საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების ინიციატივით გამოდის. გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფა კომპლექსური საკითხია, რისთვისაც აუცილებელია ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბება.
„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის ამ ინიციატივას არ იზიარებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი და ამბობს, რომ პირველ რიგში უნდა გადაწყდეს უშიშროების საბჭოს საკითხი. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ქვეყანაში მოქმედებს ორი უშიშროების საბჭო, რაც დაუშვებელია.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არსებობს ორი უშიშროების საბჭო, რაც ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს და პირველი ეს საკითხი უნდა გადაწყდეს, სად იქნება. სადაც არის რეალური ძალაუფლება, უშიშროების საბჭოც იქ უნდა არსებობდეს და უშიშროების საბჭომ უნდა დამტკიცოს ჩვენი ახალი ხედვები. ჩვენი სტრატეგია ფოკუსირებულია მხოლოდ რუსეთზე, ცოტა უნდა გავაფართოვოთ ჩვენი ხედვა“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
დამოუკიდებელი დეპუტატის პოზიციას არ იზიარებს იურისტი ლევან ალაფიშვილი, რომლის განცხადებით, მთავრობის სისტემაში არსებობს უსფრთხოებაზე მაკოორდინებელი რგოლი, უსაფრთხოებისა და კრიზიესების მართვის საბჭოს სახით, რომელმაც არსებობის მცირე მანძილზე თავი ვერ გამოიჩინა. ალაფიშვილი ამბობს, რომ პრობლემა დაკავშირებულია თვითონ უსაფრთხოების სისტემის არასწორ გაგებასთან.
„დღეს მოქმედი კონსტიტუციით, საგარეო თუ საშინაო უსაფრთხოებასთან მიმართებაში, კომპეტენცია შენარჩუნებული აქვს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს და რა თქმა უნდა, ასევე აქვს მთავრობას. მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ერთი რამ, დღეს არსებული კონსტიტუციის შესაბამისად, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო უსაფრთხოების კოორდინაციისა - ეს გახლავთ ეროვნული უშიშროების საბჭო და არა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. სისტემის კონსტიტუციური მოდელის მართვის ნებისმიერ პირობებში, პოლიტიკოსები მომართული უნდა იყვნენ თანამშრომლობაზე და არა კომპეტენციის გაყოფაზე, მითვისებაზე და ამდაგვარ კინკლაობაზე, რასაც ერთხელ უკვე შევალიეთ 4 წელი“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
რაც შეეხება სტრატეგიას, ალაფიშვილი ამბობს, რომ ესეც იმავე კონტექსტში განსახილველი საკითხია. მის თქმით, სხვადასხვა დონის დოკუმენტები გაწერილია კანონმდებლობით, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ერთ მხარეს არის რეგულაციები, კანონები, მათ შორის სტრატეგიული თუ ოპერატიული დონის დოკუმენტები და სულ სხვა არის რეალობა მთავრობის დამსახურებით.
„საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს უმაღლესი სტრატეგიული დონის დოკუმენტი - ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. ხელაღებით იმის თქმა, რომ უნდა შეიქმნას სტრატეგია, ასე არ შეიძლება. ერთიანად უნდა წარმოვიდგინოთ, რა ტიპის დოკუმენტი იქნება, ან შეიცვლება საერთოდ ეს მთელი ნორმატიული ბაზა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის. ანუ, შეიძლება ეს საკითხი მსჯელობის საგანი გახდეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.
ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე ამბობს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო იმ შემთხვევაში არის პრეზიდენტს დაქვემდებარებული ორგანო, თუ პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ როდესაც წარმოამდგენლობითი თანამდებობაა და ძირითადი ძალაუფლება გააჩნია პრემიერ-მინისტრს, ასეთ შემთხვევაში ლოგიკურად, უშიშროების საბჭო დაქვემდებარებული უნდა იყოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.
„უშიშროების საბჭო, როგორც უშუალოდ შემსრულებელი, განიხილავს კონცეფტუალურ და სტრატეგიულ საკითხებს. ამიტომ, სადაც არის ძალაუფლება, უშიშროების საბჭოც იქ უნდა იყოს. ეს არის საკვლევი უსაფრთხოების სფეროში, როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ. რასაკვირველია, ჩაციკლული არ უნდა იყოს მარტო რუსეთზე, ზოგადად რეგიონში არსებული მდგომარეობიდან უნდა გამოდიოდეს და ეყრდნობოდეს საფრთხეების შეფასებას.
საფრთხეების არსებული სტრატეგია, რომელიც დღეს მოქმედებს, ეს არის ძველი, რომელიც არ პასუხობს გამოწვევებს და რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესებიდან გამომდინარე დაწერა, რაც კარგად ჩანს ამ დოკუმენტში. დოკუმენტი არ შეიძლება მხოლოდ რუსეთზე იყოს ფოკუსირებული, აუცილებლია უფრო ღრმა ანალიზი. ამიტომ, უნდა შეიქმნას ახალი დოკუმენტი საფრთხეების შეფასების კუთხით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.