საქართველოს მთავრობაში განსახორციელებელ საკადრო ცვლილებებზე ამ დრომდე მსჯელობენ, რის გამოც, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაანონსებული განცხადების გაკეთება ერთი დღით - ხვალამდე გადადო.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, საბოლოო პოზიცია ამ დრომდე არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც ხელისუფლებაში კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.
წყაროს ცნობით, ამ დროის მონაცემებით, გადაწყვეტილია, რომ მთავრობას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დატოვებს, რომელსაც თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. ქუმსიშვილს კი, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გვახარია შეცვლის.
„მთავრობაში კულტურის მინისტრის შეცვლის თაობაზე ვერ თანხმდებიან, რადგან მასზე უკეთესი კანდიდატურა ვერ მოიძებნა“, - განუცხადა for.ge-ს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
როგორც საპარლამენტო კულუარებში ამბობენ, ამ დრომდე პოზიციების შეჯერება ხდება ევროინტეგრაციის მომავალ მინისტრთან დაკავშირებით, რომლის პოსტზეც „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა განიხილება.
მას შემდეგ, რაც ხვალ, პრემიერ-მინისტრი საკადრო ცვლილებების თაობაზე განცხადებას გააკეთებს, პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი წარუდგენს, რის გამოც, ხვალ, ბიუროს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნა.
უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებების განხორციელების მოლოდინშია და წინასწარი განცხადებების კეთებისგან თავს იკავებს, უმცირესობა კი, მთავრობის კრიტიკისთვის ემზადება და მისთვის ნდობის გამოცხადებას არ აპირებს.
როგორც for.ge-ს ნაციონალმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, მთავრობაში ადგილების გადანაცვლებით, ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება.
„ქვეყანას ვინ მართავს და რეალური უფროსი ვინ არის, ეს საზოგადოებამ იცის. ეს ბიძინა ივანიშვილია. საკადრო ცვლილებები იმის თქმის საფუძველს არ იძლევა, რომ რაიმე შეიცვლება. სამთავრობო გუნდს პასუხისმგებლობა იმ კაცის წინაშე აქვს და სამწუხაროდ, პროგრესზე ორიენტირებული ცვლილებები გათვალისწინებული არ არის. ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა და ივანიშვილის გუნდს არანაირი ხედვა არ აქვს. უფრო სწორად, მისი „ხედვა“ მთავარი მიზეზია იმ პრობლემების, რის წინაშეც ვდგავართ. ოპტიმიზმის საფუძველი არ მაქვს, რომ რაიმე შეეცვლება, თუმცა, ვნახავთ, რა გვარები იქნება“, - აცხადებს დეპუტატი,
ბოკერიას ცნობით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამთავრობო გუნდს ნდობას არ გამოუცხადებს.
„იმის შანსს ვერ ვხედავ, რომ მათ ნდობა გამოვუცხადოთ, მაგრამ საოცრებები ხდება-ხოლმე. ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი არაფერ შუაში არ არის, მაგრამ ეს ადამიანები მისი თანაშემწეები არიან. ოპოზიციის როლია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ნაკლები მავნებლობა ჩაადენინოს“, - აცხადებს ბოკერია, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი რომან გოცირიძე.
ვინაიდან, მთავრობის განახლება ეკონომიკური გუნდით იგეგმება, გოცირიძე ყურადღებას ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ქვეყანა არსებული ეკონომიკის პირობებში შედეგს ვერ მიიღებს.
„ორი მინისტრის გარდა, ხელისუფლებაში ყველა რჩება. 20 წელია, რაც ლარი არსებობს და მისი გაუფასურება ერთხელ 1998 წელს მოხდა, როცა რუსეთის ფინანსური კრიზისი იყო და მაშინ რუსეთზე დამოკიდებული ვიყავით. ლარი არასტაბილური ბოლო სამი წელია არის და რეგულაციები ღუპავს ეკონომიკას. ვინც რეგულაციებზე იმედებს ამყარებს, ის ქვეყანას უკან მიაქანებს. ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს, რომ მეტი ადგილი შეიქმნას და მეტი ვალუტა შემოვიდეს. ლარს ეს ამყარებს და არა ვიღაცის კაბინეტში დაწერილი ნორმა“, - დასძენს გოცირიძე.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ განწყობას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის გუნდი ამბობს, რომ მათ ზოგიერთი მინისტრის საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
„მინისტრის პოსტზე შეიძლება იყოს ისეთი კანდიდატურა წარდგენილი, რომელსაც შეიძლება მხარი დავუჭიროთ და არის კანდიდატურა, რომელსაც მხარს არ დავუჭერთ. შეგვიძლია, ჩვენი პოზიცია შეფასებებში დავაფიქსიროთ და საერთო გადაწყვეტილებაზე შევთანმხდებით. თუმცა, განსაკუთრებით მძაფრი კითხვები ეკონომიკური გუნდის მიმართ იქნება“, - ამბობს ინაშვილი.
იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტს სამთავრობო ცვლილებები ხვალ წარედგინება, საკანონმდებლო ორგანო მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობას 24-26 ნოემბერს აპირებს. for.ge-ს ინფორმაციით, 24 ნოემბერს, მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ, 25 ნოემბერს - ფრაქციებისა და უმცირესობა-უმრავლესობის რეჟიმში, ხოლო პლენარულ სხდომაზე განხილვა - 26 ნოემბერს გაიმართება, სადაც მთავრობას დეპუტატების კითხვებისა და პოზიციების მოსმენის გარდა, საკუთარი პროგრამის წარდგენაც მოუწევს.