კონსტიტუცია, რომელსაც ყველა ხელისუფლება ცვლის და მაინც ხარვეზიანია

კონსტიტუცია, რომელსაც ყველა ხელისუფლება ცვლის და მაინც ხარვეზიანია

საქართველოს კონსტიტუციაში არსებულ ხარვეზებს ყველა პოლიტიკური ძალა ხედავს, თუმცა ყველა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამოდის - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის მექანიზმების გამყარებაზე აპელირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში ჩართვას ითხოვს, „ქართული ოცნება“ საპარლამენტო რესპუბლიკის პრიორიტეტულობაზე აქცენტირებს, ოპოზიცია კი, ხელისუფლების არგუმენტების მოსმენისთვის ემზადება.

ქვეყნის კონსტიტუციის გადახედვას მეცხრე მოწვევის პარლამენტი გეგმავს და „ქართული ოცნება“ ამ პროცესის დაწყებას მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად აფასებს. იქედან გამომდინარე, რომ „ქართული ოცნება“ ამ მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი, მას მერვე მოწვევის პარლამენტისგან განსხვავებით, ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება, თუმცა, დაინტერესებული მხარეები ხელისუფლებას სიფრთხილისკენ და ფართო კონსენსუსისკენ მოუწოდებენ.

სანამ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყება, მანამდე საკუთარ პოზიციებს პოლიტიკოსები აფიქსირებენ. მათ შორის არის ქვეყნის პირველი პირი, რომელმაც ამ თვალსაზრისით, კანონმდებლებს რჩევები პარლამენტის ტრიბუნიდან მისცა.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა - ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა.

პრეზიდენტის შეფასებით, კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციას ხარვეზიანია და გადახედვას საჭიროებს, მაგრამ მთავარი და უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება, რის გამოც კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია.

„პოლიტიკური კულტურები არსებობენ, სადაც კონსტიოტუციონალიზმი იდეალურად ხორციელდება. ნათელია, რომ ამის გარანტი პოლიტიკური კლასის და საზოგადოების სამართლებრივი ტრადიციისადმი ერთგულებაა. ქართულ კონსტიტუციონალიზმს კი, სწორედაც რომ არასახარბიელო - კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა, რომლის განცხადებასაც პოლიტიკური მხარეების შეფასებები მოჰყვა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია თუ როდის დაიწყებს მუშაობას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაზეც სახელმწიფო კომისია იმუშავებს, პრეზიდენტის არჩევის წესი იქნება.

ქვეყნის პირველი პირი პარლამენტმა უნდა აირჩიოს თუ ხალხმა, ამის თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დამაკმაყოფილებელი „ქართული ოცნების“ არგუმენტები საერთოდ არ არის, პარლამენტმა პრეზიდენტი რატომ უნდა აირჩიოს.

როგორც for.ge-ს ინაშვილმა განუცხადა, როცა საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიდის, ამა თუ იმ თემის თაობაზე ფართო კონსენსუსი უნდა გაიმართოს, რადგან არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობამ პარლამენტში რაღაც ინიციატივა შეიტანოს, მისი ავტორი თავად იყოს, ცვლილებებს კენჭი თავად უყაროს და ხმაც თავად მისცეს - მსგავსი დამოკიდებულება მხოლოდ კორეაში და ამ ტიპის სახელმწიფოებშია.

„თუკი პრეზიდენტის არჩევის წესზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩემთვის დამაკმაყოფილებელი „ქართული ოცნების“ არგუმენტები საერთოდ არ არის, პარლამენტმა პრეზიდენტი რატომ უნდა აირჩიოს. ვფიქრობ, რომ დემოკრატიის გზაზე ეს უკან დახეული ნაბიჯია. საყოველთაო არჩევნებზე უარი რატომ უნდა ვთქვათ, როცა პრეზიდენტს ხალხი ირჩევს? მათი არგუმენტები საკმარისი არ არის და ამ საკითხს კენჭი ახლა რომ ეყრებოდეს, ხმას არ მივცემდი“, - აცხადებს ინაშვილი.

კანონმდებელი „ქართულ ოცნებასთან“ ამა თუ იმ საკითხზე თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა, აკონკრეტებს, რომ არის საკითხები, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ მხარს არათუ არ დაუჭერს, არამედ მათი მხრიდან ცხარე დებატები და დისკუსია იქნება.

„ასე საარჩევნო სისტემის შეცვლის ნაწილში მოხდება, რადგან როგორც ვატყობ, საარჩევნო სისტემის ძირეული ცვლილება ამ ხელისუფლებასაც არ უნდა. ვაპირებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების სრულიად ახალი პაკეტი წარმოვადგინოთ, რომელიც საარჩევნო სისტემის შეცვლას ეხება. ამაზე საპარლამენტო ოპოზიცია იმუშავებს და თანამშრომლობაც ის იქნება, თუ ამას მხარს „ქართული ოცნება“ დაუჭერს. ექვსი დეპუტატით გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვან თემებს გავასაჯაროვებთ და მნიშვნელოვან პროექტებს შემოვიტანთ. ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის ხიდი ვიქნებით და ამით მნიშვნელოვანი პრაქტიკა დაინერგება“, - აღნიშნა ინაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნაციონალი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში იმის რესურსს ვერ ხედავს, რომ უმრავლესობა პრეზიდენტთან თანამშრომლობის ფორმატზე გადაერთოს და იმ საქმით დაკავდეს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა პარტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.

for.ge-სთან საუბარში ხოშტარია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიმართ ახალი მოწვევის პარლამენტში ნეგატიურმა შეფასებებმა გაიჟღერა, რითაც უმრავლესობა ამ ინსტიტუტს ძალიან უხეშად აკნინებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პარლამენტმა პირველივე დღიდან საქმის კეთების პოლიტიკის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გამოავლინა, რასაც ოთხი წლის განმავლობაში ვუყურებდით. მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, რაც პრეზიდენტმა აღნიშნა. იმედი არ მაქვს, რომ ეს უმრავლესობა თანამშრომლობით დაკავდება, თუმცა, მომავალზე ორიენტირებული საუბარი ვერ ვნახეთ, ისევ საუბარია ადამიანების კრიტიკაზე“, - დასძინა ხოშტარიამ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის განწყობას, „ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ კონსტიტუცია ხარვეზიანია და ის გადახედვას საჭიროებს, თუმცა, უმრავლესობა ფორმატში პრეზიდენტის როლს და ფუნქციას ვერ აკონკრეტებს.

როგორც for.ge-ს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა, პრეზიდენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიძლება, საკონსტიტუიო ცვლილებების განხილვის ფორმატში იყოს ჩართული.

მისი თქმით, პარლამენტში პრეზიდენტს ძალიან საინტერესო გამოსვლა ჰქონდა და აქცენტები გაკეთებული მწვავე საკითხებზეც იყო, თუმცა, მას შთაბეჭდილება დარჩა, რომ პრეზიდენტის აზრები ნათლად არ იყო ჩამოყალიბებული და ცოტა ბუნდოვანი იყო.

„სწორად გავიგე, რომ ხელისუფლებოს შტოების დაბალანსება უნდა მოხდეს, რაშიც მას ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოყენებული ამ მიმართულებით უნდა იყოს და საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაბალანსების საკითხს უნდა ეხებოდეს“, - დასძენს კვაჭანტირაძე.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ბექა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ არსებული კონსტიტუცია დაუბალანსებელი და ჰიბრიდულია, რადგან ის არც საპარლამენტოა და არც საპრეზიდენტო. ნაცვლიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტის არჩევის წესი იმის და მიხედვით იქნება არჩეული, თუ ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკაზე ჩამოყალიბდება.

„თუ გადაწყვეტილება ასე იქნება მიღებული, მაშინ როგორც წმინდა საპარლამენტო რესპუბლიკებშია, პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. როცა საუბარი არჩევანზე იწყება, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ, ამ პროცესში სხვა რგოლებიც არსებობენ. ამიტომ, სწორი ამ სურათის მთლიანად დანახვა იქნება. მხარს საპარლამენტო რესპუბლიკას ვუჭერ. ამ პროცესში არა მხოლოდ პრეზიდენტის ჩართვაზეა საუბარი, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთაც კომპეტენცია გააჩნიათ. ერთხელ და სამუდამოდ დაბალანსებული კონსტიტუცია უნდა მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება“, - განუცხადა for.ge-ს ნაცვლიშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისიის შექმნა და შემდეგ დაკომპლექტება პარლამენტს მოუწევს, თუმცა, ვინაიდან, კომისიის შექმნის ინიციატივის გაჟღერებას პრეზიდენტიც იბრალებს და პრემიერ-მინისტრიც, შესაძლოა, ეს თემა შტოებს შორის ისევ დაპირისპირების მიზეზი გახდეს.