად უფრო გლობალურია. ამიტომ, თუ ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობიდან ამერიკის გასვლა წმინდა პოლიტიკური ლავირების თემაა, შეიძლება, ტრამპმა რამდენიმე ასეთი პაქტი კიდევ გააუქმოს, რასაც განსაკუთრებული უკუშედეგი არ მოჰყვება. სხვა შემთხვევაში კი, ის ბევრად უფრო ფრთხილი იქნება და უფრო რაციონალურად მიუდგება ზოგიერთ საკითხებს“.