პარტიული კუთვნილება არ არის გადამწყვეტი - ეს ქართული პოლიტიკის რეალობა გახდა. გიორგი კვირიკაშვილის მთავრობაში პარტიული კუთვნილება გადამწყვეტი არ აღმოჩნდა მინისტრების შერჩევის დროს, რაც პოლიტიკურ სურათს კარგი მიმართულებით ცვლის. პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ როდესაც საყოველთაოდ ვაფიქსირებთ საკადრო პოლიტიკის ახალ ვექტორს, საქმეს სჭირდება არა პოლიტიკური ერთგულება, არამედ აღიარებული პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ვიქტორ დოლიძის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი და განსაკუთრებული მიღწევაა საკადრო საკითხში.
for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.
„თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - ეს არის „ქართული ოცნების“ 4 წლიანი სამთავრობო პროგრამა. სამთავრობო ცვლილება სწორედ რომ, ეკონომიკურ გუნდს შეეხო. როგორ ფიქრობთ, სამთავრობო პროგრამის ნაწილია ეკონომიკური გუნდის ცვლილება?
სოსო ცისკარიშვილი: ქვეყანაში სხვადასხვა მიდგომები არსებობს ეკონომიკის ფუნქციის შესახებ. ვერ ვიტყვი, რომ მარქსიზმი არის ჩემი იდეოლოგია, მაგრამ სწორედ მარქსიზმის შემოთავაზებული იყო ფორმულა, რომ ეკონომიკა არის საძირკველი, ხოლო პოლიტიკა ზედნაშენი. ჩვენ უკუღმა გავიგეთ ეს ყველაფერი და უკვე ათეული წლებია, რაც ჩვენში სწორედ პოლიტიკა გახლავთ საყრდენი და ეკონომიკა არის ზედნაშენი. შესაბამისად ვიმკით კიდეც იმ რეალობას, რომელიც არცთუ წარმტაცია ჩვენი ეკონომიკის სივრცისთვის.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვეცადოთ, რომ ეკონომიკას, როგორც დარგას და როგორც ყველაზე მნიშვნელოვან სივრცეს ადამიანის კეთილდღეობისთვის, დავუბრუნოთ თავისი ადგილი. ვაღიაროთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, რომ ჯერ საძირკველი უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ვიდრე საკუთარ წინსვლაზე დაიწყებს ოცნებას. მყარ საყრდენზე დაფიქსირებულ ეკონომიკაზე უფრო მარტივი იქნება პოლიტიკური წარმატებების მიღწევა. ნუ გავალაღებთ პოლიტიკას ისე, რომ მოსწყდეს ეკონომიკას. თავად მოისურვოს, რომ იყოს საყრდენი, თორემ ჩვენ მოგვიწევს ვიარსებოთ ფორმულით - „ადგილზე ნაბიჯით იარ“.
როდესაც საუბარია ეკონომიკურ გუნდზე და მთავრობის პროგრამული პრიორიტეტიც არის სწრაფი განვითარება, ამ გუნდით რომელიც წარმოადგინა პრემიერმა და ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს, როგორ ფიქრობთ, ამ ტიპის ცვლილება არის საკმარისი იმ კომპლექსური ღონისძიებებისთვის, რაზეც არის საუბარი მთავრობის პროგრამულ პრიორიტეტებში?
- ჯერ საკუთარ კაბინეტში არშესული მინისტრი ვერ იქნება ყველა თემის მარტივად წარმომდგენი. რასაკვირველია სჭირდებათ შესაბამისი დრო, რომ ქვეყნის მართვის რეალურ ფორმაში შევიდნენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში დამაჯარებელი არის ჩვენი პრემიერ-მინისტრის მიდგომები. არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყო რეკომენდატორი ამ ახალი ადამიანების მთავრობის შემადგელობაში შეყვანის, ერთადერთი ვისაც წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით, ეს გახლავთ ჩვენი ახალი ეკონომიკის მინისტრი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უპირობო ფავორიტი გახლავთ ბიძინა ივანიშვილის. ალბთ, ეს სიახლოვე და ერთად განვლილი წლები იქნება პოზიტიური საყრდენი ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის პოზიციური შედეგების მიღების.
მიუხედავად ასეთი მოლოდინებისა, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, რომ გუშინწინ კვალ ბიზნეს-ომბუდსმენად მოხსენიებული პირი, რომელიც უკვე სულ მალე გაფორმდება როგორც ეკონომიკის მინისტრი, იყოს უფრო გულწრფელი და არ იყოს სიტყვაძუნწი განვილი წლების შესახებ. იქნებ ან გაგვახსენოს, ან გაგვანათლოს ის ადამიანები, ვისაც ასეთი არაფერი სმენია, რა იყო მისი როგორც ბიზნეს-ომბუდსმენის წარმატება, რომელი დაჩაგრული ბიზნესმენის საქმე შემოაბრუნა მათ სასარგებლოდ.
პრაქტიკულად, არც ერთი ბიზნესმენი არ მიდოდა მასთან რაიმეს სათხოვნად, რადგან იცოდა, რომ გვერდით ოთახში ისეთი ადამიანი იჯდა, რომელსაც პირადად აქვს ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც მიუღებელია ბიზნესისთვის. თუ ჩვენ მოვისმენთ, რომ მისი წარმატებები აღიარებულია ბიზნესმენების მიერ, ყოველგვარი კომენტარების გარეშე, ჩვენს ეკონომიკას კმაყოფილების და ნდობისთვის მიეცემა საშუალება.
შესაბამისად, როდესაც საუბარია, რომ შექმნილ ვითარებაში მნიშვნელოვანი იყო ეკონომიკური გუნდის ცვლილებები, რამდენად შეძლებს ეს გუნდი მასშტაბური და რადიკალური ნაბიჯები გადადგას იმ პრობლემების დასაძლევად, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს?
- სურვილი რომ გააჩნიათ, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ გარკვეული ნაბიჯებია გასადგმელი იმისთვის, რომ შემდგომში არ იყოს რაიმე გაუგებრობები აღმოჩენილი. ასეთ ერთ ნაბიჯად მიმაჩნია ბატონი ნოდარ ჯავახიშვილის თავკაცობა სახელმწიფო აუდიტის სისტემაში, რომელიც არასოდეს ყოფილა შემჩნეული უპრინციპობაში და სიყალბეში, მსგავსად ამ სისტემის დღევანდელი ხელმძღვანელისა. დისკუსიები ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, უნდა იყოს მუდმივი.
მახსენდება მსოფლიო ბანკის 18 წლის წინანდელი სურვილი, რომ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის შეემზადებინა მთავრობის წევრები. მაშინ, მსოფლიო ბანკმა 7 თუ 8 ქართველი მინისტრი ჩილეში გაამგზავრა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც სრულიად მიუღებელი იყო ის ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი ეკონომიკური სისტემა ჩილეში და ეს გახლდათ პინოჩეტი. სწორედ, პინოჩეტის ეკონომიკური ხედვა და შედეგი ეკონომიკის წინსვლისთვის, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მიერ აღმოჩნდა იმის საფუძველი, რომელიც მისაღები უნდა ყოფილიყო საქართველოსთვისაც, ცხადია პინოჩეტების გარეშე.
მაგრამ როცა დაბრუნდა ქართული დელეგაცია ჩილედან, ჩვენი რეალობა მზად არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოგვესმინა რატომ გახდა ასეთი სწრაფი განვითარებადი ჩილეს ეკონომიკა. ნაცვლად ამისა, დაახლოებით 3 კვირის შემდეგ ყველა ის მინისტრი, რომელიც სტუმრობდა ჩილეს, განთავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან. როგორი პოლიტიკური ზედნაშენი გააჩნია ეკონომიკას, არ უნდა ვითაკილოთ მისგან გამოცდილების მიღება. ჩვენ მაშინ სწორედ პოლიტიკაზე გავამახვილეთ ყურადღება, ვინაიდან პინოჩეტი მიუღებელი იყო ცივილიზებული სამყაროსთვის. სიახლე აუცილებელია, ასეთი უნარების ქართველ რეალობაზე მოდერნიზება აუციელები წინაპირობა იქნება ჩვენი ეკონომიკის უკეთესი განვითარებისათვის.
გარდა ეკონომიკური გუნდის ცვლილებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატურა. ვიქტორ დოლიძე ერთადერთი ადამიანია მთავრობაში, რომელმაც ოპოზიციიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. რა თქვა ამ ცვლილებით კვირიკაშვილმა, როდესაც ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო ჩააბარა იმ ადამიანს, რომელიც არჩევნების ბოლო დღმდე ხელისუფლების ოპოზიციაში იყო?
- ჩემი აზრით, ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი და განსაკუთრებული მიღწევა საკადრო საკითხში. დიახ, რასაკვირველია, იყო კრიტიკის პერიოდი, მაგრამ როდესაც საყოველთაოდ ვაფიქსირებთ საკადრო პოლიტიკის ახალ ვექტორს, რომ საქმეს სჭირდება არა პოლიტიკური ერთგულება, არამედ აღიარებული პროფესიონალიზმი, კვირიკაშვილის ეს ნაბიჯიც სწორედ რომ არის ამის მიმანიშნებელი.
რაც უნდა მუხლებზე ვიხოხოთ და თავი მიწას ვურტყათ რომელიმე პოლიტიკური ლიდერის გარშემო, თუ ასეთ ერთგულ ადამიანს არ გააჩნია შესაბამისი პროფესიული უნარები და მისი სამსახურეობრივი ბიოგრაფია არის გაუგებარი, რასაკვირველია, ასეთების მიერ მაღალი თანამდებობის დაკავება, სამშობლოს მიმართ უდერი დამოკიდებულება არის, აი ეს თქვა ბატონო კვირიკაშვილმა. ამიტომ, ვიტყოდი და ვუსურვებდი ჩვენ ხელისუფლებას, რომ ამ ნაბიჯს მოჰყვეს სადღეგრძელო - ეს ერთი და სხვა მრავალი. ამ შემთხვევაში უნდა ვირწმუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა ბევრად უფრო სწრაფი ნაბიჯებით განვითარდება.
ამის თქმის საფუძველს გაძლევთ დოლიძის კანდიდატურა, თუ მთავრობის მეთაურის ხედვა, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევრატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით წარმოადგინა?
- იცით, ეს მხოლოდ ერთი მხრიდან არ შეიძლება მომხდარიყო, როგორი გამჭრიახიც არ უნდა ყოფილიყო ცალი მხარე. სწორედ ამას ჰქვია ურთიერთგაგება იმ სიტუაციაში, როდესაც უპირველესი სიმდიდრე გახლავთ საკუთარი სამშობლო. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ უპირველეს ყოვლისა შენი სამშობლოს ერთგული უნდა იყო, შემდეგ შენი პარტიის, ან კომკავშირული თუ პიონერული ორგანიზაციის. კვირიკაშვილის ეს ნაბიჯი ნაკარნახევია სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
ქართულ რეალობაში ჩემი შემოღებულია თანამდებობა - კადრებთუხუცესი, ეს ნაბიჯი რასაც ჰქვია პროფესიონალიონალიზმით ადამიანის დანიშვნა და არა პოლიტიკური სიმპათიის საფუძველზე, მინდა მივულოცო და მადლობა ვუთხრა ჩვენს კადრებთუხუცესს. არა მგონია, რომ მას და ბატონ პრემიერს ხელჩართული ბრძოლა ჰქონოდათ ამ თემასთან დაკავშირებით და არც იმას დავიჯერებ, რომ ბატონი ივანიშვილისთვის ეს დანიშვნა ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა წარადგინა ბატონი დოლიძე.
ესეც ჩემთვის პოზიტიური წინსვლაა. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პოლიტიკური პარტიის ერთგულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის ერთგულება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ჩვენ უპარტიოები შეიძლება ერთ დღესაც გაგვრეკონ ქვეყნიდან და კვლავ დაამყარონ რეჟიმი - ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია!
მაგრამ ფაქტია, რომ ვიქტორ დოლიძის ნაბიჯი შეფასდა როგორც ღალატი. მისივე ყოფილი თანაგუნდელები, კოალიციის ყოფილი წევრები, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ დოლიძემ ამ ნაბიჯით უღალატა პარტიულ ღირებულებებს. რაზე მეტყველებს, როდესაც ჩვენს საზოგადოებაში სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გადადგმული ნაბიჯი ყოველთვის ღალატთან ასოცირდება, სად არის პრობლემა?
- როგორც იქნა, ჩვენმა ხელისუფლებამ დაძლია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არსებული ფორმულა - ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენი მტერია! ხელისუფლება გადავიდა უფრო ცივილიზებულ ეტაპზე, რასაც ჰქვია პარტიული საქმიანობა სახელმწიფოს სასარგებლოდ. რას ვიზამთ, ზოგიერთს შეიძლება აწუხებს ის რეალობა, რომ ასეთ პროფესიონალად იქნა აღიარებული ბატონი დოლიძე განურჩევლად იმისა, რომელი პარტიის წევრია. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამ ნაბიჯიძის რაიმე ნეგატიურ შეფასებას, შეიძლება დავასათაუროთ ფრაზით - „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო“.