კვიციანი-აბესაძე თანამდებობას ითხოვენ, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

კვიციანი-აბესაძე თანამდებობას ითხოვენ, უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციური კვოტა ისევ ვაკანტურია, რომელზეც პრეტენზიას ისევ ემზარ კვიციანი და ირაკლი აბესაძე აცხადებენ.

კომიტეტის სხდომის ფარგლებში, „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე კენჭისყრა დღეს ჩატარდა, რომელიც ირმა ნადირაშვილის მიერ სხდომაზე დაგვიანების გამო ჩაიშალა, განმეორებითი კენჭისყრა კი, არ ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად კი, აბესაძეს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, კვიციანს კი, ხუთმა. მათ შორის იყვნენ - კობა კობალაძე, კობა ნარჩემაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.

იქედან გამომდინარე, რომ საკითხის გატანას ცხრა ხმა სჭირდებოდა, კენჭისყრაზე აბესაძის კანდიდატურა ჩავარდა და თავდაცვის კომიტეტის მომდევნო სხდომა თუ როდის იქნება მოწვეული, ეს ჯერჯერობით უცნობია, ისევე როგორც ის, „ქართული ოცნება“ დარჩება თუ არა პოლიტიკურ ძალებს მიღწეული იმ შეთანხმების ერთგული, რომლის მიხედვითაც, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ 12 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს დაიკავებს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსი“ - სამს.

როგორც for.ge-ს კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, კვოტებთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება იყო მიღებული, რაც იმას გულისხმობს, რომ დეპუტატების რაოდენობიდან გამომდინარე, უმცირესობას „პატრიოტთა ალიანსზე“ ოთხჯერ მეტი კვოტა ექნება.

სესიაშვილი ვერ აკონკრეტებს, მმართველი გუნდი მხარს ისევ დაუჭერს თუ ირაკლი აბესაძის კანდიდატურას.

„სავარაუდოდ, კომიტეტი ამ შეთახმების გამტარებელი იქნება“, - აცხადებს სესიაშვილი, კვიციანი კი, რაიმე პოლიტიკურ შეთანხმებაში „პატრიოტთა ალიანსის“ მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს.

for.ge-სთან საუბარში ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ის საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.

„არანაირი შეთანხმება არ ყოფილა და ეს ყველაფერი უცნაური იყო. არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, რაც ირმა ინაშვილს ვკითხე. მათთან შეთანხმებას არც ვაპირებ. თუ არ ამირჩევენ, სხვა აირჩიონ და ვიტყვი, რომ არჩევნები ჩატარდა და არ ამირჩიეს-თქო“, - აცხადებს კვიციანი, რომელიც ვერ იმას აკონკრეტებს, ნდობის ჯგუფში მის კანდიდატურას წარადგენს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“.

იმ შემთხვევაში, თუკი, აბესაძისა და კვიციანის კანდიდატურები კენჭისყრაზე ისევ დადგება, ნაციონალის მხარდაჭერას არ აპირებენ უმრავლესობის წევრები - ვიქტორ ჯაფარიძე და კობა ნარჩემაშვილი.

როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ნაციონალებმა ქვეყნის დაჩოქება კოდორის ხეობიდან დაიწყეს და დააჩოქეს კიდეც.

მისი თქმით, ის ამა თუ იმ პოსტზე ნაციონალების დამტკიცებას მხარს არასოდეს არ დაუჭერს.

„ცნობისთვის, მათი გუნდის წარმომადგენელი რომ შემოსულიყო, აბესაძე საკმარი ხმას მიიღებდა. საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას ვაპირებ და არ მგონია, აბესაძის მხარდაჭერა გუნდმა მთხოვოს. გინდ, ეს სვანური ამბავი არის. რატომაც, არა?“, - განაცხადა ჯაფარიძემ, რომელიც საკუთარ განცხადებაში ირმა ნადირაშვილის მიერ სხდომაზე დაგვიანებას გულისხმობს.

ჯაფარიძისგან განსხვავებით, ირმა ნადირაშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა არა მისმა დაგვიანებამ, არამედ სესიაშვილის მიერ რეგლამენტის დარღვევამ გამოიწვია.

for.ge-სთან საუბარში ნადირაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიტიკური შეთანხმება არაფერ შუაში არ არის და საქმე ისაა, რომ კვოტები არსებობს, რომლის მიხედვითაც, „პატრიოტთა ალიანსს“ სამი ადგილის დაკავება შეუძლია, რომელიც მათ უკვე ათვისებული აქვთ.

„არანაირი გონივრულობა არ ითვალისწინებდა იმას, რომ მათ ეს კანდიდატურა წარედგინათ. ყოველგვარ ზღვარს სცდება ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მხარი კვიციანს დაუჭირა, თუმცა, გასაგებია, რომ ეს ორი ფრაქცია ერთი და იგივეა. არ მიკვირს, როცა კვიციანის მხარდამჭერებს შორის „ქართული ოცნების“ წევრები ვიხილე - ნარჩემაშვილი და სხვა გენერლები. ირაკლი სესიაშვილმა რეგლამენტი დაარღვია, რადგან როცა სხდომაზე ცოტა დაგვიანებული მივედი და კენჭისყრა უკვე ჩატარებული იყო, ვიკითხე, განმეორებითი კენჭისყრა შეიძლებოდა თუ არა, რაზეც უარი მივიღე, არადა, რეგლამენტში პირდაპირ წერია, რომ ხელახალი კენჭისყრა უნდა დადგეს და ის პირი დააყენონ, ვინც მეტი ხმა მიიღო“, - აღნიშნავს ნადირაშვილი.

დეპუტატი ამბობს, რომ უმცირესობა აღნიშნულ პოსტზე ისევ აბესაძის კანდიდატურას წარადგენს, თუმცა, არა იმიტომ, რომ რაიმე სარგებელი არსებობს.

„პრინციპის საკითხია, რომ კვიციანი მოადგილე და ნდობის ჯგუფის წევრი არ იყოს“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

რაც შეეხება ირაკლი აბესაძის პოზიციას, ის საკუთარი კანდიდატურის დაყენებას კვლავ გეგმავს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საკითხზე არანაირი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, ან „ნაციონალურ მოძრაობას“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის.

„ეს მთლიანად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. როგორც ჩანს, მათ დიდი სურვილი აქვთ, რომ ემზარ კვიციანს მხარი დაუჭირონ და ის მოადგილედ ჰყავდეთ. მათ ამისთვის რეგლამენტი დაარღვიეს და საკითხი კენჭისყრაზე ხელმეორედ არ დააყენეს“, - დასძინა აბესაძემ.

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ემზარ კვიციანის წინააღმდეგ ბრძოლა ბედის ირონიაა, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში, ნდობის ჯგუფში შესვლას მაშინდელი უმრავლესობა ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ნაციონალებმა თვისი გაიტანეს და თარგამაძე ჯგუფის წევრი გახდა. რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ გადაწყვეტილებას, თუკი ირმა ინაშვილის გუნდმა წინასწარ იცოდა, რომ მათ მხოლოდ სამი კვოტის დაკავება შეეძლოთ, მაშინ გაურკვეველია, ემზარ კვიციანის კანდიდატურა რა მიზნით წარადგინეს?!