„მოქმედ კონსტიტუციას აქვს რესურსი, რომ ნორმალურ სამუშაო დოკუმენტად იქცეს“

„მოქმედ კონსტიტუციას აქვს რესურსი, რომ ნორმალურ სამუშაო დოკუმენტად იქცეს“

ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვის საგანი ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, შესაბამისად, უმრავლესობა პრემიერის პოზიციას იზიარებს და ამბობენ, რომ მოლაპარაკების შედეგად, შემუშავებული იქნება ოპტიმალური ფორმატი, რომლის მიხედვითაც იქნება განხილული ცვლილებები.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი განმარტავს, რომ პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, შეიძლება ცოტა რბილადაც, რომ კონსტიტუცია არის სერიოზულად ხარვეზიანი კონსტიტუცია.

„აუცილებელია ცვლილებებზე მუშაობა. მოგვიწევს ამ კონსტიტუციაზე მუშაობა, მათ შორის უმცირესობასთანაც და სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც. მოგვიწევს პარლამენტს გარეთ მყოფ ძალებთანაც კონსულტაციები და ყველასთან, ვინც ამ სფეროში კომპეტენციის მატარებელია“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უკვე დაასკვაა, - არ არსებობს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებების მოგვარებით დაკავდება.

„პრეზიდენტი შეეხო რეალურად პრობლებულ საკითხებს ქვყანაში, მედიის გარემოს თვალსაზრისით, დემოკრატიული პროცესების პრობლემებს, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება რეალური კონკრეტული პოლიტიკური ნება, რომელიც არც ხელისუფლებას, არც პრეზიდენტს, 4 წლის განმავლობაში როგორც მინიმუმ, საკმარისად არ გამოუვლენია. აქედან გამომდინარე, ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ხელისუფლება დაკავდება საკონსტიტუციო პრობლემების მოგვარებით, არ გვაქვს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

პრეზიდენტმა დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციის 2013 წლის რედაქციის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის დახვეწისას არ უნდა მოხდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება და კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევაა აუცილებელი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის გადახედვისას მთავარი გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა.

„ქართულ კონსტიტუციონალიზმს სწორედაც რომ არასახარბიელო -კონსტიტუციის პოლიტიკურ ინტერესებზე მორგების ტრადიცია გააჩნია. შესაბამისად, კონსტიტუციის გადახედვისას საერთო თანხმობის მიღწევა აუცილებელია. მე მხარი დავუჭირე პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მაღალი სანდოობის უზრუნველსაყოფად, შევთავაზე ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტს, ვენეციის კომისიის ჩართულობით მომზადებულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის დოკუმენტს წარუდგენს. მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების მექანიზმების გამყარებაა და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ თავად კონსტიტუციონალისტები და ამბობენ, რომ მოქმედ კონსტიტუციას გააჩნია გარკვეული ხარვეზები და პირველ რიგში ეს ეხება ხელისუფლების განაწილებას. კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები, რაც ვერ მოხერხდა 2008-2010 წლებში განხორციელებული რეფორმის პროცესში.

მთავარი საკითხი, რაც დემეტრაშვილის განცხადებით პრეზიდენტმა არ დაასახელა, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, დაიწყო კონსტიტიციური რეფორმა, უნდა განხორციელდეს ტერიტორიული მოწყობის კონსტიტუციონალიზაცია.

„დღემდე არავინ არ იცის, რას წარმოადგენს კახეთი, გურია. ასევე, რას წარმოადგენს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. ამიტომ, ეს ხარვეზი რომელიც 30 წელია კონსტიტუციის დონეზე ვერ გადავწყვით, აუცილებლად უნდა გადაწყდეს. ასევე, რაშიც პრეზიდენტს ვერ დავეთანხმები ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის გადასინჯვა.

საარჩევნო კანონმდებლობის გადასიჯვა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებით არ უნდა დაიწყოს, არამედ ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა მექანიზმებზე, რომელიც კონსტიტუციის მეოთხე მუხლით არის გათვალისწინებული და ეს არის ე.წ. ორპალატიანი პარლამენტის სისტემა. ჩვენ ამით მაჟორიტარული სისტემის საკითხსაც გადავწყვეტთ და გარდა იმისა, შეიქმნება შეკავება-გაწონასწორების ნორმალური სისტემა, როგორიც მიღებულია ევროპაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

დემეტრაშვილი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მოქმედი კონსტიტუცია ფუნდამენტალურად უნდა გადაისინჯოს. მისი თქმით, პოლიტიკურ კონიუნქტურას არ უნდა მიჰყვეს დღევანდელი პარლამენტი, ხარვეზები, რაც არსებობს კონსტიტუციაში, როგორც პოლიტიკურ სამართლებრივ დოკუმენტში, უნდა გამოსწორდეს.

„არის ხარვეზები, რომელიც შეიძლება გამოსწორდეს, მაგრამ პარლამენტი თავის თავზე ნუ მოირგებს კონსტიტუციას, თავისი ინტერესების დასაცავად. ერთ პრიმიტიულ მაგალითს გეტყვით, მოსამართლე ინიშნება 3 წლის ვადით და ამის შემდეგ წყდება მისი უვადოდ დანიშვნის საკითხი. წარმოიდგინეთ სამი წელი, რომელიც გამოსაცდელი ვადაა, რას გააკათებს ეს მოსამართლე, რომ უვადოდ აირჩიონ? - რა თქმა უნდა, იგი იქნება ხელისუფლების მონა. თუნდაც ეს ხარვეზი უნდა გამოსწორედ, რაც სამწუხაროდ რამდენიმე წელია ვერ გამოსწორდა“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ფიქრობს, რომ საქართველოს კონსტიტუციას გარკვეული პრობლემები აქვს ხელისუფლების დანაწილების თვალსაზრისით, კერძოდ, პრემიერის ხელში არაპროპორციულად დიდი ძალაუფლებაა. რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად უმრავლესობის ძალაუფლების გამაწონასწორებლად, უმცირესიბასთნ ერთად, შესაძლოა, განვიხილოთ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის საკითხი.

„თუ ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციის რეფორმაზე, რა თქმა უნდა, ავტომატურად არ შეიძლება ითქვას, რომ ირიბად არჩეული პრეზიდენტი არის ცუდი. გააჩნია სისტემას და სხვა ცვლილებებს, რომელიც კონსტიტუციაში განხორციელდება. თუ ყველაფერი როგორც არის ისე შენარჩუნდა და მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვალა, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითი მოვლენა იქნება, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის ხელში ხელისუფლების კონცენტრაციას შეუწყობს ხელს.

მაგრამ თუ ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტალური ცვლილებები, რაც გულისხმობს ქვეყნის ტერიტორიულ მოწყობას, რეგიონულ წარმომადგენლობით ორგანოებს, ორპალატიან პარლამენტს, მაშინ შესაძლოა, ეს ცვლილება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევა, ვიდრე ირიბი არჩევა, საფრთხის შემქმნელი იყოს.

ჩემთვის, როგორც ამ საკითხით დაინტერესებული ადამიანისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი უკეთესია, ვიდრე ირიბი წესით არჩეული, მაგრამ თუ ჩვენ ტერიტორიული მოწყობის საკითხებს და ორპალატიანი პარლამეტის საკითხებს დავარეგულირებთ, შეიძლება ეს ტრაგიკული არ იყოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახუშტი მენაბდემ.

მისი თქმით, გადაჭარბებულია საუბარი იმაზე, საქართველოს კონსტიტუცია ხელახლა უნდა დაიწეროს. როგორც მენაბდე ამბობს, დღეს მოქმედ ძირითად კანონს აქვს რესურსი, რომ ცვლილებების შემთხვევაში, ძალიან ნორმალურ სამუშაო დოკუმენტად იქცეს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ არსებული კონსტიტუცია საჭიროებს რეფორმას.

„2013 წელს მაშინდელ პარლამენტისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებს სპეციალური წერილით მიმართა 10-მდე კონსტიტუციის სპეციალისტმა, სადაც საუბარი იყო ცვლილებებზე, შეთავაზებული იყო რეფორმის სტრატეგია, ამ წერილს მეც ვაწერდი ხელს და დღემდე იმ აზრზე ვარ, რომ კონსტიტუციას სჭირდება ცვილება“, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს ასევე კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, მთავარია, რომ პრეზიდენტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პოლიტიკური საზოგადოების, ასევე მოსახლეობის მიერ აღქმული იქნეს, როგორც ზეპარტიული ინსტიტიტი და არ იყოს, რომელიმე პარტიის კუთვნილება.

„ეს არის მთავარი. დანარჩენი ტექნიკური საქმეა. თუ ძირითადში ვთანხმდებით, რომ ერთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, მიუხედავად იმისა, მას ექნება თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობა, არ შეიძლება აირჩიოს პრეზიდენტი და მასში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს საზოგადოების და ოპოზიციის ნაწილი, მაშინ მთავარი იდეა არის რეალიზებადი. ჩვენ გვჭირდება ისეთი მოდელი, რომელიც შესაძლებელს გახდის პრეზიდენტის ნეიტრალიტეტს პოლიტიკური ძალებისადმი. თუ ასეთი ინსტიტუტი იქნება, მაშინ ეს იქნება ძალიან კარგი, დღევანდელი სიტუაციისა და პოლიტიკურ ძალთა გათვალისწინებით, გვირჩევნია, რომ კონსტიტუცია გავასწოროთ ისე, რომ იყოს ნორმალური“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.