„ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მთავრობის განახლებული შემადგენლობის მხარდაჭერას არ აპირებს და მინისტრობის კანდიდატების მიმართ მწვავე კითხვების დასმას გეგმავს, მმართველი გუნდი კი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუნდს ნდობას უცხადებს.
მეცხრე მოწვევის პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამაზე 24-26 ნოემბერს იმსჯელებს, რომელიც დიდი ალბათობით ცხარე კამათის ფონზე წარიმართება, რადგან ეკონომიკური გუნდის გადახალისების მიუხედავად, ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, სწორედ ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის კანდიდატები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლება მმართველობის ოთხი წლით კმაყოფილია. მისი თქმით, მმართველი გუნდი კმაყოფილია ლარის მდგომარეობით, რადგან მათ არ გაუაზრებიათ, ლარის გაუფასურება მოქალაქეებს რამხელა ტვირთად დააწვა.
„მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას ქმედითი ნაბიჯები სჭირდება. მათ ასევე არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია კრიმინოგენური ვითარებით, სიღატაკით და უმუშევრობით.
სამთავრობო ცვლილებები იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ იგივე პოლიტიკის გატარება იგივე შემადგენლობით დააანონსა. ანუ, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, როცა ბიძინა ივანიშვილი გამოდის და ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა და საზოგადოების ბრალია ის, თუ ისინი კარგად ვერ ცხოვრობენ და უმუშევრები არიან“, - განაცხადა ხოშტარიამ.
უმცირესობის მსგავსად, მთავრობას აკრიტიკებს „პატრიოტთა ალიანსიც“. ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის ცნობით, მისი გუნდი მხარს გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილსა და კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს არ დაუჭერს, რომელმაც საყდირისი დაანგრია და მან ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი უნდა აგოს. დეპუტატის თქმით, ასევე მასობრივად იჭრება ხე-ტყე და ძალიან დიდი კორუფციაა, რის გამოც, გარემოს დაცვის მინისტრმა პასუხი უნდა აგოს.
„ასევე, მას პასუხი აქვს საგები საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობისთვის. ამას გარდა, მხარს დიმიტრი ქუმსიშვილსაც არ დავუჭერთ და ამ მთავრობას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. როცა მთავრობას შევხვდებით, ჩვენი პროგრამის ნაწილზე ვისაუბრებთ და მინისტრობის კანდიდატებს ჩვენი პროგრამიდან კონკრეტული პროექტების გათვალისწინებას შევთავაზებთ. მათ შორის, უფასო ბინათმშენებლობისთვის ერთი-ორი პროცენტის გამოყოფას. ასევე მათ შევთავაზებთ, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარების ფონდი შეიქმნას და იმის გატანას შევეცდებით, რაც რიგითი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ინაშვილმა.
თუ რა შედეგები მოჰყვება ეკონომიკური გუნდის განახლებას, თუ რა შეიცვალება ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ფინანსთა მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის გადაყვანით და თუ რამდენად შეძლებს მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ for.ge-სთან ლარის კურსის გაუფასურებაზე საუბარი არ ისურვა და ის გამორჩეული არც მინისტრთა კაბინეტის შეფასებისას იყო - გუნდის შეფასებისას ზოგადი პოზიციით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მინისტრობის ახალი კანდიდატები გამოცდილი და წარმატებული ადამიანები არიან. შესაბამისად, მას წარმატებული თანამშრომლობის იმედი აქვს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე გაცილებით მეტი ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა და for.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები მინუმუმ ორჯერ გაიზრდება და, რომ პრემიერ-მინისტრს სერიოზული და ამბიციური ეკონომიკური აღმავლობის გეგმა აქვს.
„მაშინ, როცა ჩვენს ირგვლივ საშინელება ხდებოდა და 500 კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთით და დასვლეთით ომი იყო, რეგიონში გაცილებით მძიმე ეკონომიკური ვარდნა იყო, ვიდრე საქართველოში. ანუ, მაშინდელმა ეკონომიკურმა გუნდმა იმ გამოწვევს გაუძლო, რომლის წინაშეც ის დადგა. მთავრობამ გამოწვევებს საკმაოდ ყოჩაღად გაუძლო. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკური გუნდი იმ გამოწვევის შესაბამისად დააკომპლექტა, რომელიც მან წინასაარჩევნო კამპანიამდე გამოაქვეყნა, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ინვესტიციების მოზიდვას, განათლების რეფორმას და საგადასახედო რეფორმას გულისხმობს. მოგების გადასახადის გაუქმება გაბედული და ამბიციური ნაბიჯი იყო, რომელიც თავის პოზიტიურ შედეგს აუცილებლად მოგვცემს“, - აცხადებს ძიძიგური.
კანონმდებელის ცნობით, სამთავრობო გუნდს უმრავლესობის სრული ნდობა ექნება.
„კვირიკაშვილმა ზუსტად იცის, ქვეყნის ეკონომიკური წინასვლა როგორ უზრუნველყოს. არ ვთვლი, რომ მთავრობას ეკონომიკური გუნდი სუსტი ჰყავდა, თუმცაპრემიერმა კადრების გადაადგილებით გუნდი იმ მოთხოვნების შესაბამისად გააძლიერა, რა მიმართულებითც სვლას აპირებს“, - დასძენს ძიძიგური.
ვიცე-სპიკერის მსგავსად, პრემიერ-მინისტრს დადებითად ახასიათებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეც. როგორც for.ge-ს ზოიძემ განუცხადა, პრემიერ-მინისტრი შესანიშნავი ლიდერია.
კანონმდებელის მოსაზრებით, ქვეყანის ეკონომიკა სუსტია და სანამ მიღწეული ეკონომიკის სწრაფი განვითარება არ იქნება, ლარი ხან გამყარდება, ხან გაუფასურდება და რყევები ყოველთვის იქნება.
for.ge-მ ზოიძეს იმის დაკონკრეტებაც მოსთხოვა, თუკი ქუმსიშვილმა ეკონომიკის სასურველი განვითარება ვერ უზრუნველყო, მას ფინანსთა სამინისტრო რატომ ჩააბარეს.
„დიმიტრი ქუმსიშვილი ძალიან კარგი ეკონომიკის მინისტრი იყო, რომლის უშუალო ჩართულობით მომზადდა წინასაარჩევნო პროგრამა, რომელიც ამბიციური და რეალისტურ გეგმებს მოიცავს, ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით. იმ პროგრამის განხორციელება იმ გუნდს შეუძლია, რომელიც პრემიერმა წარადგინა. იმის იმედი გვექნება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ეკონომიკის სწრაფი განვითარება გვექნება“, - აცხადებს ზოიძე, რომლის მსგავსი კითხვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მივმართეთ.
როგორც for.ge-ს მდინარაძემ განუცხადა, მთავრობის განახლება იმ მიმართულებით მოხდა, რაც ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ის გუნდი, რომელიც პრემიერმა წარმოადგინა, ქვეყნის წინასვლას უზრუნველყოფს, რადგან მისი თქმით, წარდგენილი ადამიანები არიან პროფესიონალები და სამშობლოს მოყვარულები.
„მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ და შეგვიძლია, მათ მიმართ იმედიანად ვიყოთ. რა თქმა უნდა, მათ ნდობას გამოვუცხადებთ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითვები არ გვექნება. კითხვებს ყველა აქტუალურ საკითხზე დასვამთ. რაც შეეხება ქუმსიშვილს, ეკონომიკის აყვავებაზე პათეტიკური საუბარი შეუძლებელია. საქართველო ამ გზისკენ დადებითი დინამიკით მიდის და დარწმუნებული ვარ, რომ მიმართულებით ვითარება ძალიან კარგად იქნება“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მთავრობს განახლებული გუნდის პროფესიონალიზმზე მიუთითებს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. for.ge-სთან საუბარში ჯაშმა აღნიშნა, დიმიტრი ქუმსიშვილი არაერთი ინოვაციური პროექტის ინიციატორი და ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება და წარმატებული საქმიანობის შედეგები აქვს.
დეპუტატის განცხადებით, ლარის კურსთან მიმდინარე პროცესები სენსიტიურია, მაგრამ რეგიონში მიმდინარე პროცესებთან შედარებით, საქართველომ სტაბილური პოზიციები შეინარჩუნა.
„გიორგი გახარიას შემოერთებით მთავრობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ეს ის გუნდია, რომლის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სწრაფი განვითარების გარანტიებს დადებს და იმედია, ეროვნული ვალუტის დინამიკის გაუმჯობესებაც მოხდება“, - დასძენს ჯაში.
რაც შეეხება მთავრობაში განხორციელებულ ცვლილებებს, ენერგეტიკის სამინისტროში კახა კალაძე დაბრუნდება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ზურაბ ალავიძე უხელმძღვანელებს, ევროინტეგრაციის სამინისტროს ვიქტორ დოლიძე, ეკონომიკის სამინისტროს კი, გიორგი გახარია.