„ქართული ოცნება“ მეცხრე მოწვევის პარლამენტში დამატებით კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობას არჩევანის გაკეთება „კონსერვატორებს“, „სოციალ-დემოკრატებს“, „მწვანეებსა“ და იმ ცალკეულ დეპუტატებს შორის მოუწევს, რომლებიც ფრაქციის შექმნის სურვილს გამოთქვამენ.
for.ge-ს ინფორმაციით, ფრაქციის შექმნის სურვილი აქვთ - კახა ოქრიაშვილს, გოჩა ენუქიძეს, ზაქარია ქუცნაშვილს და გელა სამხარაულს.
მმართველი გუნდი მეცხრე მოწვევის პარლამენტში „მრეწველების“ მაჟორიტარული სიით გასული დეპუტატის, სიმონ ნოზაძის მსგავსად, შეუქმნის თუ არა ფრაქციას ზემოთ აღნიშნულ პარტიებსა და პირებს, ეს იმ კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, უკვე გადაწყვეტილია, რომ „ქართული ოცნება“ ერთ-ერთ ფრაქციას „კონსერვატორებს“ შეუქმნის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ თავის დროზე, კახა ოქრიაშვილმა მომავალი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის შექმნის თაობაზე პირობა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან პირადად მიიღო. მმართველი გუნდის ქოლგის ქვეშ მიღებულ დაპირებებზე ფრაქციის შექმნის მსურველი პარტიებიც მიანიშნებენ, თუმცა, ისინი იმ მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე for.ge-ს უდასტურებს, რომ მმართველი გუნდი კიდევ რამდენიმე ფრაქციის შექმნას გეგმავს, საბოლოო გადაწყვეტილება კი, ცნობილი მომავალი ორი კვირის განმავლობაში გახდება.
თალაკვაძის თქმით, თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ პოლიტიკური ნიშნით, რამდენიმე ფრაქცია შეიქმნებოდა - ერთი მხრივ, „მრეწველები“, ხოლო მეორეს მხრივ, „კონსერვატორები“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მონაწილეობა ბლოკის სახით მიიღო და ეს ისე მოხდა, რომ საზოგადოებამ არ იცოდა. მათ ამ მანიპულაციებით დამატებითი სარგებელი მიიღეს და ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსების მოპოვებას ცდილობენ. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, კოალიცია არჩევნებამდე გავაუქმეთ და არჩევნებში მონაწილეობა „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. უახლოეს დღეებში გაიგებთ, პარტიული ნიშნით რომელი ფრაქციები შეიქმნება, თუმცა გიდასტურებთ, რომ კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება“, - აცხადებს თალაკვაძე.
„კონსერვატორებს“ ფრაქციის შექმნა რომ სურთ, ამის თაობაზე ინფორმაციას for.ge-ს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უდასტურებს.
„უმრავლესობის შიგნით დაგეგმილია რამდენიმე ფრაქციის შექმნა. მათ შორის, პარტიული ნიშნით ფრაქციების შექმნა“, - დასძენს ძიძიგური.
იმ შემთხვევაში, თუკი, „კონსერვატორების“ ფრაქცია ისევ შეიქმნება, for.ge-ს ინფორმაციით, მისი ხელმძღვანელი წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, გიგა ბუკია იქნება.
რაც შეეხება სიმონ ნოზაძის ფრაქციას, აღნიშნული ფრაქცია პარლამენტის პირველ სხდომაზე შეიქმნა, რაც პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა, რადგან ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ „მრეწველებისთვის“ ფრაქციის შექმნა კანონსაწინააღმდეგოა.
როგორც ჩანს, უმრავლესობის ფარგლებში, „მრეწველების“ ფრაქციის შექმნის მიზანს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „მრეწველთათვის“ ადგილის შენარჩუნება წარმოადგენდა. ამას გარდა, კანონმდებლობით, „მრეწველები“ ფრაქციის შექმნით ბიუჯეტიდან საპარლამენტო ფრაქციის თანხას - 300 ათას ლარს მიიღებენ და ამას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან მისაღები დაფინანსებაც დაემატება. საბოლოო ჯამში, აღნიშნული სქემით „მრეწველები“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 536 ათას ლარს მიიღებენ და ცესკოში წევრს დანიშნავენ, რის შედეგადაც, ცესკო-ში ადგილს „თავისუფალი დემოკრატები“ დაკარგავენ, რადგან ისინი დაფინანსების რაოდენობით „მრეწეველებს“ ჩამორჩებიან.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ცესკო-ს 13-კაციანი ის შემადგენლობაც შეიცვლება, სადაც წევრებს პარტიები ნიშნავენ. კერძოდ, წინასწარი გათვლებით, ცესკო-ს ახალ შემადგენლობაში პარტიის კვოტით საკუთარი წევრები ეყოლებათ - „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან ბლოკში მყოფ „ევროპულ საქართველოსა“ და შოთა მალაშხიას პარტიას - „ქრისტიან-კონსერვატიულ პარტიას“, ასევე „პატრიოტთა ალიანსს“, ნინო ბურჯანაძეს და „თავისუფალი დემოკრატების“ ნაცვლად, „მრეწველებს“.
„მრეწველების“ ფაქტორის გამო, ცესკო-ს მიღმა დარჩებიან თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“, ეს დამოკიდებულია ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას იმ სამართლებრივ აქტზე, რომლითაც, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიებისთვის მისაღები საბიუჯეტო დაფინანსება უნდა განისაზღვროს.
მართალია, „ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ სქემის გადაღებას ცდილობს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რადგან სახელისუფლებო პარტიამ „მრეწველების“ ფრაქციის ფორმირება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ცესკო-ში ფაქტობრივად სამი წევრი ეყოლება, „ქართულ ოცნებას“ კი - ერთი.
საქმე ისაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა საარჩევნო ბლოკის ფორმით - პარტია „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად მიიღო, რის გამოც ცესკო-ში წევრი ეყოლება როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „ევროპულ საქართველოს“. ამასთანავე, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, ცესკო-ში წევრის დანიშვნის შესაძლებლობა შოთა მალაშხიას პარტიას აქვს, რომელიც არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ბლოკში იყო და რომელსაც, მაღალი საბიუჯეტო დაფინანსება აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობა „კონსერვატორებმა“, „სოციალ-დემოკრატებმა“ და „მწვანეებმა“ მიიღეს, ისინი ცესკო-ში საარჩევნო სუბიექტებად არ დარეგისტრირებულან, რის გამოც, მათ არც საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება აქვთ და საკუთარ წევრებს ვერც ცესკო-ში დანიშნავენ.