„ჩვენ უნდა შევაღწიოთ თითოეულ სმარტფონში, რათა გავუმკლავდეთ რუსულ დეზინფორმაციას“

„ჩვენ უნდა შევაღწიოთ თითოეულ სმარტფონში, რათა გავუმკლავდეთ რუსულ დეზინფორმაციას“

„უახლოესი თვეები გამოაჩენს რა გველოდება, საით მივდივართ და რა ახალი ხერხები იქნება საჭირო რუსული გავლენებისგან თავის დასაცავად“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე.

for.ge ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

რუსული პროპაგანდა იმდენად რთული და მასშტაბურია, რომ მის წინააღმდეგ გაერთიანებულია ცივილიზებული სამყარო. ეს პრობლემა დგას საქართველოშიც. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ კანონპროექტის დონეზე შესაძლებელია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, თუ აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და გაზიარება?

ხათუნა ლაგაზიძე: ეს არის ერთ–ერთი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი თემა, რომელზეც საქართველოს პარლამენტმა უნდა გაამახვილოს ყურადღება. ჩვენ უბრალოდ, დროში გარკვეული მოვლენების წინსწრებამ გადაგვარჩინა იმას, რომ საქართველოს პარლამენტში დღეს უფრო დიდი რაოდენობით არ გვყავს წარმოდგენილი პრორუსული დეპუტაცია.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაგეგმილი რომ ყოფილიყო ამერიკის, ბულგარეთსა და მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნების შედეგები სხვაგვარი იქნებოდა, რაც აისახებოდა იმაში, რომ პრორუსული პარტიების წარმომადგენლობა უფრო მეტი იქნებოდა საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად ჩვენი საზოგადოებაა გაცილებით კრიტიკული და გონიერი თავის არჩევანსა და შეფასებებში, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყნის ამომრჩეველი.

რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ ტრამპის იმ გზავნილებს, რომელმაც წაათამამა პოსტსაბჭოთა სივრცეში პრორუსული განწყობის ამომრჩეველი და პოლიტიკური ძალები: როდესაც ტრამპი აცხადებდა, რომ მზად არის რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის; რომ ნატოში ამერიკის მონაწილეობა პროპორციული იქნება იმისა, ევროპა გაიღებს თუ არა სათანადო ფინანსურ დანახარჯებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის; რომ პარტნიორ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დაცვის ფლაგმანი აღარ იქნება აშშ და ა.შ.

რუსული საინფორმაციო პროპაგანდის ინტერპრეტაციით, ტრამპის ეს და სხვა წინასაარჩვენო გზავნილები, პოსტსაბჭოთა სივრცეში ქმნის ერთგვარი აპოკალიპტური განწყობის ჩანასახს, რომ ამერიკამ შეიძლება მიგვატოვოს. მეორე მხრივ, ვგულისხმობ იმას, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა მოლდოვასა და ბულგარეთში, ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც ფერადი რევოლუციების ახალი, რუსული ტალღა ევროპაში.

სად ჩანს, რომ რუსეთმა ევროპაში ფერადი რევოლუციის ტალღა დაიწყო?

– როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში პრეზიდენტად მოვიდა პირი, რომელიც აშკარად რუსეთის მიერ გამოხატული სიმპატიებით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, რომ მოლდოვა არ არის ევროკაშირის და ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ მან ჩვენზე ადრე მოახერხა ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან. ასევე, ჩვენგან განსხვავებით მოლდოვას უკვე აქვს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ფუფუნება. ამის მიუხედავად, მოლდოვაში პრეზიდენტად მოვიდა კაცი, რომლის მთავარი ლოზუნგი იყო ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გადახედვა, მოლდოვის შემოტრიალება ევრაზიული კავშირისკენ, რომელიც რუსეთის ერთ–ერთი მთავარი ეკონომიკური ბერკეტია ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეზე და სტრატეგიული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან - ამბობს, რომ პირველ შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან.

თუმცა, დავუბრუნდეთ ძირითად თემას, რაც შეეხება საინფორმაციო პროპაგანდას და რუსული გავლენების შეღწევას, თუ გადავხედავთ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების დროს აწ უკვე პრეზიდენტის, დოდონის მიერ გამოყენებულ გზავნილებს და შევადარებთ ქართულ საინფორმაციო სივრცეში არსებულ გზავნილებთან, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელიდან, თუ ცენტრიდან იმართება. მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის დასახელებებია შეცვლილი, თორემ გზავნილები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.

მაგალითად, ძირითადი გზავნილები მოლდოვის პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყო ის, რომ ევროპამ იმედები გაუცრუა მოლდოვას, ევროპა იბრძვის ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ, ევროპა არატრადიციული ურთიერთობების აპოლოგეტია და უფრო მეტიც, მოლდოვის პრეზიდენტმა თავის ძირითად კონკურენტს, რომელიც ამერიკის ფავორიტი იყო, არა მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის მხარდაჭერა, არამედ ლამის ჰომოსექსუალობა დასწამა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემაა მოლდაველებისთვის, ძალიან კონსერვატიული და ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტირებული საზოგადოებისთვის.

დამეთანხმებით, რომ ის, რაც ჩვენ გვესმის ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ საინფორმაციო სივრცეში, მართლაც ორი წვეთი წყალივით ჰგავს იმას, რაზეც მე ახლა ვისაუბრე და უდავოა, რომ ეს ყველაფერი ერთი ცენტრიდან იმართება.

რა შედეგზეა გათვლილი ამ სახის ანტიევროპული პროპაგანდა?

– გათვლილია ერთ შედეგზე – რუსული ფერადი რევოლუციების გზით შეიცვალოს ხელისუფლება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ჩეხეთის კონტრდაზვერვამ სექტემბერში განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს საინფორმაციო ომს, რათა მოახდინოს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაცია. მოლდოვის მოსახლეობის გამოკითხვებიც აჩვენებს იმას, რომ მხოლოდ 30% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაშინ როდესაც 44% არის მზად რუსეთის ხელმძღვანელობით არსებულ ევრაზიულ კავშირში გაერთიანებისთვის. ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია.

ანუ, აშკარაა, რომ რუსულ საინფორმაციო პროპაგანდას ძალიან დიდი გავლენა აქვს...

– რა თქმა უნდა. არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ამ გავლენის დასტურად. ავიღოთ იგივე ბულგარეთი, სადაც პრეზიდენტად მოვიდა სოციალისტური პარტიისგან მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელიც დღეს აცხადებს, რომ იყო პროევროპელი, არ ნიშნავს იყო ანტირუსი. ის არის ერთ–ერთი ყველაზე მრისხანე მხარდაჭერი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის. ესეც ძალიან ნიშანდობლივია, რომ მოლდოვისგან განსახვავებით, ბულგარეთი არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ნატოს ყოფილი სამხედრო მფრინავი, ასეთი აქტიური ლობისტია რუსეთისთვის სანქციების მოხსნის.

ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რუსეთს გაცილებით იაფი უჯდება ე.წ. ფერადი რევოლუციები, ვიდრე თავის დროზე დასავლეთს ამ ქვეყნების დასავლურ სივრცეში ინტეგრაცია დაუჯდა.

ამ შემთხვევაში რა არის მთავარი მოტივი, რატომაც შეუდარებლად იაფი უჯდება რუსეთს ამ ქვეყნებში ფერადი რევოლუცია?

– ვუბრუნდები თქვენს პირველ კითხვას, მარტო კანონის მიღება არის თუ არა საკმარისი რუსული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად? - რა თქმა უნდა - არა. რუსეთი, უბრალოდ, სარგებლობს იმ ნოყიერი ნიადაგით, რომელიც ამ ქვეყნებშია შექმნილი და ეს ნიადაგი არის კორუფცია და მძიმე სოციალური ფონი, იმედგაცრუება პროდასავლური ხელისუფლებებით. ორივე ქვეყანაში ფეხმოკიდებულია კორუფცია, სხვა თუ არაფერი, მოლდოვის ბანკებიდან მილიარდი დოლარი დაიკარგა, რომელშიც ხელისუფლების უმაღლესი პირები იყვნენ ჩართული. მოლდოველების თვალში დღეს დასავლეთი ასოცირდება სწორედ კორუმპირებულ მოლდავურ რეჟიმთან. დღეს, ზოგადად, ევროპას უდგას თვითგამორკვევის ძალიან მძიმე პერიოდი, ისევე როგორც აშშ–ს.

გამოდის, რომ „იყო პროევროპელი, არ გამორიცხავს იყო პრორუსი“, - ამ გზავნილის ქვეშ ერთიანდებიან ევროპის სხვა ქვეყნის ლიდერებიც?

– იგივე სერბეთმა შუაგულ ევროპაში რუსეთისა და ბელორუსიის სამხედრო ძალების ერთობლივი სამედრო წვრთნები ჩაატარა სახელწოდებით – „სლავური ძმობა“. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა მაკედონია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, უნგრეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები პირდაპირ ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას. ასე რომ, საფრთხე არსებობს და ძალიან რეალურია. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ქვეყნებზე, რომელთა ნაწილი არის ნატოსა და ევროკავშირის წევრები, ნაწილი შეიძლება არ იყოს ამ ორი უძლიერესი ბლოკის წევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ევროპის ორგანული ნაწილია ეს ქვეყნები თავისი იდეოლოგიით, ეკონომიკით და ა.შ. ამის მიუხედავად, იქ იმდენად საგრძნობია რუსეთის გავლენა, რომ სტრატეგიული თუ ტაქტიკური საკითხების გადაწყვეტისას ხშირად, ამ ქვეყნების პოლიტიკური ელიტების ნაწილი, რუსეთისთვის სასურველ პოზიციას იკავებენ.

აქ თავს იჩენს კიდევ ერთ საკითხი, რომელიც რუსული ტაქტიკის ნაწილია, ეს არის ამ ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების მოსყიდვა, მათი ეკონომიკური, თუ ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილება. ესეც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ქვეყნების განწყობების გაძლიერებაში. მოკლედ, ეს მრავალშრიანი პრობლემაა, რომელსაც ერთი მხრივ თავად დასავლეთი იმედგაცრუებით ქმნის, მეორე მხრივ - რუსეთი ავსებს ევროპისგან უყურადღებოდ მიტოვებულ სივრცეებს.

დამაიმედებელი ის არის, რომ, ჯერჯერობით, იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც რუსული ნოსტალგიით შეპყრობილი პრეზიდენტები აირჩიეს, ისინი ნაკლები უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე მათივე მთავრობის მეთაურები.

ამბობთ, რომ პრობლემა მრავალშრიანია, შესაბამისად კომპლექსური უნდა იყოს მისი გადაჭრის გზებიც?

– უდავოდ. მოსწორებულ ნიადაგზე მხოლოდ რუსული საინფორმაციო პროპაგანდა, რა თქმა უნდა, თავის მიზანს ვერ აღწევს - თუ ამ პროპაგანდის გაღვივებისთვის ნოყიერი ნიადაგი არ იქნება შექმნილი, ბუნებრივია, რომ რუსული პროპაგანდა შედეგიანი არ იქნება. ამიტომაც, ამ პრობლემასთან ბრძოლის უმთავრესი ამოცანა გახლავთ, რა თქმა სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში. ისევე როგორც, საკანონმდებლო რეგულაციების შემოღება, კონტრ-საინფორმაციო პოლიტიკის შემუშავება და რაც მთავარია, თანამედროვე საფრთხეების იდენტიფიკაცია, როგორიც არის კიბერ-შეტევები და სოციალური ქსელების გამოყენება პროპაგანდისთვის.

„ჩვენ უნდა შევაღწიოთ თითოეულ სმარტფონში, რათა გავუმკლავდეთ რუსულ დეზინფორმაციას“ - ეს ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაა. ამ მიზნით მის სტრუქტურაში 20 კაციანი ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ყოველწუთიერი რეაგირება უნდა მოახდინოს რუსულ პროპაგანდაზე ინტერნეტ სივრცეში. გამოკითხვის თანახმად, 25%-ს სჯერა იმ დეზინფორმაციისა, რომელსაც ისინი ეცნობიან რუსეთისგან მართულ, ანტიდასავლურ ვებსაიტებზე. ჩეხეთს შეშფოთების საფუძველი ნამდვილად აქვს: მისი პრეზიდენტი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის აქტიური მომხრეა და უფრო მეტიც, რუსეთის კვალდაკვალ აცხადებს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ჯარები არ დგანან.

აშშ-ის შემდეგ გერმანიაც ელოდება, რომ რუსეთი აქტიურ გავლენას მოახდენს, სწორედ, კიბერ-შეტევების და ინტერნეტში დეზინფორმაციის გავრცელების მეშვეობით, მომავალ წელს გერმანიაში დაგეგმილ არჩევნებზე. ამ პრობლემასთან გამკლავება ანგელა მერკელმაც ყოველდღიურ ამოცანად დაუსახა გერმანიის სპესამსახურებს. ასე რომ, ეს საერთაშორისო პრობლემაა და თქვენი კითხვის პასუხად, რა თქმა უნდა, აუცილებელია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

აქედან გამომდინარე, კანონპროექტი, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალეობამ შემოგვთავაზა, როგორ უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობის დონეზე ისე, რომ არ შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, მაგრამ ასევე აქტიური გახდეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ?

– კანონში მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული შეზღუდვების კრიტერიუმები, მაგალითად, შეზღუდვები შეიძლება შეეხოს რუსული ფულით დაფინანსებულ საინფორმაციო საშუალებებს, ან არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან თუ კანონში დარჩა ინტერპრეტირების საშუალება, ამან შეიძლება გამოიწვიოს უფრო ფართოდ მედიის თავისუფლების შეზღუდვის და სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის კონტროლის ცდუნება. ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ.