ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, ერთიანი სარდლობის ქვეშ დაგეგემილი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფება გამიზნულია ხელმომწერ მხარეთა ტერიტორიებზე აგრესიასა და ასევე სხვა სამხედრო საფრთხეებზე რეაგირებისათვის.
გაერთიანებული დაჯგუფების შემადგელობაში რუსული მხრიდან აფხაზეთში განთავსებული რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა, ხოლო აფხაზური მხრიდან - ორი ცალკეული მოტომსროლელთა ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო ჯგუფები, ასევე სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები შევლენ.
ოფიციალური თბილისი თვლის, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ემსახურება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საბოლოო ანექსიას, რაც სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს და ძირს უთხრის დადგენილ საერთაშორისო წესრიგს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ქმედებებს და ქმედითი ზომები მიიღოს რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
გარდა ამისა, ოკუპირებულ აფხაზეთში ოთხშაბათიდან ამოქმედებული კანონით, გალი „სამხედრო ქალაქად“ გამოცხადდა. გადაწყვეტილება აფხაზეთის საოკუპაცუიო რეჟიმმა და ოფიციალურმა მოსკოვმა ერთობლივად მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, გალის ტერიტორიაზე დამატებით კიდევ 25 სამხედრო საგუშაგო განთავსდა. გალის რაიონის სოფლების და ოჩამჩირის, ნაწილი კი ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ქმედებები მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა საერთაშორისო ორგანიზაციებში მოხდეს ამ საკითხის განხილვა და შესაბამისი დიპლომატიური გზების მოძებნა კონფლიქტის დარეგულირებისთვის.
„ეს ე.წ. შეთანხმება, რომელიც გაფორმდა და რომლის რატიფიცირებაც მოახდინა რუსეთის ფედერაციამ, არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას, 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და იგი წარმოადგენს ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ნაწილს“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების შესახებ პროექტი ჟენევის ფორმატში იქნება განხილული და ამის შესახებ თანათავმჯდომარეები უკვე ინფორმირებული არიან, რომლებიც ახლა სოხუმში იმყოფებიან.
„ამჯერად ამ შეთანხმებით კიდევ უფრო იზრდება კონტროლის ხარისხი ამ ტერიტორიებზე, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც არ არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველე გალი სამხედრო ქალაქად გამოცხადდა, კრიტიკულია თავდაცვის მინისტრის შეფასება. ლევან იზორიას განცხადებით, მთავარი ამოცანაა ქვეყნის განვითარება, ხოლო თავდაცვის სისტემის ფარგლებში თავდაცვისუნარიანობის ამაღლება არის საუკეთესო არჩევანი ყოველგვარი საფრთხის თავიდან აცილების პრევენციისთვის.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს მაღალი. ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი უნარით ყველანაირ საფრთხეებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ამიტომ ჩვენი შეიარაღებული ძალების სიძლიერე არის ყველაზე კარგი პრევენცია და თავიდან აცილება აგრესიისა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და საბრძოლო მომზადების ხარისხის ამაღლების მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
„რუსეთს მკაფიოდ უნდა ეთქვას, რომ სამხედრო კავშირი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა, ამერიკისა და ევროპის საკითხებში სერ ალან დუნკანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის განცხადებით, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ნაბიჯი და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის გამოწვევა.
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ დავიცვათ თქვენი უფლებები და თქვენი სუვერენიტეტი. რუსეთს არ აქვს პატივისცემა დამოუკიდებელი ქვეყნების, მათი არჩევანის, რაც მიუღებელია. ქვეყნების ტერიტორიულ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას პატივი უნდა სცენ“, - განაცხადა სერ-ალან დუნკანმა.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველო, სავარაუდოდ, ათასობით ახალი ლტოლვილის მისაღებად უნდა მოემზადოს. მისი თქმით, ოკუპირებული გალის ე.წ. სამხედრო ქალაქად გამოცხადება რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომლის მიზანს გალში რუსი სამხედრო ოჯახების ჩასახლება და მისი წმინდა სამხედრო ქალაქად გადაქცევა წარმოადგენს, რომელიც უშუალოდ მოსკოვს დაექვემდებარება.
„თამარაშენში და კეხვშიც მიმდინარეობს სამხედრო ქალაქების მშენებლობა, თუმცა იქ ეთნიკურად ქართული მოსახლეობა აღარ არის, შესაბამისად, ისეთი მკაცრი რეჟიმი აღარ იმოქმედებს, როგორც ოკუპირებულ გალში. სავსებით შესაძლებელია, რომ სასაზღვრო რაიონებიდან ათასობით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გასახლება მოხდეს, ასევე შესძლებელია რეჟიმი გამკაცრდეს საქართველოს შიდა რაიონებში გადამსვლელთათვის. რაც შეეხება აღნიშნულ ქმედებებზე საქართველოს რეაგირებას, სამწუხაროდ, ქვეყანას ზემოქმედებისთვის ბერკეტები არ გააჩნია“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებისა და ოკუპირებული გალის სამხედრო ქალაქად გამოცხადების ფონზე, ქართული მხარის მხრიდან უნდა მოხდეს გარკვეული თავდაცვითი საშუალებების გაზრდა.
„შეიძლება რუსეთმა უკვე მოახდინა თავისი შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება საზღვრისკენ, რაც ძალიან ცუდია და აუარესებს ჩვენი თავდაცვით შესაძლებლობას. მაგრამ თუ გაზარდეს, ეს კიდევ უარესია და ასეთ შემთხვევაში ჩვენც რაღაცა რეაგირება უნდა მოვახდინოთ. ანუ, გარდა საერთაშორისო დონეზე რეაგირებისა, ჩვენი მხრიდან აუცილებელია გარკვეული თავდაცვითი საშუალებების გაზრდა.
როდესაც სამხედრო რაოდენობას ზრდის მოწინააღმდეგე მხარე, შენც იძულებელი ხარ სამხედრო შესაძლებლობების გაზრდით უპასუხო. გადასახედია საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავიდან უნდა მოხდეს საფრთხეების შეფასებები და ამის შემდეგად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები და საჭიროებები - რა გვჭირდება და რისი შესაძლებლობა გვაქვს“, - აღნიშნა მამუკა ნებიერიძემ.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, კიდევ ერთი დადასტურებაა კარასინის განცხადების, რომ რუსეთი არ აპირებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის უკან წაღებას.
„ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის დარეგულირება არ უნდა. მას უნდა მუდმივი აგრესიის ნაბიჯების საშუალებით მეტი და მეტი დათმობები მიიღოს ქართული მხარისგან, ეს იქნება საგარეო თუ უსაფრთხოების პოლიტიკური კურსი. ცხადია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მარტო ორმხრივი ურთიერთობები არ გამოგვადგება.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი და ეფექტური მხარდამჭერი ამ მიმართულებით არის ჩვენი საერთოაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ნატოელი და ევროპელი პარტნიორები. მხოლოდ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით და უშუალო ჩართულობით შეიძლება შევაკავოთ რუსეთის მზარდი აგრესიულობა. არ მივცეთ საშუალება, რომ საქართველოს უსაფრთხოების და ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოხსნან. ეს არის ერთადერთი სწორი მიდგომა“, - აღნიშნა გიორგი მუჩაიძემ.