რუსეთი ნატოსთან შეიარაღებით შეჯიბრს იწყებს

რუსეთი ნატოსთან შეიარაღებით შეჯიბრს იწყებს

რუსეთი, რომელსაც ატომური იარაღი აქვს და მეტნაკლებლად ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ არა ძლიერი სახელმწიფო, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთთან შეიარაღებით შეჯიბრს იწყებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, კალინინგრადის ოლქში ისკანდერისა და C-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსები არ განათავსოს, რადგან ეს ევროპული უსაფრთხოების დეტაბილიზაციას ახდენს.

„რუსეთი კალინინგრადში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განთავსების შესახებ მუქარას გამოთქვამდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ევროპაში მრავალი მოვლენის საპასუხოდ, თუმცა არც ერთი მათგანი არ ითხოვდა მსგავს სამხედრო პასუხს. მოვუწოდებთ რუსეთს, თავი შეიკავოს ისეთი სიტყვებისა და ქმედებებისგან, რომლებიც არ პასუხობს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნებს“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებამდე, რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ ოზეროვმა განაცხადა, რომ ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების სანაცვლოდ, რუსეთი გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას დასავლეთის მიმართულებით. ოზეროვის თქმით, აღნიშნული გეგმა ითვალისწინებს კალინინგრადში ისკანდერისა და C-400-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსების განთავსებას, ასევე დასავლეთისა და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალი ფორმირებების შექმნას.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ნატო-ს ობიექტები, რომლებიც რუსეთს საფრთხეს უქმნიან, რუსული რაკეტების დარტყმების სამიზნეები გახდებიან. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთმა უნდა მიიღოს კონტრზომები და რუსული რაკეტების დარტყმის ქვეშ დააყენონ ის ობიექტები, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმის რუსეთს და ვითარებას ძაბავს.

„როდესაც ქვეყანა ნატო-ს წევრი ხდება, მას უჭირს წინააღმდეგობა გაუწიოს ნატო-ს წევრ ისეთ მსხვილ ქვეყანა-ლიდერს, როგორიც აშშ-ია, და იქ მარტივად შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერი რამ - საჰაერო თავდასცვის სისტემა, ახალი ბაზები და, თუ საჭირო იქნება, ახალი თავდასხმითი კომპლექსები“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

„რუსეთის სიახლოვეს ნატოს ყოფნა, რუსეთმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს“, - ფიქრობს სამხედრო ექსპერტი ზურაბ აგლაძე, რომლის განცხადებით, ნატომ და აშშ-მა დიდი ხნის წინ გაიყვანეს თავისი ქვედანაყოფები აღნიშნული ტერიტორიიდან, რომელსაც თავისუფალი ზონის ფუნქცია ჰქონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და შემდეგ უკვე შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში, დიდმა მოთამაშეებმა - აშშ-მა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა ნატოს ეგიდით რუსეთის სიახლოვეს განალაგეს შესაბამისი ბატალიონები.

რაც შეეხება მუქარას, აგლაძე ამბობს, რომ დიდი ხანია კალინინგრადში ისკანდერების განთავსებაზე მიდის საუბარი, ახლა საუბარია ისკანდერების სომხეთში განლაგებაზე, რაც უკვე რუსეთის რეაქციაა, ყველაფერ იმაზე, რაც ნატომ გააკეთა ამ პერიდში.

„ნატო საკმაოდ ფრთხილი იყო რუსეთთან მიმართებაში. თუნდაც საქართველოსთან 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ნატო ერიდებოდა რუსეთის გაღიზიანებას და არც ერთი მკვეთრი ნაბიჯი არ გადაუდგამს მანამდე, სანამ რუსეთმა არ გადადგა 21-ე საუკუნისთვის არადამახასიათებელი და აბსურდული ნაბიჯი. ნაკლებად შესაძლებელი მგონია ნატოსა და რუსეთს შორის რამე დაპირისპირება. ორივე მხარე ათვიცნობიერებს რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ შეიარაღების განლაგება უბრალოდ ძალის დემონსტრაციაა. სხვა ქმედება რუსეთის დაცარიელებულ ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. რუსეთს კარგად უნდა ესმოდეს, რომ არც ნატო და არც ერთი სხვა ქვეყანა არ აპირებს რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრას და რუსეთის ტერიტორიის ოკუპაციას. პირდაპირი საფრთხე ნატოდან რუსეთის მიმართ არ მომდინარეობს. ეს უფრო რუსეთის პარანოიაა“, - ამბობს ზურაბ აგლაძე.

რაც შეეხება რუსული მხარის ერთ მუქარას, ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის განთავსების სანაცვლოდ, რუსეთი გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას დასავლეთის მიმართულებით, აგლაძე ამბობს, რომ რატომღაც რუსეთის ცდილობს შეიარაღების შეჯიბრში აჰყვეს დასავლეთს.

„ერთს დავუკვირდეთ, ტრამპმა მოუწოდა ნატოს, რომ უფრო მეტი თანხა დახარჯოს, უკარაინაში რუსეთის ქმედებებმა გამოაღვიძა ევროპა და უფრო მეტ თანხას ხარჯავენ თავდაცვაზე, რაც მიზერია ევროპისთვის. რაც შეეხება რუსეთს, ნავთობის ფასების ვარდნის გამო, საკმაოდ მძიმედ აწევს რუსეთის ბიუჯეტს თავდაცვის სექტორისა და უსაფრთხოების სისტემის შენახვა.

გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ მიმართულებით აპირებს ისკანდერების განლაგებას, ასევე უნდა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერება, აგრეთვე განაცხადა, რომ ორი დივიზიის შექმნას აპირებს, რათა დაუპირისპირდეს ნატოს აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი - რუსეთი შეიარაღებით შეჯიბრს იწყებს დასავლეთთან. ძალიან კარგად ვიცით, ამან რა შედეგი მოუტანა საბჭოთა კავშირს, დღესაც იგივე შედეგის მომტანი იქნება რუსეთისთვის.

რუსეთს არ აქვს იმის რესურსი, რომ დასავლეთს დაუპირისპირდეს შეიარაღებით, იმიტომ, რომ არ აქვს ამის ფული, არც ტექნოლოგიები. რაც მთავარია, ის არის მარტო, მას არ ჰყავს პარტნიორი. ამიტომ, ამ სამი ფაქტორიდან გამომდინარე, მათ მიერ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება და ორი დივიზიის შექმნა, ეფექტის მომტანი ვერ იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ნატოსა და რუსეთს შორის ვითარება საკმაოდ დაძაბულია. კლასიკური ცივი ომის სცენარი მეორდება, როდესაც საბჭოთა კავშირმა ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები განალაგა საზღვრებთან და რეალური საფრთხე შეუქმნა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ ამერიკიკურ სამხედრო ბაზებს.

„ამ პროცესში საინტერესოა ისიც, რომ რუსეთმა ახალი ტიპის ბალისტიკური ტიპის რაკეტა გამოსცადა. ეს არის ნატოს კლასიფიკაცია RS-28, რომელსაც შეუძლია 9 ბირთვული ქობინების გადატანა და რომელსაც 28 წუთში შეუძლია კალინგრადიდან ლონდონის მიმართულებით განახორციელოს დარტყმა. სახეზეა, რომ პუტინი ახორციელებს ახალი შეიარაღების დემონსტრირებას. კალინგრადში განათავსა ბირთვული-ტაქტიკური რაკეტები - ისკანდერები, ასევე ისკანდერები გათავსებულია სომხეთში“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

მისივე თქმით, სარაკეტო კომპლექსი უკვე კალინინგრადშია, ეს ნიშნავს, რომ ანალოგიური სახის იარაღს რუსეთი აფხაზეთშიც განათავსებს.

„არ არის გამორიცხული, რომ ისკანდერები განათავსონ აფხაზეთის დე ფაქტო ტერიტორიაზე, ისევე როგორც განათავსეს სარაკეტო კომპლექსი C-400 ფავორიტის გაუმჯობესებული ვარინატი, რომელსაც 1000 კილომეტრის მანძილზე შეუძლია აწარმოოს პასიური ტიპის, ანუ ელექტრონული დაზვერვა; დააფიქსიროს ნებისმიერი თვითმფრინავის გადაადგილება და საჭიროების შემთხვევაში ჩამოაგდოს შავი ზღვის აკვატორიის მიდამოებში. ანუ, ეს კიდევ ერთი დამატაებითი მომენტია დაპირისპირების. როგორც ჩანს, პუტინი მუსკულებს კიდევ უფრო ავითარებს და ამას აკეთებს იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკას ანვითარებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.