განახლებული ეკონომიკური გუნდი და ყოფილი ოპოზიციონერი მთავრობაში

განახლებული ეკონომიკური გუნდი და ყოფილი ოპოზიციონერი მთავრობაში

მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა - 2016-2020“ პარლამენტს უკვე წარედგინა. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამის მოსმენა პარლამენტში 24 ნოემბრიდან დაიწყება, ხოლო ნდობის გამოცხადების საკითხი პლენარულ სხდომაზე 26 ნოემბერს გავა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრობის კანდიდატთა შემადგენლობა დაასახელა. მთავრობის ახალ შემადგენლობაში არ იქნებიან ნოდარ ხადური, ნოდარ ჯავახიშვილი, ილია ელოშვილი და დავით ბაქრაძე. რაც შეეხება ყოფილ მინისტრებს, არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადური კონკურენციის სამსახურს უხელმძღვანელებს, ნოდარ ჯავახიშვილი კი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნოს. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა „ბანკ ქართუში“ დაბრუნდეს.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი სახე იქნება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ზურაბ ალავიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

გიორგი კვირიკაშვილმა ვიქტორ დოლიძეს გუნდში დაბრუნება მიულოცა და აღნიშნა, რომ დოლიძეს აქვს კარგი კონტაქტები და დასავლური სამყარო იცნობს, როგორც გამოცდილ და კარგ დიპლომატს. ზურაბ ალავიძე თავის საქმიანობას ძირითადად კერძო სექტორში წარმართავდა, გარკვეული პერიოდი იყო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. ალავიძეს აქვს როგორც საფინანსო-საბანკო სექტორში მუშაობის, ასევე მასშტაბური ინფრასტრუქტრუქტურული პროექტების მართვის დიდი გამოცდილება.

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარდგენილ გიორგი გახარიას, პრემიერის შეფასებით, ის კვალიფიციური ეკონომისტია. მას აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კარგი ხედვა და თანამედროვე მიდგომები. გიორგი გახარია მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე, 2013 წლიდან იყოს საქართველოს ბიზნესომბუდსმენი და პრემიერ-მინისტრის თანამშემწე ეკონომიკურ საკითხებში.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საკადრო ცვლილებები დაანონსა, თუმცა დეტალებზე საუბარს მინისტრად დამტკიცების შემდეგ აპირებს. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ქუმსიშვილი ამბობს, რომ მთავრობის ამოცანა არ არის ლარის კურსის დევნა, არამედ დამოკიდებულების შეცვლა, რომ მოსახლეობას ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად ეცვლებოდეს განკარგვადი შემოსავალი.

„ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ჩვენ ვიქნებით სტაბილურობაზე ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შემოსავლები იყოს სტაბილური. საგადასახადო პოლიტიკა იქნება ბიზნესისთვის მეგობრული და სერვისზე ორიენტირებული. ვალი ასევე იქნება მდგრადი და სამართლიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ რასაც მოვიხმართ ჩვენ თვითონ გადავიხდით. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის მიმართულებით დიდი ხანია ვმუშაობ, შესაბამისად ძირითადი პრინციპები ვერ შეიცვლება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ ზურაბ ალავიძეს, იგი არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შემომწირველი იყო. ამბობს, რომ არასდროს არც ერთი პარტიისთვის, არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. ალავიძე აცხადებს, რომ სამომავლოდ უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

„პროექტებს შორის არის რვაასი კილომეტრის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა, ხიდები, ესტაკადები, გვირაბები. ვგეგმავთ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას. ასევე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას. ვმუშაობთ ქვეყნის სივრცით მოწყობაზე. საკადრო ცვლილებებზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რაც შეეხება მთავრობის კიდევ ერთ ახალ სახეს, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წვერს, ვიქტორ დილიძეს, იგი ამბობს, რომ ერთგავრი უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო განაცხადია.

„ვაპირებ, მაქსიმალურად დავიხარჯო, რათა სხვა უწყებებთან ერთად შევძლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. ყველა ეტაპს პოლიტიკაში თავისებურებები აქვს. არც ერთ ჩემს პოლიტიკურ ნაბიჯზე არ მწყდება გული. გიორგი კვირიკაშვილთან თანამშრომლობისთვის ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

დოლიძე არ ფიქრობს, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ თავის დროზე ხმაურიანად წავიდნენ ხელისუფლებიდან და აცხადებს, რომ მის მიერ გადადგმულ არც ერთ ნაბიჯს არ ნანობს. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ჩაბღაუჭება ვიწროპოლიტიკური პარტიული ინტერესებისადმი თუ ხელისუფლებისადმი და დავიწყოთ რეფორმების გატარება. მომავალმა მინისტრმა ე.წ. კაბელების საქმეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაკავებულების ოჯახებთან კონტაქტი არ დაუკარგავს და კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლება მათთვის იქიდან, სადაც არის.

„არასდროს ჩემს ცხოვრებაში, პრინციპებიდან, ღირებულებებიდან არ გადამიხვევია და არც ვაპირებ აქედან გადახვევას. მათ ოჯახებთან, პატიმრებთანაც არ დამიკარგავს კონტაქტი. რამდენიმე ხნის წინ მე თვითონ ვნახე ისინი და მათი აღქმა არის აბსოლუტურად ადეკვატური. კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგვიძლია იქიდან, სადაც ახლა ვართ“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში ვიქტორ დოლიძის გამოჩენას საინტერესო ნაბიჯად აფასებენ ანალიტიკოსები და მიაჩნიათ, რომ კვირიკაშვილის მთავრობაში პარტიული კუთვნილება არ აღმოჩნდა გადამწყვეტი მინისტრების შერჩევის დროს, რაც პოლიტიკური სურათს კარგი მიმართულებით ცვლის.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ვიქტორ დოლიძე არის პროფესიონალი, რომელსაც ევროპულ სტრუქტურებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

„ვინც დაჟინებით იძახის, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ერთ-ერთი მკაფიო არგუმენტი იმისა, რომ საწინააღმდეგო პროცესია, დადასტურდა ვიქრორ დოლიძის დანიშვნით, იმდენად მკაფიოდ დასავლეთზე ორიენტირებულია ვიქტორ დოლიძე. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში გაწევრიანება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

რაც შეეხება ეკონომიკურ გუნდში განხორციელებულ ცვლილებებს, რამაზ საყვერელიძის თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არის ეკონომიკური გუნდის ფორმირება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში, გუნდის დანარჩენი წევრების მიმართაც გამოიკვეთება პოზიცია.

„მაგრამ ის, რომ პროცესი ეკონომიკური გუნდიდან უნდა დაწყებულიყო, ეს უდავოა იმიტომ, რომ ეკონომიკა ყველაფრის საფუძველს წარმოადგენს. სავარაუდოა და ვფიქრობ, რომ მთავრობის დანარჩენი წევრები იმუშავებენ იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მთავრობის ხელძღვანელმა წარმოადგინა. თუ არ იმუშვებენ, ამ ხელისუფლებისთვის პრობლემა არ არის კაბინეტის წევრთა განახლება. პრაქტიკულად, ნებისმიერი რაოდენობით შეუძლია განაახლოს და ამ მხრივ სასწრაფო არაფერია. ეკონომიკაში სასწრაფო და აუცილებელი იყო ცვლილება, რადგან სწრაფი ეკონომიკური განვითარება არის ამ ხელისუფლების პირობა და გადავადებას ეკონიმიკური თემატიკა ვერ აიტანდა“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.