თინა ხიდაშელის ბრძანებით გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო გაწვევის აღდგენას გიორგი მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა. მან აღნიშნა, რომ საგაზაფხულო გაწვევის განახლება მნიშვნელოვანია.
თავდაცვის სამინისტრომ სავალდებულო სამხედრო გაწვევა რამდენიმე თვის წინ მინისტრ თინა ხიდაშელის იმ ბრძანების საფუძველზე გააუქმა, რომლის თანახმადაც, თინა ხიდაშელი ამბობდა, რომ „ძალით მიყვანილი სამხედრო შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება“. ამ ფაქტს მმართველი გუნდის წევრთა ნაწილის მხრიდან უკმაყოფილება მაშინვე მოჰყვა. ხიდაშელს შეახსენებდნენ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური კონსტიტუციური ვალდებულება იყო და ანექსიის პირობებში მყოფი ქვეყნის ახალგაზრდებში არ უნდა ჩაეკლა პატრიოტული მუხტი.
შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის აღდგენას მექანიკურ საკითხად მიიჩნევს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია. ის მიიჩნევს, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავდაცვის პოლიტიკის კონცეპტუალური გადახალისება და ხელახალი გაანალიზება.
„ბაში-აჩუკის“ არ იყოს, გინდ გაიტანეთ, გინდ შემოიტანეთ თქვენი ფალავანიო“, - სწორედ ამას ემსგავსება სავალდებულო გაწვევის აღდგენა ჩვენს პირობებში, როცა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის სისტემა მყიფე და შერყეულია. თვით 1918-21 წლებშიც კი ანალოგიური გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალები 50 ათას ადამიანს შეადგენდა და გაცილებით ეფექტური თავდაცვისუნარიანობის სისტემა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ორჯერ მეტ ტერიტორიას ვფლობდით, მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით ამდენივე იყო. მაშინდელი ეროვნული გვარდია დაფუძნებული იყო ტერიტორიული თავდაცვის სისტემაზე. წვევამდელები რომ მორჩებოდნენ საქართველოს შეირაღებულ ძალებში სამსახურს, ისინი მიმაგრებულნი იყვნენ კონკრეტულად თავისი რეგიონის, თავისი მხარის ეროვნული გვარდიის შენაერთს. ომი თუ დაიწყებოდა, ბრუნდებოდნენ თავიანთ ნაწილში, თუ არადა, მათი ადგილი იყო ტერიტორიული თავდაცვის სისტემაში. იმ პერიოდში ჰარმონიზებული იყო ეს საკითხი. დღეს კი 27 ათასი ადამიანი თუ შეიკრიბება, მადლობა უნდა ვთქვათ. თანაც, კიდევ ერთი ბრიგადის გაუქმებაზეა საუბარი.
ამას უნდა მიეხედოს, თორემ საკონტრაქტო თუ სავალდებულო გაწვევამ დაკარგა თავისი აზრი, ვინაიდან ეს არ არის მიბმული მთავარ მომენტთან, არ არის ჩამოყალიბებული სარეზერვო სისტემა, ტერიტორიული თავდაცვის პრინციპი. სამი საუკუნით ჩამორჩენილები ვართ. დაახლოებით ერეკლე მეორის პერიოდში ვიმყოფებით და 1918-21 წლების, ანუ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მდგომარეობასაც კი ვერ ვქაჩავთ. იმ პერიოდში ყველგან სავალდებულო გაწვევა იყო, მაშინ საკონტრაქტო სისტემა არ არსებობდა. ამერიკა რომ ამერიკაა, მასაც სავალდებულო გაწვევა ჰქონდა, მით უმეტეს, პირველი მსოფლიო ომის პირობებში სავალდებულო გაწვევას, ტოტალურ მობილიზაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. კონტრაქტის ტიპის ჯარზე გადასვლა კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბრისას და თავდაცვის კონცეფციის შემუშავება ჩვენი ქვეყნის უპირველეს საზრუნავად მიიჩნია.
ამასთან, ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის ყველაზე ოპტიმალურად ტერიტორიული თავდაცვის მოწყობის იუგოსლავიური ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ეს არის კომბინირებული ვარიანტი, სადაც აქცენტი გადატანილია ტერიტორიული თავდაცვის ერთეულებზე, რომლებიც მტრის შემოტევის პერიოდში ეფექტურ წინააღმდეგობას უზრუნველყოფენ.
სამხედრო ექსპერტი ჯიმშერ ოთანაძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სავალდებულო სამხედრო სამსახური. ამის შემდეგ კი პერიოდულად კიდევ უნდა მოხდეს მათი გადამზადება, რათა არ დაავიწყდეთ იარაღთან მოპყრობის წესები.
„დროის ცვლილების გამო თანამედროვე შეიარაღებაც გამუდმებით იცვლება. ნატოს სტანდარტებს არ უნდა ჩამორჩეს ჩვენი შეიარაღება. მართალია, საკონტრაქტო სამსახურიც თავისი დადებითი თვისებებით გამოირჩევა, რადგან იქ ყოველდღიურად ვარჯიშობს ჯარისკაცი და ყოველთვის მომზადებულია, მაგრამ სავალდებულო სამსახური ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის შეუცვლელია. მიზანშეწონილია, 18 წელს მიღწეულმა ყველა ახალგაზრდამ გაიაროს ეს სამსახური და ელემენტარული წარმოდგენა მაინც ჰქონდეს თანამედროვე შეიარაღების შესახებ. თორემ ჩვენ კარგად ვნახეთ, 2008 წელს გორში რომ ჩავიყვანეთ, რა მოუვიდა ახალგაზრდობას, მათ არ იცოდნენ, იარაღი რა იყო. ასევე, ცხინვალში მოგვივიდა ეს ამბავი, რომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთზე, როცა ზურგიდან დაუწყეს სროლა და შეშინებულებმა არ იცოდნენ, რა ექნათ. ერთი ტყვიის გავარდნაზე, საშინელება ხდებოდა“, - განმარტა ჯიმშერ ოთანაძემ.
ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი კობა ოთანაძე For.ge-სთან საუბრისას საყოველთაო სამხედრო სამსახურის აღდგენას ემხრობა, რაც ბევრად უფრო იაფი უჯდება სახელმწიფოს. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში ორივე სისტემა უნდა მოქმედებდეს -სავალდებულოც და საკონტრაქტოც და, თუ სურვილი ექნება, ახალგაზრდა უნდა დარჩეს საკონტრაქტოზე.
კობა ოთანაძის არგუმენტი ასეთია, რომ პროფესიონალი ჯარისკაცის მომზადებას ერთი და ორი წელი არ ჰყოფნის. ნორმალური სამხედროს ჩამოყალიბებას ხუთი წელი მაინც სჭირდება. ეს ორი წელი კი იმისთვისაა, რომ ახალგაზრდამ საწყისი ეტაპი შეითვისოს, დისციპლინას მიეჩვიოს.
„პროფესიონალ მეომრად ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. დღეს საკონტრაქტოზე მიდიან ისინი, ვისაც ფული უჭირს და ვერსად საქმდებიან. სინამდვილეში, ეს მათი პროფესია არ არის. ნამდვილი ჯარისკაცი მეთაურმა უნდა შეარჩიოს. თავის დროზე მუხროვანში მეთაური რომ ვიყავი, ვინც კარგი ჯარისკაცი მყავდა, სწორედ ისინი რჩებოდნენ ჯარში. მათ ჩვენ თვითონ ვარჩევდით. ახლა კი შერჩევა ცოტა სხვანაირად ხდება. ამიტომაც გვყავს ასეთი ჯარი. მარტო საყოველთაო სამსახურში გაწვევა არ არის საკმარისი, სკოლებშიც უნდა აღდგეს სამხედრო სწავლება. ყველამ უნდა იცოდეს იარაღი - ქალმაც და კაცმაც“, - აღნიშნა კობა ოთანაძემ.