გივი თარგამაძისთვის მიღებული კანონი შესაძლოა, ემზარ კვიციანს გამოადგეს

გივი თარგამაძისთვის მიღებული კანონი შესაძლოა, ემზარ კვიციანს გამოადგეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფი პოლიტიკურ ძალებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზი ხდება, თუმცა, ამჟამად, აზრთა სხვადასხვაობა არა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, არამედ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის არის.

თუკი წინა მოწვევის პარლამენტში, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ნაწილი ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში გივი თარგამაძის შესვლას აპროტესტებდა, ამჟამად, ემზარ კვიციანის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის.

იმის გათვალისწინებით, რომ მაშინდელი უმრავლესობა გივი თარგამაძეს ფრაზას - „ნაძირლებო, სულს ამოგხდით“ არ პატიობდა და ნდობის ჯგუფში მის შესვლას მხარს არ უჭერდა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იძულებული გახდა, „ნდობის ჯგუფის შესახებ“ კანონში შესწორებები შეეტანა და ჯგუფის წევრთა არჩევის წესი იმგვარად შეეცვალა, რომლის მიხედვითაც, ჯგუფის შემადგენლობა არა კენჭისყრის შედეგად დაემტკიცებინათ, არამედ საოქმო ჩანაწერის გაფორმებით ცნობად მიეღოთ.

წინა მოწვევის პარლამენტში, სესიაშვილის მიერ მოფიქრებული ხერხით, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ნდობის ჯგუფი შეიქმნა და მისი წევრი გივი თარგამაძეც გახდა, მაგრამ ამ მოწვევის პარლამენტში, ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან უმცირესობა ნდობის ჯგუფის ფორმატში ემზარ კვიციანის შესვლის წინააღმდეგ გამოდის, რისი საკანონმდებლო ბერკეტიც არ არსებობს. უფრო სწორედ, იმ შემთხვევაში თუკი, „პატრიოტთა ალიანსი“ ნდობის ჯგუფის წევრად ემზარ კვიციანის კანდიდატურას წარადგენს, მისი „დაბლოკვა“ მხოლოდ იმ პროცედურებს შეუძლია, რომელიც მან სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მისაღებად უნდა გაიაროს.

კერძოდ, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაცემა ითვალისწინებს: პირის მიერ „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“ დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენას, პირის შემოწმების პროცედურას, პირის მიერ სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ვალდებულების აღებას, პირის თანხმობას სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გამო მის უფლებათა კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე და ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის ნორმების პირისათვის გაცნობას.

ემზარ კვიციანს მოუწევს თუ არა ზემოთ აღნიშნული პროცედურის გავლა და მის კანდიდატურას წარადგენს თუ არა „პატრიოთა ალიანსი“, ამ ეტაპზე, ამ საკითხზე საუბრისგან ემზარ კვიციანი თავს იკავებს.

როგორც for.ge-ს ემზარ კვიციანმა განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსმა“ მისი კანდიდატურა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე წარადგინა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნდობის ჯგუფში მის შესაძლო შესვლას იმის გამო ეწინააღმდეგება, რომ მათ ქვეყანის გაყიდვის დროს შეფერხება არ ჰქონდეთ.

„კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე უკვე წარმადგინეს, რომელიც ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტაა. რაც შეეხება ნდობის ჯგუფს, ნდობის ჯგუფის საკითხი არ ვიცი. ჩვენი გეგმა მოადგილის თანამდებობა ეხება და თუ ამ პოსტზე ამირჩევენ, ვნახოთ, სიტუაცია როგორ წავა“,- აცხადებს კვიციანი.

იქედან გამომდინარე, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ნდობის ჯგუფში კვიციანი ოფიციალურად არ წარუდგენია, „ქართული ოცნება“ წინასწარი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა, როგორც for.ge-ს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა, ჯერჯერობით, პერსპექტივაში იმის შესაძლებლობაც არ ჩანს, რომ ის ნდობის ჯგუფის წევრი გახდება.

„სჯობს, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, თუმცა, უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მას ამ მიმართულებით, ალბათ, ჩვენი მხარდაჭრა არ ექნება“, - აცხადებს მდინარაძე.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი კი, for.ge-ს განუმარტავს, რომ კანომდებლობით, თუკი ნდობის ჯგუფის მომავალი წევრი საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვებისთვის განკუთვნილ პროცედურას გაივლის, მას პარლამენტის მხრიდან არჩევა არ სჭირდება და ის ნდობის ჯგუფის წევრად ავტომატურად ჩაითვლება.

კახიანის განმარტებით, არსებული კონფიგურაციიდან გამომდინარე, „პატრიოტთა ალიანსს“ ნდობის ჯგუფში შეიძლება საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს და მათ შესაბამისი პირი უნდა დაასახელონ, თუმცა, ამ პირმა კანონმდებლობის შესაბამისად „სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების პროცედურა უნდა გაიაროს, რაც შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.

მმართველი გუნდიდან ნდობის ჯგუფის წევრები ირაკლი სესიაშვილის გარდა, თუ ვინ იქნება, ეს ამ დრომდე არ კონკრეტდება, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრისაგან შედგება, რომელთაგან ერთი პარლამენტის თავდაცვისა კომიტეტის თავმჯდომარეა, ერთი – უმრავლესობის წევრი, ერთი – მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან მეტის მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი, ერთი – უმცირესობის წევრი, ხოლო ერთი – უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთაგან მეტი მხარდაჭერის მქონე პარლამენტის წევრი.

რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს წარუდგენენ ინფორმაციას განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება ოთხ მილიონ ლარს.