ნაციონალებსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის საპარლამენტო დაპირისპირების მიზეზი თანამდებობები გახდა

ნაციონალებსა და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის საპარლამენტო დაპირისპირების მიზეზი თანამდებობები გახდა

მეცხრე მოწვევის პარლამენტში, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის დაპირისპირების პირველი მიზეზი საპარლამენტო თანამდებობები გახდა. პარლამენტის 15 კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან ათი უმცირესობამ აითვისა, სამი ირმა ინაშვილის გუნდმა, ორი პოსტი კი, ვაკანტურია.

ამ დრომდე, ვაკანტურია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციური კვოტა, რის თაობაზეც პოლიტიკურ მხარეებს შორის უთანხმოებაა. საქმე ისაა, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ემზარ კვიციანის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ უჭერს და ამის მიზეზად მის პრორუსულობას ასახელებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კი, ეკა ბესელიას მოადგილედ ოთარ კახიძის ნაცვლად, ნატო ჩხეიძე აირჩია, რასაც ნაციონალების მხრიდან „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო თანამშრომლობაზე შეფასებები მოჰყვა.

როგორც for.ge-ს ოთარ კახიძემ განუცხადა, ნატო ჩხეიძის სახით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმ ადამიანს ჩააბარეს, რომელმაც ვერცერთი პრიორიტეტული მიმართულება ვერ დაასახელა. მისი თქმით, ჩხეიძეს არც იურიდიული განათლება აქვს და არც საკანონმდებლო ინიციატივების ავტორი ყოფილა.

„ეს სუფთა პოლიტიკური თემაა, რადგან „ქართული ოცნება“ „პატრიოტთა ალიანსს“ პარტნიორად მიიჩნევს. მათ არ სურთ, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უფრო სერიოზული ოპონირება იყოს, რადგან ინაშვილის პარტიას სესიაზე ერთი კითხვაც არ დაუსვამს. ისინი თანამშრომლობის რეჟიმში არიან და ფაქტიურად, ერთი პოლიტიკური გუნდია“, - ამბობს კახიძე.

for.ge-სთან საუბარში ნატო ჩხეიძე ოპონენტების მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ის ყველა იმ საკითხის მიმართ იქნება კრიტიკული, რომლის თაობაზეც ფიქრობს, რომ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებაა საჭირო.

„ყურადღებას ყველა საკითხზე გავამახვილებ, რაც აქტუალური იქნება. ყველა საკითხის მიმართ კრიტიკული ვიქნები, თუმცა, გააჩნია, საკითხს“, - დასძენს ჩხეიძე, რომელსაც პოსტზე რვა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომელთა შორის უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილიც იყო.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი for.ge-ს საკუთარი გადაწყვეტილების მოტივებს უხსნის და ამბობს, რომ მან ჩხეიძეს მხარი იმის გამო დაუჭირა, რომ ეს ადამიანი და მისი ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რეპრესირებული იყო.

გოგიჩაიშვილი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ერთი გუნდი არ არის.

„ნაციონალებმა რა განაცხადეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩება. იურიდიული კომიტეტის სიმყარე გარანტირებულია და ჩვენ პროგრამას მივყვებით. იურიდიულ კომიტეტში მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები არიან და ისეთი პოზიციების გატანა არ იქნება, რაც „მე მინდაა“. თუ რაიმე არ მომეწონება, მას მხარს არ დავუჭერ“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი,

რაც შეეხება ემზარ კვიციანის კანდიდატურას, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ კვიციანი სახელმწიფოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ინაშვილის შეფასებით, ადამიანი უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოადგილედ გიორგი ტუღუში აირჩია, რაც ძალიან სამარცხვინო აქტი და ცინიზმია, რადგან მის დროს პატიმრების წამება და გაუპატიურება ხდებოდა.

„ემზარ კვიციანზე შევთანხმდებით, რომელ კომიტეტში წარვადგინოთ. ეს ადამიანი კოდორს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა. სახელმწიფოსთვის საფრთხეს „ნაციონალური მოძრაობის“ ის შემადგენლობა წარმოადგენს, რომელიც თავდაცვისა და სხვა კომიტეტში ნაწილდება. საქართველოს ეს ხალხი ყიდდა და საფრთხეს ისინი წარმოადგენენ და არა - ირმა ინაშვილი და ემზარ კვიციანი“, - ამბობს განუცხადა for.ge-ს ინაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ამა თუ იმ პირისთვის იარლიყების მიწეპებას არ ურჩევს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

როგორც for.ge-ს ვოლსკიმ განუცხადა, კომიტეტის შიგნით ხმები როგორ გადანაწილდება, ეს კომიტეტზეა დამოკიდებული.

„ნაციონალების ადგილზე, პრორუსულ მოქმედებებსა და პრორუსულობასთან დაკავშირებით ლაპარაკისგან თავს შევიკავებდი. ეს ეხება ოპონენტების პარტიას, თუ სახელმწიფო მდგომარეობას. მნიშვნელოვანია, ადამიანს სამხედრო საქმე ესმოდეს, პატრიოტი იყოს და იმ საგარეო კურსს უჭერდეს მხარს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია და რამაც ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებამდე მიგვიყვანა“, - დასძენს ვოლსკი.

საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება რეგლამენტის შესაბამისად ხდება და ოპოზიციის კვოტაც რეგლამენტით არის განსაზღვრული, თუმცა, for.ge იმ საკითხით დაინტერესდა, წამყვან კომიტეტებში პოსტები „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად მიიღეს თუ არა.

როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, საპარლამენტო თანამდებობების თაობაზე კონსულტაციები გაიმართა, რომლის შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების დამტკიცება მოხდა.

თალაკვაძის თქმით, ვერანაირი გარიგებები „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის, ან „ქართულ ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის ვერ მოხდებოდა, რადგან ეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესია.

„თუ შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰკითხეთ, მათი კანდიდატურები რამდენ კომიტეტში გავიდნენ?! ნახავთ, რომ ასეთი ათზე მეტია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ ასეთი სამი წევრი ჰყავს. მათემატიკურად გამოდის, რომ რასაც სხვებს აბრალებენ, იმ პრივილეგიით თავად სარგებლობენ. სინამდვილეში რა მოხდა? - პარლამენტი თანამშრომლობის ადგილია და პირველივე სხდომაზე ვთქვით, რომ კონსტრუქციულ სამუშაო ატმოსფეროს უზრუნველვყოფდით. მათ ეს თანამდებობები კანონმდებლობით ეკუთვნით“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

საპარლამენტო თანამდებობების გარდა, for.ge პარლამენტისა და მთავრობის მომავალი მუშაობის საკითხითაც დაინტერესდა და მიუთითა, რომ ბიუროს სხდომას მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ისევ არ ესწრებოდა, რომელიც ბიუროს სხდომებს დიდად არ წყალობს.

„შალვასთან მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. დღეს სხდომაზე არ იმყოფებოდა, რადგან მთავრობის საქმიანობის ფარგლებში სხდომას ესწრებოდა. ხმა ხალხმა იმ უფლებამოსილების შესასრულებლად მოგვცა, რაც პარლამენტს ევალება. გარწმუნებთ, რომ იმ ფუნქციას 100 პროცენტით შევასრულებთ, რაც დაგვეკისრა“, - განაცხადა თალაკვაძემ, რომელსაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში ლიდერის თვისებების გამომჟღავნება მართლაც მოუწევს, რადგან წინა მოწვევის პარლამენტში, უმრავლესობას ორგანიზებულობა აკლდა, რისი ერთ-ერთი შედეგიც კვორუმის მუდმივი პრობლემა იყო.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, კვორუმის პრობლემა იარსებებს თუ არა, ამის თქმა რთულია, თუმცა, დეპუტატებმა გაცდენები უკვე დაიწყეს. ამ თვალსაზრისით, პირველი ისევ კობა ნაყოფია იყო, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში გაცდენების კუთხით, „რესკორდსმენი“ იყო, ხოლო ამ მოწვევის პარლამენტში, სპორტის კომიტეტის პირველივე სხდომა გააცდინა და სხდომაზე საკუთარი ადგილმონაცვლე მიავლინა.