საქართველოს მთავრობის მოქმედმა 19-მა წევრმა საპარლამენტო კომიტეტის მხრიდან ნდობის მანდატი უკვე მიიღო, თუმცა, წინ 26 ნოემბრის პლენარული სხდომაა, სადაც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუნდს უფლებამოსილების ცნობისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.
„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის 76 ხმის მიცემა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, მინისტრობის კანდიდატებს ოპოზიციიის კრიტიკის მოგერიება მოუწევთ.
მთავრობის მოქმედმა წევრებმა შაბათის პლენარული სხდომის „რეპეტიცია“ საპარლამენტო კომიტეტებში დღეს გაიარეს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ძალოვანი მინისტრების საქმიანობას დაეთმო, არადა ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, მთავრობაში ეკონომიკური გუნდი გადახალისდა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა, საპროცედურო საკითხთა და თავდაცვისა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, განსაკუთრებით ბევრი კითხვა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატების მიმართ დაისვა, ნაკლები კი, ქეთევან ციხელაშვილის მიმართ.
გიორგი მღებრიშვილი და ლევან იზორია დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლნენ, თეა წულუკიანმა კი, ნაციონალ ელენე ხოშტარიას ახალგაზრდობა გაიხსენა და პლეხანოვზე „ძველბიჭობის“ პერიოდი შეახსენა.
სანამ წულუკიან-ხოშტარიას შორის დებატები დაიწყებოდა, მანამდე რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის დაბადების დღის მილოცვით დაიწყო და მინისტრობის კანდიდატების მიმართ ნდობის გამოცხადებით დასრულდა.
მინისტრობის კანდიდატებს გამოსვლისთვის ათწუთიანი დრო მიეცათ, რა დროსაც, მათ სამთავრობო პროგრამაზე ისაუბრეს და საკუთარი პრიორიტეტები გააჟღერეს.
გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, თუკი პარლამენტი მის კანდიდატურას დაამტკიცებს, მას შესაძლებლობა ექნება, ის რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს, რომელიც დასახული აქვს.
მისი თქმით, საქართველოს შს სამინისტრო ევროპაში ქართულ ორგანიზებულ დანაშაულთან უფრო აქტიურ ბრძოლას აპირებს და ამ მიმართულებით, პარლამენტს ინიციატივებითაც მიმართავს. მღებრიშვილი კრიმინოგენური ვითარების გაურესების თაობაზე ოპონენტების ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის.
„როცა ოპოზიცია გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს, იქნებ ამის დამადასტურებელი ციფრები მოიყვანოს. ბოდიში, მაგრამ ეს ჭორაობას ჰგავს და თავის მართლებას არ ვაპირებ, რადგან საქართველოში კრიმინალი გაზრდილი არ არის“, - აღნიშნა მღებრიშვილმა, რომელმაც ამ მოწვევის პარლამენტს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება სთხოვა, რომელიც წინა მოწვევის უწყებაში, აზრთა სხვადახვაობის გამო ვერ იქნა მიღებული.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, შს მინისტრმა უკანონო ბრუნვიდან ნარკოტიკებისა და იარაღის ამოღებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, სამართალდამცველებმა 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი, 15 კგ ფსოქოტროპული ნივთიერებები და 1 482 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
თანაგუნდელის მსგავსად, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ საკუთარ უწყებაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და კადრების ოპტიმიზაცია დაანონსა. იზორიას ცნობით, თავდაცვის სისტემაში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ საბრძოლო მომზადებისთვის საკმარისი თანხები არ არის მიმართული, თუმცა თანხების მობილიზება იმ ოთხ კომპონენტის შესრულებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც წვრთნებისა და შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების კომპონენტს, ასევე პერსონალსა და მათ აღჭურვილობას ეხება.
„ეს ყველაფერი იმ სტანდარტების უნდა იყოს, რასაც ნატო ითხოვს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უწყებაში ოპტიმიზაციას ვგეგმავთ როგორც გენშტაბის ფარგლებში, ასევე სახმელეთო ძალებსა და ავიაციაშიც, რაც გარკვეულ რეორგანიზაციასთან იქნება დაკავშირებული. ყველა დანაყოფი სამი კლასიკური კომპონენტით დაკომპლექტდება, რომელიც არის - ქვეითი, მექანიზებული და ჯავშანსატანკო ელემენტები. ეს ელემენტები თითოეულ ბრიგადაში იქნება. დეკემბერში, მთავრობას ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარვუდგინოთ, სადაც ჩვენი ბრიგადების ოპტიმალური ლოკაციების შესახებ ინფორმაციებს მოგაწვდით“, - განაცხადა იზორიამ.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო პოლიციაში საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციების გამიჯვნაც იგეგმება,რომელიც დაკომპლექტებული იქნება ძირითადად გამორჩეული სამხედროებით, რომელთაც საქმიანობის დროს შენიშვნაც კი არ აქვთ მიღებული.
„ასევე ე.წ. პირამიდის სისტემას უნდა გადავხედოთ, რადგან უფროსი ოფიცრების საშტატო რაოდენობა ხელოვნურად არის გაზრდილი და მისი შემცირება უნდა მოხდეს, რათა შემდგომი დაწინარურების შესაძლებლობა იყოს“, - დასძინა იზორიამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება წვევამდელთა სისტემაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეს სამსახური უნდა გახდეს არა ვალდებულება, არამედ ნება სამშობლოს დაცვის.
საკუთარ მიმართულებზე საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა ყურადღება საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხელისუფლებამ ძალიან რთული უსაფრთხოების გარემოში მშვიდობის შენარჩუნება შეძლო.
ციხელაშვილის ცნობით, საქართველოს ხელისუფლება დინამიურ სამშვიდობო პოლიტიკას განახორციელებს.
„ქვეყანა საერთაშორისო ფორმატებში აქტიურობას გააგრძელებს, რათა მიღწეული იქნეს ძალის არ გამოყენება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საკუთრ საცხოვრებლებში იძულებით გადაადგიელბული პირების ღირსეული დაბრუნება. ეს მიმართულია იქითკენ, რომ მავთულხლართების - მახინჯი ობსტრუქციების დემონტაჟი და საქართველოს ტერიტორიების სრული დეოკუპაცია მოხდეს“, - დასძინა ციხელაშვილმა.
ციხელაშვილისგან განსხვავებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გამოსვლა უფრო ხმაურიანი გამოდგა, რადგან მას პასუხი მოსთხოვეს, როგორც მისი წინამორბედის, ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის მოხსნის თაობაზე, ასევე „რუსთავი 2“-ს თაობაზე განვითარებული პროცესების გამო, თუმცა, მანამდე ნაციონალმა, გიგა ბოკერიამ გიორგი მღებრიშვილი გააკრიტიკა და მას გამოსვლის შინაარსი დაუწუნა.
ბოკერია დაინტერესდება, შს მინსიტრმა გიგა ოთხოზორიას მკვლელზე ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა რატომ არ გამოაცხადა.
„საზეიმო ვითარებაა შექმნილი, არადა, ამ დარბაზის გარეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. შს მინისტრობის კანდიდატს არც ტერორიზმი, არც კრიმინალი, არც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, არც ოთხმოზორიას საზარელი მკვლელობა არ უხსენებია. ეს პრობლემად არ მიგაჩნიათ? რა ზომებს მიმართავთ, ამ ყველაზე შეურაცხმყოფელ მკვლელობაზე? იმედი მაქვს, რომ მისი მკვლელი იცით, მაგრამ რატომ არ სცადეთ, რომ ეს ადამიანი ინტერპოლის ძებნილთა სიაში ყოფილიყო?“, - მიმართა მღებრიშვილს ბოკერიამ, რომლის გამოსვლასაც ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა.
ინაშვილმა ნაციონალების „გათეთრების“ და პარლამენტის რიგებში მათი 27 წარმომადგენელის შესვლის გამო, „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ოცნება“ იმას იმსახურებს, რაც უმცირესობის მხრიდან საკომიტეტო დარბაზში ხდება.
„თითქოს, ქვეყანაში პოლიტიკური ტერორი არ იყო. ძალიან მაინტერესებს, გურამ შარაძე და ზურაბ ჟვანია ვინ მოკლა? გინდათ, პოლიტიკური ტერორის მაგალითები, კიდევ დაგისახელოთ? თქვენ ამათ ქართულ პოლიტიკაში შემოყვანას და „გათეთრებას“ ხელი შეუწყვეთ, თორემ, ესენი პარლამენტში 27 დეპუტატით არ იქნებოდნენ წარმოდგენილნი“, - მიმართა მმართველ გუნდს ინაშვილმა.
გამოსვლისას ინაშვილმა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანსაც მიმართა და დაინტერესდა, ზურაბ ადეიშვილს ძებნილის სტატუსი რატომ მოუხსნეს.
„რატომ ვერ იმუშავეთ ისე, რომ მას ძებნილის სტატუსი არ მოხსნოდა? უნდა ჩამოაბრძანოთ და გაასამართლოთ, ამათ კი არ უნდა ეჟღურტულებოდეთ!“, - მიმართა წულუკიანს ინაშვილმა, თუცა მინისტრობის კანდიდატმა ირონიულად ელენე ხოშტარიას უპასუხა.
ხოშტარიას კითხვა „რუსთავი 2“-ს ეხებოდა, წულუკიანის პასუხი კი, ხოშტარიას თინეიჯერობას.
წულუკიანმა ხოშტარიას სანდრო გირგვლიანის მეგობრობაც გაუხსენა, ხოშტარიამ კი, მას საპასუხოდ მოუწოდა, მორალს ნუ უკითხავდა.
„გილოცავთ, რომ მავანს გაემიჯნეთ, რომელიც საქართველოსთან კავშირის დამყარებას გრვირაბის მეშვეობით აპირებდა. თქვენს კითხვებზე სერიოზული პასუხის გაცემა მიწევდა. ბავშობაში არც ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით, მაშინ წიგნს ვკითხულობდი. როცა მე წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე „ძველბიჭობდით“. გისამძიმრებთ, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი მანდ ზიხართ. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც ირინა ენუქიძის ხსოვნას უღალატა და ოთო კახიძის გვერდით ზის“, - მიმართა წულუკიანმა ხოშტარიას, რომლის ადგილიდან გაჟღერებულმა რეპლიკებმა ეკა ბესელია გაანაწყენა და მან ოპოზიციონერს სიმშვიდისკენ მოუწოდა, წულუკიანმა კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გააფრთხილა - „ქალბატონო ეკა, მიეჩვიეთ, ეს ძველბიჭობის დაწყებაა“.
წულუკიანის მსგავსად, ნაციონალების კითხვებზე პასუხის ლევან იზორიასაც მოუწია, რომელსაც იმის დაკონკრეტება მოსთხოვეს - ბრიუსელში რატომ არ გაემგზავრა, სადაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების უსაფრთხოებაზე იყო საუბარი.
მინისტრმა ოპოზიციონერებს განუმარტა, რომ ბრიუსელში ის საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის ვერ წავიდოდა.
იზორიას ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისია შედგება და ბრიუსელში მისი ჩასვლა და უკან ჩამოსვლა მხოლოდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული.
„თუკი თემას საგნობრივად მივუდგებით, ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს. შეხვედრას თებერვალში ჩავატარებთ. თუ ბრიუსელშია წასავლელი, სამ დღეში მივემგზავრებით ბრიუსელში და დამატებით ნატოს გენერალურ მდივანს შევხვდებით, მაგრამ შავი აუზის უსაფრთხოების თემა თებერვალში იქნება და ჩემი იქ ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავდი“, - დასძინა იზორიამ, რომელსაც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა შეახსენა, რომ ზოგიერთი ოპონენტი დაინტერესებულია არა ქვეყნის განვითარებით, არამედ იმით, რომელიმე მინისტრს ჩირქი მოსცხოს.
როგორც ჩანს, ირაკლი სესიაშვილი ბოკერიას განცხადებას გულისხმობდა, რომლის კითხვის საპასუხოდ, მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელზე „ინტერპოლი“ უახლოეს მომავალში წითელი ცირკულარით ძებნას დაიწყებს, რადგან შესაბამისი მიმართვა „ინტერპოლში“ უკვე გაგზავნილია.
რაც შეეხება ეკონომიკური გუნდის მოსმენას, საპარლამანტო კომიტეტების რეჟიმში, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდათ, თუმცა, მათი რიხიანი განცხადებები თუ რამდენად უზრუნველყოფს ეკონომიკის განვითარებას და დოლართან მიმართებაში ლარის გამყარებას, ამას დრო აჩვენებს.
ლარი ქვეყნის მოსახლეობისთვის პრობლემას რომ წარმოადგენს, როგორც ჩანს, ამას მთავრობაში ხვდებიან, რადგან დიმიტრი ქუმსიშვილმა დოლართან მიმართებაში რეგიონის არსებული ქვეყნების ეროვნული ვალუტების კურსი მიმოიხილა და ამ თვალსაზრისით, ერთგვარი პრეზენტაციაც გამართა.
დიმიტრი ქუმსიშვილი ფიქრობს, რომ საშინაო ვალი უნდა გაიზარდოს. მისი განმარტებით, მთლიანი ვალი მშპ-სთან მიმართებაში 41.2 %-ია, ხოლო საგარეო ვალი 39%-ს წარმოადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ სტრუქტურა, რომელიც დღეს სახელმწიფოში გაგვაჩნია - 78% საგარეო ვალია, ხოლო საშინაო ვალი 22%-ია. საგარეო ვალთან მიმართებაში მრავალმხრივი არის 55%, ორმხრივი არის 13%, ხოლო ევრობონდები არის 9%. საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს 2.1%-ს და დაფარვის ხანგრძლივობა დღეიდან მოყოლებული ათ წელიწადზე მეტია. საშინაო ვალი გასაზრდელია და ამას ჩვენ თქვენთან ერთად განვიხილავთ, როდესაც ჩვენ სახელმწიფო ვალის სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ. ძალიან ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ვალს. ყოველთვის უნდა მოიძებნოს ბალანსი, რომლის მიხედვითაც ქვეყანას უნდა ჰქონდეს სწორი პროპორცია, ერთი მხრივ, ვალუტის რეზერვების შევსების მიმართულებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ვალუტის რისკების მინიმიზაციის მიმართულებით, როდესაც საშინაო ვალებზე ვსაუბრობთ“, - დასძინა მინისტრობის კანდიდატმა.
ეკონომიკური დარგის მინისტრობის კანდიდატებიდან რეალობის აღქმა ყველაზე მეტად ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას ეტყობოდა, რომელმაც ქართული ეკონომიკის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
გახარიას შეფასებით, ქართული ეკონომიკა გამიწვევების ეკონომიკაა და განვითარება ძალიან მძიმე პირობებში უწევს, რაც იმ გარე ფაქტორებს გულისხმობს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.
„შეუძლებელია, გარე ფაქტორებმა საქართველოს ეკონომიკაზე ასახვა ვერ ჰპოვოს. თუმცა, იმ პოზიციაში არ ვართ, რომ ყველაფერი გარე გამოწვეებს დაბრალდეს. ქართული ეკონომიკა გამოწვევების ეკონომიკაა. 2013-2015 წლებში, ეკონომიკური ზრდა 3, 6 პროცენტი იყო და ეს რეგიონში ლიდერის მაჩვენებელი იყო. ეს იდეალური მაჩვენებელი არ არის, მაგრამ ეს საუკეთესო მაჩვენებელია. საგარეო ვაჭრობა ის გამოწვევაა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გამოწვევა და ამის აღმოფხვრა სერიოზული პრობლემაა“, - დასძინა ქუმსიშვილმა.
ზემოთ აღნიშნული მინისტრების გარდა, საპარლამენტო კომიტეტებში სხვა მინისტრებსაც მოუსმინეს, თუმცა მათ საკუთარ უწყებებში მიმდინარე პროცესებზე საუბარი ხვალ, ფრაქციებისა და უმცირესობა-უმრავლესობის ფორმატში მოუწევთ, ხოლო 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე.